გადაწყვეტილება №18837/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.07.2023
№ დოკუმენტი 18837/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 18837/2/2023

20 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- 8.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18837/2/2023).წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- 8.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18837/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა;

4. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17338 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №7777/708 (024-708) საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24525 ბრძანება;

5. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1345 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 8 402,28 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 3 643,75

აქციზის გადასახადი - 3 500

იმპორტის გადასახადი - 143,75

ჯარიმა - 3 643,75

ჯარიმა - 1 000

საურავი - 114,78

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 6.05.2022 წელს მომჩივანმა განახორციელა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება რეექსპორტში. დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 19.06.2022 წელი, (45 კალენდარული დღე).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს დატოვებული საქართველოს ტერიტორია.

ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის, მომჩივანს 22.08.2022 წლის №ELC17339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, 22.08.2022 წლის №ELC17338 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №024-708 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც უკანონოდ განკარგულ საქონელზე მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები და საურავი საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.

საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17338 და №ELC17339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №7777/708 (024-708) საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24525 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით მომჩივანმა 22.12.2022 წელს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1345 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24525 და 30.01.2023 წლის №1345 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური 26.09.2022 წლის №24525 ბრძანებაში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „უ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 165-ე მუხლზე, 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და 272–ე მუხლის პირველ ნაწილზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება მომჩივნის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და მისი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე.

ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით მომჩივანს დაეკისრა შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ასევე წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას (იმპორტის გადასახდელები).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97- ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზნით, საჩივარში მითითებული გარემოება/მტკიცებულება საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტებით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახური 30.01.2023 წლის №1345 ბრძანებაში მიუთითებს, რომ 22.08.2022 წლის №ELC17339 და №ELC17338 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებზე და №EL77777/708 (№024-708) საგადასახადო მოთხოვნაზე საჩივარი ----------- (პ/ნ ---------) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 31.08.2022 წელს (რეგ. №158397/21-11).

აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 16.09.2022 წლის სხდომაზე (ოქმი №88), რაზეც გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24525 ბრძანება.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 6.05.2022 წელს მის მიერ მომსახურების სააგენტოში რეექსპორტის რეჟიმში დარეგისტრირდა ავტომობილი ----------VIN კოდით -------------, რომელიც გაგზავნილ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკაში 14.05.2022 ----------- საბაჟო გამშვები პუნქტიდან და 10.06.2022 წელს ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ----------- განბაჟდა და დარეგისტრირდა. აღრიცხვაზე იქნა აყვანილი 2.02.2023 წელს. ითხოვს განხილულ იქნას საქმე და გამოტანილ იქნას სამართლიანი გადაწყვტილება საჩივართან დაკავშირებით და ასევე მის მიერ გადახდილი ჯარიმა სრულად იქნას დაბრუნებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №ELC17338 და №ELC17339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №7777/708 (024-708) საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.09.2022 წლის №24525 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

მომჩივანმა იგივე მოთხოვნით 22.12.2022 წელს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს.

ვინაიდან მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა იმავე დავის საგანზე რომელზეც შემოსავლების სამსახურს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1345 გადაწყვეტილება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შემოსავლების სამსახურის 13.02.2023 წლის №11602-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24525 ბრძანება მომჩივანს 2- ჯერ გაეგზავნა წერილობითი ფორმით (26.09.2022 წელს და 13.10.2022 წელს) და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ამასთან ----------- (პ/ნ -----------) არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა 26.09.2022 წლის №24525 ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 1.12.2022 წელს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობის გამოყენებამდე დოკუმენტის, როგორც ფოსტით (მინიმუმ 2-ჯერ), ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისთვის დოკუმენტის ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებულ იქნეს, როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, ადრესატისთვის საჯაროდ გავრცელების გზით დოკუმენტის გაცნობამდე, საგადასახადო ორგანომ სრულყოფილად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) გადასახადის გადამხდელისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა და მხოლოდ მას შემდეგ რაც ამოწურავს მათ, მიმართოს საჯარო შეტყობინების გზით ადრესატისათვის დოკუმენტის ჩაბარებას.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.

მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტების ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტების ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24525 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა ჩაიბარა პირადად 7.02.2023 წელს. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 8.02.2023 წელს (რეგისტრაციის №22747/01). შესაბამისად, საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დაცვით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:

1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.

საბაჟო კოდექსის 138-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.

3. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამასთან, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ------------ (პ/ნ -------------) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს დატოვებული საქართველოს ტერიტორია „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

მომჩივანი განმარტავს, რომ მის მიერ 6.05.2022 წელს რეექსპორტის რეჟიმში რეგისტრირებული ავტომობილი ------------ (-----------) წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გატანილია საქართველოდან, 10.06.2022 წელს რეგისტრირებულია ყაზახეთის რესპუბლიკაში და აღნიშნულს ადასტურებს საჩივარზე თანდართული დოკუმენტები.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანმა წარმოადგინა დოკუმენტები, დეკლარაციები, ყაზახეთის მხარის მიერ გაცემული. ინფორრმაცია გამოთხოვილი იქნა ყაზახეთის რესპუბლიკიდან, თუმცა მიღებული ინფორმაციით არ დადასტურდა ამ სატრანსპორტო საშუალების შეტანა. დავის შემდგომ ეტაპზე კვლავ წარმოადგინა მომჩივანმა კონკრეტული დოკუმენტები და ეს დოკუმენტებიც გაიგზავნა ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელსაც ეთხოვა, რომ დანართ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაედასტურებინათ, რომ მითითებული სატრანსპორტო საშუალება შესულია ყაზახეთის რესპუბლიკაში. აღნიშნულზე პასუხი ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

საბჭო ყურადღებას ამახივლებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან სატრანსპორტო საშუალების დაგვიანებით გამოცხადების საკითხი და საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის ჩადენის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას საბაჟო ორგანოს მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ინფორმაციის მიღების შემდეგ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და ასევე მომჩივნის მიერ 6.05.2022 წელს რეექსპორტის რეჟიმში რეგისტრირებული ავტომობილის (------------) ყაზახეთის რესპუბლიკაში შეტანის/რეგისტრაციის შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შეისწავლოს მომჩივნის მხრიდან სადავო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.09.2022 წლის №24525 ბრძანება;

3. საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს

სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სადავო

აქტების კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით

აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული

დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;

2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა;

4. საჩივრის განუხილველად დატოვება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა განახორციელა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება რეექსპორტში.

დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 19.06.2022 წელი, (45 კალენდარული დღე). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებში ასახული ინფორმაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს დატოვებული საქართველოს ტერიტორია.ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის, მომჩივანს 22.08.2022 წლის №ELC17339 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა სანქცია.ხოლო საბაჟო ორგანოსთვის შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება დაეკისრა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და ასევე მომჩივნის მიერ 6.05.2022 წელს რეექსპორტის რეჟიმში რეგისტრირებული ავტომობილის ყაზახეთის რესპუბლიკაში შეტანის/რეგისტრაციის შესახებ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით შეისწავლოს მომჩივნის მხრიდან სადავო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს სადავო აქტების კორექტირება.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;165;70(2,4);141;138(გ);172(1);

“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი