საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/528-18-22

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 04.10.2022
№ დოკუმენტი 3/528-18-22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე 3/528-18-22

04 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. ქუთაისი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი

 

მოსარჩელე:--- (პ/ნ ---)

 

მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი: ----

 

მოპასუხე: ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი: ----

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 28 მარტის NoCB865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანება.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივნისის No 5819/2/2018 წლის გადაწყვეტილება.

 

დავის არსი:

სადავო 2018 წლის 28 მარტის NoCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ---ს (პ/ნ---) დაეკისრა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

 

2018 წლის 28 მარტს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ---- ის (პ/ნ ----) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომელიც ახორციელებდა ----ის (პ/ნ ---) ქვეყნის შიგნით სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხე-მასალის „აკაციის სარი“ ტრანსპორტირებას ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გარეშე.

მითითებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე --- გამოწერილი იყო ჩვეულებრივი Noელ---- სასაქონლო ზედნადები.

საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 27 მარტის N--- დასკვნით, ხე-მასალის 522 ცალი „აკაციის სარი“-ს საორიენტაციო ჯამური საბაზრო ღირებულება 1566.00 ლარია დღგ-ის ჩათვლით.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას --- (პ/ნ ---) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

2.2. მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმეში არსებული 2018 წლის 28 მარტის NoCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ---ს (პ/ნ ---) დაეკისრა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

2018 წლის 28 მარტს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ---ის (პ/ნ ---) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, რომელიც ახორციელებდა ---ის (პ/ნ ---) ქვეყნის შიგნით სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხე-მასალის „აკაციის სარი“ ტრანსპორტირებას ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გარეშე.

მითითებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე --- გამოწერილი იყო ჩვეულებრივი No--- სასაქონლო ზედნადები.

 

მტკიცებულება:

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 35);

3.1.2. საქმეში არსებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 27 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის No --- დასკვნით, ხე- მასალის 522 ცალი „აკაციის სარი“-ს საორიენტაციო ჯამური საბაზრო ღირებულება 1566.00 ლარია დღგ-ის ჩათვლით.

აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ „სარების შემოწმების, დათვლისა და აზომვის (საზომი ხელსაწყოების გამოყენებით) შედეგად დადგინდა, რომ სარები აკაციის ეკლის ჯიშის ხისგანაა დამზადებული, ქერქგაუცლელი, ზედაპირება არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ. თითოეულის საშუალო სიგრძეა 2.2. მეტრი, ხოლო სარების რაოდენობა 522 ცალი“...

 

მტკიცებულება:

2018 წლის 27 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის No --- დასკვნა; (96-100)

3.1.5. საქმის მასალებით - დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის No 5819/2/2018 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ---ის (პ/ნ ---) საჩივარი 2018 წლის 28 მარტის NoCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის და

შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანების გაუქმების შესახებ.

 

მტკიცებულება:

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის No 5819/2/2018 გადაწყვეტილება; (ს.ფ. 103-108)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No 996 ბრძანება;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული 2018 წლის 28 მარტის NoCB865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი; შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივნისის No 5819/2/2018 წლის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49.1. მუხლით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: ა) შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები; ვ) გამოიყენონ სანქცია იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელმაც დაარღვია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა; თ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე სამართალდამრღვევთა მიმართ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და მიიღონ დადგენილებები ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში NoCB865602 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით -- (პ.ნ.---) ახორციელებდა ----ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 1566 ლარის ღირებულების ხე-ტყის პირველადი გადამუშავებით მიღებული პროდუქტების (აკაციის სარები 552 ცალი) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

NoCB865602 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

 

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივლისის No 5819/2/2018 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ---ის (---) საჩივარი 2018 წლის 28 მარტის NoCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანების გაუქმების შესახებ.

საქმეში არსებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით 2018 წლის 27 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის No--- დასკვნით, ხე-მასალის 522 ცალი „აკაციის სარი“-ს საორიენტაციო ჯამური საბაზრო ღირებულება 1566.00 ლარია დღგ-ის ჩათვლით.

6.3. სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, შედეგად მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა დავის განმხილველმა ორგანოებმა სრულად შეაგროვეს მტკიცებულებები მოცემულ საქმეზე, მოიპოვეს ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა არასწორი შეფასება მისცეს მოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალები დამატებით კვლევას არ საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, შესაძლებელია ობიექტური გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში დავა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;

სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალნი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს უფლებამოსილებაა.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთი, ადმინისტრაციული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს ეკისრება, რაც ცხადია არ გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულებას, წარმოადგინოს ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz 'Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ - სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine $$ 55- 62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, 8 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic 859; niderost-huber v. Switzerland, 8 24; k.s. v. finland 8 21; ასევე - სუსგ #ას-1191-1133-2014, 14.05. 2015 წ.);

 

მოცემულ შემთხვევაში მიუკერძოებელი არბიტრის თვალით დანახული და შეფასებული ფაქტები გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან საგადასახდო სამართალდარღვევის ჩადენას, რადგან პირის მიერ ქმედების (უმოქმედობის) განხორციელება საკუთარ პასუხისმგებლობას გულისხმობს, რაც გამოიხატება იმაში, პირი საკუთარი ნებით და გაცნობიერებულად ბატონობს ქმედებაზე (უმოქმედობაზე). შესაბამისად, პიროვნება არ შეიძლება მოქმედებდეს საკუთარი პასუხისმგებლობით, როცა არა მას, არამედ სხვა პირს აქვს ქმედებაზე რეალური ბატონობა. განზრახვა არის - პირის მიერ იმის ცოდნა, რასაც იგი აკეთებს, ნებელობა იმისა, რომ განახორციელოს ქმედება (საკუთარი პასუხისმგებლობა ქმედებაზე) და მართლწინააღმდეგობის შეგნება. ანუ, ქმედების ჩამდენმა პირმა უნდა იცოდეს (წინდახედულობის პრინციპით გაითვალისწინოს) ყველა ის გარემოება, რომელიც ქმედების ობიექტურ შემადგენლობას ეკუთვნის.

როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. -დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. (24.06.005. N°1801)

 

ამავე კოდექსის 97-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები, კერძოდ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით - ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას – მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების არსებობა სავალდებულოა და ამასთან იგი უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

6.განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კვლევის საგანია საჭიროებდა თუ არა აკაციის სარების ტრანსპორტირებისას --- ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გამოწერას.

სასამართლო მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანების 24-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის მიხედვით:

2. სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით:

მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.

ამავე ბრძანების 252-ე მუხლის მიხედვით:

შესაბამისად დადგენილი ფორმის სავალდებულოა ამ პუნქტით ხე - ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში ზედნადები) არის NoII-01 3 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ:

ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;

ბ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;

ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;

ბ.დ) შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი;

ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე — მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი;

ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი;

ბ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი;

ბ.თ) დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე;

გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა);

დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ - ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.

6.7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარებული 2018 წლის 27 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის No --- დასკვნით, ხე-მასალის 522 ცალი აკაციის სარის საორიენტაციო ჯამური საბაზრო ღირებულება 1566.00 ლარია დღგ-ის ჩათვლით.

აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ „სარების შემოწმების, დათვლისა და აზომვის (საზომი ხელსაწყოების გამოყენებით) შედეგად დადგინდა, რომ სარები აკაციის ეკლის ჯიშის ხისგანაა დამზადებული, ქერქგაუცლელი, ზედაპირება არასწორხაზოვანია, კვეთები არასწორი ფორმის და არათანაბარია, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატება 12 სმ. თითოეულის საშუალო სიგრძეა 2.2. მეტრი, ხოლო სარების რაოდენობა 522 ცალი“...

ვინაიდან წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წვრილ ბოლოში სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატებოდა 12 სმ სასამართლოს მიაჩნია, რომ ---- ის ქმედება არ ეწინააღმდეგება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No996 ბრძანების 252-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმად, ხე - ტყის სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში ზედნადები) არის NoII-01 3 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი;

მოხმობილი ბრძანების თანახმად, ვინაიდან ----ის დაკვეთით ტრანსპორტირებული აკაციის სარების განივი კვეთის მაქსიმალური ზომა არ აღემატებოდა 12 სმ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაღრვევით, არარსებული ადმინისტრაციული გადაცდომის დროს და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გამოცემის მომენტიდან. ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივნისის No 5819/2/2018 წლის გადაწყვეტილება.

სასამართლო საგადასახადო კოდექსის 269-ე და 270-ე მუხლების განმარტებებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ქმედების სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის ითვალისწინებს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობას: უნდა არსებობდეს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახი ან გაუფრთხილებლობით); გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედგეს შორის, ამდენად, თუ არ არსებობს კანონით საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

მითითებული კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ.

მე-12 მუხლი კი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი.

მართალია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-3.2 ნაწილის შესაბამისად მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს, მაგრამ სანქციის გამოყენების შესაძლებლობას კანონმდებელი უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედნადებში აღნიშული არ არის: ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი ან/და ნომერი; ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი ან სახელი და გვარი, პირადი ნომერი; გ) საქონლის დასახელება ან/და რაოდენობა.

განსახვავებულ წესს არც მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის No994 ბრძანება ადგენს, კერძოდ: 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ელ --- სასაქონლო ზედნადებებში მითითებულია:

ა) დოკუმენტის შედგენის თარიღი და ნომერი,ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი, პირადი ნომერი - გამყიდველის (გამგზავნი) მყიდველი დასახელება

გ) საქონლის დასახელება და რაოდენობა - საქონლის ფასი.

ყოველივე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მაკონტროლებელ ორგანოს, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აქ ჰქონდა 2018 წლის 28 მარტის NoCB 865602 სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი, რომლის თანახმად ---ს (პ/ნ ---) დაეკისრა საქართველოს საგადასახდო კოდექსის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილით ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლში, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე Noბს-463-451(კ- 13). სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებანი.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და მის დასასაბუთებლად წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა. მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს მოთხოვნა, ხოლო მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად საკმარისობის გათვალისწინებით. მტკიცებულებათა განხილვისას სასამართლო აფასებს მათ საქმესთან დამოკიდებულებისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, რა დროსაც ითვალისწინებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკითხი ხელახალ განხილვას არ საჭიროებს, რადგან სასამართლომ სრულად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახალი განხილვის დავალება დროის უსაფუძვლო გაჭიანურებას გამოიწვევს, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს გამოთქმული აქვს აზრი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

ყოველივე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ბათილად უნდა იქნას ცნობილი 2018 წლის 28 მარტის NoCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივნისის No 5819/2/2018 წლის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები.

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით (ს/ფ.), ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 33-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს --- ის (პ/ნ ---) სარჩელი.

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 28 მარტის NoCB 865602 საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანება.

1.3. ბათილად იქნას ცნობილი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივნისის No 5819/2/2018 წლის გადაწყვეტილება.

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11).

4. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე

 

მალხაზ ჩუბინიძე

 

სადავო საკითხები:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა ავტომანქანა, რომელიც ახორციელებდა ქვეყნის შიგნით სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი ხე-მასალის „აკაციის სარი“ ტრანსპორტირებას ხე-ტყის სპეციალური ზედნადების გარეშე. სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერზე გამოწერილი იყო ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადები.

საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით შედგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ხე-მასალის - 522 ცალი „აკაციის სარი“-ს საორიენტაციო ჯამური საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1566.00 ლარის ოდენობით.

სადავო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1(2)-ე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

სარჩელი დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9663 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ივნისის No 5819/2/2018 წლის გადაწყვეტილება.

 

დასაბუთება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 33-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286 1 2 მუხლით.