გადაწყვეტილება №18241/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18241/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18241/2/2022

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "----------" 19.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18241/2/2022).

 

დავის საგანი:

იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 25.07.2022 წლის №EL11113/177 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28151 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 19 288,48 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 18 925,29

დღგ - 3 425,69

იმპორტი გადასახადი - 424

აქციზის გადასახადი - 15 075,6

საურავი - 363,19

 

ფაქტების აღწერა

14.06.2022 წელს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ ტრანზიტის პროცედურისთვის განკუთვნილ საქონელზე (თამბაქოს ნედლეული) დარეგისტრირდა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.

25.06.2022 წელს ---------- საავტომობილო გზის მე-100 კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, რომელშიც განთავსებული იყო აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი (თამბაქო). აღნიშნული საქონელი ჩაიტვირთა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში და გადატანილ იქნა შპს "----------" -ის საბაჟო კონტროლის ზონაში.

2.07.2022 წელს განხორციელდა საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონელი არის დაზიანებული და გამოუსადეგარი. საქონლის დანაკლისმა შეადგინა 251,26 კგ. საქონლის თანმხლები დოკუმენტის (ინვოისი №---------- (12.06.2022)) გათვალისწინებით დანაკლისი საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1 241,22 ევრო (3 532,02 ლარი).

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, მომჩივანს გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ 25.07.2022 წლის №----------5, №---------- და №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე 170-ე მუხლის პირველი ნაწილით და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის, 1 000 ლარის და 18 925,29 ლარის ოდენობით.

ამასთან, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №EL11113/177 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მომჩივანს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 19 288,48 ლარი.

სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.11.2022 წლის №28151 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 25.07.2022 წლის №EL176095, №EL176101 და №EL176102 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28151 ბრძანება საბაჟო დეპარტამენტის 25.07.2022 წლის №EL11113/177 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივანი არის ზემოაღნიშნული საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი. შესაბამისად, სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, არ დაუშვას საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა.

კანონმდებლობა პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც იწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომლებიც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას. ამდენად, მომჩივანის მიმართ წარმოშობილი პასუხისმგებლობისა და საბაჟო ვალდებულების დაკისრება მართლზომიერია.

გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმებისგან (საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლის 14 ივნისს "----------"-ის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაფორმდა აღრიცხვის მოწმობა D ----------, საქონლის დასახელება - თამბაქოს ნედლეული. გამწევი სატრანსპორტო საშუალების ნომერი ----------, მისაბმელი ----------. სატრანსპორტო საშუალება დაილუქა საბაჟო ლუქით G ----------. დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებას საბაჟო გამშვები პუნქტით „----------“ უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია.

25 ივნისს ---------- გზის მე-100 კილომეტრზე მოძრაობისას მძღოლმა ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა, გადავიდა სავალი ნაწილიდან და გადაბრუნდა, რის შემდეგაც მძღოლმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ასევე მთლიანად დაზიანდა სატვირთო ავტომობილი და მისაბმელი, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გადმოიყარა მასში არსებული ტვირთი. აღნიშნული ფაქტი აღწერა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ---------- ის სამმართველომ. ავტოსაგზაო შემთხვევის მომდევნო 3 დღე გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც შეუძლებელი იყო მინდორში გაბნეული ტვირთის დროულად ჩატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რამაც გამოიწვია ტვირთის მთლიანად დასველება.

29 ივნისს შემთხვევის ადგილზე ქართული რეგისტრაციის სატვირთო მანქანა სახ. ნომრით: ----------, მისაბმელი ----------, რომელშიც გადაიტვირთა მინდორში მიმობნეული გადამუშავებული თამბაქოს ნედლეული, დაილუქა საბაჟო ლუქებით ----------/----------/----------. ახალ სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთული დაზიანებული ტვირთი პირველ ივლისს, 16:16 საათზე გამოცხადა შპს "----------"-ის საბაჟო ტერმინალში.

2 ივლისს მებაჟე ოფიცრის თანდასწრებით სატრანსპორტო საშუალებაზე აიხსნა საბაჟო ლუქები და დაზიანებული ტვირთი გადმოიტვირთა შპს "----------"-ის საბაჟო ტერმინალის ნახევრად ღია საწყობში. ტვირთის გადმოტვირთვის პროცესს ესწრებოდა სურვეიერული კომპანია "----------" ინსპექტორი.

სურვეიერული კომპანიის მიერ გადმოტვირთვის პროცესში აღებულ იქნა სინჯები. ჩატარდა ანალიზი პროდუქციის ტენიანობის განსასაზღვრად. 25 ივლისს მებაჟე ოფიცერმა წარმომადგენელს გადასცა სამართალდარღვევის 3 ოქმი №EL176095, №EL176101 და №EL176102 და №EL11113/117 საგადასახადო მოთხოვნა.

ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სხვა კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილით. ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი №EL11113/117 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული პირი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საბაჟო კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა, თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.

ამავე კოდესის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;

გ) მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული საქონელი (თამბაქოს ნედლეული), ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებიდან ჩაიტვირთა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში და განთავსდა საბაჟო საწყობში, სადაც გაირკვა, რომ საქონელი არის დაზიანებული და გამოუსადეგარი. საქონლის დანაკლისმა შეადგინა 251,26 კგ. საბაჟო ღირებულებამ - 1 241,22 ევრო (3 532,02 ლარი).

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობა არ არის გამოწვეული დაუძლეველ ძალის შედეგად, შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელზე გამოვლენილი დანაკლისი საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოიშობას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტის 25.07.2022 წლის №EL11113/177 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.