გადაწყვეტილება №19303/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 19303/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19303/2/2023

20 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------- (პ/ნ --------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- 3.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19303/2/2023).

 

დავის საგანი:

საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად მიჩნევა და იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 10.02.2023 წლის 21-10-20/10850 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 30.03.2023 წლის №6355 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

31.01.2023 წელს -------- მიმართა განცხადებით და ითხოვა საფოსტო გზავნილებით შემოტანილი 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.

აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №21-10-20/10850 წერილით ------- ეცნობა, რომ მის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად და მასზე ვერ გავრცელდებოდა მოთხოვნილი საგადასახადო შეღავათი.

ვინაიდან მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელს გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ს მიერ, შესაბამისი რისკის პროფილის მიხედვით განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი, მასზე ვერ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №20010/1452922, №20010/1434945, №20010/1435795, №20010/1439887 საბაჟო დეკლარაციები და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

საბაჟო დეპარტამენტის 10.02.2023 წლის 21-10-20/10850 გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.03.2023 წლის №6355 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მომჩივნისთვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის იმპორტი (მოცემულ შემთხვევაში №20010/1434932, №20010/1434945, №20010/1435795, №20010/1439887 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ებით დეკლარირებული საქონელი) დაექვემდებარება იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას.

ამდენად, მომჩივანი ვერ ისარგებლებს მის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით და მისი კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარება მართლზომიერია.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ებით დარიცხულ იმპორტის გადასახდელები შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანს მიაჩნია, რომ საბაჟო დღგ უსაფუძვლოდ არის დარიცხული, ითხოვს მის მოხსნას და განმარტავს, რომ შეუძლია აბსოლუტურად ყველა ამანათის სურათის ჩვენება რომელიც გამოწერილია ტრენდიოლიდან და ტაობაოდან, ნივთების უმეტესობა უდევს სარემონტო სახლში, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩვენება, რომ არის პირადი მიზნებისთვის, ასევე ტანსაცმელი მისთვის არის გამოწერილი, მცირედი კი საჩუქრად, რომელთა ჩვენებაც უკლებლივ შეუძლია, ნებისმიერ დროს ზუმით ან ნებისმიერი ფორმით.

მომჩივანი ითხოვს განემარტოს რომელი კანონით დაერიცხა პირადი მიზნებისთვის გამოწერილ ნივთებზე დღგ, სად წერია და რის საფუძველზე ჩაითვალა, რომ საქონელი არ არის განკუთვნილი პირადი მიზნებისთვის? იმიტომ რომ რაოდენობა ბევრია? იმიტომ იწერს ტრენდიოლიდან, რომ ნივთები ბევრად იაფი ჯდება სახლისთვის პირადი მიზნებისთვის ვიდრე საქართველოში იყიდის სავაჭრო ცენტრებში, არც ერთხელ არ აღემატებოდა არც 300 ლარს და არც 10 კილოს.

ნებისმიერ დროს მზად არის გადამოწმდეს, ყველა გამოწერილი ნივთი არის პირადი მიზნებისთვის და ნებისმიერ დროს შეუძლია ამის დამტკიცება. ყველა გამოწერილი ნივთი რაც კი ოდესმე გამოუწერია არის პირადი მიზნებისთვის, პლასტმასის თარო, ტანსაცმელი, საათი, ფეხსაცმლის აქსესუარი, ჰიგიენური საშუალება ყველა ახლაც კი შეუძლია უმეტესობა ჰიგიენური საშუალების ჩვენებაც, რაც შეეხება თარო, სკამი, ვანის საკიდი ნებისმიერი რამე, რაც იყო არის სარემონტო სახლისთვის გამოწერილი და ულაგია ადგილზე. და მისი შემოწმება შეიძლება ზუმით, ან თუნდაც ქალაქ გორში წარმომადგენელმა შეამოწმოს და დარწმუნდება სიმართლეში ნებისმიერ დროს.

მომჩივანი ითხოვს განხილულ იქნას სამართლიანად, უმორჩილესად ითხოვს დისტნციურად ნუ მოხდება განხილვა, რათა შეძლოს ჩვენება, რომ ნამდვილად აქვს ადგილზე გამოწერილი ნივთები და არა ეკონომიკური საქმიანობისთვის არცერთი, ურთავს მცირედს სურათად (გაერთიანებული პდფ-ია თუმცა ამით ნუ მოხდება ხელმძღვანელობა მხოლოდ, ითხოვს ან ზუმით ან წარმომადგენელი მივიდეს და ნახოს რომ ადგილზე უდევს ყველაფერი და არის პირადი მიზნისთვის) იმედი აქვს მოეკიდებიან გულისხმიერად და მოუხსნიან უსამართლოდ დარიცხულ დღგს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მომჩივანი ითხოვს მოეხსნას უსამართლოდ და უსაფუძვლოდ დარიცხული დღგ ან განემარტოს რომელი კანონით უნდა დაერიცხოს პირადი მიზნებისთვის გამოწერილ ნივთებზე დღგ, სად წერია და რის საფუძველზე ჩათვალეს, რომ არ არის პირადი მიზნებისთვის. ამასთან საჩივრის განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გამოწერილი ნივთები კი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის.

საბაჟო დეპარტამენტის პოზიციით მომჩივნის ქმედება (მის სახელზე საფოსტო გზავნილებით 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის შემოტანა შესაბამისი რისკის პროფილის მიხედვით) შეფასებულია ეკონომიკურ საქმიანობად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, მხარეთა არგუმენტების და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მომჩივნის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი ან/და ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი, საქონლის დანიშნულებისა და მიზნობრიობიდან გამომდინარე. ამდენად, საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში, სადავო აქტი უნდა გაუქმდეს და მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.03.2023 წლის №6355 ბრძანება;

3. გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 10.02.2023 წლის 21-10-20/10850 გადაწყვეტილება;

4. მოცემულ სადავო შემთხვევაში, მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე, გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი;

5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად მიჩნევა და იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელს გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ს მიერ, შესაბამისი რისკის პროფილის მიხედვით განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი, მასზე ვერ გავრცელდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №20010/1452922, №20010/1434945, №20010/1435795, №20010/1439887 საბაჟო დეკლარაციები და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.

საბაჟო დეპარტამენტის 10.02.2023 წლის 21-10-20/10850 გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.03.2023 წლის №6355 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში, სადავო აქტი უნდა გაუქმდეს და მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199"დ.ვ", 9(1).