გადაწყვეტილება №27383/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.06.2026
№ დოკუმენტი 27383/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27383/2/2026

03 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ---------ი (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ -----ის 20.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27383/2/2026).

 

დავის საგანი:

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ით დაბეგვრის დროს ჩათვლების გაუთვალისწინებლობა;

2. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ხარჯების გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №002-167 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 239 264.71 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 168 072.86

დღგ - 57 081.35

საშემოსავლო გადასახადი - 110 991.51

ჯარიმა - 47 567.83

საურავი - 23 624.02

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლით ვაჭრობა ---- ტერიტორიაზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22440 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 13 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ნოემბრის №25665 ბრძანება და №002-167 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 239 264.71 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 17 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ით დაბეგვრის დროს ჩათვლების გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, 2024 წლის 23 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მომჩივანს არ აქვს შესრულებული. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არ აქვს ასახული დანაკლისი ერთობლივ შემოსავალში. ამასთან, აღნიშნულიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რადგან დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტიდან ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 178-ე, მე-4, 43-ე მუხლებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, იმპორტის დეკლარაციით მისაღებ ჩათვლებზე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენების არამართლზომიერებასთან მიმართებით, განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღებას უკავშირებს გარკვეული წინაპირობების არსებობას, მათ შორის და არა მხოლოდ საქონელი/მომსახურება გამიზნული უნდა იყოს ან გამოიყენებოდეს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის. ამასთანავე, გათვალისწინებულია შეზღუდვები დღგ-ის ჩათვლის უფლებაზე, მათ შორის, იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. დღგ-ის ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ დაცული უნდა იყოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი დღგ-ის ჩათვლის წინაპირობები და ასევე, საგადასახადო კონტროლის მექანიზმებით შემოწმებადი უნდა იყოს დღგ-ის ჩათვლის მიღების მართლზომიერება.

იქიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შემოწმების ფარგლებში შეამოწმოს 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით, პირი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტი შეინახოს იმ კალენდარული წლის დასრულებიდან არანაკლებ 3 წლის განმავლობაში, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის ზოგადი დებულებანი და დღგ-ის ჩათვლის უფლების მიღებისთვის განსაზღვრული წინაპირობები უნდა გავრცელდეს საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლების მოთხოვნის შემთხვევაშიც.

ასევე, რამდენადაც გადასახადის გადამხდელისთვის გადასახადის თანხის დარიცხვის საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვისა და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია, გადასახადის დარიცხვის საფუძველი კი საგადასახადო დეკლარაცია, რომელშიც მათ შორის აისახება საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის დადგენილი წესით ჩასათვლელი თანხა, წარსადგენ დეკლარაციაში საბაჟო დეკლარაციით ჩასათვლელი დღგ-ის ასახვის 3 წლიანი პერიოდით შეზღუდვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას - სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბითუმოსაცალო ვაჭრობას. კერძოდ, ტანსაცმლით ვაჭრობა ----- ტერიტორიაზე. სარეალიზაციო საქონლის უდიდეს ნაწილს - დაახლოებით 95% - წარმოადგენს იმპორტირებული პროდუქცია, რომელზეც საბაჟო გადაფორმებისას გადახდილ იქნა დღგ საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე.

შემოწმება ჩატარდა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდზე. 2024 წლის 23 ივლისს ჩატარებული ინვენტარიზაციის ოქმის მიხედვით დადგინდა შემდეგი მონაცემები:

სვ.1 - სმფ სააღრიცხვო ნაშთი ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის (პირვანდელი ღირებულებით): 423 784.16 ლარი;

სვ.2 - ფაქტობრივად აღწერილი სმფ (პირვანდელი ღირებულებით): 167 482.48 ლარი;

სვ.3 - სხვაობა/დანაკლისი (პირვანდელი ღირებულებით): 256 301.68 ლარი;

სვ.4 - დანაკლისი (საბაზრო ღირებულებით): 374 200.46 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტმა, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების საფუძველზე, სვ.4-ის მიხედვით განსაზღვრა დასაბეგრი ბაზა, 2024 წლის 23 ივლისს გამოვლენილი დანაკლისის საბაზრო ღირებულება (374 200.46/1.18 = 317 119 ლარი) და დაარიცხა: (ა) დღგ - 57 081 ლარი; (ბ) ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე(1) მუხლით - 15 856 ლარი; (გ) საშემოსავლო გადასახადი - 63 424 ლარი (317 119 ლარი x 20%); (დ) ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით - 31 712 ლარი.

მომჩივანი შემოწმებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვერ ახდენდა სსდ-ებით გადახდილი საბაჟოზე (ანუ იმპორტზე) დღგ-ის ჩათვლას. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან - გადამხდელისთვის ეს მომენტი დადგა სწორედ ამ შემოწმების შედეგად, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მომენტში.

შემოწმებამ 317 119 ლარის დასაბეგრი ბაზიდან 57 081 ლარის დღგ დაარიცხა, თუმცა სრულად უგულებელყო ის გარემოება, რომ ინვენტარიზაციის ოქმში ასახული სმფ-ის სრული სააღრიცხვო ნაშთი (სვ.1 - 423 784.16 ლარი) წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს, რომელზეც სსდ-ების საფუძველზე გადახდილია საბაჟოზე (ანუ იმპორტზე) დღგ.

ინვენტარიზაციის ოქმის სვ.1-ის 423 784.16 ლარი მოიცავს დღგ-ს. ამ თანხაში საბაჟოზე გადახდილი დღგ შეადგენს: 423 784.16 x 18/118 = 64 645.04 ლარს. კერძოდ: დანაკლისის საქონელზე (სვ.3: 256 301.68 ლარი) - 39 096.87 ლარი; ფაქტობრივ ნაშთზე (სვ.2: 167 482.48 ლარი) - 25 548.17 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს „საქონლის იმპორტისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი“, თუ საქონელი გამიზნულია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის. საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჩათვლის საფუძველია იმპორტის დეკლარაცია. საბაჟო დეკლარაციები ხელმისაწვდომია შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში და ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება.

შემოსავლების სამსახური სსდ-ებზე ჩათვლის შეზღუდვას საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე (3-წლიანი ხანდაზმულობა) აფუძნებს. ეს მიდგომა სამართლებრივად გამართული არ არის შემდეგ საფუძვლებზე:

- პირველი - ნორმის მიზანი: საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს სახელმწიფოს უფლებას, გადამხდელს დაარიცხოს გადასახადი და ჩაუტაროს შემოწმება. ეს ნორმები შექმნილია გადამხდელის უფლებების დასაცავად სახელმწიფოს შეუზღუდავი ძალაუფლებისგან. მათი გამოყენება გადამხდელის ჩათვლის უფლების შეზღუდვისთვის ნორმის მიზნის დამახინჯებაა და ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლს.

- მეორე - ნორმის შერჩევითი გამოყენება: შემოსავლების სამსახური ერთი და იმავე ნორმას ორი მიმართულებით იყენებს: მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის 3-წლიანი ვადა გამოიყენება შემოწმების პერიოდის საზღვრად (2022 წლიდან - გადამხდელის სასარგებლოდ), მაგრამ იმავდროულად გამოიყენება ჩათვლის შეზღუდვის საფუძვლადაც (გადამხდელის საწინააღმდეგოდ). ამგვარი შერჩევითი გამოყენება ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის სამართლიანი დაბეგვრის პრინციპს.

- მესამე - სსდ-ებზე ჩათვლის ვადა: საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის დ) ნაწილი ადგენს 3- წლიან ვადას მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობილი ჩათვლისთვის. ეს შეზღუდვა საბაჟო დეკლარაციებს პირდაპირ არ ეხება. საგადასახადო კოდექსი ასეთ ვადას არ ადგენს.

- მეოთხე - ჩათვლის უფლების წარმოშობის მომენტი: საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.“ გადამხდელისთვის ეს მომენტი არის შემოწმების თარიღი, ვინაიდან სწორედ შემოწმებამ განსაზღვრა სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. შესაბამისად, ხანდაზმულობის ათვლა ამ მომენტიდან იწყება და საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილები ჩათვლის შეზღუდვის საფუძვლად ვერ გამოდგება.

პრაქტიკული შედეგი: ვინაიდან შემოწმება სვ.3-ის დანაკლისს (256 301.68 ლარი) განიხილავს არარეგისტრირებულ რეალიზაციად, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ავალდებულებს გაითვალისწინოს ამ საქონლის შეძენისთვის გადახდილი საბაჟო დამატებული ღირებულების გადასახადი 39 096.87 ლარი. ფაქტობრივ ნაშთზე (სვ.2) გადახდილი საბაჟო დღგ 25 548.17 ლარი ასევე ჩასათვლელია, ვინაიდან ეს საქონელი განკუთვნილია სამომავლო დასაბეგრი რეალიზაციისთვის. სულ ჩასათვლელი თანხა: 64 645.04 ლარი, რაც აღემატება დარიცხულ 57 081.35 ლარს. შედეგად, ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელია 7 563.69 ლარი.

მომჩივანი ითხოვს, სსდ-ების საფუძველზე განხორციელდეს სრული საბაჟო დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა 64 645.04 ლარის ოდენობით (423 784.16 x 18/118) - საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 176-ე მუხლის შესაბამისად. ვინაიდან ეს თანხა აღემატება დარიცხულ 57 081.35 ლარს, ნეტო საგადასახადო ვალდებულება ნულს უდრის და სახეზეა ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელი თანხა 7 563.69 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება:

ა) სოციალური მიზნით ან გასართობ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯის ან წარმომადგენლობითი ხარჯის ღირებულებისათვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ღონისძიებების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა იბეგრება დღგ-ით;

ბ) ამ კოდექსის 174-ე−177-ე მუხლების გათვალისწინებით, იმ დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებულ ან გამოსაყენებლად გამიზნულ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ღირებულებისთვის მიკუთვნებულ დღგ-ის თანხებზე, რომლებზეც პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება არ აქვს;

გ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას ან არ არის გამოწერილი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით);

ე) ყალბი დოკუმენტით, აგრეთვე იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის თანხის დარიცხვისა და საგადასახადო ვალდებულების შესახებ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, 2024 წლის 23 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მომჩივანს არ აქვს შესრულებული. ამასთან, აღნიშნულიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მეწარმეს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, რადგან დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტიდან ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე, 164-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ სარეალიზაციო საქონლის უდიდეს ნაწილს - დაახლოებით 95% - წარმოადგენს იმპორტირებული პროდუქცია, რომელზეც საბაჟო გადაფორმებისას გადახდილ იქნა დღგ საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე. მომჩივანი შემოწმებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ იყო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვერ ახდენდა დღგ-ის ჩათვლას. საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან - გადამხდელისთვის ეს მომენტი დადგა სწორედ შემოწმების შედეგად, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მომენტში.

საბჭო მიუთითებს დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, 2024 წლის 23 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მომჩივანს არ აქვს შესრულებული. ვინაიდან დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტიდან ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად, აღნიშნულიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო განმარტავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, თუ საქონელი გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ იმპორტის დეკლარაციის საფუძველზე. ამასთან, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს, რომელსაც ჩათვლის უფლება წარმოეშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 3-წლიანი შეზღუდვა ეხება შემთხვევებს, როდესაც დღგ-ის ჩათვლის უფლება უკვე არსებობდა, მაგრამ პირმა დროულად არ გამოიყენა. საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლი იმპორტის დეკლარაციით დღგ-ის ჩათვლასთან მიმართებით დამატებით, გამონაკლისს შეზღუდვებს არ ადგენს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისთვის, ნაშთად ერიცხებოდა იმპორტირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა იმპორტზე გადახდილი დღგ დასტურდება საბაჟო დეკლარაციებით. ამასთან, პირი რეგისტრაციამდე არ წარმოადგენდა დღგ-ის გადამხდელს და შესაბამისად, არ გააჩნდა დღგ-ის ჩათვლის უფლება. განსახილველ შემთხვევაში პირს დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტში და მას არ დაურღვევია ამ უფლების გამოყენების კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს უფლება, სრულად განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის ნაშთად არსებულ იმპორტირებულ საქონელზე, ხანდაზმულობის შეზღუდვის გაუთვალისწინებლად, თუ არ არსებობს ჩათვლის მიღების შემზღუდავი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

2. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ხარჯების გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

ვინაიდან დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ღირებულებით განხორციელებულ მიწოდებად, საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 105-ე, 72-ე, 145-ე, 49-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, 2024 წლის 23 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული კი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად აღმოჩენის მომენტიდან ითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. მეწარმეს 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული დანაკლისი ერთობლივ შემოსავალში, შედეგად შემოწმების მიერ განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ სრულად იქნა გამოტოვებული ის გარემოება, რომ საქონლის შეძენის ღირებულება წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საშემოსავლო გადასახადის კორექტირება, თუმცა სურს, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ დაავალოს შემოსავლების სამსახურს ამ ნაწილში თანხის სრულად შემცირება, შემდეგი გარემოებების საფუძველზე:

შემოწმებამ საგადასახადო კოდექსის 80-ე, 100-ე და 102-ე მუხლების საფუძველზე სვ.4-ში გამოთვლილი თანხა 317 119 ლარი (374 200.46/1.18) დააკვალიფიცირა ინდივიდუალური მეწარმის დასაბეგრ შემოსავლად და მთელ ამ თანხაზე დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი 63 424 ლარი (317 119 x 20%).

თუმცა, შემოწმებამ სრულად გამოტოვა ის გარემოება, რომ ამ საქონლის შეძენის ღირებულება წარმოადგენს გადამხდელის გაწეულ ხარჯს, რომელიც საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად ექვემდებარება გამოქვითვას ერთობლივი შემოსავლიდან.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-80, 105-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმება სვ.3-ის დანაკლისს განიხილავს არარეგისტრირებულ რეალიზაციად, ანუ შემოსავლად. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულება უნდა გაიანგარიშოს შემდეგნაირად: ერთობლივ შემოსავალს (სვ.4/1.18 = 317 119 ლარი) გამოკლებული გამოქვითვადი ხარჯი (სვ.3/1.18 = 217 204.81 ლარი) = დასაბეგრი შემოსავალი 99 914.22 ლარი. სწორედ ამ დასაბეგრი შემოსავლიდან უნდა გაიანგარიშებოდეს გადასახადი საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად: 99 914.22 x 20% = 19 982.84 ლარი (63 424 ლარის ნაცვლად).

ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია: საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლი - ხარჯის გამოქვითვის ვალდებულება; საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლი - სმფ-ის შეძენის ღირებულება გამოქვითვად ხარჯად; საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლი - სსდ-ები და ზედნადებები წარმოადგენს პირველად საგადასახადო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ხარჯს. გადასახადის დარიცხვა ბრუტო ბრუნვაზე (317 119 ლარი) და არა დასაბეგრ შემოსავალზე (99 914 ლარი) ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლს.

მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის მე-80, 105-ე და 158-ე მუხლების შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზად განისაზღვროს 99 914.22 ლარი, გადასახადი შეადგენდეს 19 982.84 ლარს და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა შემცირდეს ამ თანხის შესაბამისად.

ქვემოთ ნაჩვენებია შემოწმების მიერ დარიცხული თანხები და გადამხდელის მოთხოვნა სწორი გაანგარიშებით:

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, დაევალოს შემოსავლების სამსახურს წარმოდგენილი არგუმენტაციის, საბაჟო დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტაციის სრული შესწავლა და მეწარმის საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.

3. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის აღრიცხვისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია წარმოებული ან შეძენილი საქონლის ღირებულება აღრიცხვაში ასახოს ამ საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯების (გარდა საამორტიზაციო ანარიცხებისა) ან შეძენის ფასად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი საქონლის ღირებულებაში შეიტანს მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯებს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16119 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, 2024 წლის 23 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გამოვლინდა 374 200 ლარის საბაზრო ღირებულების სმფ-ების დანაკლისი. აღნიშნული დანაკლისით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები მომჩივანს არ აქვს შესრულებული. ვინაიდან დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ღირებულებით განხორციელებულ მიწოდებად, საგადასახადო კოდექსის მე-80, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანომ სრულად უგულვებელყო ის გარემოება, რომ საქონლის შეძენის ღირებულება წარმოადგენს მეწარმის მიერ გაწეულ ხარჯს.

მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 14 მაისის №10770 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარატამენტს დაევალოს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი (დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის სმფ-ის ნაშთზე, იმპორტის დეკლარაციის საფუძველზე დღგ-ის ჩათვლა) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დღგ-ით დაბეგვრის დროს ჩათვლების გაუთვალისწინებლობა;

2. საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას ხარჯების გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22440 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება №16119 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №25665 ბრძანება და №002-167 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 239 264.71 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №10770 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №10770 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

პიველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს უფლება, სრულად განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტისთვის ნაშთად არსებულ იმპორტირებულ საქონელზე, ხანდაზმულობის შეზღუდვის გაუთვალისწინებლად, თუ არ არსებობს ჩათვლის მიღების შემზღუდავი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 79(„ა“); 80(1); 100(1.3); 102(1,,ა“); 105(1.2); 145(1, მე-2 და მე-3); 174(1.2); 175(1 „ა“, „ბ“ და ,,გ“); 176(1 „ა“ და „ბ“); 178;