ბრძანება N 4099
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4099
26 თებერვალი 2024
ბრძანება
შპს „------ -ის “ (ს/ნ "------" )
(მის.: "------")
2024 წლის 26 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 26 იანვრის №87235/1/2024 და №87234/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №002-319 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ინვენტარიზაცია ვერ განხორციელდა, რადგან სასაქონლომატერიალური ფასეულობები საწარმოს ყოფილი დირექტორის განკარგულებაშია, რომელთანაც მიმდინარეობს სასამართლო დავა. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების ხელახლა განხორციელებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17781 და 2023 წლის 4 ოქტომბრის №24459 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 9 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2023 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 დეკემბერს №33350 ბრძანება და ამავე თარიღის №002-319 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 672 756 ლარი, მათ შორის გადასახადი 368 684 ლარი, ჯარიმა 184 342 ლარი და საურავი 119 730 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით. პირმა განახორციელა მაინერების იმპორტი საქართველოში. 2021 წლის 23 დეკემბრის წერილში, რომლითაც პირი საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის უკან დაბრუნებას ითხოვდა, აუდიტის დეპარტამენტს განუმარტა შემდეგი (დირექტორი "------" პ.ნ "------" ): „დღგ-ს დეკლარაციის მიხედვით დეკლარირებული ოპერაციები (ჩათვლები) შეადგენს საქონლის იმპორტს, კერძოდ 30 ცალი მაინერის შეძენა - იმპორტი (საქ. კოდი: 8471), სატარიფო ღირებულება 1 123 445 ლარი. ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა, ახლად წამოწყებულია და იგი შექმნის პროცესშია, ამ ეტაპზე საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ იმპორტით, საქონლის რეალიზაცია კი განხორციელდება ეტაპობრივად. კომპანიას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს დღგ 202 220 ლარი, შესაბამისად, შპს ,,------- -ის “ (ს/კ "------") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჰქონდეს, როგორც დღგ-ს გადახდის, აგრეთვე დღგ-ს ჩათვლის და ზედმეტობის დაბრუნების უფლებაც“. 2021 წლის 28 დეკემბერს დირექტორის/დამფუძნებლის "------"- ს მიერ განხორციელდა წილის რეალიზაცია "------"-ზე (პ/ნ "------" ) 1000 ლარად, ამ თარიღიდან დირექტორად/დამფუძნებლადაც გვევლინება "------"(პ/ნ "------").
2023 წლის 21 ივლისის №17781 ბრძანებით დაინიშნა საწარმოს საგადასახადო შემოწმება, ხოლო 2023 წლის 18 სექტემბრის №22820 ბრძანებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. "------"-მ სმფ-ის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით მონიტორინგის დეპარტამენტს წერილობით განუმარტა, რომ "------"-ს დირექტორობის პერიოდში შემოტანილი მაინერები მას ფიზიკურად არ მიუღია, გახდა მხოლოდ წილის 100%-იანი მესაკუთრე და დირექტორი. მან აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის წარდგენილი სარჩელი, სადაც აღნიშნავს, რომ "------"-მ და მან 2021 წლის 28 დეკემბერს ფიქტიური 1000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმეს წილის ნასყიდობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც "--------" გახდა საწარმოს დირექტორი, ხოლო "------"-ს მისთვის მაინერები არ გადაუცია. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტს განუმარტა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, 2021 წლის 29 დეკემბერს, საბანკო ანგარიშიდან გატანილი 168 253 ლარიდან (ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული დღგ) "------"-ს გადაეცა მთლიანი თანხა, ხოლო მას "-------" -სგან უკან ეჩუქა დაახლოებით 30 000 ლარი.
საგადასახადო შემოწმებისათვის"------"-ს განმარტებით,"------"-მ პირადი ნაცნობობით და ნდობით გადააფორმებინა შპს „------ -ის “ წილი და გადასცა მაინერები "------"-ში "------"ის მიერ გაგზავნილ პირებს.
სმფ-ების ინვენტარიზაციის განხორციელებისას "------"-ის მიერ მიწოდებული ახსნაგანმარტების და დირექტორების საგადასახადო შემოწმებისთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არცერთი არ ფლობს ფიზიკურად მაინერებს, 1 123 445 ლარის ღირებულების მაინერები შემოწმებით დირექტორის ცვლილების მომენტში 2021 წლის დეკემბრის თვეში განხილულ იქნა მიწოდებად საბაზრო ფასით (დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების და გადასახადის თანხის ბიუჯეტში გადახდის თარიღი 17.01.2022 წელი).
ასევე, დღგ-ის მიზნებისთვის დაბეგვრას დაექვემდებარა "------"-ის დირექტორობის პერიოდში საბანკო ანგარიშის მეშვეობით ჩარიცხული იურიდიული მომსახურების გაწევის საფუძველზე მიღებული შემოსავალი 2022 წლის საანგარიშო პერიოდში.
საგადასახადო შემოწმებით ირკვევა, რომ საწარმოს "------"-ს ხელმძღვანელობის ქვეშ განხორციელებული აქვს 1 123 445 ლარის მაინერების იმპორტი, რომლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობა შემოწმებით მიწოდებად განხილულ მაინერების ღირებულებასა და იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდილად ჩათვლილ თანხას შორის, დაიბეგრა დირექტორზე "------"-ზე (პ/ნ "------") გაცემულ ხელფასად 2021 წლის 27 დეკემბერს.
დირექტორ "------"-ის (პ/ნ "------") მიერ საბანკო ანგარიშიდან 2021 წლის 29 დეკემბერს გატანილი 167 900 ლარი (დანიშნულებით მაინერების შეძენა), რომლის დოკუმენტურად გახარჯვა არ ფიქსირდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების მიხედვით, შემოწმებით განხილულ იქნა "------"-ის (პ/ნ "------") ხელფასად, 2021 წლის 29 დეკემბერს. ასევე,"------"-ს ხელფასის სახით განაცემებად განეხილა 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხები.პირს დაერიცხა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა მაინერების იმპორტი საქართველოში, პირმა 2021 წლის 23 დეკემბერს საბაჟოზე გადახდილი დღგ-ის უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ხოლო 2021 წლის 28 დეკემბერს დირექტორმა "------"-მ (პ/ნ "------") განხორციელა საწარმოს წილის (100%) რეალიზაცია მოქ."------"-ზე (პ/ნ "------"). სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციისას "------"-მ მონიტორინგის დეპარტამენტს წერილობით განუმარტა, რომ წილის შეძენის მიუხედავად მაინერები მას ფიზიკურად არ მიუღია, ხოლო საგადასახადო შემოწმებისათვის "------"-ს განმარტებით მაინერები გადასცა "-------"-ის გაგზავნილ პირებს. საგადასახადო შემოწმებისთვის და მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არცერთი პირი არ ფლობს ფიზიკურად საქონელს (მაინერებს), შესაბამისად, დირექტორის ცვლილების მომენტში, 2021 წლის დეკემბრის თვეში, მაინერები განხილულ იქნა რეალიზებულად, საბაზრო ფასით, რომლიდან მიღებული შემოსავალი 2022 წელში იურიდიული მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებთან ერთად დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ვინაიდან შეძენილი მაინერების ღირებულების არარეზიდენტზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი, საინვოისო ღირებულების 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობა მაინერების რეალიზაციიდან მიღებულ თანხასა და იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდილად ჩათვლილ თანხას შორის, დაიბეგრა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, შემოწმებით "------"-ის დირექტორობის პერიოდში საბანკო ანგარიშიდან 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხები, რომლის დოკუმენტურად გახარჯვა არ ფიქსირდება, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირთან ჩატარებული ინვენტარიზაციით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ვერ იქნა მოძიებული, ხოლო შემოწმებისათვის/მონიტორინგის დეპარტამენტისთვის მიწოდებული ინფორმაციით არცერთი დირექტორი არ ფლობს საქონელს (მაინერებს), შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით იმპორტირებული საქონლის (მაინერების) საბაზრო ფასით რეალიზებულად განხილვა მართლზომიერია. ასევე, 1 123 445 ლარის მაინერების იმპორტისას ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების არ არსებობის გამო, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ანაზღაურებულად ჩათვლა, ხოლო მიწოდებად განხილულ მაინერების ღირებულებასა და იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდილად ჩათვლილ თანხას შორის სხვაობის დირექტორზე "------"-ზე გაცემულ ხელფასად განხილვა (2021 წლის 27 დეკემბერს) შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, "------"-ის დირექტორობის პერიოდში საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხების მასზე გაცემულ სახელფასო განაცემად მიჩნევა კანონშესაბამისია.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო შემოწმების ხელახლა განხორციელებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს დაენიშნა საგადასახადო შემოწმება და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია.
დღგ-ის მიზნებისთვის დაბეგვრას დაექვემდებარა ერთ-ერთი პირის დირექტორობის პერიოდში საბანკო ანგარიშის მეშვეობით ჩარიცხული იურიდიული მომსახურების გაწევის საფუძველზე მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო შემოწმებით ირკვევა, რომ საწარმოს ერთ-ერთი პირის ხელმძღვანელობის ქვეშ განხორციელებულია მაინერების იმპორტი, რომლის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი რაიმე პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არ არსებობს.იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებელისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად,ხოლო სხვაობა შემოწმებით მიწოდებად განხილულ მაინერების ღირებულებასა და იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდილად ჩათვლილ თანხას შორის, დაიბეგრა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.დირექტორის მიერ საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხა,განხილულ იქნა ხელფასად.პირს დაერიცხა გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო,დღგ -ს გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,159,163,164.