გადაწყვეტილება №22392/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22392/2/2024
30 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22392/2/2024).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №063-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 თებერვლის №3050 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 246 208 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 146 243
დღგ - 41 274
საშემოსავლო გადასახადი - 104 969
ჯარიმა - 80 577
საურავი - 19 388
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ტენდერებში მონაწილეობის გზით დამკვეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23114 და 6 დეკემბრის №30522 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №32134 ბრძანება და №063-24 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 246 208 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 20 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 13 თებერვლის №3050 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი „----------“, ახსნა-განმარტება, ხელშეკრულებების ნაწილი და ინფორმაცია დაზუსტებულ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის (ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის), დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საიდანაც ირკვევა, რომ საწარმოს მიერ გაწეული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემსყიდველები არიან ----------, ----------, ----------, ----------, ----------, ----------, სსიპ ----------, სსიპ ----------, შპს „----------“, შპს „----------“ და შპს „----------“, მათ შორის, სსიპ „----------. შესრულებული სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია პროექტის „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სისტემის გაუმჯობესება“ გრანტის ფარგლებში და გათავისუფლებულია დღგისაგან ჩათვლის უფლებით. შემოწმებით გაანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 1 116 313 ლარს, მათ შორის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 947 282 ლარს, ხოლო ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა - 169 031 ლარს. აღნიშნული შეუდარდა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებს, სადაც აღმოჩნდა, რომ დეკლარაციებში დღგით დასაბეგრი ბრუნვები სრულად არ არის ასახული. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
პანდემიის რთული პერიოდის გამო, ვერ ახდენდა სწორად დეკლარირებას და დღგ-ის გადახდას ბიუჯეტში, რის რისკსაც აცნობიერებდა, ამიტომაც დაიწყო 2022-2023 წლებში გასწორება, რასაც მოწმობს დაზუსტებული დღგ-ის დეკლარაციები. ამასთან, 2023 წლის აგვისტოს ბოლოს დაზუსტებული დეკლარაციების საფუძველზე ბიუჯეტში გადახდილი იქნა 40 000 ლარზე მეტი თანხა, რითაც მომჩივანს სურდა წლის ბოლომდე დღგ-ის ნაწილში აღმოეფხვრა ყველა ნაკლოვანება. ჩატარებული შიდა კონტროლის ანალიზის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების გამოცემამდე დღგ შეადგენდა 19 464 ლარს 2020-2022 წლებში. აქტის თანახმად კი განსხვავებული და არსებითად მეტი ოდენობის თანხები დაერიცხათ. ამასთან, შემოწმების პერიოდში ხედავდნენ რიგ უზუსტობებს, რაც გამოიხატებოდა გადასახადის გადამხდელის მხრიდან გაგზავნილი ელ. ფოსტის და არა მხოლოდ ერთის ადრესატამდე ვერ მისვლის შემთხვევებში. ასევე, პროგრამულად საქონლის შეძენის არაზუსტი თანხის გამოვლენა, რაზეც ჰქონდათ აქტიური კომუნიკაცია აუდიტორთან და გასწორებულ იქნა აღნიშნული, რის გამოც უკვე შემდგომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში კიდევ უფრო წარმოუდგენელი არსებითად მაღალი ოდენობის თანხები დაარიცხეს. ასევე, არის რიგი უზუსტობები საინფორმაციო ბარათში. კერძოდ, საწარმოს დირექტორის და დამფუძნებლის პირადი ნომრები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ცალსახად არასწორია და შესაძლოა აქაც ტექნიკური შეცდომა იყოს. ყოველივე ზემოთთქმული იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ სამუშაო ჩატარდა დაჩქარებულად და დაშვებულია რიგი უზუსტობები. შესაბამისად, სამართლიანად ითხოვენ გადაიხედოს როგორც დღგ-ის ნაწილი, ასევე საშემოსავლო გადასახადი. კომპანია გასცემდა ხელფასს, რის დეკლარირებასაც ახდენდა, ასევე სამუშაოს ასრულებდა ქვეკონტრაქტორების საშუალებით, რის ხელშეკრულებებიც არსებობს. შემოწმების პერიოდში აღნიშნული არ არის გათვალისწინებული, ასევე არ არის გათვალისწინებული საბანკო ამონაწერი და სამუშაო დასრულებულია დაჩქარებული პრინციპით. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს განხილვას მასთან ერთად და საკითხების სიღრმისეულად გადახედვას. ყოველივე ამის შემდგომ კი გამოიკვეთება ის რეალური თანხები, რაც იქნება დასარიცხი სამართლიანობის პრინციპით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი „ლიბერთი ბანკიდან“, ახსნა-განმარტება, ხელშეკრულებების ნაწილი და ინფორმაცია დაზუსტებულ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის, მომჩივანი დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საიდანაც დადგინდა კომპანიის მიერ გაწეული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემსყიდველები და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს და დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულად არ არის ასახული. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ შემოწმების პროცესში გაანგარიშებები განხილულია გადასახადის გადამხდელთან ერთად. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გასწორდა გამოვლენილი უზუსტობები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ახსნაგანმარტებიდან ირკვევა, რომ არ გააჩნია საქონლის და ნაღდი ფულის ნაშთი. ფულის ნაშთის არ არსებობას ადასტურებს 2023 წლის 20 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განმსაზღვრელი პროცედურა. გადასახადის გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი არ არის. შემოწმებით შესწავლილ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა კომპანიის პასუხისმგებელ პირზე, დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ საწარმოს არ გააჩნია საქონლის და ნაღდი ფულის ნაშთი, რასაც ადასტურებს 2023 წლის 20 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განმსაზღვრელი პროცედურა. გადასახადის გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი არ არის. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერიდან, ახსნა-განმარტება, ხელშეკრულებების ნაწილი და ინფორმაცია დაზუსტებულ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებთან დაკავშირებით. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის, მომჩივანი დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულს გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საიდანაც დადგინდა კომპანიის მიერ გაწეული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემსყიდველები და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული შეუდარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს და დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულად არ არის ასახული. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ.
2. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ საწარმოს არ გააჩნია საქონლის და ნაღდი ფულის ნაშთი, რასაც ადასტურებს 2023 წლის 20 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განმსაზღვრელი პროცედურა. გადასახადის გადამხდელს დებიტორული დავალიანება არ ერიცხება, ხოლო კრედიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი არ არის. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა. კერძოდ, შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, გაანგარიშებული ხარჯების გათვალისწინებით დადგენილი ფულის ნაშთი დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორებზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275, 279.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)