გადაწყვეტილების განმარტება №24901/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 14.04.2025
№ დოკუმენტი 24901/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული სხვა

📄 სრული ტექსტი

№24901/2/2025

14 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ი ს გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა

 

მომჩივანი:------ (ს/ნ ------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2025 წელს განიხილა ------ის 11.03.2025 წლის №24901/2/2025 განცხადება საბჭოს 7.02.2025 წლის №24493/2/2025 გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

 

განმცხადებლის მოთხოვნა

მომჩივანი ითხოვს განემარტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.02.2025 წლის №24493/2/2025 გადაწყვეტილება. კერძოდ, გულისხმობს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ფასნამატის გაანგარიშებას.

მომჩივანი მიუთითებს, რომ მონიტორინგის დეპარტამენტს არ დაუდგენია კონკრეტული ფასნამატი და დაადგინა მხოლოდ ინვენტარიზაციის მომენტისათვის სარეალიზაციო ფასები, რაც ვერანაირად ვერ იქნება, მათ შორის ფინანსთა სამინისტროში არსებული ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, სხვა წლებზე გავრცელების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი საწარმო რომ შეამოწმო და გაუვრცელო 2024 წლის ფასები 2021 წელზე, ნებისმიერი საწარმო გაკოტრდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით მონიტორინგის დეპარტამენტისათვის აღნიშნული საკითხის შესწავლაც აქვს დავალებული.

ითხოვს, განემარტოს 2021 წლის საქონლის საწყისი ნაშთი შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნეს ნულის ტოლად.

 

დავების განხილვის საბჭო

საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მომჩივანსა და მოპასუხეს უფლება აქვთ, მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით. განმარტება გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია და იგი ეგზავნება დავაში მონაწილე პირებსა და ორგანოებს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას, დავის განმხილველი ორგანო ამის შესახებ აცნობებს განმარტების მომთხოვნ პირს.

საბჭოს 7.02.2025 წლის №24493/2/2024 (რეგ. 26.02.2025წ. 03/13186) გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.11.2024 წლის №CB1689108 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული მომჩივნის მიერ დასახელებული გარემოებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 1.01.2021 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (19.03.2024 წ.) და მიიჩნევს, რომ ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნისათვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2019 წლიდან მომჩივნის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის გაანგარიშება არამართლზომიერია და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ნაშთის გაანგარიშება 1.01.2021 წლიდან.“

 

სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26517 ბრძანება;

3. დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სადავო ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნისათვის, საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთად აღებულ იქნას 1.01.2021 წლის მდგომარეობით არსებული ნაშთი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება/შემცირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საბჭო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება ნიშნავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას და მის აღსრულებადობას უკავშირდება. გადაწყვეტილების განმარტება ხდება მაშინ, როდესაც მისი აღსრულება ვერ ხერხდება სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების, ორაზროვნების ან მისი გაგების/აღსრულების სხვაგვარად გართულების გამო.

 

საბჭოს 7.02.2025 წლის №24493/2/2024 (რეგ. 26.02.2025წ. 03/13186) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისა და მომჩივნის განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 7.02.2025 წლის №24493/2/2024 (რეგ. 26.02.2025წ. 03/13186) გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს განემარტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.02.2025 წლის №24493/2/2025 გადაწყვეტილება. კერძოდ, გულისხმობს თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ფასნამატის გაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 1.01.2021 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (19.03.2024 წ.) და მიიჩნევს, რომ ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნისათვის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2019 წლიდან მომჩივნის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის გაანგარიშება არამართლზომიერია და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის ნაშთის გაანგარიშება 1.01.2021 წლიდან.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს 7.02.2025 წლის №24493/2/2024 (რეგ. 26.02.2025წ. 03/13186) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისა და მომჩივნის განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 7.02.2025 წლის №24493/2/2024 (რეგ. 26.02.2025წ. 03/13186) გადაწყვეტილება არ საჭიროებს განმარტებას.

 

დასაბუთება

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტი