გადაწყვეტილება №20261/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.10.2023
№ დოკუმენტი 20261/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20261/2/2023

04 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 14.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20261/2/2023).

 

დავის საგანი:

განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №002-222 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13969 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 469 109 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 288 540

ჯარიმა - 144 270

საურავი - 36 299

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები. საწარმოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 2021 წლის 18 მაისს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №26033 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია არარეზიდენტი ფიზიკური პირი -------, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს საწარმოს დირექტორს. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე განაწილებული მოგება შეადგენდა 1 635 407 ლარს, რომელსაც საწარმო არ ბეგრავდა მოგების გადასახადით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემებით, საწარმოს არ უფიქსირდებოდა დაქირავებით მომუშავე პირები შესაბამისი პროფილური განხრით, ხელფასის სახით განაცემები და საწარმოს დირექტორი ------- კომპანიის დაფუძნების დღიდან საქართველოში იმყოფებოდა 20 დღის განმავლობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორმა წარადგინა განცხადება და განმარტა, რომ საქმიანობას ახორციელებს პირადად, დისტანციურად, არ ჰყავდა დაქირავებით მომუშავე პირები შესაბამისი პროფილური განხრით, საწარმოს არ გააჩნდა საქართველოში საკუთრებაში არსებული ქონება და არც იჯარით აღებული ფართი, სადაც შეძლებდა საქმიანობის განხორციელებას. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით: „მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნებისათვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ახორციელებდეს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მოგებას იღებდეს მის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების) საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით (მათ შორის, მომსახურების სახით მიწოდებით). იმისათვის რომ პირის საქმიანობა ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობად და შესაბამისად, ასეთი საქმიანობის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიები (პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები) საქართველოში შექმნილად, სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად დაბეგვრის მიზნებისათვის არსებითია, რომ ვირტუალური ზონის პირი საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაქმნელად იყენებდეს საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომას, მათ შორის, აუცილებლად შესაბამისი პროფილური განხრით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სახელფასო განაცემი არსებითად უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი პროფესიების მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე არსებულ ხელფასს". ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიას არ ჰყავდა დაქირავებული პირი, არ გასცემდა ხელფასს, ასევე არ გააჩნდა ოფისი, საწარმო ვერ ისარგებლებდა საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №31183 ბრძანება და №002-222 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 469 109 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 12 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №13969 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13969 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 73-ე, მე-8, 97-ე, 98-ე, 981 , 99-ე, 43-ე მუხლებზე, „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-3, მე-6 მუხლებზე, „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის №89 დადგენილების მე-5 მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მომჩივანი არ ეთანხმება განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებულ მოგებას დივიდენდის სახით ინაწილებდა დამფუძნებელი, შექმნილია სწორედ მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში, კერძოდ, 2021 წლის მაისში, ივნისსა და აგვისტოს თვეებში. შემდგომ კი ხდებოდა ამ პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება. ამასთან, რაიმე დამატებითი პროდუქტი დამფუძნებლის/დირექტორის მიერ საქართველოში არყოფნის პერიოდში არ შექმნილა. ასევე, გადასახადის გადამხდელს უფრო სამართლიანად მიაჩნია დამფუძნებლის/დირექტორის მიერ მიღებული დივიდენდის ნაწილი დაკვალიფიცირდეს ხელფასის სახით მიღებულ ანაზღაურებად, ვინაიდან დამფუძნებელი/დირექტორი თავად ახორციელებდა საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტის შექმნას და არ საჭიროებდა სხვა სპეციალისტების ჩართვას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს, რომ თუ ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას და ხორციელდება სახელფასო განაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა რეზიდენტია თუ არა დაქირავებული.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ შეღავათით სარგებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ მათ მიერ სწორად ხდებოდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება, ვინაიდან არც საგადასახადო კოდექსში და არც ვირტუალური ზონების შესახებ კანონში არ ყოფილა დეტალურად გაწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ აქტში მოყვანილი შეზღუდვების შესახებ, რომელიც მსჯელობის საგანი შემოსავლების სამსახურის მხრიდან გახდა მხოლოდ 2022 წელს და რაც აუცილებელი იქნებოდა იმისათვის, რომ კომპანიას ესარგებლა ვირტუალური ზონის საწარმოსთვის განკუთვნილი შეღავათებით, კერძოდ, ის გარემოება, რომ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა ჰქონოდა ოფისი (საკუთრებაში ან იჯარით), კომპანიის დირექტორი ან/და დაქირავებული პირები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ა.შ.

აღსანიშნავია ასევე, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებულ მოგებას დივიდენდის სახით ინაწილებდა დამფუძნებელი, შექმნილია სწორედ მისი საქართველოში ყოფნის პერიოდში. კერძოდ, 2021 წლის მაისში, ივნისში და აგვისტოში. შემდგომ კი ხდებოდა ამ პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება, რაიმე დამატებითი პროდუქტი დამფუძნებლის/დირექტორის მიერ საქართველოში არყოფნის პერიოდში შექმნილი არ ყოფილა. ამდენად, კომპანია სამართლიანად და არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში სარგებლობდა ვირტუალური ზონის პირის სტატუსით.

ასევე, თუ კი შემოწმების პოზიციით აპელირება ხდება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაზე, უფრო სამართლიანი იქნებოდა დამფუძნებლის/დირექტორის მიერ მიღებული დივიდენდის ნაწილი დაკვალიფიცირებული ყოფილიყო ხელფასის სახით მიღებულ ანაზღაურებად, ვინაიდან დამფუძნებელი/დირექტორი თავად ახორციელებდა საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტის შექმნას და არ საჭიროებდა სხვა სპეციალისტების ჩართვას და არ მიაჩნიათ მართებულად ვირტუალური ზონის პირის სტატუსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების გამოყენების შეზღუდვა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ საკითხთან დაკავშირებულ უკვე მესამე, 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებულ „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდურ მითითებაზე, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები შექმნილად ითვლება, თუ მისი შექმნა არსებითად ხორციელდება უშუალოდ დაქირავებულ(ებ)ის ან/და რეზიდენტი დამფუძნებლ(ებ)ის მიერ. ასევე, ამ უკანასკნელ მეთოდურ მითითებაში მოყვანილი მაგალითები არსებითად განსხვავდება 2022 წლის მარტის თვის მეთოდური მითითებისგან, რაც გადამხდელისთვის კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის შემოსავლების სამსახურის მიდგომას და საკითხის ინტერპრეტაციას, რომელიც გადამხდელს არ შეიძლებოდა ცოდნოდა საქმიანობის დაწყებისას, შესაბამისი სტატუსის მოპოვებისას და საქმიანობის განხორციელებისას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს/შემცირდეს შემოწმების შედეგად დარიცხული მოგების გადასახადი და დაკისრებული ჯარიმა-საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).

ების განაწილება). „ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის №89 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებულ იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.

შემოწმების აქტის მიხედვით, მომჩივანს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 2021 წლის 18 მაისს. კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია არარეზიდენტი ფიზიკური პირი -------, რომელიც ამავდროულად არის საწარმოს დირექტორი. შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე განაწილებული მოგება შეადგენდა 1 635 407 ლარს, რომელსაც საწარმო არ ბეგრავდა მოგების გადასახადით. ამასთან, კომპანიას არ უფიქსირდებოდა დაქირავებით მომუშავე პირები შესაბამისი პროფილური განხრით და ხელფასის სახით განაცემები. საწარმოს დირექტორი ------- კომპანიის დაფუძნების დღიდან საქართველოში იმყოფებოდა 20 დღის განმავლობაში. საწარმოს დირექტორის განმარტებით, საქმიანობას ახორციელებს პირადად, დისტანციურად, არ ჰყავდა დაქირავებით მომუშავე პირები შესაბამისი პროფილური განხრით, საწარმოს არ გააჩნდა საქართველოში საკუთრებაში არსებული ქონება და არც იჯარით აღებული ფართი, სადაც შეძლებდა საქმიანობის განხორციელებას. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, ვინაიდან კომპანიას არ ჰყავდა დაქირავებული პირი, არ გასცემდა ხელფასს, არ გააჩნდა ოფისი, საწარმო ვერ ისარგებლებდა საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა-საურავი.

შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის, შესასწავლია პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნის საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13969 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს განაწილებული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრა

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 12 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №13969 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13969 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის, შესასწავლია პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნის საკითხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 981; 99(ჟ); 275;

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის N33544 ბრძანება