ბრძანება N 6042
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 6042
27.03.2023
სს ,,----------’’ (ს/ნ ---------)
(მის.: ----------)
2022 წლის 21 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს ,,----------’’ (ს/ნ----------) 2022 წლის 21 იანვრის №66901/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №059-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით, სხვა აუდირებული კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ ფასნამატს 40.9-39.6%-ს და აღნიშნავს, რომ მოიპოვა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დეკლარირებული ფასნამატის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეადგენს 12-25%-ს. გადამხდელი ასევე მიიჩნევს, რომ საბანკო ოპერაციებითა და საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით შესაძლებელია ფასნამატის სწორად განსაზღვრა. ასევე მიუთითებს, რომ შემოწმების დროს არ არის გათვალისწინებული საწარმოო დანაკარგები, რემონტზე გაწეული ხარჯი და ხანძრის შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 ნოემბრის №35683 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ,,----------’’ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა 2021 წლის 17 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 22 დეკემბრის №39738 ბრძანება და 23 დეკემბრის №059-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 97 697 ლარი, მათ შორის, გადასახადი 63 812 ლარი, ჯარიმა 24 125 ლარი და საურავი 9 759 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 19 აპრილის N9988 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტაციის და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საბჭოში გასაჩივრებული სადავო საკითხების ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნული დავის საგნების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.04.2022 წლის №9988 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მეტალო-პლასტმასის კარფანჯრების წარმოება/რეალიზაცია ქ. ------.ში. კონკრეტული შეკვეთის მიხედვით მასალას ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე, აწყობს და აწვდის დამკვეთს. შესაბამისად, გადამხდელის განმარტებით, წლის ბოლოს სმფ-ების ნაშთი არ რჩება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების ღირებულება შეადგენს 267 086 ლარს, ხოლო რეალიზაცია - 237 567 ლარს (სამივე წელი დაასრულა ზარალით). კომპანია არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ვერ დგინდება თითოეული შესრულებული სამუშაოს მიხედვით ჩამოწერილი მასალის ოდენობა. გადამხდელის განმარტებით, კომპანია როგორც შეძენას, ისე რეალიზაციას ახორციელებს სასაქონლო ზედნადებებით და შესაბამისად აღრიცხვის ამ ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით - აუდირებული ფასნამატით, რის შედეგადაც კომპანიას 2019 წლის ივნისიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებული არ აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად, სმფ-ების ნაშთზე ჩათვლა არ განხორციელებულა. რეგისტრაციის შემდგომ პერიოში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩათვლებში. ამდენად, გადამხდელს 2019 წლის ივნისიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე დაერიცხა შესაბამისი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
ამასთან, გადამხდელის დოკუმენტურ შემოსავალსა და ხარჯზე დაყრდნობით, ასევე ბანკში არსებულ ანგარიშებზე თანხების მოძრაობის გათვალისწინებით, გაანგარიშებულია ყოველი წლის თავისუფალი ფულადი სახსრები, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მოიპოვა სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების დეკლარირებული ფასნამატის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეადგენს 12-25%-ს. მომჩივნის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ საქმიანობას მეტწილად ახორციელებს რეგიონებში და ხშირად უწევს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება. გადამხდელი ასევე მიიჩნევს, რომ საბანკო ოპერაციებით და საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით შესაძლებელია ფასნამატის სწორად განსაზღვრა, რომელზეც დამოკიდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დარიცხული გადასახადების/ჯარიმის ოდენობაც. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შემოწმების დროს არ არის გათვალისწინებული 2019 წლის მაისის თვეში საწარმოს კუთვნილი ნაგებობის რემონტზე დახარჯული 1102,3 ლარის ღირებულების სმფ, ასევე შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ 2018 წლის სექტემბრის თვეში საწარმოში გაჩენილი ხარძრის შედეგად განადგურდა მზა პროდუქცია, რომელზეც გახარჯული სმფ-ების ღირებულება შეადგენს 3513,91 ლარს, ხოლო აღნიშნული პროდუქცია ამჟამად ინახება საწარმოში.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების (მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების) მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია, ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებზე გახარჯულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვადებულებების განსაზღვრისას გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, გაითვალისწინოს სარემონტო სამუშაოებზე გახარჯული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს ,,----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების (მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების) მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია, ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხანძრის შედეგად განადგურებული საქონლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაავრცელოს გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საგადასახადო ვადებულებების განსაზღვრისას გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, გაითვალისწინოს სარემონტო სამუშაოებზე გახარჯული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით, სხვა აუდირებული კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ ფასნამატს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: