გადაწყვეტილება №21936/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.02.2024
№ დოკუმენტი 21936/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21936/2/2024

19 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (P/N ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 11.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21936/2/2024).

 

დავის საგანი:

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები - საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 24.01.2022 წლის №1352 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 28.12.2023 წლის №33533 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 11 947,5 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

19.08.2017 წელს ---------- რესპუბლიკის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტი ---------- კონტროლის ზონაში შემოსვლისას, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ---------- ავტომობილის დათვალიერებისას, მძღოლს წელის ჩანთაში აღმოაჩნდა არადეკლარირებული 50 000 აშშ დოლარი (საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად 119 475 ლარი), საბაჟო დეპარტამენტის 19.08.2017 წლის №EL062979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა – 11 947,5 ლარის (საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტი) ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და შემდგომ სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 7.11.2019 წლის №3/1337-18 გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 19.08.2017 წლის №EL062979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შემოსავლების სამსახურის 3.10.2017 წლის №26737 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.01.2018 წლის №4859/2/2017 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, მომჩივნის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა საჩივარი და მიჩნია, რომ მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტში ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მითითებული თანხა ასევე ეკუთვნოდათ მასთან ერთად გადაადგილებულ სხვა პირებს, ამასთან, დადგენილია, რომ 19.08.2017 წელს ---------- რესპუბლიკის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტი ---------- კონტროლის ზონაში შემოსვლისას, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ---------- ავტომობილის დათვალიერებისას, მძღოლს წელის ჩანთაში აღმოაჩნდა არადეკლარირებული 50 000 აშშ დოლარი (საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად 119 475 ლარი), საბაჟო დეპარტამენტის 24.01.2022 წლის №1352 ბრძანებით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 11 947,5 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ბრძანება 6.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.12.2023 წლის №33533 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.07.2012 წლის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 289-ე მუხლის 131 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 32-ე ან 34-ე მუხლებზე და მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილია ყველა ის მტკიცებულება, რასაც ითხოვდა საბაჟო დეპარტამენტი. კერძოდ, ფულის წარმომავლობა და ასევე იმ პირების ახსნა-განმარტება, ვინც თან ახლდნენ საზღვრის კვეთისას და ვისი თანხაც იყო. ამის მიუხედავად, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა ბრძანება მომჩივანზე სანქციის დაკისრების თაობაზე. მისი მოსაზრებით, ფაქტიურად საბაჟო დეპარტამენტმა უგულვებელყო სასამართლოს მოთხოვნა და იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რაც კანონის უხეშ დარღვევად მიაჩნია.

მომჩივნის თქმით, სადავო აქტები გამოცემულია ცალმხრივად და სრულყოფილად არ არის შესრულებული სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ბრძანების გაუქმებას და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა.

საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.

დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ 19.08.2017 წლის ---------- რესპუბლიკის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში შემოსვლისას, მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ---------- ავტომობილის დათვალიერებისას, მძღოლს წელის ჩანთაში აღმოაჩნდა საბაჟო საზღვარზე დეკლარირებას დაქვემდებარებული 50 000 აშშ დოლარი (119 475 ლარი), რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 19.08.2017 წლის №EL062979 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 131 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, სადაც საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სასამართლოში, რომელმაც მიიჩნია, რომ დავის განმხილველი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა მომჩივნის მიერ დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა.

მომჩივნის განცხადებით, ნაღდი ფული, რომელსაც ის 19.08.2017 წლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებდა, თანაბრად ეკუთვნოდათ მას და მასთან ერთად გადაადგილებულ სამ პირს: მის მეუღლეს – ---------- და ავტომობილში მყოფ ორ მგზავრს – ---------- და ----------. თითოეული პირის კუთვნილი თანხის ოდენობა კი შეადგენდა 12 500 აშშ დოლარს. გამომდინარე აქედან, მიჩნია, რომ ისინი გადაადგილებდნენ 30 000 ლარამდე ოდენობის თანხას და არ გააჩნდათ მისი დეკლარირების ვალდებულება.

აღნიშნული გარემოების გამოკვლევის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტის 29.10.2020 წლის №---------- წერილით, მომჩივანს ეთხოვა საბაჟო დეპარტამენტში წარედგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მითითებული თანხა ეკუთვნოდა მასთან ერთად გადაადგილებულ პირებსაც.

ზემოაღნიშნული წერილის პასუხად, მომჩივანმა 26.04.2021 წლის №---------- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა დოკუმენტები – ფიზიკური პირის გამარტივებული დეკლარაციები, რომლის მიხედვითაც თავად მომჩივანს, ----------, ---------- და ---------- ---------- რესპუბლიკის დატოვებისას – 19.08.2017 წელს დეკლარირებული აქვთ 12 500 აშშ დოლარი.

ვინაიდან, მითითებულ დეკლარაციებზე ---------- კანომდებლობის შესაბამისად არ იყო დატანილი შესაბამისი დამღა/ბეჭედი, საბაჟო დეპარტამენტის 18.05.2021 წლის №---------- წერილით, მომჩივანს ეთხოვა წარედგინა დოკუმენტები, რომლებიც დამოწმებული იქნებოდა ---------- საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო წესით. აღნიშნული წერილის პასუხად, წარდგენილია ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტები, რომლებიც ნამდვილობის დადგენისა და დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმების მიზნით, გაეგზავნა ---------- რესპუბლიკის საბაჟო სამსახურს.

---------- სახელმწიფო საბაჟო კომიტეტიდან 29.12.2021 წელს მიღებული №---------- საპასუხო წერილით, საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გადამოწმებაზე გაგზავნილი დოკუმენტები არაა რეგისტრირებული ---------- რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის სახელმწიფო მონაცემთა ბაზებში და არ დასტურდება მათი ნამდვილობა.

ამგვარად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მომჩივანმა ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მითითებული თანხა ასევე ეკუთვნოდათ მასთან ერთად გადაადგილებულ სხვა პირებს.

აღნიშნულიდან გმომდინარე, ვინაიდან, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, მომჩივნისთვის სადავო ბრძანებით საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა (გადმოტანილი ნაღდი ფულის 10 პროცენტის ოდენობით) მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები - საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2017 წლის 19 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოსვლისას, მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დათვალიერებისას, მძღოლის – მომჩივანის წელის ჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული 50 000 აშშ დოლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად შეადგენს 119 475 ლარს). დადგენილია ასევე, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მითითებული თანხა ასევე ეკუთვნოდათ მასთან ერთად გადაადგილებულ სხვა პირებს. ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსთ გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 169(3).

(2021 წლამდე მოქმედი) საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 289(131)