,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“

მთავრობის დადგენილება 03.06.2008
№ დოკუმენტი 131
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 131

2008 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ

1. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების თანდართული წესები.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი

ვ. გურგენიძე

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს დადგენილება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ( შემდგომში – თიზ) შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებს.

 

მუხლი 2. თიზის შექმნის მოთხოვნისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება

1. თიზის შექმნის შესახებ დასკვნის მომზადებისათვის პასუხისმგებელი ორგანოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. თიზი შეიძლება შეიქმნას როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირის ( შემდგომში – ორგანიზატორი) მოთხოვნით მის საკუთრებაში ან/ და თანამფლობელობაში არსებულ ან/ და იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე.

3. თიზისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი უნდა წარმოადგენდეს ერთიანი კონტურის მიწის ნაკვეთს, რომლის ფართობი უნდა იყოს 10 ჰექტარზე მეტი.

4. თიზის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და გამოსცემს საქართველოს მთავრობის დადგენილებას.

5. თიზი არ შეიძლება შეიქმნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე.

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აწარმოებს საქართველოში შექმნილი თიზების ერთიან შიდასაუწყებო რეესტრს.

7. თიზების ერთიანი შიდასაუწყებო რეესტრის ფორმა და წარმოების წესი მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №338- სსმ III, № 146,10.11. 2010 წ ., მუხ .2078

 

მუხლი 3. თიზის შექმნა ორგანიზატორის მოთხოვნით

1. თიზის შესაქმნელად ორგანიზატორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს განცხადებას თიზის შექმნის ინიციატივით.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს თიზის ფუნქციონირების ვადა.

3. თიზის მიწის ნაკვეთის იჯარის შემთხვევაში თიზის ფუნქციონირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს იჯარის ვადას.

4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემები (თარიღი, ინფორმაცია წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ), ინფორმაცია 10%-ზე მეტი წილის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

გ) მიწის ნაკვეთის 1 : 5 000, ან უფრო მსხვილი მასშტაბის ტოპოგრაფიული გეგმა, რომელზეც დატანილი უნდა იყოს თიზის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთები, არსებული შენობა-ნაგებობები, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები, სხვა ობიექტები და მათი დანიშნულება;

დ) თიზის მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო რუკა;

ე) მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეობის შემთხვევაში თანამესაკუთრეთა ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა, ხოლო მიწის იჯარის შემთხვევაში – მიწის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თიზის შექმნის შესახებ;

ვ) თიზის მოწყობისა და განვითარების კონცეფცია;

ზ) ამ წესების მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თიზის წესდების პროექტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს;

თ) „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის საბანკო გარანტია;

ი) დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ დაკმაყოფილებულია თიზის შექმნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები, ან წერილობითი სახის ვალდებულება, რომ ორგანიზატორი დააკმაყოფილებს თიზის შექმნისათვის დადგენილ მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში;

კ) სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები ორგანიზატორის შეხედულებისამებრ.

5. თიზის შექმნის ინიციატივით განცხადების წარდგენის უფლება არა აქვს იურიდიული პირის ფილიალს ან მის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (გარდა არარეზიდენტი პირის მუდმივი დაწესებულებისა).

6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევალება:

ა) განიხილოს განცხადება თიზის შექმნის შესახებ;

ბ) ორგანიზატორის მიერ დოკუმენტაციის კანონმდებლობით და ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამო ფორმით წარდგენის შემთხვევაში აცნობოს ორგანიზატორს დოკუმენტაციის ხარვეზების შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად. ასეთ შემთხვევაში განცხადების განხილვის ვადა აითვლება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის თარიღიდან;

გ) თიზის შექმნის შესახებ ორგანიზატორის სრულყოფილი განცხადების მიღების შემდეგ 30 დღის ვადაში მოამზადოს დასკვნა თიზის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ, ხოლო უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში მოამზადოს დასაბუთებული უარი;

დ) თუ ორგანიზატორმა წარადგინა თიზის წესდება, შეისწავლოს წესდების პროექტი და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში ასახოს, რამდენად შეესაბამება თიზის წესდების პროექტი საქართველოს კანონმდებლობას;

ე) თიზის შექმნის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში მოამზადოს ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულების პროექტი და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;

ვ) თიზის შექმნის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში მოამზადოს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი თიზის შექმნის შესახებ;

ზ) დაიცვას შემოსულ განაცხადსა და მის თანმხლებ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;

თ) თიზის შექმნის შესახებ დადებითი დასკვნის შემთხვევაში თიზის ორგანიზატორს მოსთხოვოს:

თ.ა) თიზის მოწყობის სიტუაციური გეგმის (ნახაზის) წარმოდგენა;

თ.ბ) ორგანიზატორის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მითითების შესაბამისად, თიზის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობის სიტუაციური გეგმა (ნახაზი), რომელშიც აგრეთვე სავალდებულოა აისახოს საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო ორგანოს მიერ სახელმწიფო სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა და სპეციალური ტექნიკა-დანადგარების განთავსების სიტუაციური გეგმა;

თ.გ) ორგანიზატორის მიერ თიზის შექმნის ვალდებულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გარანტიის 10%-ის ოდენობით, რომლის ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო მოქმედების ვადა უნდა დაიწყოს თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 15 დღისა, და რომელიც უნდა მოქმედებდეს თიზის ფუნქციონირების დაწყების პირველი დღის ჩათვლით, ან საქართველოში მდებარე, სულ მცირე, იმავე ღირებულების მაღალლიკვიდური უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთვის ან იმავე ოდენობის თანხის სახაზინო დეპოზიტზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) სსიპ – შემოსავლების სამსახურთან შეათანხმოს თიზის მოწყობის გეგმის ის ნაწილი, რომლის მოთხოვნებიც რეგულირდება „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7. თუ მხარეთა მიერ თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სახელმწიფო მონაწილეობს მხოლოდ თიზის საზღვრამდე საავტომობილო გზის მიყვანის სამუშაოებთან დაკავშირებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ნაწილის დაფინანსებაში, რისთვისაც აუცილებელია:

ა) ორგანიზატორის შესაბამისი თხოვნისა და საქართველოს მთავრობის თანხმობის არსებობა;

ბ) ორგანიზატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუთანხმოს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოების პროექტის სამშენებლო დოკუმენტაცია.

8. თუ მხარეთა მიერ თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სახელმწიფო არ აფინანსებს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტის დოკუმენტაციით გათვალისწინებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების 50 პროცენტზე მეტ ოდენობას.

9. ორგანიზატორს მოეთხოვება თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა უზრუნველმყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ:

ა) ორგანიზატორი თვითონ დააფინანსებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების პროექტის სამშენებლო პროექტის დოკუმენტაციით გათვალისწინებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების სრულ ოდენობას და სამუშაოების დასრულების შემდეგ სახელმწიფო ორგანიზატორს აუნაზღაურებს აღნიშნული ხარჯების ნაწილს შეთანხმებული ოდენობით, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში;

ბ) ორგანიზატორსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტის სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ნაწილს დააფინანსებს ჯერ ორგანიზატორი, ხოლო დანარჩენ ნაწილს – სახელმწიფო, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში;

გ) თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს თიზის საზღვრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიყვანის პროექტის სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების თავის ნაწილს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ორგანიზატორის მიერ ამ პუნქტში აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების დადასტურება.

12. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ოდენობა უნდა იყოს საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტის სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იმ გონივრული ოდენობის პირდაპირი ფინანსური ხარჯების ტოლი, რომელსაც გაიღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, და იგი უნდა მოქმედებდეს აღნიშნული საგზაო სამუშაოების განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში.

13. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) გარანტის სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) პრინციპალის სრულ დასახელებას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;

გ) ბენეფიციარს;

დ) გარანტიის ობიექტს და გარანტის ვალდებულებას;

ე) გარანტიის მოქმედების ტერიტორიას;

ვ) გარანტიის თანხას და გარანტიის მოქმედების პერიოდს;

ზ) დადასტურებას, რომ გარანტი იღებს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე გადაუხადოს ბენეფიციარს ნებისმიერი თანხა, მაგრამ არა უმეტეს გარანტიით გათვალისწინებული თანხისა მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

14. ორგანიზატორის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის თიზის საზღვრამდე მიყვანის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

15. ორგანიზატორის მიერ თიზის მოწყობასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს საბანკო გარანტიის სახელმწიფოს სასარგებლოდ რეალიზაციას (ჩამოჭრას) მის მიერ დადგენილი ოდენობის ფარგლებში „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-5 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 27 ივნისის დადგენილება №142, სსმIII, №93, 01.07.2008წ., მუხ.1028

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №201, სსმIII, №143, 30.092008წ., მუხ.1416

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №338-სსმIII, № 146,10.11. 2010წ., მუხ.2078

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №8-ვებგვერდი,10.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივლისის დადგენილება №264 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 15.01.2020წ.

 

მუხლი 4. თიზის ფუნქციონირების დაწყება და ფუნქციონირების შეჩერება

1. თიზის ფუნქციონირება შესაძლებელია დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც:

ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ფიზიკურად შემოწმდება და დადასტურდება თიზის შესაბამისობა „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ბ) წარდგენილი იქნება საბანკო გარანტია ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეწყობა თიზში შესასვლელი და გამოსასვლელი პუნქტები ფეხით მოსიარულეთათვის.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

4. იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაკმაყოფილებული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, ორგანიზატორს ეძლევა გონივრული ვადა არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

5. (ამოღებულია - 18.07.2012, №264).

6. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს თიზში საბაჟო საწყობის მოწყობა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. თიზში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესი განისაზღვრება „თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

8. თიზის ფუნქციონირების პერიოდში მისი ფუნქციონირებისათვის დადგენილი ტექნიკური, საორგანიზაციო და სხვა მოთხოვნების დარღვევის, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეუთანხმებლად შესასვლელ-გამოსასვლელის ან/და შენობა-ნაგებობის დამატების შემთხვევაში დგება საკითხი თიზის ფუნქციონირების შეჩერების თაობაზე და ორგანიზატორს ეძლევა გონივრული ვადა არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შუამდგომლობს სასამართლოში თიზის ლიკვიდაციის თაობაზე, ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის დადგენილება №189, სსმIII, №86,15.07. 2010წ., მუხ.1270

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №338-სსმIII, № 146,10.11. 2010წ., მუხ.2078

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №8-ვებგვერდი,10.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივლისის დადგენილება №264 – ვებგვერდი, 20.07.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 15.01.2020წ.

 

მუხლი 5. სახელმწიფო მომსახურება და ზედამხედველობა თიზში

1. თიზის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სახელმწიფო მომსახურების ან/და ზედამხედველობის უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს ორგანიზატორის/ადმინისტრატორის მოთხოვნისა და მასთან შეთანხმების საფუძველზე შემდეგი ფორმ(ებ)ით:

ა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოცემულ თიზში არსებული ერთიანი მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოს – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თიზის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით;

ბ) თიზში განთავსებული სახელმწიფო ორგანოების დამოუკიდებელი წარმომადგენლობ(ებ)ის მეშვეობით;

გ) თიზის ფარგლებს გარეთ განთავსებული სახელმწიფო ორგანო(ებ)ის მეშვეობით.

11. თიზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხთა განხილვის მიზნით შეიძლება შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობა და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

2. თიზში სახელმწიფო მომსახურების ან/და ზედამხედველობის განხორციელების ფორმა ორგანიზატორთან/ადმინისტრატორთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

21. თიზში მოქმედებენ იმ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობები, რომლებიც აუცილებელია თიზის ფუნქციონირებისათვის და ისინი ემსახურებიან მხოლოდ ამ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოებს.

3. თიზში მოქმედი სახელმწიფო ორგანოების მიზანია თიზში რეგისტრირებული საწარმოებისათვის სახელმწიფო მომსახურების მაღალი ხარისხითა და ერთი სარკმლის პრინციპით გაწევის უზრუნველყოფა. თიზის საწარმოების მომსახურება/ზედამხედველობა შეიძლება გასწიონ შემდეგმა სახელმწიფო ორგანოებმა ან მათმა წარმომადგენლობებმა:

ა) სსიპ – შემოსავლების სამსახურმა;

ბ) სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ;

გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა ტრანსპორტის დარგში ფუნქციების განმახორციელებელმა შესაბამისმა სააგენტოებმა;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ;

ე) სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ;

ვ) სსიპ – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა;

ზ) სსიპ-მა – აწარმოე საქართველოში;

თ) სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ;

ი) სხვა ორგანოებმა ან მათმა წარმომადგენლობებმა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის ორგანიზატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია, სარგებლობაში თხოვების ან უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცეს თიზის სააგენტოს ან თიზში დამოუკიდებლად არსებულ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებს კეთილმოწყობილი სამუშაო ფართობი, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის თანახმად საქონლის დათვალიერებისათვის, სინჯის ან/და ნიმუშის ასაღებად საჭირო შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი ფართობი გონივრულ ფარგლებში.

5. კეთილმოწყობილი სამუშაო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში ერთ დასაქმებულზე (გარდა დამხმარე მოსამსახურეებისა) 15 კვადრატულ მეტრს. ფართობის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობასა და ორგანიზატორს შორის თიზის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა თაობაზე დადებული ხელშეკრულებით.

6. თიზში საწარმოებს შეიძლება გაეწიოთ სხვადასხვა სახის მომსახურება, მათ შორის:

ა) დარეგისტრირდნენ მოცემული თიზის გადამხდელად „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად;

ბ) მიიღონ საქართველოში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილი ფორმით;

გ) ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია და კონსულტაციები მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე აქტების, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვათა შესახებ;

დ) ხელმისაწვდომი იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ან მათ მიერ გამოცემული მათი საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკური რეგლამენტები, სტანდარტები და სხვა მარეგულირებელი ნორმები და გაეწიოთ შესაბამისი კონსულტაციები;

ე) მეტროლოგიური მომსახურება (გამზომი საშუალებების დაკალიბრება, ეტალონებიდან ზომის გადაცემა და სხვ.);

ვ) საგამოცდო ლაბორატორიებისა და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაცია და მასთან დაკავშირებული კონსულტაციები;

ზ) სხვა სახის მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია თიზში ეკონომიკურ საქმიანობასთან.

7. თიზის საწარმო ლიცენზიას/ნებართვას მოიპოვებს ლიცენზიის/ნებართვის სახიდან გამომდინარე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში და წესით.

8. თიზში ლიცენზია/ნებართვა თიზის საწარმოსათვის გაიცემა სააგენტოს მეშვეობით.

9. თიზის საწარმოები გათავისუფლებული არიან თიზში შემდეგი სახის ლიცენზიების/ნებართვების აღების ვალდებულებისაგან:

ა) ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიისაგან;

ბ) ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზიისაგან;

გ) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიისაგან;

დ) ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიისაგან;

ე) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიისაგან;

ვ) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიისაგან;

ზ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიისაგან;

თ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვისაგან;

ი)(ამოღებულია - 14.01.2020, №24);

კ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისაგან;

ლ)საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვისაგან, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდავი;

მ) ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვისაგან;

ნ) ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვისაგან;

ო) ავტორიზებული აფთიაქის ნებართვისაგან;

პ) (ამოღებულია - 14.01.2020, №24);

ჟ) (ამოღებულია - 14.01.2020, №24);

რ) არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვისაგან.

10. თიზში მშენებლობის ნებართვის გაცემა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 მარტის №54 დადგენილებით „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამარტივებული წესების დამტკიცების შესახებ“.

11. „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის საფუძველზე, ადმინისტრატორი უზრუნველყოფს თიზში უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №201, სსმIII, №143, 30.092008წ., მუხ.1416

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №338-სსმIII, № 146,10.11. 2010წ., მუხ.2078

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №8-ვებგვერდი,10.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 15.01.2020წ.

 

მუხლი 6. თიზის მომსახურების/ზედამხედველობის ორგანო – თიზის სააგენტო

1. თიზის სააგენტო ფუძნდება მხოლოდ ორგანიზატორის/ადმინისტრატორის სურვილისა და მოთხოვნის შემთხვევაში.

2. თიზის სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ფუძნდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

3. თიზის სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო.

4. სააგენტოს დებულების, საშტატო ნუსხისა და ბიუჯეტის დამტკიცების სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოს განსაზღვრის საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. თიზის სააგენტოს უფლება აქვს მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი შემოსავალი.

6. სააგენტო თიზში რეგისტრირებულ საწარმოებს უწევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო მომსახურებას, რომლის საფასური არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოსაკრებლების ოდენობას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გარდა სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის შემოსავლების ოდენობა განისაზღვრება წინასწარ სააგენტოსა და ორგანიზატორს ან ადმინისტრატორს შორის შეთანხმების საფუძველზე.

8. თიზის სააგენტო ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მომსახურების საფასურის ოდენობის შესახებ, ხოლო საფასურის ოდენობის ცვლილების შემთხვევაში – სულ მცირე ერთი თვით ადრე აცნობოს თიზის საწარმოებს და ადმინისტრატორს ცვლილების შესახებ.

9. თიზის სააგენტო მუშაობს „ერთი სარკმლის“ პრინციპით და ემსახურება მხოლოდ თიზში რეგისტრირებულ საწარმოებს და მომსახურებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით ან/და საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში და პირობებით. სააგენტო თიზში რეგისტრირებულ საწარმოებს მომსახურებას უწევს მხოლოდ საწარმოების სურვილის შემთხვევაში.

10. თიზის სააგენტო ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

ა) შესაბამისი უფლებამოსილების დელეგირების საფუძველზე ახდენს თიზის საწარმოს თიზის გადამხდელად რეგისტრაციას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად;

ბ) ახორციელებს თიზში რეგისტრირებული ან დარეგისტრირების მსურველი საწარმოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას;

გ) უზრუნველყოფს თიზში დარეგისტრირებული საწარმოების ურთიერთობებს იმ სახელმწიფო ორგანოებთან, რომლებიც აუცილებელია თიზში საქმიანობისათვის;

დ) გასცემს თიზში რეგისტრირებულ საწარმოზე ლიცენზიას ან/და ნებართვას;

ე) (ამოღებულია - 14.12.2015, №624);

ვ) (ამოღებულია);

ზ) ყოველწლიურად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ანგარიშს თიზში გაწეული მომსახურების შესახებ; ანგარიშის ასლს წარუდგენს ორგანიზატორს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი პირისათვის;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მისი დებულებით ნებადართულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №201, სსმIII, №143, 30.092008წ., მუხ.1416

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №338-სსმIII, № 146,10.11. 2010წ., მუხ.2078

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №8-ვებგვერდი,10.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №511 – ვებგვერდი, 27.08.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №624 - ვებგვერდი, 16.12.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 15.01.2020წ.

 

მუხლი 7. თიზის მართვა და ფუნქციონირება

1. თიზის მართვას ახორციელებს ადმინისტრატორი, რომელიც შეიძლება იყოს თვითონ ორგანიზატორი, ან მის მიერ დანიშნული როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. ორგანიზატორი ან/და ადმინისტრატორი არ წარმოადგენს თიზის საწარმოს და რეგისტრირებულ უნდა იქნეს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თიზის გარეთ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი არარეზიდენტი იურიდიული პირია, თიზის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მან უნდა დააფუძნოს მუდმივი დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ორგანიზატორი შეიმუშავებს თიზის წესდების პროექტის საბოლოო ვარიანტს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

5. თიზის წესდებით შეიძლება დარეგულირდეს:

ა) ადმინისტრატორის ფუნქციები და მოვალეობები;

ბ) ის მოთხოვნები და პირობები, რომელთა აღიარება და შესრულება ევალება თიზში რეგისტრირებულ საწარმოს;

გ) თიზში წარმოქმნილი დავების გადაწყვეტის წესი;

დ) თიზის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი;

ე) კანონით დადგენილი სხვა საკითხები.

6. ორგანიზატორი/ადმინისტრატორი თიზის წესდებით განსაზღვრავს თიზში არაოფიციალური საქმისწარმოების ენას, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა.

7. თიზის ორგანიზატორი უფლებამოსილია თიზის წესდებით განსაზღვროს, რომ თიზში წარმოქმნილ დავებს, რომლებშიც სახელმწიფო არ გამოდის ერთ-ერთ მოდავე მხარედ, განიხილავს და გადაწყვეტს თიზში მოქმედი საერთაშორისო არბიტრაჟი.

8. წესდებით ასევე შეიძლება განისაზღვროს, რომ თიზში წარმოქმნილი დავების განხილვა და გადაწყვეტა განხორციელდეს როგორც საერთო სასამართლოს, ისე არბიტრაჟის მიერ, მათ შორის, თიზში შექმნილი დროებითი კერძო არბიტრაჟის, სხვა კერძო არბიტრაჟის, მათ შორის, საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დავის განხილვის ორგანოს თიზის საწარმოები ირჩევენ ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ დავის გადაწყვეტის საკითხი მხარეთა შორის არ არის დარეგულირებული, დავის განხილვა და გადაწყვეტა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. თიზის წესდებით შესაძლებელია დარეგულირდეს წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი. დასაშვებია წესდების სხვადასხვა ნაწილებისა და საკითხების ცვლილების განსხვავებული წესებით დარეგულირება.

11. თუ წესდება მასში ცვლილებების შეტანის სხვა წესს არ ითვალისწინებს, უნდა განისაზღვროს წესდების ის ნაწილები, რომლებიც:

ა) არ ექვემდებარება ცვლილებას;

ბ) ექვემდებარება ცვლილებას ორგანიზატორის ინიციატივით;

გ) ექვემდებარება ცვლილებას თიზის საწარმოების რაოდენობის 75%-ის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

12. იმ შემთხვევაში, თუ წესდება არეგულირებს მასში ცვლილებების შეტანის წესს, წესდება უნდა შეიცავდეს მკაფიო მითითებას მისი ყოველი ცალკეული ნაწილის ცვლილების წესის შესახებ.

13. თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ორგანიზატორმა სულ მცირე ერთი წლით ადრე თიზში რეგისტრირებულ ყველა საწარმოს წერილობით უნდა აცნობოს ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შეტანის შესახებ. ასეთ შემთხვევაში წესდებაში ცვლილებები ძალაში შედის თიზის საწარმოების შეტყობინებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

14. იმ შემთხვევაში, თუ წესდებითა და ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და, თუ ორგანიზატორმა განახორციელა ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, თიზში რეგისტრირებული ნებისმიერი საწარმო, რომელსაც ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი ვალდებულებები ორგანიზატორის წინაშე, გათავისუფლებულია მათი შესრულებისაგან და უფლებამოსილია ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს ადმინისტრატორთან დადებული ხელშეკრულებები წესდების ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან.

15. თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორმა მოიპოვა ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმრავლესობის წერილობითი თანხმობა, მაშინ წესდებაში ცვლილებები ძალაში შედის შეტყობინებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.

16. თიზის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, თუ თიზის მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე არ უქმდება თიზის სტატუსი, ორგანიზატორს ევალება მხოლოდ წერილობით აცნობოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თიზის საწარმოებს მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის გასხვისების ფაქტისა და ახალი მესაკუთრის შესახებ.

17. თიზის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის შეცვლისას, იმ შემთხვევაში, თუ თიზის სტატუსი არ უქმდება, ორგანიზატორს (ან ახალ მესაკუთრეს) მოეთხოვება, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინოს ახალი მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მოცემულ მიწის ნაკვეთზე თიზის არსებობის შესახებ.

18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ იცვლება თიზის ორგანიზატორი, ახალ ორგანიზატორს მოეთხოვება იმოქმედოს ამ წესების გათვალისწინებით და მოიპოვოს თანხმობა თიზის შექმნის შესახებ.

19. იმ შემთხვევაში, თუ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე ახალ მესაკუთრეს სურს თიზის სტატუსის გაუქმება, ხორციელდება თიზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.

20. თიზის მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, თუ გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე რომელიმე პირს სურს ახალი თიზის შექმნა და მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, ახალი თიზის შექმნის მსურველი (ახალი ორგანიზატორი) ვალდებულია თიზის სტატუსის მოსაპოვებლად განახორციელოს ამ წესებით გათვალისწინებული მოქმედებები და მოიპოვოს თანხმობა თიზის შექმნის შესახებ.

21. თიზის მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისების დროს, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენარჩუნდება თიზის სტატუსი, ნაკლებია 10 ჰექტარზე, ხორციელდება ამ წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებული თიზის ლიკვიდაციის პროცედურები.

22. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იჯარის შეწყვეტის შემთხვევაში, თუ იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული იყო თიზის ნაწილზე, თიზის დარჩენილ (იჯარის გარდა) ნაწილზე არ გაუქმდება თიზის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორი უზრუნველყოფს დარჩენილ მიწის ნაკვეთზე თიზის ფუნქციონირებისათვის ამ წესებით გათვალისწინებულ მოქმედებებს და მოიპოვებს თანხმობას თიზის შექმნის შესახებ.

23. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორს სურს გაზარდოს თიზის მიწის ნაკვეთის ფართობი, იგი ვალდებულია სულ მცირე 3 თვით ადრე აცნობოს ამ განზრახვის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წარუდგინოს მას ამ წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გეგმები თიზის გაფართოებული საზღვრების ჩვენებით და თიზის ახალ ტერიტორიაზე დააკმაყოფილოს თიზის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის ამ წესებით დადგენილი ყველა პირობა.

24. იმ შემთხვევაში, თუ თიზის მიწის ნაკვეთის გაფართოება ხდება სხვა კერძო პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ხარჯზე, ორგანიზატორმა ამ მუხლის 23-ე პუნქტში აღნიშნულ შეტყობინებას უნდა დაურთოს მიწის მესაკუთრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თიზის შექმნის შესახებ.

25. თიზის ადმინისტრატორი შეიმუშავებს ზონის განაშენიანების დეტალურ გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით.

26. თიზის განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამის მოთხოვნებს.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №201, სსმIII, №143, 30.092008წ., მუხ.1416

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №338-სსმIII, № 146,10.11. 2010წ., მუხ.2078

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 15.01.2020წ.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №478 – ვებგვერდი, 11.10.2022წ.

 

მუხლი 8. თიზში აკრძალული და შეზღუდული საქმიანობა

1. თიზში აკრძალულია:

ა) შენობის საცხოვრებლად გამოყენება და სამოსახლო და სასტუმრო დანიშნულების კაპიტალური და დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;

ბ) იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა;

გ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;

დ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;

ე) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. თიზის ტერიტორიაზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა აკრძალვები და შეზღუდვები.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №480 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

 

მუხლი 9. თიზის ლიკვიდაცია

1. თიზის ლიკვიდაციის საფუძველია:

ა) თიზის ვადის ამოწურვა;

ბ) ორგანიზატორის განცხადება თიზის ლიკვიდაციის თაობაზე;

გ) სასამართლო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე.

2. თიზის სტატუსის ვადის ამოწურვამდე ლიკვიდაციის განზრახვის შემთხვევაში ორგანიზატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და თიზში რეგისტრირებულ ყველა საწარმოს სულ მცირე ერთი წლით ადრე წერილობით უნდა აცნობოს ლიკვიდაციის განზრახვის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზში რეგისტრირებული ნებისმიერი საწარმო, რომელსაც ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი ვალდებულებები ორგანიზატორის წინაშე, გათავისუფლებულია მათი შესრულებისაგან და უფლებამოსილია ყველანაირი ჯარიმისა და სანქციის გარეშე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება ლიკვიდაციის დღიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.

4. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით თიზის სტატუსის გაუქმების შესახებ ორგანიზატორის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ისეთ შემთხვევებში შეუსრულებლობის დროსაც, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობა ან ამ წესების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული ხელშეკრულება რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს.

5. ორგანიზატორსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებით იქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომელიც განახორციელებს თიზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, კერძოდ:

ა) ამზადებს დასკვნას ორგანიზატორის ან/და ადმინისტრატორის საქართველოს მთავრობისადმი არსებული კრედიტორული/დებიტორული დავალიანების შესახებ;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

გ) სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ამზადებს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს თიზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

6. ლიკვიდაციის დროს თიზის სააგენტო და ადმინისტრატორი ვალდებულნი არიან, კოორდინაცია გაუწიონ თიზის საწარმოების მიერ სასაქონლო-მატერიალური ნაშთების ინვენტარიზაციასა და მარაგების დეკლარირებას საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

7. თიზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №338-სსმIII, № 146,10.11. 2010წ., მუხ.2078

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის დადგენილება №8-ვებგვერდი,10.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 15.01.2020წ.

 

მუხლი 10. დასკვნითი დებულება

მე-3 მუხლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება დადგენილების ძალაში შესვლამდე დამყარებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №201, სსმIII, №143, 30.092008წ., მუხ.1416

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე