საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/275-22

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.02.2025
№ დოკუმენტი 3/275-22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/275-22

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

20 თებერვალი, 2025 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მიხეილ ბებიაშვილი

სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლინი

მოსარჩელე - შპს „----------ა“;

დირექტორი - --------------ძე;

წარმომადგენლები - -------ძე, -------ძე, ----------ი;

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ------------------ი;

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - -------------------ძე;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 20.11.2019 შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აქტის საფუძველზე გამოცემული 22.11.2019 წლის N40636 ბრძანება;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 25.11.2019 წლის N021-149 საგადასახადო მოთხოვნა;

1.3. ნაწილომრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის N17712 ბრძანება ;

1.4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 18 თებერვლის N10756/2/2020 გადაწყვეტილება სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვის და საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში.

 

დავის არსი:

მოსარჩელის განმარტებით- შპს „------ა" არის მარცვლოვანი პროდუქტების ერთ- ერთ მსხვილი მწარმოებელი და აღნიშნული დარგის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში და გააჩნია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი წარმოება. კომპანიის წარმოება განთავსებულია ------- საქართველოში, სადაც დასაქმებულია 80-მდე თანამშრომელი, აქედან გამომდინარე მათ წარმოებას რეგიონისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. შემოსავლების სამსახურის არასწორი და არაჯანსაღი მიდგომები დიდ ზიანს აყენებს წარმოებას და აჩენს ძალიან დიდ უნდობლობას მათთან მიმართებაში. შპს „-------ს" სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 20.11.2019 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმდა 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2019 წლის N40636 ბრძანება და 25.11.2019 წლის N0021-149 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 802 496 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 401 583 ლარი, ჯარიმა 244 058 ლარი, ხოლო საურავი 156 855 ლარი. ზემო აღნიშნული აქტები გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, სადაც სადაო იყო 12 საკითხი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის N17712 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------ს“ საჩივარი, კერძოდ: კომპანია გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმებიდან, დაკმაყოფილდა რამოდენიმე საკითხი, რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით (დღგ-ის ჩათვლის გაუქმება; წმინდა მოგების განსაზღვრის მართლზომიერება; ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება; საშემოსავლო გადასახადის მართლზომიერება; საიჯარო ქირიდან საშემოსავლო გადასახადის მართლზომიერება) აუდიტის დეპარტამენტს დამატებით დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული არ არის. ასევე განმარტავენ, რომ შპს „------ს“ მხრიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დადგენილ ვადაში წარედგინა დოკუმენტები. ორ საკითხთან დაკავშირებით (სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა; საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრა), თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი. შემოსავლების სამსახურის ბრძანება შპს „------ს“ მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არსებულ დავების განხილვის საბჭოში და 2021 წლის 18 თებერვლის N10756/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი. გადაწყვეტილებაში მითითებული ხუთი საკითხიდან შპს „------ს“ მიერ გასაჩივრდა ორი საკითხი (მე-3 და მე-4) სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა და საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრა.

სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახის მიღებულ შემოსავლად განხილვა - დარიცხული თანხა: ძირითადი თანხა - 21 464 ლარი საურავი - 11 263 ლარი (20.04.2021 მდომარეობით) შემოსავლების სამსახურის შემმოწმებლებმა საშემოსავლო გადასახადში დაარიცხეს თანხების სალაროში არსებული ე.წ. არარეალური ნაშთის საკითხთან დაკავშირებით. შემმოწმებლების მიერ საეჭვოდ იქნა მიჩნეული ასეთი ნაშთის რეალურობის საკითხი და სარგებლის თანხა დაბეგრილი იქნა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავს შემდეგს: სალაროში ნაღდი ფულის არსებობა გამოწვეულია საწარმოს აუცილებელი საჭიროებიდან და ნაკლები ფინანსური დანაკარგების გაწევიდან გამომდინარე:

ა) ბანკში თანხების შეტანისა და გამოტანის შემთხვევაში სახეზეა თანხის გამოტანის 0,2%-იანი საკომისიო (დანაკარგი)

ბ) გაძნელებულია ნაღდი ფულის ბანკში შეტანის პროცედურა, შესაძლო დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ბანკის ინკასაცია ყოველ ერთეულ შემთხვევაში შეადგენს სოლიდურ თანხას.

გ) საზოგადოება სარეალიზაციო პროდუქციისათვის საჭირო ნედლეულის, ძირითადი საშუალებებისა და სათადარიგო ნაწილების 90%-ზე მეტს ყიდულობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რისთვისაც საჭიროა უცხოური ვალუტის შეძენა, რის გამოც ახდენენ გადასარიცხად საჭირო თანხის კონვერტაციას ძირითადად აშშ დოლარში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, რაზედაც გააჩნიათ თანხის კონვერტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (ბანკში კონვერტაციის კურსი გაცილებით მაღალია, ვიდრე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში).

დ) ნაღდი ფულის დიდი ოდენობით არსებობა 2018 წლის თებერვალ-ოქტომბრის თვეში გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საზოგადოებას დაგეგმილი ჰქონდა წარმოების განვითარებისათვის ახალი საწარმოს მშენებლობის საკითხი, რაზედაც დამზადებული იქნა ახალი საწარმოს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რისი განხორციელებაც ჯდებოდა დაახლოებით 300 000 დოლარის ექვივალენტი ლარი. აღნიშნული ოდენობის თანხების მოზიდვა ვერ მოხერხდა და სალაროში არსებული ნაშთები გამოყენებული იქნა სხვა მიზნებისათვის, კერძოდ, გაცემული იქნა დივიდენდად ფულის შემდგომი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით (ლარის კურსის დაცემა).

ე) სალაროში ნაღდი ფულის არსებობა წარმოადგენს საზოგადოების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საჭიროებას ყოველდღიური გადაუდებელი ხარჯების ანაზღაურებისათვის (ავტომანქანების დაზიანება,ევაკუატორით მომსახურება, სათადარიგო ნაწილების შეძენა, საწარმო პროცესში ექსტრემალური სიტუაციების მოგვარება), ამასთან განმარტავენ, რომ საზოგადოებისათვის სალაროში ნაღდი ფულის შენახვა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან საზოგადოება აღჭურვილია თანხის შესანახი სეიფებით, აქვთ დაცვის სამსახურის შპს „-----ის" 24 საათიანი ცოცხალი დაცვა სიგნალიზაციით და დაახლოებით 48 სათვალთვალო კამერით, ესეც რომ არ იყოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არცერთი ნორმატიული დოკუმენტი არ ითვალისწინებს ნაღდი ფულის აუცილებელ განთავსებას საბანკო დაწესებულებაში. გარდა ზემოთაღნიშნულისა სალაროში გარკვეული თანხების არსებობის აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კომპანიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნედლეულით უწყვეტი მომარაგების საკითხი, რის გარეშეც ქარხნის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა ფერხდება. კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შესახებ განმარტავენ, რომ საშუალოდ ერთი ტრაილერი მზესუმზირის ღირებულება შეადგენს 85000 ლარს, მაშინ როდესაც თვეში საშუალოდ ესაჭიროებათ 5 ტრაილერი მზესუმზირის შეძენა. გარდა ამისა გოგრის თესლის ერთი შესყიდვის ოდენობაა 5200 დოლარი, თვეში ბურღულის შესყიდვაში კი იხდიან დაახლოებით 10 000 დოლარს. აქედან გამომდინარე და ზოგადად მათი კომპანიის ზომიდან გამოდმინარე გააჩნიათ დიდი ოდენობის შესყიდვები რომელიც აუცილებელი წესით გაიწევა სალაროდან, რისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია სალაროში ნაღდი ფულის გარკვეული ოდენობის ნაშთის არსებობა. ასევე აღნიშნავენ რომ ოფისში არის 24 საათიანი დაცვა და დამონტაჟებულია 48 ვიდეომეთვალყურეობის კამერა, აქედან გამომდინარე ობიექტის მაღალ დონეზე დაცულობა გარანტირებულია. რაც შეეხება, თუ რამდენად სწორად არის დათვლილი წლიური საკასო ხარჯის (2016 წელს 51979 ლარი; 2017 წელს 21 483 ლარი; 2018 წელს 23 949 ლარი; 2019 წელს 23 949 ლარი) დასაშვები ნაშთი რომელიც შემმოწმებლების გაანგარიშებაშია მოცემული და მიჩნეულია რომ ეს არის ნაშთის დასაშვები ოდენობა. რამდენადაც მათთვის ცნობილია შემოსავლების სამსახური იყენებს ე.წ. საკასო ხარჯის 10%-იან მიდგომას რაც არსად არცერთ საკანონმდებლო ნორმაში არ არის მოცემული. მოსარჩელე მხარის გაანგარიშებით სალაროს ნაშთის თანხები თავისუფლად ექცევა და არ აჭარბებს მოცემული თანხის 10%-ის ოდენობის თანხას, აქედან გამომდინარე დაუდგენელია საიდან დაადგინა შემმოწმებლებმა ის, რომ სალაროს ნაშთი ზემოთხსენებული ხარჯის 10%-ში ვერ ექცევა. საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრა - დარიცხული თანხა ამჟამად: ძირითადი თანხა 13 946 ლარი ჯარიმა - 6973 ლარი საურავი - 10 808 ლარი (20.04.2021 მდომარებით) შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს 2016 წლის საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადში ამორტიზაციის გამოქვითვის კუთხით იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლით განსაზღვრულ ძირითად საშუალებათა მიხედვით, საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის მეთოდს. 2016 წლის საანგარიო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციით, სრულად გამოქვითვებთან ერთად გამოქვითულია, ასევე ამორტიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად 93 993 ლარი საწესდებო კაპიტალში დამფუძნებლების მიერ შეტანილი ქონების ღირებულების თანხიდან გამომდინარე. შემოწმების აქტით კაპიტალში შემოტანილი ქონების გამოქვითვის ხარჯების შემცირება მოხდა იქიდან გამომდინარე რომ გამოსაქვითი თანხების ოდენობად აღებული იქნა არა საბაზრო ფასი, არამედ ფიზიკური პირების (------ძე,--------ძე) მიერ შეძენილი ქონების (მიწის და ამორტიზირებული შენობის) თვითღირებულება, სსკ-ის 151-ე მიხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის მიდგომა არამართებულია შემდეგი გარემობების გამო :

1.ფიზიკური პირების (----ძე,------ძე) მიერ ქონების შეძენის შემდგომ გაწეულია ძალიან დიდი თანხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც ფიზიკურ პირებს არ გააჩნდათ, გამომდინარე იქედან რომ ისინი არ წარმოადგენდნენ იმ მომენტში მეწარმე სუბიექტს და შესყიდვის დოკუმენტების შეგროვების არანაირი ვალდებულება არ ჰქონიათ. გარდა ამისა სსკ-ის 151 მუხლი გამოიყენება 50%-და მეტი წილის სანაცვლო აქტივის მიწოდების შემთხვევაში,შპს „------ს“ დამფუძნებლებმა კი ქონება 25%-25%-იანი წილის სანაცვლოდ შეიტანეს, რის გამოც, მოსარჩელის განმარტებით სსკ-ის 151-ე მუხლი აღნიშნულ ოპერაციაზე საერთოდ არ ვრცელდება.

აქედან გამომდინარე დაუდგენელია, როგორღა უნდა იქნეს გამოყენებული 25%-ის სანაცვლოდ ქონების მიწოდებაზე ზემოთ ხსენებული მუხლი, როდესაც ეს მუხლი 50%- ისა და მეტი წილის სანაცვლოდ მოწოდებაზე გამოიყენება. შემოსავლების სამსახურის უსაფუძვლო ქმედებით დაახლოებით 500000 ლარიდან ჯგუფი ღირებულება შემცირებული იქნა დაახლოებით 22000 ლარამდე, რის შედეგადაც გაუქმდა ცვეთის თანხა, რაც დაუშვებლად მიაჩნიათ. საყოველთაოდ ცნობილია რომ ფიზიკური პირის მიერ 50%-ზე ნაკლები წილის სანაცვლოდ საქონლის მიწოდებაზე გამოიყენება საქონლის საბაზრო ფასი და არა ფიზიკური პირის მიერ შესყიდული ღირებულება, სსი- ის 148-ე და მე-18 მუხლების შესაბამისად, გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ გამოცემული აქტები უკანონოა და მოხდეს მათი ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობითი სახის შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წერილობითი სახის შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ 2007 წელს საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირებული იქნა სამეწარმეო სუბიექტად შპს „------ა“ ს/ნ N-------. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს მზესუმზირის, ბურბუშელის, სუხარების და სხვა მსგავსი პროდუქციის წარმოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

- ახსნა-განმარტება;

3.1.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ივლისის N23366 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------ს" (ს/ნ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიმსწორების კუთხით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 ინვრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 20 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 20 წრემბრის N40636 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 25 ნოემბრის 0021-149 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 802 496 ლარით, მათ შორის: გადასახადი 401 583 ლარი, ჯარიმა 2444 058 ლარი, ხოლო საურავი 156 855 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 12 ივლისის N23366 ბრძანება;

-2019 წლის 20 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი;

-2019 წლის 22 ნოემბრის N40636 ბრძანება;

-2019 წლის 25 ნოემბრის N0021-149 საგადასახადო მოთხოვნა;

 

3.1.3. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. მომჩივნის მიერ დასახელებული იქნა 12 სადავო საკითხი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის N17712 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. კერძოდ:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხი და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში,განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

ბ) გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა, შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული ჯარიმისაგან;

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეამციროს ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები;

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა)გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ)ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა, ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად,ჩასარვლელი მოგების გადასახადის არასწორად განსაზღვრის საფუძვლით,მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისაგან;

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდა, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის, საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემული უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისაგან;

მე–5 სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დებიტორული მოთხოვნის უსასყიდლო აქტივის მიწოდებად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს N1475 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ" N 2657 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

მე-8, მე-9 და მე-10 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა)გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ)ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტით არგუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

მე-11 სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აღურიცხავად მიჩნეულ სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობებთან (ყუთები) დაკავშირებით, საქონლის შეძენის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დამატებით შესწავლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ორივე პირობის ერთდროულად არსებობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) უზრუნველყოფა;

მე-12 სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე, შეფარდებული ჯარიმების - 3 600 ლარის ნაცვლად, გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის N17712 ბრძანება;

3.1.4. დადგენილია, რომ შპს „-------ს“ მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის N17712 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავის საგანი შეეხებოდა:

1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას,2. წმინდა მოგების განსაზღვრის მართლზომიერებას,3. სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვას,4. საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრას,5 ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერებას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 18 თებერვლის N10756/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საჩივარი;

-საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 18 თებერვლის N10756/2/2020 გადაწყვეტილება;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ სადავო 20.11.2019 შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აქტის საფუძველზე გამოცემული 22.11.2049 წლის N40636 ბრძანება, 25.11.2019 წლის N021-149 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის #17712 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 18 თებერვლის #10756/2/2020 გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს 1. სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა; 2. საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრა.

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ფორმირებისა და ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება.

6.4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

6.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

ამავე კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

6.6. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული დაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. პირს შეუძლია თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

6.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადის სახეებია საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საერთო- სახელმწიფოებრივ გადასახადებს მიეკუთვნება:

ა) საშემოსავლო გადასახადი;

ბ) მოგების გადასახადი;

გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); დ) აქციზი;

ე) იმპორტის გადასახადი

6.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „რეზიდენტი _ საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:

ა) განაწილებული მოგება;

ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;

გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

დ) ამ კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი".

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98.2 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, „მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა".

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98.2 პრიმა მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან".

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებისა და ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დიდი ოდენობით უძრავი ნაშთები სალაროში. არსებული მონაცემებით, საწარმოს დოკუმენტაციითა და ახსნა-განმარტებით არ დასტურდება სალაროში ფულის არსებობის მიზნობრიობა. იმის გათვალისწინებით, რომ სალაროდან სამეურნეო დანიშნულებისათვის საჭირო თანხების მოძრაობიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდა სალაროში დაფიქსირებული უძრავი ნაშთის არსებობის დადასტურება, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ფუძლის ნაშთები (წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გამოკლებით) განხილულ იქნა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემული უპროცენტო სესხად.

საქრთველოს საგადასახადო კოდექსის 98.2 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით მოხდა დაბრუნებული თანხის შესაბამისი მოგების გადასახადის ჩათვლა. შედეგად, აღნიშნულ საკითხში გადამხდელს დაერიცხა და იმავე სიდიდით შეუმცირდა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.ასევე, სარგებლის თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, განხილულ იქნა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან და დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ვინაიდან სალაროდან სამეურნეო დანიშნულებისთვის საჭირო თანხების მოძრაობიდან გამომდინარე არ დადასტურდა სალაროში დაფიქსირებული უძრავი ნაშთის არსებობის ფაქტი, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის (წლიური საკასო ხარჯის 10%-ის გამოკლებით) განხილვა საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საყურადღებოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი სრულად არის კომპანიაში დაბრუნებული და საგადასახადო შემოწმების აქტით აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადი შესამოწმებელ პერიოდშივე იმავე სიდიდით დაექვემდებარა შემცირებას.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, იმ ნაწილში, რომ სალაროში ნაღდი ფულის არსებობა გამოწვეულია საწარმოს აუცილებელი საჭიროებიდან და ნაკლები ფინანსური დანაკარგების გაწევიდან გამომდინარე:

ა) ბანკში თანხების შეტანისა და გამოტანის შემთხვევაში სახეზეა თანხის გამოტანის 0,2%-იანი საკომისიო (დანაკარგი).

ბ) გაძნელებულია ნაღდი ფულის ბანკში შეტანის პროცედურა, შესაძლო დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ბანკის ინკასაცია ყოველ ერთეულ შემთხვევაში შეადგენს სოლიდურ თანხას.

გ) საზოგადოება სარეალიზაციო პროდუქციისათვის საჭირო ნედლეულის, ძირითადი საშუალებებისა და სათადარიგო ნაწილების 90%-ზე მეტს ყიდულობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რისთვისაც საჭიროა უცხოური ვალუტის შეძენა, რის გამოც ახდენენ გადასარიცხად საჭირო თანხის კონვერტაციას ძირითადად აშშ დოლარში ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, რაზედაც გააჩნიათ თანხის დამადასტურებელი დოკუმენტები (ბანკში კონვერტაციის კურსი გაცილებით მაღალია, კონვერტაციის ვიდრე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში).

დ) ნაღდი ფულის დიდი ოდენობით არსებობა 2018 წლის თებერვალ-ოქტომბრის თვეში გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საზოგადოებას დაგეგმილი ჰქონდა წარმოების განვითარებისათვის ახალი საწარმოს მშენებლობის საკითხი, რაზედაც დამზადებული იქნა ახალი საწარმოს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რისი განხორციელებაც ჯდებოდა დაახლოებით 300 000 დოლარის ექვივალენტი ლარი. აღნიშნული ოდენობის თანხების მოზიდვა ვერ მოხერხდა და სალაროში არსებული ნაშთები გამოყენებული იქნა სხვა მიზნებისათვის, კერძოდ, გაცემული იქნა დივიდენდად ფულის შემდგომი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნიდ ლარის კურსის დაცემა).

ე) სალაროში ნაღდი ფულის არსებობა წარმოადგენს საზოგადოების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელ საჭიროებას ყოველდღიური გადაუდებელი ხარჯების ანაზღაურებისათვის (ავტომანქანების დაზიანება, ევაკუატორით მომსახურება, სათადარიგო ნაწილების შეძენა, საწარმო პროცესში ექსტრემალური სიტუაციების მოგვარება), ამასთან საზოგადოებისათვის სალაროში ნაღდი ფულის შენახვა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან საზოგადოება აღჭურვილია თანხის შესანახი სეიფებით, აქვთ დაცვის სამსახურის შპს „------ის" 24 საათიანი ცოცხალი დაცვა სიგნალიზაციით და დაახლოებით 48 სათვალთვალო კამერით.

რაც შეეხება, თუ რამდენად სწორად არის დათვლილი წლიური საკასო ხარჯის ( 2016 წელს 51979 ლარი; 2017 წელს 21 483 ლარი; 2018 წელს 23 949 ლარი; 2019 წელს 23 949 ლარი) დასაშვები ნაშთი, რომელიც შემმოწმებლების გაანგარიშებაშია მოცემული და მიჩნეულია რომ ეს არის ნაშთის დასაშვები ოდენობა. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახური იყენებს ე.წ. საკასო ხარჯის 10%-იან მიდგომას, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ სალაროს ნაშთის თანხები თავისუფლად ექცევა და არ აჭარბებს მოცემული თანხის 10%-ის ოდენობის თანხას, აქედან გამომდინარე დაუდგენელია როგორ დაადგინა შემმოწმებლებმა ის გარემოება, რომ სალაროს ნაშთი ზემოთხსენებული ხარჯის 10%-ში ვერ ექცევა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განჩინებაზე (საქმე Noბს-1579 (2კ-18), რომლის თანახმად: საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ არ უნდა მოხდეს მეწარმის შეზღუდვა, რომ მან არსებული ფულადი ნაშთები სავალდებულო წესით განათავსოს საბანკო ანგარიშზე, საბანკო ანაბარზე, რამეთუ მეწარმე დამოუკიდებლად წყვეტს მისი საქმიანობის მიმართულებებს, ხელშეკრულებების დადების საკითხს და მხოლოდ მას შეუძლია, გადაწყვიტოს, მიმართავს საბანკო დაწესებულებას თანხების განთავსების თაობაზე საბანკო მომსახურების გაწევის მიზნით თუ ფულად თანხებს შეინახავს სალაროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მეწარმის საქმიანობის შეზღუდვა კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი საფუძვლით და აღნიშნული შეზღუდვა შეუსაბამობაში იქნება კანონით გარანტირებულ პირის უფლებების უზრუნველყოფასთან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ დაუშვებელია, მხოლოდ მოსაზრება იყოს სამეურნეო ოპერაციის ფორმის შეცვლისა და დარიცხვის საფუძველი, რადგან საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის იმგვარ შემთხვევას, როდესაც ერთმანეთს არ შეესაბამება მხარეთა ნების გამოხატვის ფორმა და მისი შინაარსი. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სწორედ შინაარსობრივ მხარეს და არა მხარეთა მიერ გამოყენებულ ფორმას. თუკი მხარეებმა დადეს კონკრეტული სახის შეთანხმება, მაგრამ შეთანხმებით გამოხატული ნება არ შეესაბამება იმ შეთანხმების ფორმას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია. აღნიშნული გამომდინარეობს საგადასახადო ორგანოთა ფუნქციებისა და მიზნებიდან, რამეთუ სწორედ საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადების ადმინისტრირებას, მათი ჯერრფნად და დროულად გადახდის კონტროლს. ამგვარი უფლებამოსილების განხორციელება გამორიცხავს, ერთი მხრივ, კონკრეტული სამართლებრივი ფორმის გამოყენების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეცდომის დაშვებისას იცავს გადასახადის გადამხდელის ინტერესებს, რათა არ მოხდეს მისთვის გადასახადების გაუმართლებელი ან ზედმეტი ოდენობით დარიცხვა.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენებისათვის განმსაზღვრელი იყო დადგენა ფაქტისა, რომ მხარის მიერ გამოყენებული საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული კონკრეტული ფორმა არ შეესაბამებოდა მეწარმის რეალურ ნებას და მიუხედავად დოკუმენტაციაში ნაშთის არსებობის დაფიქსირებისა, თანხა რეალურად არ ინახებოდა სალაროში.

6.9. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა ხელმძღვანელობდნენ კონკრეტული საკანონმდებლო დანაწესით და მათი ქმედება, მით უფრო როდესაც ის ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, უნდა ექვემდებარებოდეს კანონმდებლის შინაარსობრივი ნორმირებას და არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგად პრინციპებზე მითითებით, რადგან დაუკონკრეტებელი და არამკაფიოდ განსაზღვრული ზოგადი ხასიათის დათქმა,რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას,ცალკეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვროს ქმედების თავისუფლების ფარგლები, არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დაცვას.

სასამართლო დამატებით მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე -პირის უფლება-მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და და ა.შ.სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების,საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული მუხლი ეძღვნება.ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია:

1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;

2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინება, საქმე Noბს-122-115(2კ-13)).

კანონის მოთხოვნების შესრულება გულისხმობს პირის სურვილს და განზრახვას მისი ქმედება შეუსაბამოს მოქმედ ნორმატიულ სივრცეს, რაც თავის მხრივ, ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობას განხორციელებული ქმედების და მისი შედეგის კანონიერების მიმართ. პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე კი ნიშნავს კანონით მინიჭებულ უფლებასაც, ნებისმიერი პირი დაცული იყოს მისი ქმედების შეფასების სტაბილური სამართლებრივი გარანტიებით. სამართლებრივი გარანტიების შემქნა და შენარჩუნება კი, სოციალური სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს.

სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა ხელმძღვანელობდნენ კონკრეტული საკანონმდებლო დანაწესით და მათი ქმედება, მით უფრო როდესაც ის ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს, უნდა ექვემდებარებოდეს კანონმდებლის შინაარსობრივი ნორმირებას და არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ზოგად პრინციპებზე მითითებით, რადგან დაუკონკრეტებელი და არამკაფიოდ განსაზღვრული ზოგადი ხასიათის დათქმა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალკეულ შემთხვევაში თვითონ განსაზღვროს ქმედების თავისუფლების ფარგლები, არ შეესაბამება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დაცვას.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, მოქალაქის თავისუფლების უპირატესობის ვარაუდთან ერთად, მოითხოვს თითოეულის დაცვას საჯარო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული არასაჭირო, ზედმეტი შეზღუდვებისაგან; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უფლების ამგვარი ხელყოფა გამოწვეულია კანონით გათვალისწინებული პრინციპისა თუ აკრძალვის აუცილებლობით, მაშინ სავალდებულოა, მოქალაქეს განემარტოს მისი წინაპირობები და მისთვის გასაგები ფორმით მიეწოდოს. ამასთან, რაც უფრო მეტად ეხება კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა ადამიანის თავისუფალი მოქმედების გამოვლენის ელემენტარულ ფორმას, მით უფრო ზედმიწევნითა და სიფრთხილით უნდა მოხდეს მოქალაქის თავისუფლების, უფლების, როგორც ძირითადი პრინციპისა, და აღნიშნული შეზღუდვის გამამართლებელი საფუძვლების ურთიერთშეფარდება. ყოველივე აღნიშნული, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ შეზღუდვის საშუალებები შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ მიზანს და ზედმეტად არ ზღუდავდეს ცალკეულ მოქალაქეს.

6.10. სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვის ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და შესაბამისად არსებობს მოცემულ ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6.11. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „თითოეული ჯგუფის საამორტიზაციო ანარიცხების ოდენობა გამოიანგარიშება საგადასახადო წლის ბოლოს ჯგუფის ღირებულებითი ბალანსიდან, ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული ამორტიზაციის ნორმების შესაბამისად".

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ძირითადი საშუალებების მიმართ, გარდა საწარმოს კაპიტალში შეტანილისა, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, სრულად გამოქვითოს ამ აქტივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა".

ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება". ხოლო, მე-2 ნაწილის მიხედვით, „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი.

შემცირება მოხდა იქედან გამომდინარე, რომ გამოსაქვითი თანხების ოდენობად აღებული იქნა არა საბაზრო ფასი, არამედ ფიზიკური პირების (-----ძე, ------ძე) მიერ შეძენილი ქონების (მიწის და ამორტიზირებული შენობის) თვითღირებულება, სსკ-ის 151-ე მუხლის შესაბამისად. ფიზიკური პირების (----ძე, ------ძე) მიერ ქონების შეძენის შემდგომ გაწეულია ძალიან დიდი თანხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც ფიზიკურ პირებს არ გააჩნდათ, გამომდინარე იქიდან რომ ისინი არ წარმოადგენდნენ იმ მომენტში მეწარმე სუბიექტს და შესყიდვის დოკუმენტების შეგროვების არანაირი ვალდებულება არ ჰქონიათ. სსკ-ის 151-ე მუხლი გამოიყენება 50%-და მეტი წილის სანაცვლოთ აქტივის მიწოდების შემთხვევაში, დამფუძნებლებმა (----ძე, -------ძე) კი ქონება 25%-25%-იანი წილის სანაცვლოთ შეიტანეს, რის გამოც მოსარჩელე მხარის განმარტებით სსკ-ის 151-ე მუხლი აღნიშნულ ოპერაციაზე საერთოდ არ ვრცელდება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პირთა მიერ იურიდიული პირისთვის მასში 50%-იანი (25%+25%) წილის სანაცვლოდ აქტივების მიწოდებას, შემოწმებით აქტივის ღირებულების განსაზღვრა კაპიტალში შენატანის განმახორციელებელი პარტნიორის მიერ შენატანზე გაწეული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის საფუძველზე და აღნიშნული ღირებულებიდან საამორტიზაციო ანარაცხების გაანგარიშება მართლზომიერია და შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს.

რაც შეეხება აღნიშნულ აქტივზე გაწეულ დიდი ოდენობით სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც შემოწმების ეტაპზე და არც საქართველოს ფანანსთა სამინისტროს სისტემაში დავის წარმოების პროცესში. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 18 თებერვლის #10756/2/2020 გადაწყვეტილება საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

6.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

ამ კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო იზიარებს დავის საგნის მოცემულ გარემოებების ნაწილში მოპასუხეთა და სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამრიგად, მოსარჩელე შპს „-------ს“ სარჩელი საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ,7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1935.00 ლარის ოდენობით.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „-----ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 967, 50 (ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „-------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი: 2019 წლის 20 ნოემბრის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აქტის საფუძველზე გამოცემული 2019 წლის 20 ნოემბრის N40636 ბრძანება; 2019 წლის 25 ნოემბრის N021-149 საგადასახადო მოთხოვნა; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის N17712 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 18 თებერვლის N10756/2/2020 _ გადაწყვეტილება; სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვის ნაწილში.

დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელე მხარეს ეთქვას უარი.

5. სსიპ შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შპს „------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 967.50 (ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე

მიხეილ ბებიაშვილი

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მოსარჩელის განმარტებით მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 20.11.2019 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმდა 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების შედეგებზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის N40636 ბრძანება და N0021-149 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 802 496 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 401 583 ლარი, ჯარიმა 244 058 ლარი, ხოლო საურავი 156 855 ლარი. ზემო აღნიშნული აქტები გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, სადაც სადაო იყო 12 საკითხი. სსიპ შემოსავლების სამსახურის N17712 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.კერძოდ: კომპანია გათავისუფლდა დაკისრებული ჯარიმებიდან, დაკმაყოფილდა რამოდენიმე საკითხი, რამოდენიმე საკითხთან დაკავშირებით (დღგ-ის ჩათვლის გაუქმება; წმინდა მოგების განსაზღვრის მართლზომიერება; ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება; საშემოსავლო გადასახადის მართლზომიერება; საიჯარო ქირიდან საშემოსავლო გადასახადის მართლზომიერება) აუდიტის დეპარტამენტს დამატებით დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებია საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებული არ არის. ასევე განმარტავენ, რომ მომჩივანის მხრიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დადგენილ ვადაში წარედგინა დოკუმენტები. ორ საკითხთან დაკავშირებით (სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა; საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრა), თუმცა საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი.

შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არსებულ დავების განხილვის საბჭოში და N10756/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი. გადაწყვეტილებაში მითითებული ხუთი საკითხიდან გასაჩივრდა ორი საკითხი (მე-3 და მე-4) სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვა და საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრა.

 

გადაწყვეტილება

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად, სარგებლის ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად განხილვის ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და შესაბამისად არსებობს მოცემულ ნაწილში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ხოლო,მოსარჩელეს სარჩელი საამორტიზაციო ხარჯების განსაზღვრის ნაწილში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

დასაბუთება

გადაწყვეტილების დასაბუთებისას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-2(1„დ“.„ი“); 601 ; 177(1);178 მუხლებით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებით: 73(9 „ბ“);97(1); 98.2(3„ზ".8); 101(1); 111(1.4); 112(1); 151(1.2);