საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული ფართის რეალიზაცია N1519
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული ფართის რეალიზაცია N1519
ფაქტობრივი გარემოებები
· ფიზიკურმა პირმა მოახდინა 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია, რომელსაც საჯარო რეესტრის ამონაწერში უფიქსირდება კომერციული ფართის სტატუსი, თუმცა აღნიშნული ქონება მესაკუთრის მიერ გამოიყენება, როგორც საცხოვრებელი ფართი, რაც დადასტურდა ამ პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების განხორციელების დროს, ასევე საგადასახადო დავის წარმოებისას.
·საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისას, ფიზიკურმა პირმა მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგრა 5 პროცენტიანი განაკვეთით .
შეფასება
სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.
სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს;
ღონისძიებები
ფიზიკური პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სიტუაციური სახელმძღვანელო არ არეგულირებს დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საკითხს
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2023 წლის 31 ოქტომბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად