სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3/ბ-566-22 - (2)
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N3/ბ-566-22წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
14 თებერვალი 2023წ.
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: შოთა სირაძე (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ---
აპელანტი (მოსარჩელე) - ი/მ --- (ს/ნ ------)
წარმომადგენელი - ---
დავის საგანი - სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დამატებითი განჩინების გამოტანა.
სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ინდ. მეწარმე „------ -მ “ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოთხოვა:
-ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 13 აპრილის N 173161 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი თანამდევი შედეგებით;
- ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N 12443 ბრძანება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა "------"-ის (პ/ნ "------") სარჩელი. "------" (პ/ნ "------") გათავისუფლდა 2018 წლის 13 აპრილის N 173161 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდისაგან და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 24 მაისის N 12443 ბრძანება. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი, დაეკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 75 ლარი, დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში
გადახდილად,ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ინდ. მეწარმე „----- - მ “.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 თებერვლის განჩინებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის და ინდ. მეწარმე „----- -ის “ (პ/ნ "------") სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამავე განჩინებაში აღნიშნულია, რომ აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა, ხოლო აპელანტ ინდ. მეწარმე „------ -ის “ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (150 ლარი) დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში, სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 თებერვლის განჩინებით სასამართლოს სრულად არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი, რაც საჭიროებს დამატებით გადაწყვეტას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება (განჩინება), თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. 2. დამატებითი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.5 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. კოდექსის 261-ე მუხლის „გ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმს, როდესაც სასამართლოს ხარჯების განაწილების საკითხი ექვემდებარებოდა მსჯელობას, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია. სსკ-ის 261-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი (პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზის შევსების ერთ-ერთ საშუალებას, უკეთუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით აღმოფხვრას გადაწყვეტილების ხარვეზი.
მოცემული საქმის მასალებით დგინდება, რომ ინდ. მეწარმე „------ -ის “ (პ/ნ "------") მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 150 ლარი, თუმცა დავის საგანს შეადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევის N 173161 ოქმი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისთვის დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ამდენად, მოცემულ საქმეზე დავის საგნის ფასს შეადგენდა - 5000 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სააპელაციო საჩივრისათვის დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. მაშასადამე, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, ინდ. მეწარმე „----- -ის “ მიერ სახელმწიფო ბაჟი სრულად გადახდილი არ ყოფილა და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით გადასახდელი 200 ლარისა, მის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 150 ლარი.
აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი, ინდ. მეწარმე „------“ (ს/ნ "------"), რომლის სააპელაციო საჩივარიც უარყოფილი იქნა, ვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი სრულად, რაც დავის საგნის ღირებულებისა და მის მიერ უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად შეადგენს დამატებით 50 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 261-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ინდ. მეწარმე „------- -ს “ (ს/ნ "------") დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში: 200122900, სახაზინო კოდი: 30018 3150.
2. სააპელაციო სასამართლოს დამატებითი განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები:
შოთა სირაძე
ხათუნა ხომერიკი
ლერი თედორაძე