საგადასახადო აგენტი N 2405
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საგადასახადო აგენტი N 2405
ფაქტობრივი გარემოებები
•2007 წელს სამარშრუტო ხაზის მფლობელი საწარმო ორგანიზებას უწევდა მგზავრთა გადაყვანას სამარშრუტო ტაქსების მძღოლების მეშვეობით
•ვარიანტი I: საწარმოს მძღოლებთან არა აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, ამასთან მძღოლები არ იყვნენ რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელად და შესაბამისად, არ გააჩნდათ გადასახადის გადამხდელის მოწმობა
•ვარიანტი II: მძღოლები საწარმოს დაქირავებული პირები არიან
•თუმცა, ორივე ვარიანტში, საწარმოს მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მგზავრთა გადაყვანიდან შემოსული თანხების გარკვეული ნაწილი დაუბეგრავად გაიცემა მძღოლებზე; საწარმომ ერთობლივ შემოსავალში ასახა მხოლოდ მისი კუთვნილი ნაწილი
შეფასება
•ორივე ვარიანტში, საწარმო ვალდებული იყო მთელი შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში, ხოლო მძღოლებზე გაცემული თანხები ეღიარებინა გამოსაქვით ხარჯად
•ორივე ვარიანტში, საწარმო ვალდებული იყო:
ა) შეესრულებინა საგადასახადო აგენტის ვალდებულება მძღოლებზე გაცემული თანხების მიხედვით;
ბ) დაერიცხა სოციალური გადასახადი მძღოლებზე გაცემულ თანხებზე; აღნიშნულ საწარმოს პირველ ვარიანტში უნდა განეხორციელებინა იმის გამო, რომ მძღოლები არ იყვნენ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად (არ გააჩნდათ გადასახადის გადამხდელის მოწმობა), ხოლო მე-2 ვარიანტში, იმის გამო, რომ მძღოლები იყვნენ საწარმოს მიერ დაქირავებული პირები
ღონისძიებები
•შეფასებაში აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, გადაანგარიშდება საწარმოს დასაბეგრი ბაზა მოგების, საშემოსავლო და სოციალური გადასახადების მიხედვით და დაერიცხება კუთვნილი გადასახადები
•შესაბამის დეკლარაციებში გადასახადების შემცირების შემთხვევაში, საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე
•პირველ ვარიანტში, მძღოლები დაჯარიმდებიან სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევის გამო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულის განუხორციელებლობის პერიოდში მძღოლების შემოსავლები ექვემდებარებოდა წყაროსთან დაბეგვრას, მძღოლებზე არ გავრცელდება სსკ-ის 131-ე მუხლი
•პირველ ვარიანტში, უნდა შედგეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ასკ-ის 164-ე მუხლის საფუძველზე