ბრძანება N 17360
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17360
30/05/2019
შპს -----
(მის -----
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 17 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N32) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს ----- N19286/21 და N229345/21 საჩივრები, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმებოდა შემოსავლების სამსახურის აუდტისი დეპარტამენტის 2017 წლის 26 დეკემბრის N006-946 და 2018 წლის 07 ნოემბრის N006-690 „საგადასახადო მოთხოვნებს“.
გადასახადის გადამხდელი 2018 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი N19286/21 საჩივრით არ ეთანხმებოდა:
კომპანიის საქმიანობის განხილვას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თამაშობა-სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად და განმარტავდა, რომ „ფორექსის“ პლატფორმაზე ვაჭრობა წარმოადგენს საფონდო ბირჟის გარეთ წარმოებული სავალუტო და სასაქონლო ინსტრუმენტებით ვაჭრობას. კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს ფინანსურ საქმიანობას - იგი პლატფორმის მეშვეობით უზრუნველყოფს „ფორექს“ ბაზრის ხელმისაწვდომობას კლიენტთათვის, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს, ივაჭრონ „ფორექსის“ ბაზარზე უცხოური ვალუტის წყვილებით. საქმიანობა გულისხმობს უცხოური ვალუტით და საქონლით ვაჭრობას, რა დროსაც კლიენტი იძენს ვალუტის წყვილებს და შემდეგ იგი ცდილობს ვალუტის მაქსიმალურად მომგებიანად გასხვისებას. საქართველოს კანონმდებლობით, „ფორექსის“ პლატფორმის შუამავალი კომპანიის სტატუსი დაურეგულირებელია. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საწარმოს დაურეგულირებელი საქმიანობა ავტომატურად უნდა განიმარტოს სისტემურ-ელექტორნული ფორმის ტოტალიზატორად. ამასთან, ვინაიდან „ფორექსის პლატფორმაზე ვაჭრობისას არ არის სახეზე შემთხვევითობის კრიტერიუმი და ვაჭრობაში წარმატება საჭიროებს მონაწილის ფინანსურ ცოდნას, კომპანიის საქმიანობა არ ექცევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში. შესაბამისად, კომპანიის საქმიანობა უნდა შეფასდეს ეკონომიკურ საქმიანობად და დაექვემდებაროს საწარმოს დაბეგვრის ზოგად რეჟიმს და არა ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს.
გადასახადის გადამხდელი 2018 წლის 08 ნოემბერს წარმოდგენილი N229345/21 საჩივრით არ ეთანხმებოდა:
კომპანიის საქმიანობის განხილვას „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თამაშობა-სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად და განმარტავდა, რომ „ფორექსის“ პლატფორმაზე ვაჭრობა წარმოადგენს საფონდო ბირჟის გარეთ წარმოებული სავალუტო და სასაქონლო ინსტრუმენტებით ვაჭრობას. კომპანიის საქმიანობა წარმოადგენს ფინანსურ საქმიანობას - იგი პლატფორმის მეშვეობით უზრუნველყოფს „ფორექს“ ბაზრის ხელმისაწვდომობას კლიენტთათვის, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს, ივაჭრონ „ფორექსის“ ბაზარზე უცხოური ვალუტის წყვილებით. საქმიანობა გულისხმობს უცხოური ვალუტით და საქონლით ვაჭრობას, რა დროსაც კლიენტი იძენს ვალუტის წყვილებს და შემდეგ იგი ცდილობს ვალუტის მაქსიმალურად მომგებიანად გასხვისებას. საქართველოს კანონმდებლობით, „ფორექსის“ პლატფორმის შუამავალი კომპანიის სტატუსი დაურეგულირებელია. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საწარმოს დაურეგულირებელი საქმიანობა ავტომატურად უნდა განიმარტოს სისტემურ-ელექტორნული ფორმის ტოტალიზატორად. ამასთან, ვინაიდან „ფორექსის“ პლატფორმაზე ვაჭრობისას არ არის სახეზე შემთხვევითობის კრიტერიუმი და ვაჭრობაში წარმატება საჭიროებს მონაწილის ფინანსურ ცოდნას, კომპანიის საქმიანობა არ ექცევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში. შესაბამისად, კომპანიის საქმიანობა უნდა შეფასდეს ეკონომიკურ საქმიანობად და დაექვემდებაროს საწარმოს დაბეგვრის ზოგად რეჟიმს და არა ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს. ამასთან, გადამხდელი მიუთითებდა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გაუგზავნა წერილი, რომელმაც პასუხად განუმარტა შემდეგი: ახალი რეგულაციებით 2018 წლის 11 აპრილიდან აღნიშნული საქმიანობა აუცილებელ ლიცენზირებას საჭიროებს, კერძოდ კი საჭიროა საბროკერო მომსახურების ლიცენზია. შესაბამისად, დაუშვებელია 2018 წლის 11 აპრილამდე კანონის ანალოგიის გამოყენებით სალიცენზიო მოსაკრებლის დაკისრება და ტოტალიზატორთან გაიგივება საქმიანობის.
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 14 თებერვლის №3428 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 22 დეკემბერს და 2018 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი და საგადასახადო შემოწმების აქტი. 2017 წლის 22 დეკემბერის შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 26 დეკემბერს გამოსცა N35410 ბრძანება და ამავე თარიღის N006-946 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 1167117.45 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 432788 ლარი, ჯარიმა 453186 ლარი და საურავი 281143.45 ლარი. ხოლო, 2018 წლის 29 ოქტომბრის აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 06 ნოემბერს გამოსცა N32217 ბრძანება და 2018 წლის 07 ნოემბრის N006-690 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 2724877.03 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 1115576 ლარი, ჯარიმა 1097788 ლარი და საურავი 511513.03 ლარი.
2017 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს 29/11/2017 წლის N24 სხდომის ოქმის გადაწყვეტილების თანახმად კომპანიის საქმიანობა განხილულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თამაშობა-სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად. შემოწმებით შესწავლილ იქნა საწარმოში მოთამაშის მიერ თამაშის დაწყებისას ფსონის მოცულობა, რომელიც შეპირისპირებულ იქნა მოთამაშის მიერ დაფსონილი მოვლების ცვალებადობასთან და მოვლენის შედეგზე დაყრდნობით გამოანგარიშებულ იქნა მოთამაშის მიერ გაკეთებული ფსონის რაოდენობა. შედეგად კომპანიის მიერ მიღებული ფსონების საფუძველზე (ერთობლივი შემოსავალი დადგენილ იქნა 3 558 726 ლარის ოდენობით) გაანგარიშებულ იქნა კუთვნილი გადასახადი სსკ-ის 309-ე მუხლის 16-ე ნაწილის შესაბამისად 5%, ასევე კომპანიას დაერიცხა დადებითი საკურსო სხვაობაზე გაანგარიშებული მოგების გადასახადი (7472 ლარის 20%).
საწარმოს ბიუჯეტის სასაგრებლოდ დამატებით დაერიცხა კუთვნილი გადასახადი 172 454 ლარი ნაცვლად 6977 ლარისა, ასევე საწარმო დაჯარიმდა დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
2018 წლის 29 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს 29/11/2017 წლის N24 სხდომის ოქმის გადაწყვეტილების თანახმად კომპანიის საქმიანობა განხილულ იქნა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თამაშობა-სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად. შემოწმებით შესწავლილ იქნა საწარმოში მოთამაშის მიერ თამაშის დაწყებისას ფსონის მოცულობა, რომელიც შეპირისპირებულ იქნა მოთამაშის მიერ დაფსონილი მოვლების ცვალებადობასთან და მოვლენის შედეგზე დაყრდნობით გამოანგარიშებულ იქნა მოთამაშის მიერ გაკეთებული ფსონის რაოდენობა. შედეგად კომპანიის მიერ მიღებული ფსონების საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა კუთვნილი გადასახადი 2015-2016 წლების საანგარიშო პერიოდში სსკ-ის 309-ე მუხლის 16-ე ნაწილის შესაბამისად. ამასთანავე, საწარმო დაჯარიმდა დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი N19286/21 და N229345/21 საჩივრები განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოზე 2018 წლის 15 ივნისს და 2018 წლის 22 ნოემბერს და გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N16294 და 2018 წლის 03 დეკემბრის N34135 ბრძანებები საჩივრების არ დაკმაყოფილების თაობაზე.
გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 28 ივნისის N16294 და 2018 წლის 03 დეკემბრის N34135 ბრძანებებს და 18/07/2018 წელს და 07/12/2018 წელს წარადგინა საჩივრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ამ უკანასკნელმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს, კერძოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ აუდიტის დეპარტამენტის და გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის, საქმეზე თანდართული მტკიცებულებების შეფასებისა და საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მომჩივნის საქმიანობის განხილვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თამაშობად - სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად და გადასახადებით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად გამოყენებული უნდა იყოს სხვა მეთოდი. შემოსავლების სამსახურმა უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე, რისთვისაც საჩივრები დამატებით შესწავლის მიზნით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს ----- საჩივრები და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად: საბროკერო საქმიანობის ლიცენზია საბროკერო კომპანიას უფლებას ანიჭებს, განახორციელოს კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერთიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება, მათ შორის: ორგანიზება გაუწიოს უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმას.
სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად:
1. ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს (ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ წარმოებულ ფასიან ქაღალდებს, როგორებიცაა: ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი აგრეთვე მოიცავს ფულადი გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს (კონტრაგენტს) შორის. ამასთანავე, თუ აღნიშნული შეთანხმების არსებობის პერიოდში მის ნებისმიერ ეტაპზე ამ შეთანხმების შედეგად განხორციელდა საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება, გარდა ფინანსური ოპერაციებისა და მომსახურების მიწოდებისა, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელ სუბიექტებს შორის ან/და მესამე პირებისათვის/მესამე პირებისაგან, ასეთი მიწოდების მომენტიდან იგი აღარ ითვლება ფინანსურ ინსტრუმენტად.
2. ფინანსურ ოპერაციას მიეკუთვნება:
ა) ყველა სახის ანგარიშის (მათ შორის, მიმდინარე, ანგარიშსწორების, სადეპოზიტო, საბროკერო და სხვა ანგარიშის) გახსნა, განკარგვა, დახურვა, აგრეთვე ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა, მათ შორის, საგადახდო სისტემაში ტრანსფერორდერის დამუშავება/შესრულება, კლირინგი და ანგარიშსწორება ნაღდი ან უნაღდო ფორმით (მათ შორის, საინკასაციო მომსახურება);
3. ფინანსურ მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება, მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის მომსახურება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია ფინანსური ოპერაციების განხორციელება ან/და ფინანსური მომსახურების გაწევა.
სსკ-ის 176-ე მუხლის თანახმად:
1. დღგ-ით უკუდაბეგვრას ექვემდებარება:
გ) საგადასახადო აგენტისათვის საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული მომსახურების ან/და საქონლის პროდუქტის (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და სხვა) მიწოდება ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვაგვარი საშუალებით, თუ იგი არ კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან სხვა სახის ინფორმაციის მატარებლის საშუალებით.
2. საგადასახადო აგენტად ითვლება:
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის − ნებისმიერი გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსი) და არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულება.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ- ის დარიცხვას:
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისათვის გასაცემ თანხაზე.
სსკ-ის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
1. ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება:
დ) თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია, მაშინ მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან. ამ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ:
დ.ი) ელექტრონულად გაწეული მომსახურება;
ე) იმ პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, რომელიც ეწევა მომსახურებას.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის ელექტრონულად გაწეულ მომსახურებას განეკუთვნება:
ა) ვებგვერდის მიწოდება, ვებჰოსტინგი, პროგრამებისა და მოწყობილობების დისტანციური ტექნიკური მომსახურება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი განახლება;
გ) გამოსახულებების, ტექსტებისა და ინფორმაციის მიწოდება მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) მუსიკის, ფილმებისა და თამაშების (აზარტული თამაშების ჩათვლით) მიწოდება, პოლიტიკური,კულტურული, ხელოვნების, სპორტული, სამეცნიერო და გასართობი პროგრამების ტრანსლაცია და გაშუქება;
ე) დისტანციური სწავლების მიწოდება.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მომსახურების სახეებისათვის გარკვეულ საქმიანობათა მიკუთვნების კრიტერიუმები.
მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: როიალტი არის საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი.
სსკ-ის მე-100 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტის თანახმად: ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:
როიალტი, თუ როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა როიალტის გადამხდელი საქართველოს რეზიდენტი:
ი.ა) როიალტი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ არარეზიდენტს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა;
ი.ბ) როიალტი არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, თუ რეზიდენტი დაადასტურებს, რომ უცხო ქვეყანაში აქვს მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებითაც წარმოიშვა როიალტის გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გაწეული თუ არა.
ამასთან, სსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით:
ე) გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად, – 10 პროცენტით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 275-ე მუხლზე, რომლის თანახმად საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება პირველი და მეორე ნაწილების თანახმად იწვევს ჯარიმის დაკისრებას კერძოდ:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან.
როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 01 მარტის N2-19/831 წერილზე, რომლითაც განმარტებულია, რომ შპს ----- საქმიანობა წარმოადგენს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საბროკერო საქმიანობას და შესაბამისად, ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბროკერო საქმიანობის ლიცენზია საბროკერო კომპანიას უფლებას ანიჭებს, მათ შორის „ორგანიზება გაუწიოს უცხოური ვალუტის სავაჭრო პლატფორმას“. ამასთან, აღნიშნული საქმიანობა სავალდებულო ლიცენზირებას ექვემდებარება 2018 წლის 11 აპრილიდან.
ამასთან, საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიცია 2019 წლის 11 იანვრის NCA-00213 წერილით განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით. ბიზნესომბუდსმენის მიერ გაზიარებულია გადამხდელის პოზიცია და განმარტებულია, რომ კომპანიის საქმიანობა არსებითად განსხვავდება თამაშობებისგან. შესაბამისად, სახეზეა არა თამაშობა, არამედ ფორექს პლატფორმის მეშვეობით საერთაშორისო ვაჭრობის ორგანიზება.
საქმეში არსებული მასალებით, საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების, საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილების გათვალისწინებითა და მათზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საქმიანობის განხილვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თამაშობად - სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად არამართლზომიერია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის წერილისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბროკერო საქმიანობის შინაარსის შეფასების გათვალისწინებით უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- საჩივრები სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს შპს ----- საქმიანობის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ თამაშობად - სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად განხილვის საფუძვლით დამატებით დარიცხული თანხების შემცირება და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბროკერო საქმიანობის შინაარსის შეფასების გათვალისწინებით უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრებით არ ეთანხმება კომპანიის საქმიანობის განხილვას სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად და განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ფინანსური საქმიანობა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს სხდომის ოქმის გადაწყვეტილების თანახმად კომპანიის საქმიანობა განხილულ იქნა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად. შემოწმებით შედეგად კომპანიის მიერ მიღებული ფსონების საფუძველზე დადგენილ იქნა ერთობლივი შემოსავალი და გაანგარიშებულ იქნა გადასახადი სსკ-ის 309-ე მუხლის 16-ე ნაწილის შესაბამისად, ასევე კომპანიას დაერიცხა დადებითი საკურსო სხვაობაზე გაანგარიშებული მოგების გადასახადი. საწარმოს დამატებით დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.
გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საჩივრები შემოსავლების სამსახურში. სადაც გამოიცა ბრძანებები საჩივრების არ დაკმაყოფილების თაობაზე. გადამხდელმა ბრძანებები გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საქმიანობის განხილვა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად არამართლზომიერია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დასადგენად გამოყენებული უნდა იყოს სხვა მეთოდი. რისთვისაც საჩივრები დამატებით შესწავლის მიზნით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საქმიანობის განხილვა სისტემურ- ელექტრონული ფორმით მოწყობილ ტოტალიზატორად არამართლზომიერია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლით დარიცხული თანხები და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ეროვნული ბანკის წერილისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბროკერო საქმიანობის შინაარსის შეფასების გათვალისწინებით უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(21,,ბ“); 15; 104(1,,ი“); 275
01.01.2021 წლამდე მომქედი: 166(1): 168(2,,ა“); 176
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი