გადასახადის გადამხდელების შესახებ მონაცემთა მართვის სახელმძღვანელო (საინფორმაციო ბარათის შევსების სახელმძღვანელო)

ბრძანება 05.02.2020
№ დოკუმენტი 2665
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

ამონარიდი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 თებერვლის N 2665 ბრძანებით დამტკიცებული

„გადასახადის გადამხდელების შესახებ მონაცემთა მართვის სახელმძღვანელოდან“

II. გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი

2.1 მიზანი

გადასახადის გადამხდელის მიერ საინფორმაციო ბარათის შევსება წარმოადგენს პროცესს, რომელსაც ახორციელებს შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალზე (eservices.rs.ge) პირადი ავტორიზებული გვერდიდან.

გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათის მიზანია მოქმედი და უმოქმედო გადასახადის გადამხდელების გამიჯვნა, მათი ძირითადი ინფორმაციის/საქმიანობის, დეკლარაციების ჭრილში ინფორმაციის, მართვის ადგილისა და ობიექტის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენისთვის სისტემატიზებული და ერთიანი პროცესის შექმნა, რაც უზრუნველყოფს გადამხდელთა შესახებ სრულყოფილი და ზუსტი მონაცემთა ბაზის არსებობას და წარმოსადგენი საგადასახადო დეკლარაციების ზუსტი მოლოდინის განსაზღვრას.

2.2 გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათის შევსების პროცესი

გადასახადის გადამხდელები მოცემული დოკუმენტის მიზნებისათვის იყოფა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ:

- იურიდიულ პირად (საწარმო/ორგანიზაცია);

- მეწარმე ფიზიკურ პირად;

- ფიზიკურ პირად, გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა;

- სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე ფიზიკურ პირად (მიკრო, მცირე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი).

გადასახადის გადამხდელი (გარდა უმოქმედო გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისა და ფიზიკური პირისა, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი) შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ვალდებულია შეავსოს გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათი.

2.3 გადამხდელის სტატუსი

გადასახადის გადამხდელის მიერ სტატუსის მონიშვნა უზრუნველყოფს მის მოქმედ ან უმოქმედო გადასახადის გადამხდელად განსაზღვრას.

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია აირჩიოს სტატუსი „მოქმედი“ თუ ახორციელებს ან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გეგმავს განახორციელოს ისეთი ტიპის საქმიანობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის განიხილება როგორც ხარჯის გაწევა ან/და შემოსავლის მიღება, ასევე მიმდინარე ან მომავალ საანგარიშო პერიოდებში შესაძლოა წარმოეშვას საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.

გადასახადის გადამხდელი, რომელიც მონიშნავს სტატუსს „მოქმედი“, გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათის შევსებამდე ეზღუდება სხვა სერვისებზე წვდომა.

გადასახადის გადამხდელი, რომელიც მონიშნავს სტატუსს „უმოქმედო“, არ ავსებს გადამხდელის ბარათს. შესაბამისი მონიშვნა არ უზღუდავს პირს უფლებას, წარმოადგინოს საგადასახადო დეკლარაცია და ჰქონდეს წვდომა სხვა სერვისებზე.

თუ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა არასწორად განსაზღვრა გადამხდელის სტატუსი, აღნიშნული გამოიწვევს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

2.4 სტატუსის განსაზღვრის ვადები

სტატუსის განსაზღვრის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი მონიშვნა აქტივობის განხორციელებამდე.

2.5 ძირითადი ინფორმაცია

ძირითადი ინფორმაცია მოიცავს გადასახადის გადამხდელის მაიდენტიფიცირებელ შემდეგ მონაცემებს:

- გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი, გვარი - ივსება ავტომატურად მარეგისტრირებელ ორგანოში არსებული მონაცემების მიხედვით;

- საიდენტიფიკაციო ნომერი - ივსება ავტომატურად მარეგისტრირებელ ორგანოში არსებული მონაცემების მიხედვით;

- სასაქონლო ნიშანი - გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მიუთითოს სასაქონლო ნიშანი შესაბამისი საქმიანობების მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

- საბანკო ანგარიში - გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიუთითოს ერთი მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიში.

2.6 საქმიანობის სახეები

გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის განსაზღვრისას, სავალდებულოა გადამხდელის მიერ დაფიქსირდეს სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების კოდების შესაბამისად ერთი ძირითადი საქმიანობის სახე, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი საქმიანობა მიჩნეულ იქნას დამატებით საქმიანობად. შესაბამისად, აღნიშნულ ველში სავალდებულოა შემდეგი რეკვიზიტების შევსება:

ძირითადი საქმიანობა - სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესაბამისად.

დამატებითი საქმიანობა - სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესაბამისად ასეთის არსებობის შემთხვევაში. გადასახადის გადამხდელი, თავად განსაზღვრავს თუ რომელი საქმიანობა წარმოადგენს ძირითად საქმიანობას მისი მიზნებიდან გამომდინარე.

2.7 დეკლარაციების ჭრილში ინფორმაციის წარმოდგენა

დეკლარაციების ჭრილში ინფორმაციის წარმოდგენა არის გადასახადის გადამხდელის ვალდებულება, ვებ-გვერდზე eservices.rs.ge არსებულ, შესაბამისი ფორმით განსაზღვრულ ჩამონათვალში ასახოს ინფორმაცია იმ დეკლარაციების შესახებ, რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშვება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. მონიშვნის ვალდებულება გადასახადის გადამხდელს ექმნება შესაბამისი გადასახადის საანგარიშო პერიოდის ბოლო დღის დასრულებამდე.

ამასთან, ვებ-გვერდის eservices.rs.ge მთავარ გვერდზე, გადასახადის გადამხდელს მუდმივად ექნება შესაძლებლობა დაინახოს მისი სტატუსი, მის მიერ მონიშნული დეკლარაციები, მათი წარმოდგენის სავადო თარიღები და განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები.

2.8 დეკლარაციების ჭრილში ინფორმაციის წარმოდგენა სამართლებრივი ფორმების მიხედვით

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, შესაბამისი სამართლებრივი ფორმიდან და საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე, მოახდინოს ინფორმაციის წარმოდგენა შემდეგი დეკლარაციების მიხედვით:

იურიდიული პირები:

- გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია;

- მოგების გადასახადის დეკლარაცია (წლიური);

- მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია;

- დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია;

- აქციზის დეკლარაცია.

ფიზიკური პირები:

- საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია;

- გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია;

- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია;

- დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია;

- აქციზის დეკლარაცია.

2.9 დეკლარაციების ჭრილში ინფორმაციის წარმოდგენის ვადები და პერიოდი

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ვებგვერდზე eservices.rs.ge მონიშნოს კონკრეტული დეკლარაცია რომლის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშვება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის (წელი/თვე) ბოლო რიცხვისა. ამასთანავე, აღნიშნული მონიშვნა ძალაში რჩება მონიშვნის გაუქმებამდე.

თუ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია მონიშნული დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, უნდა გააუქმოს ასეთი მონიშვნა ან წარმოადგინოს დეკლარაცია, რომლის საფუძველზეც გადასახდელად დასარიცხი თანხა ნულის ტოლია, მონიშვნის გაუქმებამდე. გადასახადის გადამხდელს, რომელსაც არ უფიქსირდება შესაბამისი მონიშვნა, ვებ- გვერდზე eservices.rs.ge, ქმედების განხორციელებისას (საგადასახადო დოკუმენტის, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა/დადასტურება, ა.შ.), უნდა გამოუჩნდეს ინფორმაციული ველი მონიშვნის ვალდებულების შესაძლო არსებობის შესახსენებლად.

2.10 მართვის ადგილი

მონაცემთა აღრიცხვის და გაანალიზების მიზნით, საინფორმაციო ბარათში აისახება ინფორმაცია პირის მართვის ადგილის შესახებ.

მართვის ადგილი - ობიექტი, სადაც უშუალოდ გადასახადის გადამხდელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ახორციელებს საქმიანობის მართვას.

მართვის ადგილის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის დასადგენად ინფორმაცია გენერირდება პროგრამულად შემდეგი თანმიმდევრობით: მხარე/ავტონომიური რესპუბლიკა/თბილისი, მუნიციპალიტეტი/თვითმმართველი ქალაქი/რაიონი, მისამართი/სოფელი/დაბა. ხოლო შენობა/ობიექტის ნომერი არის არჩევითი.

მდებარეობა რუკაზე - გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მონიშნოს მართვის ადგილის მდებარეობა რუკაზე.

2.11 ობიექტების ჩამონათვალი

გადასახადის გადამხდელი, რომელიც ფლობს ობიექტს, ავსებს ობიექტების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:

ობიექტის ტიპი - მიეთითება კონკრეტული საქმიანობ(ებ)ის შესაბამისი ობიექტის ტიპ(ებ)ი.

ობიექტის ტიპებია:

- ოფისი;

- საწყობი;

- საქმიანობის განხორციელების ადგილი;

- ვაჭრობის ორგანიზება სავაჭრო ცენტრებში;

- ვაჭრობის ორგანიზება ბაზრობებში.

შენიშვნა: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მონიშნოს ტიპი - „საქმიანობის განხორციელების ადგილი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ობიექტი არ შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ დანარჩენ ტიპებს.

საკუთრების ტიპი - მიეთითება აღნიშნული ობიექტის ფლობის უფლების შესაბამისი ტიპი:

- საკუთრება;

- იჯარა;

- უზუფრუქტი;

- აღნაგობა;

- სხვა.

მეიჯარე - იჯარის დაფიქსირებისას სავალდებულოა ობიექტის მეიჯარის პირადი/საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება.

მისამართი - მიეთითება ობიექტის მისამართი, მხარე/ავტონომიური რესპუბლიკა/თბილისი, მუნიციპალიტეტი/თვითმმართველი ქალაქი/რაიონი, მისამართი/სოფელი/დაბა, (გენერირდება პროგრამულად), შენობა/ობიექტის ნომერი მიეთითება უშუალოდ გადამხდელის მიერ.

ობიექტის დასახელება - მიეთითება კონკრეტული ობიექტზე განხორციელებული საქმიანობის/ობიექტის ტიპის შესაბამისი/მაიდენტიფიცირებელი დასახელება, რომელიც განსახვავებულია პირის დასახელებისა და საფირმო სახელწოდებისგან.

სასაქონლო ნიშანი - მიეთითება გადასახადის გადამხდელის სასაქონლო ნიშანი შესაბამისი ობიექტის მიხედვით.

ტელეფონი - მიეთითება ობიექტის ან ობიექტზე პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერი.

საქმიანობის სახე - მოცემულ ობიექტზე (NACE კოდებით) განხორციელებული საქმიანობა.

რუკა - შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე რუკაზე ობიექტის მონიშვნა.

2.12 გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათის ცვლილება ანალიტიკური, მეთოდოლოგიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ერთეულები საჭიროების შემთხვევაში ამზადებენ და უფლებამოსილ პირს წარუდგენენ წინადადებებს საინფორმაციო ბარათში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.