ბრძანება N 20779
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20779
24 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2025 წლის 28 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა ი/მ „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 28 ივლისის №97163/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის პირველი ივლისის №068-8 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დარიცხულ დღგ/საშემოსავლო გადასახადს, ასევე ითხოვს ხარჯების და ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებას, შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის და დარიცხული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №10002 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 10 აპრილის №21277/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 აპრილის №10002 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 26 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, დამატებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის პირველი ივლისის №068-8 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში უარს ამბობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე. გადასახადის გადამხდელს აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნით და შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯის გამოქვითვის უფლებით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტებები სოფლის მეურნეობიდან მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით, კერძოდ, წლების მიხედვით წარმოდგენილია ინფორმაცია მოყვანილ პროდუქციასთან, მის რაოდენობასთან და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სოფლის მეურნეობის ნაწილში შემოსავალი აღემატება მის მიერ გაწეულ ხარჯებს და წარმოეშვება დამატებით საგადასახადო ვალდებულებები ბიუჯეტის მიმართ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება;
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:
ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა. შენიშვნა: ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლოსამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემმოწმებლებთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად, აუდიტის დეპარტამენტმა უგულებელყო გადამხდელის დასაბუთებული მოთხოვნა, მრავალჯერ შეცვალა პირის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშების მეთოდი და საბოლოოდ სოფლის მეურნეობის ნაწილში პირის შემოსავლები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის მიხედვით, კერძოდ, პირის მიერ ცალკეული წლის მიხედვით ინდივიდუალურად ახსნაგანმარტებებში დაფიქსირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია დამატებულ იქნა სხვა წლებში ნაწარმოები პროდუქციის რიცხვზე, რითაც აუდიტორებმა მოახდინეს სოფლის მეურნეობისგან მიღებული შემოსავლების არაადეკვატურად გაზრდა.
აუდიტორებს ხელთ ჰქონდათ შემოწმების პერიოდში პირის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებები, რომელიც ადეკვატურად ასახავდა პირის მიერ ნაწარმოები საქონლის შესახებ ინფორმაციას და როგორც პირი ახსნა-განმარტებებში აღნიშნავს, მან შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტებით (ზედნადებები) გასწია კაპიტალური ხარჯები, მოაწყო სასათბურე და შესანახი მეურნეობა (სამაცივრე მეურნეობა), გააშენა ახალი ბაღი, რომელიც შემოწმების პერიოდში ჯერ არ იყო მსხმოაირე და ა.შ. აღნიშნულმა ხარჯებმა კი გამოიწვია პირის ხარჯების შემოსავლებზე გადამეტება, თუმცა მომავალში მზარდი მოსავლიანობიდან გამომდინარე იგი ელოდება შემოსავლების 200 ათას ლარიან ზღვარზე გადამეტებას და დაკარგავს წინა წლებში გაწეულ ხარჯებს, ვინაიდან, ვერ მოახდენს ზარალის გადატანას შემდეგი წლის დეკლარაციებში.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია ახსნა-განმარტებები სოფლის მეურნეობიდან მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით, კერძოდ, წლების მიხედვით წარდგენილია ინფორმაცია მოყვანილ პროდუქციასთან, მის რაოდენობასთან და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს, რის გამოც შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საქმის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი დაეთანხმა 2020 და 2021 წლებში შემოწმების მიერ განსაზღვრულ შემოსავლებს, ხოლო 2022 წელს მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროდუქციის ნაწილი, კერძოდ კომბოსტო და პომიდორი თითქმის განადგურდა, რაც მითითებული იყო შემოწმებისთვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში, თუმცა ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, ამასთან, გამოთქვა მზაობა შემოწმებას წარუდგინოს აღნიშნული პროდუქციის მოსავლიანობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2022 წლის პროდუქციის (კომბოსტო, პომიდორი) მოსავლიანობის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ახსნა-განმარტება. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის, შესაბამისად დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან, კერძოდ, 2022 წლის პროდუქციის (კომბოსტო, პომიდორი) მოსავლიანობასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ახსნა-განმარტება;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით.
გადამხდელი ასევე არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე დარიცხულ დღგ/საშემოსავლო გადასახადს, ასევე ითხოვს ხარჯების და ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გათვალისწინებას, შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის და დარიცხული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ახსნა-განმარტებები სოფლის მეურნეობიდან მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით, კერძოდ, წლების მიხედვით წარმოდგენილია ინფორმაცია მოყვანილ პროდუქციასთან, მის რაოდენობასთან და სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით.
სოფლის მეურნეობის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს. აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება იმავე საქმიანობაზე გაწეულ ხარჯებს, რის გამოც შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 2022 წლის პროდუქციის (კომბოსტო, პომიდორი) მოსავლიანობის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის ახსნა-განმარტება. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებებით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 102 (1); 105 (1;2); 106 (ა,დ); 82 (1, ლ).