ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადაანგარიშება N 2546
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების გადაანგარიშება N 2546
ფაქტობრივი გარემოებები
· პირი ფლობს სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზიას 2019 წლიდან 4 წლის მოქმედების ვადით. მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობა შეადგენს 400 000 მ3. დამტკიცებული ათვისების გეგმის შესაბამისად, მოსაპოვებელი წიაღისეულის წლიური ოდენობა შეადგენს 100 000 მ3.
· პირის მიერ 2019-2020 წლების ჩათვლით საანგარიშო პერიოდების მიხედვით წარდგენილი გაანგარიშებებით ათვისებული რესურსის მოცულობა შეადგენს 380 000 მ3 -ს.
· 2021 წელს პირის მიმართ თითეულ სავადო თარიღისათვის (15.07.2021წ. და 15.01.2022წ.) დარიცხულია რესურსის ათვისების გეგმურ მოცულობაზე (50 000 მ3 -ზე) განსაზღვრული მოსაკრებლის თანხა.
· საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული საგადასახადო შემოწმებით: - 2019-2020 წლების საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი გაანგარიშებებთან მიმართებაში სხვაობა არ დადგენილა. - დარჩენილი 20 000 მ3 - დან (400 000 მ3 - 380 000 მ3) პირმა 12 000 მ3 აითვისა 2021 წლის პირველ ექვსთვიან საანგარიშო პერიოდში, ხოლო:
· ვარიანტი I დარჩენილი 8 000 მ3 აითვისა 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით. ამასთან, პირს ლიცენზია არ გაუუქმებია.
· ვარიანტი II დარჩენილი 8 000 მ3 2021 წელს და შემდგომ საანგარიშო პერიოდებში, მ.შ 2022 წელს, არ აუთვისებია. ამასთან, პირს არ განუხორციელებია სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის ცვლილება.
შეფასება
· ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე6(1ზ) მუხლის თანახმად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 №996 ბრძანების 221 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სავარაუდო დარიცხვა შეიძლება გაუქმდეს შესწორებითი დარიცხვით საგადასახადო შემოწმების შედეგების საფუძველზე მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის ვადის გასვლამდე ლიცენზიის მფლობელმა აითვისა ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობა, იგი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს მიმართოს განცხადებით ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.
· ორივე ვარიანტში ვინაიდან, ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის კანონიერი მოპოვების ჯამური მოცულობიდან მხოლოდ 20 000 მ3 რესურსის ათვისების უფლება ჰქონდა, რომელიც არ აღემატება 2021 წლის პირველ ექვსთვიან საანგარიშო პერიოდის გეგმურ მოცულობას, ამ პერიოდის კუთვნილი მოსაკრებელი განისაზღვრება დარჩენილი ასათვისებელი რესურსის 20 000 მ3 მოცულობიდან.
ღონისძიებები
· ორივე ვარიანტში: - შემცირდება/გაუქმდება 2021 წლის 15 ივლისის სავადო თარიღისათვის დარიცხული მოსაკრებლის თანხა. შესაბამისად ამ სავადოსათვის კუთვნილი მოსაკრებელის თანხა განისაზღვრება 20 000 მ3 რესურსის მოცულობიდან გამომდინარე; - შემცირდება/გაუქმდება 2021 წლის II ექვსთვიან საანგარიშო პერიოდზე დარიცხული (50 000 მ3 რესურსის მოცულობის მიხედვით გაანგარიშებული) მოსაკრებლის თანხა.
· პირველ ვარიანტში: მოქმედი კანონმდებლობის აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა ლიცენზიანტს წერილობით უნდა აცნობოს ლიცენზიის გაუქმების ვალდებულების შესახებ და ამავე წერილის ასლი გაუგზავნოს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამასთან, თუ არ მოხდა ლიცენზიის გაუქმება, 2022 წელს თითოეული სავადო თარიღისათვის (15.07.2022წ. და 15.01.2023წ.) პირს დაერიცხება რესურსის ათვისების გეგმურ მოცულობაზე (50 000 მ3 -ზე) განსაზღვრული მოსაკრებლის თანხა.
· მეორე ვარიანტში: თუ პირის მიერ არ განხორციელდება ათვისების გეგმის ცვლილება, 2022 წლის თითოეული სავადო თარიღისათვის (15.07.2022წ. და 15.01.2023წ.) პირს დაერიცხება რესურსის ათვისების გეგმურ მოცულობაზე (50 000 მ3 -ზე) განსაზღვრული მოსაკრებლის თანხა.
სიტუაციური სახელმძღვანელო განსაზღვრავს პირის საგადასახადო ვალდებულება მხოლოდ ამ ლიცენზიის ნაწილში;
მოცემული მსჯელობა და ქმედებები რელევანტურია როგორც წარდგენილი გაანგარიშებების საფუძველზე მოსაკრებლის დარიცხვის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაშიც, როცა მოსაკრებელი დარიცხულია სავარაუდო დარიცხვის წესით;
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2022 წლის 15 მარტისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.