გადაწყვეტილება №22650/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22650/2/2024
04 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------22.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22650/2/2024)
დავის საგანი:
1. ნაღდი ფულის დანაკლისის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაბეგვრის ნაწილში
დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება;
2. კომპანიის მიერ შეძენილი შენობა-ნაგებობით ერთი წლის განმავლობაში გამყიდველის მხრიდან
სარგებლობის განხილვა გაწეულ საიჯარო მომსახურებად;
3. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;
4. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №086-61 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5356 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 382 485 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 243 529
დღგ - 1 826
მოგების გადასახადი -185 758
საშემოსავლო გადასახადი - 52 631
ქონების გადასახადი - 3 314
ჯარიმა - 119 815
საურავი - 19 141
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 14.12.2023 წლის №31534 ბრძანება და №086-61 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5356 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ნაღდი ფულის დანაკლისის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაბეგვრის ნაწილში დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო საქონლის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან და შემდგომი რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ქალაქ ----------, იჯარით აღებულ ფართში, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დასაწყობებას ახორციელებს როგორც იჯარით აღებულ ფართებში, აგრეთვე, საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემების (პროგრამული რეპორტების), საბანკო ამონაწერების, პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც საწარმოს გამოუვლინდა ფულადი სახსრების დანაკლისი. გადამხდელის წერილობითი განმარტებით, აღნიშნული თანხა კომპანიის დამფუძნებელს გატანილი აქვს საწარმოდან დივიდენდის სახით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა პარტნიორთა კრების ოქმი და სალაროს გასავლის ორდერი, რომლის მიხედვითაც, დგინდება რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელზე განაწილდა გაუნაწილებელი მოგებიდან დივიდენდი 1 000 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაციიდან წარმოქმნილ ვალდებულებებთან დაკავშირებით საგადასახადო დეკლარაციები არ წარმოუდგენია. შესაბამისად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 11 ივნისიდან. რეგისტრაციიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ბიუჯეტში გადახდილი აქვს 7 061 970,19 ლარი, მათ შორის სარევიზიო პერიოდში 4 433 988,20 ლარი.
საზოგადოება რეგისტრაციის დღიდან დღემდე აღრიცხვას აწარმოებს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. საზოგადოებას სამეურნეო საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში დარღვევები, რომლებიც გამოიწვევდა დამატებით არსებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებას არ უფიქსირდება.
საზოგადოება მთელი პერიოდის განმავლობაში სისტემატურად აფართოებს თავის საქმიანობას და იხდის გადასახადებს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
საზოგადოებას რეგისტრაციიდან დღემდე განხორციელებული აქვს კაპიტალიზაცია ძირითად საშუალებებში, კერძოდ მოწყობილი აქვს სასაწყობე მეურნეობა და სავაჭრო მაღაზია, შეძენილი აქვს სხვა ძირითადი საშუალებები, რაზედაც გაწეული დანახარჯები შეადგენს 2 200 000 ლარზე მეტს.
რაც შეეხება სალაროს ნაშთს 1 000 000 ლარს აღნიშნული დავალიანების არსებითი ნაწილი წარმოქმნილია 2023 წლის იანვრიდან და შემდგომ პერიოდში. აქვე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ინვენტარიზაციის ჩატარებიდან საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღებამდე იყო ფანჯარა აღნიშნული თანხების დივიდენდის სახით გაცემის შესახებ დეკლარირებისათვის და/ან არარეზიდენტ მომწოდებლებზე მოწოდებული საქონლის დავალიანების დაფარვისათვის გაცემაზე რაზედაც გადამხდელს არც კი უფიქრია.
თვლის, რომ აღნიშნული იყო შეცდომა, კუთვნილი გადასახადი სწორად დაერიცხა და აღიარებთ, თუმცა მიგვაჩნია რომ რამდენადაც საქმიანობის მთელ პერიოდში ჩვენს მიერ ბიზნესის წარმოებიდან შემოსავლები აღიარებულია და დაბეგრილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ ჩვენს მიერ სმფ-ები რეალიზაციისას ფასნამატი მერყეობს 20- 25 %-ის ფარგლებში, რომ რეალიზაციის ძირითადი ნაწილი იდენტიფიცირებულია და არაიდენტიფიცირებულ მიწოდებაზე ფასნამატი უფრო მეტია ვიდრე იდენტიფიცირებულ მიწოდებაზე საქმიანობა განხილული იქნას, როგორც პატიოსანი გადამხდელის საქმიანობა, ხოლო სალაროში ექვსთვიან პერიოდში დაგროვილი არაგონივრული ნაშთის არსებობა შეცდომად და საგადასახადო კოდექსის 269-ე მულის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან. აქვე ითხოვს გათვალისწინდეს, რომ როგორც ადრე სამეურნეო საქმიანობის პერიოდში ისე წინამდებარე აქტით სხვა არსებით შეცდომებს და გამომდინარე დარიცხვებს ადგილი არ ჰქონია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
2. კომპანიის მიერ შეძენილი შენობა-ნაგებობით ერთი წლის განმავლობაში გამყიდველის მხრიდან სარგებლობის განხილვა გაწეულ საიჯარო მომსახურებად
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2021 წლის 2 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ფ.პ. ---------- და ფ.პ. ---------- გაყიდეს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „ ----------“. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. ----------, ---------- № -----------ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ. შენობა ნაგებობა (საკადასტრო კოდი: ----------). ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენდა 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად გადახდიდან ერთი წლის განმავლობაში ---------- იცხოვრებს საცხოვრებელ სახლში, მყიდველი შეუფერხებლად ისარგებლებს და განკარგავს მიწის ნაკვეთებს. ერთი წლის გასვლის შემდეგ გამყიდველი ვალდებულია, გამოათავისუფლოს საცხოვრებელი სახლი, შეწყვიტოს სახლით სარგებლობა და მყიდველმა შეუფერხებლად შეძლოს ნასყიდობის საგნით სარგებლობა და განკარგვა. წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს, ერთის მხრივ, მყიდველისთვის მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის შეძენა, ხოლო, მეორეს მხრივ, გამყიდველისთვის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაცია. ხელშეკრულების მიხედვით საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 200 000 აშშ დოლარს და ერთი წლის ცხოვრების უფლებას ნასყიდობის საგანში. გამყიდველისთვის ერთი წლით შენობა-ნაგებობით სარგებლობა წარმოადგენს მყიდველის მიერ გაწეულ საიჯარო მომსახურებას და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში საიჯარო მომსახურებით მისაღები შემოსავლით განსაზღვრული ღირებულებით. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ უძრავი ქონების გამყიდველის მხრიდან ერთი წლით შენობა-ნაგებობით სარგებლობა წარმოადგენს საწარმოს მიერ გაწეულ საიჯარო მომსახურებას, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელდა მართლზომიერად.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის 2 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ფ.პ. ---------- (პ/ნ ---------) და ფ.პ. ----------- (პ/ნ ---------) გაყიდეს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „---------“. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. ----------,---------- N----------–ში მდებარე 1500 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 ვკ.მ შენობა ნაგებობა (საკადასტრო კოდი: ----------). ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენდა 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „მყიდველის“ მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად გადახდიდან ერთი წლის განმავლობაში ------------ იცხოვრებს საცხოვრებელ სახლში, „მყიდველი“ შეუფერხებლად ისარგებლებს და განკარგავს მიწის ნაკვეთებს. ერთი წლის გასვლის შემდეგ გამყიდველი ვალდებულია გამოათავისუფლოს საცხოვრებელი სახლი, შეწყვიტოს სახლით სარგებლობა და მყიდველმა შეუფერხებლად შეძლოს ნასყიდობის საგნით სარგებლობა და განკარგვა.
ამ ნაწილში მხარეები ფაქტობრივად შეთანხმდნენ ნასყიდობის საგნის რეალიზაციაზე იმ პირობით, რომ მყიდველი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას სრულად იხდიდა ნასყიდობის საგნის ღირებულებას 200000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, ხოლო ქონების გადაცემა მოხდებოდა შემდეგი პირობით პირველ ეტაპზე ფაქტობრივ მფლობელობაში მყიდველს გადაეცემოდა მიწის ნაკვეთი, ხოლო ერთი წლის შემდეგ საცხოვრებელი სახლი. წინააღმდეგ შემთხვევაში მყიდველი მოითხოვდა გაცილებით მეტ თანხას, რაც გაზრდიდა ნასყიდობის საგნის ღირებულების არსებით გაზრდას. აქვე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საცხოვრებელი სახლით სარგებლობდა გამყიდველი და არა მესამე პირი, და რომ ნასყიდობა იყო ვალდებულებიანი, რომელიც ითვალისწინებდა ნასყიდობის საგნიდან საცხოვრებელი ფართის მყიდველზე ერთი წლის შემდეგ გადაცემას და აქ რაიმ სახვა პირობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ადგილი გვაქვს არა მყიდველის მიერ გამყიდველზე საცხოვრებელი სახლის მიქირავებასთან, არამედ გამყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის შეთანხმებულ ვადაში გამოთავისუფლებასთან.
თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში შემმოწმებელს უსაფუძვლოდ აქვს შეცვლილი სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია. თუ ამ ლოგიკით იმსჯელებს, ყველა მშენებლის მიერ ასათვისებელი (შეძენილი) ბინის მესაკუთრეებზე მშენებლობის ნებართვის მიღებამდე და დემონტაჟის დაწყებამდე საკუთარ სახლებში ცხოვრება, რომელიც სამართლებრივად მშენებელზეა რეგისტრირებული და/ან საცხოვრებელი ფართის ქირავნობისათვის გაცემული თანხა დღგ-ის მიზნებისათვის დაბეგვრის ობიექტია.
გამომდინარე არასწორადაა დამატებით დარიცხული დღგ-ის თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა - ქონების გაცემა ქირით, იჯარით ან ლიზინგით.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა - დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებისას დადგინდა, რომ 2021 წლის 2 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ფ.პ. ---------- და ფ.პ. ------------ გაყიდეს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „----------“. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ქ. ----------, ----------- №----------ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ. შენობა ნაგებობა (საკადასტრო კოდი: -------------). ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენდა 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ხელშეკრულების მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის სრულად გადახდიდან ერთი წლის განმავლობაში დარეჯან ვარშანიძე იცხოვრებს საცხოვრებელ სახლში, მყიდველი შეუფერხებლად ისარგებლებს და განკარგავს მიწის ნაკვეთებს. ერთი წლის გასვლის შემდეგ გამყიდველი ვალდებულია, გამოათავისუფლოს საცხოვრებელი სახლი, შეწყვიტოს სახლით სარგებლობა და მყიდველმა შეუფერხებლად შეძლოს ნასყიდობის საგნით სარგებლობა და განკარგვა. წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს, ერთის მხრივ, მყიდველისთვის მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის შეძენა, ხოლო, მეორეს მხრივ, გამყიდველისთვის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაცია. ხელშეკრულების მიხედვით საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 200 000 აშშ დოლარს და ერთი წლის ცხოვრების უფლებას ნასყიდობის საგანში.
გამყიდველისთვის ერთი წლით შენობა-ნაგებობით სარგებლობა წარმოადგენს მყიდველის მიერ გაწეულ საიჯარო მომსახურებას და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა, ვინაიდან მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს 200 000 აშშ დოლარს და ერთი წლის ცხოვრების უფლებას ამავე უძრავ ქონებაში, რაც თავისი შინაარსით ქონების შემძენის მიერ წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემას, მომსახურების გაწევას.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ შეძენილი შენობანაგებობის ერთი წლის განმავლობაში გამყიდველისათვის სარგებლობაში გადაცემის გაწეულ მომსახურებად განხილვა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2019 წლის 6 მარტს და 2021 წლის 2 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ კომპანიამ 2019 წელს შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 129.84 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს.კ ----------), ხოლო 2021 წელს შეიძინა ქალაქ ----------, ----------- ქუჩა №----------- ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს.კ ----------). გადასახადის გადამხდელმა შეძენილ მიწებზე განახორციელა ძველი შენობების დემონტაჟი და ახალი შენობა-ნაგებობების აშენება შემდგომში სასაწყობე დანიშნულებისთვის. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, დემონტაჟის შედეგად ამოღებული მასალის რეალიზება არ მომხდარა, ხოლო დემონტაჟის შედეგად ამოღებული ინერტული მასალა გადაყრილია ნაგავსაყრელზე, რაზეც გამოწერილია შიდა გადაზიდვის ზედნადებები. გადასახადის გადამხდელს ძველი შენობების ღირებულებები ასახული აქვს ბუღალტრულ პროგრამაში ანგარიშზე - „2130“, როგორც შენობის ღირებულება და დემონტაჟის შემდგომ ჩამოწერილი აქვს პირდაპირ ხარჯის ანგარიშზე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ აქტივის ღირებულებაში გაითვალისწინება ყველა კაპიტალიზებადი ხარჯი, რომელიც ზრდის ამ აქტივის ღირებულებას, შესაბამისად, ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით გაიზარდა ახალი შენობების ღირებულება. შემოწმების მიერ გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 148-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მოცემულ საკითხში მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ფართიდან, კომპანიას არანაირი სახის დივიდენდი არ მიუღია, უფრო მეტიც მისი მდგომარეობა არ შეესაბამება არც საცხოვრებელ სტანდარტებსა და პირობებს, არც მის სადგომად ან/და საწყობად გამოყენების სტანდარტებს, ასევე ფაქტობრივი მტკიცებულებებით მისი დემონტაჟია განხორციელებული და მხოლოდ ამის შემდგომაა გაცემული მშენებლობის ნებართვა.
რაც შეეხება დემონტაჟზე გაწეულ დანახარჯებს, ის მშენებლობასთან არანაირ კავშირში არაა, რამდენადაც ჯერ მოხდა ამორტიზირებული შენობის დემონტაჟი გამონთავისუფლდა შენობა ტერიტორია ძველი ამორტიზირებული შენობებისაგან და შემდგომ მოხდა ნებართვის გაცემა მშენებლობისათვის.
აქვე ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ადგილი აქვს ახალ მშენებლობას და არა ძველის რეკონსტრუქციას და/ან ტერიტორიის გამონთავისუფლებისა და ახალი მშენებლობის დაწყების შესახებ მშენებლობის ნებართვის გაცემას.
რაც შეეხება დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილ სამშენებლო მასალასა და ნანგრევებს, მათი რაიმე სახით გამოყენება ახალი მშენებლობისთვის იყო სავსებით შეუძლებელი და არარეალური, იმიტომ რომ როგორც ვიზულაურად, ასევე ხარისხის მხრივ მათი მდგომარეობა იყო ძალიან ცუდი და გამოუსადეგარი, რეალურად დემონტაჟის შედეგად მიღებული ნანგრევები გატანილი იქნა ტერიტორიიდან, მასალა მინიმუმ 50–70 წლის დაძველებით იყო და შესაბამისად, მათი მდგომარეობა ვერ იქნებოდა ახალი მშენებლობისათვის გამოსადეგი.
აქვე გაამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ არ დაფიქსირებულა ძველი შენობის ახალ მშენებლობასთან კავშირი, არ არსებობს ამის არანაირი მტკიცებულება შესაბამისად ქონების გადასახადის დაკისრება ვერ იქნება კანონის არსიდან გამომდინარე, სწორი და ადეკვატური, პირდაპირ იგულისხმერბა ის რომ გადაწყვეტილება დააფუძნებული არ არის ისეთ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც დეტალურად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ამავეს ეუბნება საქართველოს ზოგად-ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი, მოცემული პუნქტიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა დეტალურად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
აქედან გამომდინარე, ვერ იზიარებს შემმოწმებლის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში, სხვა დანარჩენ პოზიციას იზიარებს და თანახმაა დაკისრებული გადასახადის გადახდაზე.
დავების განხილვის საბჭო
ვების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
შემოწმებისას დადგინდა, რომ 2019 წლის 6 მარტს და 2021 წლის 2 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით დგინდება, რომ კომპანიამ 2019 წელს შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 129.84 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს.კ ----------), ხოლო 2021
წელს შეიძინა ქალაქ --------, ---------- ქუჩა №---------ში მდებარე 1500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს.კ -----------). გადასახადის გადამხდელმა შეძენილ მიწებზე განახორციელა ძველი შენობების დემონტაჟი და ახალი შენობა-ნაგებობების აშენება შემდგომში სასაწყობე დანიშნულებისთვის. საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, დემონტაჟის შედეგად ამოღებული მასალის რეალიზება არ მომხდარა, ხოლო დემონტაჟის შედეგად ამოღებული ინერტული მასალა გადაყრილია ნაგავსაყრელზე, რაზეც გამოწერილია შიდა გადაზიდვის ზედნადებები. გადასახადის გადამხდელს ძველი შენობების ღირებულებები ასახული აქვს ბუღალტრულ პროგრამაში ანგარიშზე - „2130“, როგორც შენობის ღირებულება და დემონტაჟის შემდგომ ჩამოწერილი აქვს პირდაპირ ხარჯის ანგარიშზე. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ აქტივის ღირებულებაში გაითვალისწინება ყველა კაპიტალიზებადი ხარჯი, რომელიც ზრდის ამ აქტივის ღირებულებას, შესაბამისად, ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით გაიზარდა ახალი შენობების ღირებულება. შემოწმებისას გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ინტერესი იყო მიწის შეძენა და არა შენობა-ნაგებობის, ვინაიდან შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მყისვე მოახდინა, დემონტაჟის შედეგად წარმოშობილი ნანგრევები და გამოუსადეგარი მასალა გატანილი იქნა ტერიტორიიდან. სადავო შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ახალ მშენებლობას და არა ძველის რეკონსტრუქციას, რაზეც მეტყველებს ახალი მშენებლობის დაწყების შესახებ მშენებლობის ნებართვის გაცემა. ძველი შენობის ახალ მშენებლობასთან კავშირი არ არსებობს. გამომდინარე აქედან, აღნიშნულზე ქონების გადასახადის დარიცხვა არამართებულია.
მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით, ახალი შენობების ღირებულების გაზრდის და შედეგად ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის საკითხი არ არის დასაბუთებული და მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ სადავო საკითხის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
4. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2023 წლის №086-61 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 119 815 ლარი და საურავი - 19 141 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
აქვე საგადასახადო შემოწმებით დარიცხული დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გთხოვთ გაითვალისწინოთ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ის რომ მეწარმეს არ ჰქონია განზრახული რაიმე გადასახადის დამალვის სურვილი და დამდგარი შედეგი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ გაუფრთხილებლობით, შეცდომით და რაიმე სხვა სახის განზრახვა არანაირად არ არსებობდა სსკ-ის 269-ე მულის მე-7 ნაწილით მონიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, როგორც პატიოსანი გადამხდელი გათავისუფლდეს სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5356 ბრძანება;
3. საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ნაღდი ფულის დანაკლისის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად დაბეგვრის ნაწილში დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება;
2. კომპანიის მიერ შეძენილი შენობა-ნაგებობით ერთი წლის განმავლობაში გამყიდველის მხრიდან სარგებლობის განხილვა გაწეულ საიჯარო მომსახურებად;
3. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;
4. დაკისრებული ჯარიმისაგან გათავისუფლება;
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიამ 2019 წელს შეიძინა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 129.84 კვ.მ შენობა ნაგებობა. ხოლო 2021 წელს შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 230 კვ.მ შენობა ნაგებობა. გადასახადის გადამხდელმა შეძენილ მიწებზე განახორციელა ძველი შენობების დემონტაჟი და ახალი შენობა-ნაგებობების აშენება შემდგომში სასაწყობე დანიშნულებისთვის. დემონტაჟის შედეგად ამოღებული მასალის რეალიზება არ მომხდარა, ხოლო დემონტაჟის შედეგად ამოღებული ინერტული მასალა გადაყრილია ნაგავსაყრელზე, რაზეც გამოწერილია შიდა გადაზიდვის ზედნადებები. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ აქტივის ღირებულებაში გაითვალისწინება ყველა კაპიტალიზებადი ხარჯი, რომელიც ზრდის ამ აქტივის ღირებულებას, შესაბამისად, ძველი შენობების დემონტაჟის შედეგად გაწეული ხარჯით გაიზარდა ახალი შენობების ღირებულება. შემოწმებისას გაზრდილ იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 12.03.2024 წლის №5356 ბრძანება;
საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 201(1);202(1);148(1);