N 3623-XIIIმს-Xმპ - 01/11/2023 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 01.11.2023
№ დოკუმენტი 3623-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 134-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 134. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის აღების უკანონო იძულება

1. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის აღების უკანონო იძულება −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;

ბ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;

გ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;

დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ;

ე) დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“.

2. 1351 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1351. ადამიანის ორგანოებით, ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა

1. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ადამიანის ქსოვილებით ან უჯრედებით უკანონო ვაჭრობა −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №131 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

 

თბილისი,1 ნოემბერი 2023 წ.

N3623-XIIIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე