საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება N 11122
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება N 11122
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ X ბრენდის საწარმოს საკუთრებაში გააჩნია ხუთი ფუნქციონირებადი ავტოგასამართი სადგური. რომლიდანაც სამი მიაწოდა Y ბრენდის დღგ-ის გადამხდელ საწარმოს. X ბრენდის საწარმომ შემსყიდველ Y ბრენდის საწარმოს ერთი სამეურნეო ოპერაციის ფარგლებში გადასცა სამივე ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა აქტივი (ფუნქციონირებადი ბიზნესი) გარდა: ავტოგასამართი სადგურების ავზებში არსებული საწვავის ნაშთისა (რადგან მოხდებოდა სხვადასხვა ბრენდის საწვავის არევა) და საწვავის მიწოდებიდან წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებებისა.
· X ბრენდის საწარმომ აღნიშნული მიწოდება მიიჩნია სსკ-ის 168(4.მ)-ე მუხლით ჩათვლის უფლებით დღგისგან გათავისუფლებულ სამეურნეო ოპერაციად და არ დაბეგრა დღგ-ით.
შეფასება
· სსკ-ის 168(4.მ)-ე მუხლის მიხედვით: - ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის გადამხდელის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) მიერ საწარმოს ან ამ საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის ყველა აქტივის მიწოდება ერთი ოპერაციის ფარგლებში დღგის მეორე გადამხდელისათვის, -დამოუკიდებლად მოქმედ ქვედანაყოფად ითვლება ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობა, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებს (გარდა იჯარით, ქირით და სხვა ამგვარი ფორმით გაცემული შენობა-ნაგებობისა) და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება და საქმიანობის სახე არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე
· ზემოაღნიშნულისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ოპერაცია დაკვალიფიცირდება "საწარმოს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის (ფუნქციონირებადი ბიზნესის) მიწოდებად", რამდენადაც გადაცემული აქტივები წარმოადგენენ ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებულ ძირითადი საშუალებებისა და თანხმლები კომუნიკაციების ერთობლიობას, რომელიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებადია. ამასთან, გადაცემული აქტივები საკმარისია იმისათვის, რომ მიმღებმა მხარემ გააგრძელოს იგივე საქმიანობა, რომელშიც ამ აქტივებს იყენებდა გადამცემი მხარე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გავრცელდება სსკ-ის 168-(4.მ)-ე მუხლით განსაზღვრული შეღავათი.
ღონისძიებები
· პირის ქმედება მართლზომიერია და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.
იგულისხმება რომ გარიგებაში მონაწილე მხარეებმა მიწოდებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობით შეატყობინეს საგადასახადო ორგანოს მიწოდების შესახებ.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2019 წლის 15 მაისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა პერიოდებზეც.
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით