ბრძანება N 29023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 29023
31 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- მოქალაქე ----- (პას/ნ -----) (მის: ----- )
2025 წლის პირველი დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N 104) განიხილა ----- (პას/ნ ----- ) N 191166/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 26 ნოემბრის N EL301793 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს რომ შპს „-----“ დაკვეთით ----- ჩამოიტანა ტვირთი. ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვაზე იმპორტიორმა შეავსო შესაბამისი დოკუმენტები და განბაჟების ვალდებულებაც მასვე ეკისრებოდა. თავად არის მხოლოდ მძღოლი და ასრულებს დამკვეთის მითითებებს. შესაბამისად ტვირთი მიიტანა იმ მისამართზე რა მითითებაც იმპორტიორმა მისცა. სხვა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობდა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 9 ნოემბერს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა ----- რესპუბლიკის მოქალაქე ----- მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება N -----, რომელშიც განთავსებული იყო ----- რესპუბლიკიდან გამოგზავნილი შპს „-----” (ს/ნ -----) კუთვნილი საქონელი (მოსაკირწყლი ფილები 24 550 კგ).
შემდგომი საბაჟო ფორმალობების განხორციელების მიზნით საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოიწერა N -----(09.11.2025) აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განესაზღვრა გეზ „-----“ (----- ). 2025 წლის 19 ნოემბერს, შპს „-----“ მიმართა საბაჟო ორგანოს N ----- განცხადებით და აცნობა, რომ აღნიშნული აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული საქონელი დეკლარანტის მიერ განკარგულ იქნა ისე, რომ არ განხორციელებულა გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენა და გაფორმების საბაჟო ფორმალობების დასრულება.
გამოვლენილ სამართალდარღვევათა ფაქტებზე, 2025 წლის 26 ნოემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელითაც ------ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლი მიუთითებს, როპმ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი N 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა - ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი და სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად. ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც გამორიცხავს ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა - ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რომლისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პას/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოვიდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო შპს-ს კუთვნილი საქონელი (მოსაკირწყლი ფილები 24 550 კგ). დადგენილია, რომ მომჩივანის მიერ გადაადგილებული საქონელი განკარგულ იქნა ისე, რომ არ განხორციელებულა გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენა და გაფორმების საბაჟო ფორმალობების დასრულება. გამოვლენილ სამართალდარღვევათა ფაქტებზე, პირს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება:
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 70(2); 100(5); 166 (1)(3);.