ბრძანება N 18662

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.08.2025
№ დოკუმენტი 18662
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18662

20 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: --------, -------)

2025 წლის 30 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2025 წლის 30 ივლისის №97232/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №063-20 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ კომპანიას გამორჩენილი ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურების განაშთვა. აცხადებს, რომ რეალიზაციის თანხები 2022 წელს სრულად აქვს დეკლარირებული და სხვაობა არ გამოვლენილა. შესაბამისად, მიაჩნია, რომ 2022 წელს უნდა დარიცხვოდა 4 180 ლარი, ნაცვლად 9 599 ლარისა. ამასთან, მიუთითებს, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის თვეებში ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე გამორჩენილი ჰქონდა უნაღდო ოპერაციებზე რეალიზაცია. ასევე, 2022-2024 წლებში შემმოწმებლის მიერ გაზრდილია რეალიზაცია და გაზრდილ თანხაზე გავრცელებულია ფასნამატი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ რეალიზაციაში ფასნამატი იღებს მონაწილეობას, ხოლო დარიცხვა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით რომლის საფუძველი შემოწმებას არ ჰქონდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1634 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 30 ივნისის №14244 ბრძანება და ამავე თარიღის №063-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 43 413 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 511 ლარი, ჯარიმა 11 081 ლარი, საურავი 8 821 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

● კომპანიას მიღებული, აქვს ავანსები. აღნიშნული ავანსები გადამხდელის მიერ დადასტურებული და ჩათვლილია. ამასთან, გამყიდველს ავანსები განაშთული აქვს, ხოლო მყიდველს არა, შესაბამისად, გადამხდელს ზედმეტად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ნაშთავს შემდეგი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ავ-------, ეა--------, ეა-------, ეა-------, ეა--------, ავ--------, ეა--------, ავ--------, ეა--------, ავ-------, ეა-------, ავ-------, ეა--------. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. აღნიშნული დღგ-ის ჩათვლები აისახა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პერიოდებში. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის საფუძველზე, განხორციელდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებების ასახვა შესაბამის თვეებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

● შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ კომპანიას 2022-2024 წლებში დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შემოწმებით გამოვლენილზე ნაკლები ჰქონდა, კერძოდ, 2022 წელს 760 ლარი, 2023 წელს 49 447 ლარი და 2024 წელს 27 790 ლარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გადამხდელის შემოსავალი დათვლილი იქნა და დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე გავრცელდა დეკლარირებული ფასნამატები 21%, 23% და 33% წლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დეკლარირებული წილის პროპორციულად შესაბამის პერიოდებში დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კომპანიას მიღებული, აქვს ავანსები. აღნიშნული ავანსები გადამხდელის მიერ დადასტურებული და ჩათვლილია. ამასთან, გამყიდველს ავანსები განაშთული აქვს, ხოლო მყიდველს არა, შესაბამისად, გადამხდელს ზედმეტად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ მიღებულ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს ნაშთავს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, გაუქმდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. აღნიშნული დღგ-ის ჩათვლები აისახა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პერიოდებში. ასევე, განხორციელდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კორექტირებების ასახვა შესაბამის თვეებში. ამასთან, შემოწმების მიერ 2022-2024 წლებში შემოსავალი დათვლილ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე გავრცელდა დეკლარირებული ფასნამატები 21%, 23% და 33% წლების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების განაშთვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც გამოწერილი იყო საბოლოო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები. აღნიშნული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ ნაშთავდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, თუმცა, გამომწერ მხარეს განაშთული და დეკლარაციაში ასახული ჰქონდა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მყიდველს (შპს „-------“) მიღებული ავანსების და საბოლოო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის სრული თანხა ჩათვლილი აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ანუ გადასახადის გადამხდელს არ გაუნაშთავს და ზედმეტად ჩაითვალა დღგ-ის თანხა.

ხოლო, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და გაანგარიშებულ ფასნამატთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შეძენები და რეალიზაციები ჯამურად ჰქონდა ჩამოწერილი მხოლოდ თანხების სახით, შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა იდენტიფიცირება კონკრეტულად რომელი დასახელების მასალა იყო რეალიზებული. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე, შეძენარეალიზაციის დოკუმენტების ანალიზისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს წლების ნაშთების მიხედვით დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები ჰქონდა. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე გავრცელდა დეკლარირებული ფასნამატები 21%, 23% და 33% წლების შესაბამისად და გადამხდელს დეკლარირებული წილის პროპორციულად შესაბამის პერიოდებში დაერიცხა დღგ.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე დეკლარირებული ფასნამატების გავრცელება და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს მიღებული ჰქონდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებზეც გამოწერილი იყო საბოლოო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურები. აღნიშნული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ ნაშთავდა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, თუმცა, გამომწერ მხარეს განაშთული და დეკლარაციაში ასახული ჰქონდა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მყიდველს მიღებული ავანსების და საბოლოო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის სრული თანხა ჩათვლილი აქვს შესაბამის საანგარიშო პერიოდებში ანუ გადასახადის გადამხდელს არ გაუნაშთავს და ზედმეტად ჩაითვალა დღგ-ის თანხა.

საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შეძენები და რეალიზაციები ჯამურად ჰქონდა ჩამოწერილი მხოლოდ თანხების სახით, შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა იდენტიფიცირება კონკრეტულად რომელი დასახელების მასალა იყო რეალიზებული. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე, შეძენარეალიზაციის დოკუმენტების ანალიზისას დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს წლების ნაშთების მიხედვით დეკლარირებული ბრუნვა ნაკლები ჰქონდა. შესაბამისად, შემოწმების მიერ დაუდეკლარირებელ ბრუნვაზე გავრცელდა დეკლარირებული ფასნამატები და დეკლარირებული წილის პროპორციულად შესაბამის პერიოდებში დაერიცხა დღგ.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159;163; 179(1-2)