გადაწყვეტილება №18324/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18324/2/2022
10.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს------------- (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ის“ 29.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----------------).
დავის საგანი:
1. არარეზიდენტის მიერ გაწეული საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებისათვის ანაზღაურებული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №001-111 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28158 ბრძანება
დარიცხული თანხა: 170 949 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 106 917
დღგ - 105 796
მოგების გადასახადი - 632
საშემოსავლო გადასახადი - 489
ჯარიმა - 52 754
საურავი - 11 278
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სარეკლამო შესაფუთი საშუალებების (სტიკერი, კლიშე, ეტიკეტი, შესაფუთი ფირები), ჰიგიენური, დასუფთავებისა და მოვლის საშუალებების, საყოფაცხოვრებო წვრილმანი ნივთების ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე შეძენა, ასევე იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადამხდელს, ასევე, უფიქსირდება ბეჭდვითი მომსახურების შეძენა - მიწოდება (საშუამავლო მომსახურება). 2020 წლის ----------დან საქმიანობას ახორციელებს ქ. თბილისში, --------------ის ქ. №-----ში მდებარე იჯარით აღებულ სავაჭრო ობიექტში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის ----- იანვრიდან 2022 წლის ----- იანვრამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 12.07.2022 წლის №18252 ბრძანება და №001-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28158 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არარეზიდენტის მიერ გაწეული საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებისათვის ანაზღაურებული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
2021 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს, საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურება (------------) გაუწიეს არარეზიდენტმა პირებმა. მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 3 200 დოლარი. ამასთან, საწარმოს მომსახურებებთან დაკავშირებული ანაზღაურებული თანხები (აღნიშნულ პირებთან კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია) არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
საწარმომ შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა. შემოწმებისას აღნიშნული მომსახურების ღირებულება 3 200 დოლარის ექვივალენტი ლარში საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლით განსაზღვრული 10%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 134-ე, 154-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებისას განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურება გაუწია -------ის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა და წარმოადგენს რეზიდენტობის დამადასტურებელ ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთით - საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.
ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით ან საერთაშორისო კავშირგაბმულობაში ტელესაკომუნიკაციო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.
საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.
ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1.საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.
2.ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
დადგენილია, რომ გადასახადს გადამხდელს, 2021 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურება (---------------) გაუწიეს არარეზიდენტმა პირებმა. მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ჯამში 3 200 დოლარი. ამასთან, საწარმოს მომსახურებებთან დაკავშირებული ანაზღაურებული თანხები (აღნიშნულ პირებთან კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია) არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. საწარმომ შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა. შემოწმებისას არარეზიდენტი პირებისათვის ანაზღაურებული თანხები დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი განმარტავს, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურება გაუწია ------ის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირმა და წარმოადგენს რეზიდენტობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები (მომსახურების გამწევი პირების შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
საწარმოს გააჩნია, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები. გადასახადის გადამხდელი ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საშუალო ფასნამატი აქვს 15%.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შემოსავლები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, შემოწმებით განხორციელდა შეძენილი საქონლის დაყოფა ჯგუფებად (მ.შ გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთების) და დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირებადი ფასნამატები. შესაბამისად, განისაზღვრა, როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვა. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და აცხადებს, რომ არ აღრიცხავს შემოსავლებს საბუღალტრო პროგრამაში, თუმცა მიღებულ შემოსავლებს ადეკლარირებს სწორად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით განხორციელდა შეძენილი საქონლის დაყოფა ჯგუფებად (მ.შ გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთების) და დოკუმენტის გარეშე რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირებადი ფასნამატები.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.11.2022 წლის №28158 ბრძანება;
3. პირველი დავის საგნის ნაწილში:
4. ა) მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება) და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არარეზიდენტის მიერ გაწეული საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებისათვის ანაზღაურებული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №18252 ბრძანება და №001-111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №28158 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები (მომსახურების გამწევი პირების შესაბამისი ქვეყნის რეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ამ ნაწილში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 154(1 „გ“);