გადაწყვეტილება №19063/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.03.2023
№ დოკუმენტი 19063/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19063/2/2023

30.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 9.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19063/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №EL194456 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 17.02.2023 წლის №2920 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

8.12.2022 წელს მომჩივნის საბაჟო საწყობში სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით (ფორმა 111 – №) მიღებულია №„--------“ კონტეინერი. აღნიშნული „ფორმა 111“-ის შესაბამის გრაფაში, მომჩივნის მიერ იდენტიფიკაციის საშუალებად მითითებულია საბაჟო ლუქი №357828.

13.12.2022 წელს შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) მიმართვის საფუძველზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ უფლებამოსილი პირის მიერ ზემოაღნიშნულ კონტეინერზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №„--------“ აღრიცხვის მოწმობა, რომლის „D“ გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალების ნომერი გადატანილია „ფორმა 111“-დან. მითითებული საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ, საბაჟო საწყობის წარმომადგენლის მიერ საბაჟო ორგანოსთვის მიწოდებულია ინფორმაცია, რომ №„--------“ კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება (№357828) იყო დაზიანებული და გადაილუქა ახალი იდენტიფიკაციის საშუალებით – №21396647, თუმცა გადალუქვის შესახებ ინფორმაცია საბაჟო საწყობის მიერ არ იყო შეტანილი სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111 – №„--------“).

14.12.2022 წელს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის შემოწმების მიზნით დათვალიერდა №„--------“ კონტეინერი, რის შედეგად კონტეინერში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას (დათვალიერების აქტი: ნ.გ 14.12.2022წ.; გადალუქვის აქტი: ნ.გ 14.12.2022 წ.).

ვინაიდან მომჩივნის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, აღნიშნული მონაცემი კი აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის, ამასთან საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული

ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 15.12.2022 წელს შედგენილია №EL194456 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი 16.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.02.2023 წლის №2920 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია (მონაცემი) ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის. ამასთან, საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში (ფორმა 111) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს. აღნიშნულით დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობა, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

8.12.2022 წელს ტერმინალის მიერ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე („--------“) სპეციალური ელექტრო კონტროლის საშუალებით მიღებული/გამოცხადებული იქნა კონტეინერი „--------“ („--------“), ხოლო მოგვიანებით მოხდა მისი გადალუქვა (№357828).

13.12.2022 წელს საბაჟო ორგანოს წარედგინა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე შეივსო და დარეგისტრირდა აღრიცხვის მოწმობა („--------“) და შესაბამისად, იდენტიფიკაციის საშუალებად დაფიქსირდა „ფორმა 111“-ში შეტანილი №357828. აღნიშნული საბაჟო პროცედურების დასრულების შემდგომ აღმოჩნდა, რომ კონტეინერზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალება იყო დაზიანებული - ახსნილი. ამასთან, კონტეინერზე არსებული მეორე იდენტიფიკაციის საშუალება (№21396647) არ იყო დაფიქსირებული სპეციალურ ელექტრო კონტროლის საშუალებაში.

კონტეინერის („--------“) მანიფესტში დაფიქსირებული იყო ერთი ლუქი (№0357828) და შესაბამისად „ტერმინალის“ მიერ „ფორმა 111“-ში მოხდა მისი დაფიქსირება სწორედ მანიფესტში აღნიშნული ლუქით. ვინაიდან მანიფესტში მე-2 ლუქი არ ფიქსირდებოდა „ტერმინალის“ მიერ მე-2 ლუქის (№„--------“ ) დაფიქსირება სპეციალურ ელექტრო კონტროლის სისტემაში არ მომხდარა.

ამასთან, მანიფესტში მითითებული ლუქი იყო არასაიმედო და მარტივად დაზიანებადი. საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებამდე გაურკვევლ ვითარებაში მოხდა ლუქის დაზიანება. აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს. იმავე დღეს მოხდა საბაჟო ორგანოს მიერ კონტეინერის ფიზიკური დათვალიერება. დანაკლისის ვერ აღმოჩენის გამო, კონტეინერი გადაილუქა საბაჟო ლუქით და 14 დეკემბერს გავიდა ტერმინალიდან, აღრიცხვის მოწმობით №„--------“.

შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა საჩივარი შემდეგი მითითებით: ა) ტერმინალის მიერ სპეციალური ელექტრონული კონტეინერის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია (მონაცემი) ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის; ბ) საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყონებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს.

საქმიანობის ნებართვის მიღების დღიდან ტერმინალი მაქსიმალურად ცდილობს შეასრულოს ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა და საქმიანობის წარმართვის დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დარღვევის გარეშე, კომპანიის მიზანია, ტვირთბრუნვის პროცესი იყოს გამართული და თვიდან აუცილებელ იქნას ნებისმიერი შეფერხება. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში არის საბაჟო ორგანოს ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ურთიერთთანამშრომლობის გზით, ყოველდღიურად ცდილობს გამართოს შიდა საოპერაციო სისტემა.

გასული წლის მიწურულს, ქვეყანაში (მეორადი სატრანსპორტო საშუალებების შემოდინებასთან დაკავშირებული) გაზრდილი საკონტეინერო ტვირთბრუნვის პარალელურად, ტერმინალმა ფორსმაჟორულ რეჟიმში დაიწყო „ფორმა 111“-ის პრაქტიკაში დანერგვა ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად. აღნიშნული სისტემის შექმნის მიზანი იყო ტერმინალის ტერიტორიაზე აკუმულირებული კონტეინერების მომიჯნავე ტერმინალზე ტრანსპორტირება, შემდგომში პორტისა და ტერმინალის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

ითხოვს მხედველობაში იქნას მიღებული ის ფაქტი, რომ „--------“ და „--------“ ტერმინალების სტრუქტურა და საწარმოო პროცესი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ტერმინალი განთავსებულია „--------“ საზღვაო ნავსადგურში, შესაბამისად, გემიდან გადმოცლილი კონტეინერების შემოწმება და ფაქტიური იდენტიფიკაციის საშუალების დაფიქსირება ხდება ტერმინალის მიერ, ისე რომ კონტეინერი არ ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას. უფრო მეტიც, საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ ვიდრე კონტეინერი დატოვებს საბაჟო კონტროლის ზონას, კომპანიის მიერ ხელახლა ხდება კონტეინერის შემოწმება და ნებისმიერი უზუსტობების გამოვლენა, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გემიდან დაცლის მომენტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ვალდებულებაა „ფორმა111“-ში გამოაცხადოს კონტეინერზე განთავსებული ფაქტიური იდენტიფიკაციის საშუალება, ტერმინალის ტერიტორიაზე გემის დაცლისთანავე, ახდენს კონტეინერზე განთავსებული ფაქტიური იდენტიფიკაციის საშუალების დაფიქსირებას სწორედ აღნიშნული წესის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში კონტეინერის საბაჟო კონტროლის ზონიდან დატოვებამდე, ტერმინალის მიერ მოხდა ე.წ. ხრახნიანი ლუქის შეცვლა, რის შესახებაც დადგენილი პროცედურის შესაბამისად, დაუყონებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს და მოხდა კანონით გათვალისწინებული გატარება, რასაც ასევე ადასტურებს საბაჟო ორგანოს შემოწმების შედეგი და ახალი საბაჟო ლუქის დადება.

ამდენად, არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ტერმინალის მიერ არ მომხდარა საბაჟო ორგანოს ინფორმირება არ შეესაბამება სიმართლეს. ტერმინალის მხრიდან გატარებული იქნა ყველა სხვა აუცილებელი, არსებითი ღონისძიება იმ მიზნით რომ კონტეინერი არ გასულიყო არასათანადო ლუქით და შესაბამისად არ დამდგარიყო ზიანი

სწორედ ტერმინალის დროული და ადეკვატური რეაგირების შედეგად, საბაჟო ორგანოს არ აღმოუჩენია კონტეინერის დანაკლისი. ამდენად, არც ერთ მხარეს მათ შორის საბაჟო ორგანოს კონტეინერის მფლობელს, სახელმწიფოს ან/და ნებისმიერ მესამე პირს არ მიუღია რაიმე სახის ზიანი და არ განუცდია ფინანსური დანაკარგი.

აღნიშნულის გათვალისწინებით „ფორმა 111“-ში მეორე ლუქის არ დაფიქსირება წარმოადგენს ფორმალურ და არ არსებით გადაცდომას. ფორმალური დარღვევის გამო სანქციის შეფარდება კი, არ უნდა წარმოადგენდეს არც კანონმდებლობის და არც საბაჟო ორგანოს მიერ კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზანს. მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ ტერმინალი მუდმივად გამოხატავს სრულ მზადყოფნას, საბაჟო ორგანოსათვის/სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გზით, დამატებითი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების საფუძველზე. საწარმოო პროცესი გაიმართოს იმგვარად, რომ სამომავლოდ თავიდან აცილებულ იქნას ნებისმიერი მცირე სახის კანონდარღვევაც კი და შესაბამისად საჯარიმო სანქციები.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო აქტების ბათილობას და ტერმინალი გათავისუფლდეს შეფარდებული ჯარიმის გადახდისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „უ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

უ) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტეინერებით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან კონტეინერებით გასატანი, „--------“ საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“-ის დანიშნულებით, ან „--------“-ის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „--------“ -დან „--------“-ის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, ან „--------“-ის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, აგრეთვე ცარიელი კონტეინერების ქვეყანაში შემოტანის/ქვეყნიდან გატანის აღრიცხვისას, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში შეიტანება ინფორმაცია: კონტეინერის ტიპისა და ნომრის, გადამზიდი გემის, სატრანსპორტო დოკუმენტის ნომრ(ებ)ის, საქონლის დასახელების, რაოდენობის, გამგზავნისა და მიმღების შესახებ, გადამზიდავის, საბაჟო საწყობის/ნავსადგურის, საქონლის გაშვების/გამოცხადების თაობაზე და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

მომჩივნის განმარტებით, მანიფესტში მითითებული ლუქი იყო არასაიმედო და მარტივად დაზიანებადი. საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებამდე გაურკვევლ ვითარებაში მოხდა ლუქის დაზიანება. აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა საბაჟო ორგანოს. ტერმინალი განთავსებულია „--------“ საზღვაო ნავსადგურში, შესაბამისად, გემიდან გადმოცლილი კონტეინერების შემოწმება და ფაქტიური იდენტიფიკაციის საშუალების დაფიქსირება ხდება ტერმინალის მიერ, ისე რომ კონტეინერი არ ტოვებს საბაჟო კონტროლის ზონას. საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ ვიდრე კონტეინერი დატოვებს საბაჟო კონტროლის ზონას, კომპანიის მიერ ხელახლა ხდება კონტეინერის შემოწმება და ნებისმიერი უზუსტობების გამოვლენა, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გემიდან დაცლის მომენტში. აღნიშნულის გათვალისწინებით „ფორმა 111“-ში მეორე ლუქის არ დაფიქსირება წარმოადგენს ფორმალურ და არ არსებით გადაცდომას.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საბაჟო საწყობმა სპეციალური ელექტრონული კონტროლის - „ფორმა 111“-ის საშუალებით მიიღო კონტეინერი, რის შემდგომაც ვალდებულია მიუთითოს „ფორმა 111“-ის შესაბამის გრაფაში იდენტიფიკაციის საშუალება. საბაჟო საწყობის წარმომადგენელი ასევე, ვალდებულია ნახოს, დაათვალიეროს, შეამოწმოს იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანება/არსებობა, საჭიროების შემთხვევაში გადალუქოს და სწორად ასახოს იდენტიფიკაციის საშუალება „ფორმა 111“-ში, რაც მომჩივანს არ განუხორციელებია. რაც შეეხება მის არგუმენტს, რომ აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ აცნობა საბაჟო დეპარტამენტს აღსანიშნია, რომ 8 დეკემბერს განხორციელდა კონტეინერის მიღება, 11 დეკემბერს გამოცხადებულ იქნა კონტეინერი, ხოლო საბაჟო ორგანოს გადალუქვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა 14 დეკემბერს, მას შემდეგ რაც დასრულებული იყო საბაჟო ფორმალობები 13.12.2022 წელს, შპს „ზუ და ტრანსის“ მიმართვის საფუძველზე.

ამდენად, დგინდება რომ მომჩივნის მიერ სპეციალურ ელექტრონული კონტროლის საშუალებაში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია ახალი საბაჟო ლუქის შესახებ, აღნიშნული მონაცემი კი საბაჟო ორგანოს განმარტებით აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საბაჟო საწყობმა არ შეასრულა ზემოაღნიშნული ვალდებულება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებაში („ფორმა 111“) მითითებულ მონაცემთან შეუსაბამობის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინა საბაჟო ორგანოს, აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიმართ სანქციის შეფარდება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტების ბათილობას და ტერმინალი გათავისუფლდეს შეფარდებული ჯარიმის გადახდისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ოქმი 16.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.02.2023 წლის №2920 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მომჩივნის მიმართ სანქციის შეფარდება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

127,176.