არარეზიდენტისთვის გაწეული სარეკლამო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1190

1190 არარეზიდენტისთვის გაწეული სარეკლამო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა 24.11.2015
№ დოკუმენტი 1190
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

არარეზიდენტისთვის გაწეული სარეკლამო მომსახურების დღგ-ით დაბეგვრა N 1190

ფაქტობრივი გარემოებები

· საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ მომსახურება გაუწია არარეზიდენტს, რომელსაც არ აქვს საქართველოში რეგისტრაციის და მართვის ადგილი და არც მუდმივი დაწესებულება

· I ვარიანტი: რეზიდენტმა საწარმომ განახორციელა სარეკლამო პროდუქციის როგორც დამზადება, ასევე გავრცელება. საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ აღნიშნული მომსახურება არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ დაბეგრა დღგ-ით

· II ვარიანტი: რეზიდენტმა საწარმომ განახორციელა სარეკლამო პროდუქციის დამზადება, ხოლო დამზადებული სარეკლამო პროდუქცია მიაწოდა სხვა რეზიდენტ საწარმოს, რომელიც გაავრცელებს სარეკლამო პროდუქციას. საქართველოს რეზიდენტმა საწარმომ აღნიშნული მომსახურება არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და არ დაბეგრა დღგ-ით

შეფასება

· „რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეკლამა არის საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ე" ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სარეკლამო მომსახურების შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია, მაშინ მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან

· I ვარიანტში: განსახილველ შემთხვევაში, პირის მიერ სარეკლამო პროდუქციის დამზადება და დამზადებული სარეკლამო პროდუქციით საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ინფორმაციის გავრცელება, ერთიანად წარმოადგენს სარეკლამო მომსახურების გაწევას, რადგან დამზადებული სარეკლამო პროდუქცია ამავე პირის მიერ გამოყენებული იქნება სარეკლამო მომსახურების გაწევაში. ამასთან, რეზიდენტი საწარმოს მიერ არარეზიდენტი პირისათვის სარეკლამო მომსახურების გაწევა არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რადგან მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ და შესაბამისად, მომსახურების გაწევაც ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ

· II ვარიანტში: განსახილველ შემთხვევაში, პირის მიერ სარეკლამო პროდუქციის დამზადება არ განიხილება სარეკლამო მომსახურების გაწევად, რადგან ადგილი არ აქვს საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ინფორმაციის გავრცელებას. შესაბამისად, სარეკლამო პროდუქციის დამზადება და სხვა პირისთვის გადაცემა ითვლება არარეზიდენტი პირისათვის საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის/მომსახურების მიწოდებად, რაც სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტისა და 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას

ღონისძიებები

· I ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

· II ვარიანტში: პირი, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 3 ნოემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით