ბრძანება N 20002
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20002
14 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------ს“ (ს/ნ -------)
(მის.: -----------)
2023 წლის 16 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „--------ს“ (ს/ნ -------) №6466/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №067-32 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების ღირებულების გაზრდას და დღგ-ით დაბეგვრას, ასევე, აღნიშნული ქონების კაპიტალიდან გატანის და კაპიტალში შეტანის მომენტებში ღირებულებებს შორის სხვაობის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ შემოწმებამ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ მომზადებული ქონების შეფასება გამოიყენა, რაც ბევრად აღემატება კერძო ლიცენზირებული ექსპერტის მიერ მომზადებული ქონების შეფასების ღირებულებას. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნით კომპანიამ ------ის მოამზადებინა ქონების შეფასების დოკუმენტი მისი კაპიტალში შეტანისა და კაპიტალიდან გატანის თარიღებისთვის, თუმცა შემოწმება არ დაეყრდნო აღნიშნულ მონაცემებს. ითხოვს მის მიერ წარდგენილ შეფასების დოკუმენტში მითითებული ქონების ღირებულებების გათვალისწინებას. ამასთან, განმარტავს, რომ კაპიტალში შეტანის დროს ქონების ღირებულება კერძო ლიცენზირებულმა ექსპერტმა შეაფასა დაახლოებით 400 000 ლარად, რაც გაითვალისწინა შემოწმებამ, თუმცა 5 თვის შემდეგ ქონების გატანის ღირებულება აუდიტის დეპარტამენტმა თავად შეაფასა 637 000 ლარად და არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარდგენილი კერძო ექსპერტის შეფასებული გატანის მომენტისათვის ქონების ღირებულება. მომჩივანი დამატებით აღნიშნავს, რომ ქონების კაპიტალში შეტანისა და გატანის მომენტებში ბუნებრივად წარმოშობილ ღირებულებებს შორის სხვაობის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული სხვაობა არ უნდა დაბეგრილიყო მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით, ვინაიდან საწარმოს არ მიუღია არანაირი სარგებელი და არც ხარჯი გაუწევია, რომლითაც შეიძლებოდა ესარგებლა კომპანიის დამფუძნებელს. მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის პირველი მარტის №5285 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ს“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 13 თებერვლიდან 2022 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის კუთხით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 20 დეკემბრის №32068 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №067-32 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 179 995 ლარი, მათ შორის გადასახადი 90 223 ლარი, ჯარიმა 37 010 ლარი და საურავი 52 762 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „--------ს“ (ს/ნ ------) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია -------. კომპანიის პარტნიორის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე --------მა კაპიტალში შეტანის გზით საკუთრებაში გადასცა, ხოლო შპს „--------მა“ (ს/ნ -------) საკუთრებაში მიიღო -------ის უძრავი ქონება (ქ. ------ში არსებული 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობა ღირებულებით - 240 000 ლარი). 2019 წლის 22 ივლისის შეთანხმებისა და გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის კაპიტალის შემცირების საფუძველზე, -------ს გადაეცა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება (10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა). შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარმოადგინა შპს „--------ის“ (ს/ნ ---------) კაპიტალში შეტანილი და უკან დაბრუნებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ჯამური საბაზრო ღირებულება 2019 წლის 27 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 399 587.42 ლარს (მიწა 256 044.76 ლარი, შენობა-ნაგებობა 143 542.63 ლარი). შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ გაიმიჯნა მიწისა და შენობა-ნაგებობის საკადასტრო კოდები. ამასთან, შემოწმების პროცესში შეფასებული იქნა აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებები, 2019 წლის 22 ივლისისთვის (კაპიტალის გატანა) მიწისა და შენობა-ნაგებობის ღირებულებამ შეადგინა 637 000 ლარი (მიწა 398 000 ლარი და შენობა 239 000 ლარი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტობრივი მოცემულობით, რომ მიწის ფართი შეადგენდა 10 0000 კვ.მ-ს, ხოლო შენობა-ნაგებობა 739.9 კვ.მ-ს, შემოწმება დაეყრდნო საბაზრო შეფასებას და განხორციელდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება. პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები არ იყო დეკლარირებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი 161-ე და 157-ე მუხლების შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა მიწოდებად, რომელმაც გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2019 წლის 22 ივლისი. პირს დამატებით დაერიცხა გადასახადი და ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 981 , 130-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდის/განაცემის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატებოდა (კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა) დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით, ხოლო დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევებში პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია საწარმოდან ან/და ამხანაგობიდან წილის სანაცვლოდ მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება (ამ შემთხვევაში ქონების გამოტანა ან/და რეგისტრაცია ითვლება ამხანაგობის მიერ ქონების მიწოდებად), რომლის დროსაც:
ე.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე;
ე.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება მომსახურების ან საქონლის ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განაწილებულ მოგებად არ ითვლება საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. ამ ქვეპუნქტის მიზნისათვის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ოპერაციის განხორციელების შემდეგ საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ მიიჩნევა პარტნიორის მიერ კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) განხორციელებულ შენატანად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნით ლიცენზირებულ საშემფასებლო კომპანიას მოამზადებინა ქონების შეფასების დოკუმენტი ამ ქონების კაპიტალში შეტანისა და კაპიტალიდან გატანის თარიღებისთვის, თუმცა შემოწმება არ დაეყრდნო აღნიშნულ მონაცემებს. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება კერძო ლიცენზირებული ექსპერტის მიერ მომზადებული ქონების შეფასების ღირებულებას და ითხოვს კომპანიის მიერ წარდგენილ შეფასების დოკუმენტში მითითებული ქონების ღირებულებების გათვალისწინებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და მის მიერ წარდგენილი, კომპეტენტური პირის მიერ გაცემული, უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და მის მიერ წარდგენილი, კომპეტენტური პირის მიერ გაცემული, უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის დამფუძნებლის მიერ კაპიტალიდან გატანილი უძრავი ქონების ღირებულების გაზრდას და დღგ-ით დაბეგვრას, ასევე, აღნიშნული ქონების კაპიტალიდან გატანის და კაპიტალში შეტანის მომენტებში ღირებულებებს შორის სხვაობის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის პარტნიორის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე კაპიტალში შეტანის გზით საკუთრებაში გადასცა, ხოლო მომჩივანმა კომპანიამ საკუთრებაში მიიღო დამფუძნებლის უძრავი ქონება (10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობა ღირებულებით - 240 000 ლარი). 2019 წლის 22 ივლისის შეთანხმებისა და გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიის კაპიტალის შემცირების საფუძველზე, დამფუძნებელს გადაეცა კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონება (10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა). შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოში წარმოადგინა მომჩივნის კაპიტალში შეტანილი და უკან დაბრუნებული ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის ჯამური საბაზრო ღირებულება 2019 წლის 27 ივლისის მდგომარეობით შეადგენდა 399 587.42 ლარს (მიწა 256 044.76 ლარი, შენობა-ნაგებობა 143 542.63 ლარი). შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ გაიმიჯნა მიწისა და შენობა-ნაგებობის საკადასტრო კოდები. ამასთან, შემოწმების პროცესში შეფასებული იქნა აღნიშნული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებები, 2019 წლის 22 ივლისისთვის (კაპიტალის გატანა) მიწისა და შენობა-ნაგებობის ღირებულებამ შეადგინა 637 000 ლარი (მიწა 398 000 ლარი და შენობა 239 000 ლარი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტობრივი მოცემულობით, რომ მიწის ფართი შეადგენდა 10 0000 კვ.მ-ს, ხოლო შენობა-ნაგებობა 739.9 კვ.მ-ს, შემოწმება დაეყრდნო საბაზრო შეფასებას და განხორციელდა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება. პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საწარმოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები არ იყო დეკლარირებული. აღნიშნული ოპერაცია ჩაითვალა მიწოდებად, რომელმაც გადააჭარბა 100 000 ლარს. შესაბამისად, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2019 წლის 22 ივლისი. პირს დამატებით დაერიცხა გადასახადი და ასევე დაჯარიმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
ამასთან, საწარმოს წილის სანაცვლოდ ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდის/განაცემის ის ნაწილი, რომელიც კაპიტალში პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას აღემატებოდა (კაპიტალიდან შენატანის უკან დაბრუნების მომენტისა და კაპიტალში შენატანის განხორციელების მომენტისთვის ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა) დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით, ხოლო დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევებში პირს დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და მის მიერ წარდგენილი, კომპეტენტური პირის მიერ გაცემული, უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 8(12), 43(4), 96"ა", 97(1"ა"), 981(1)(2"ა"), 130(1), 154(1"ზ"), 269(1)(7), 270(1), 272(1), 275(2), 282(1).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 157(1)(7), 160"ა", 161(1"ა""ე").