ბრძანება N30938-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 30938
13/10/2020
უსფ(წ) ---------------
(მის.: ----------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრების
არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა უსფ(წ) ----- ს 2020 წლის 07 თებერვლის და 06 მარტის №49342/1/2020, №49344/1/2020 და №50437/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №002-497 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
არ ეთანხმება ------ ში გადახდილი და საზოგადოებისთვის მიკუთვნებული სახელფასო განაცემებისა და ხელფასთან გათანაბრებული სხვა ხარჯების (დაზღვევა, სოციალური და სხვა) სრულად დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით საქართველოში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივნისის №8817-13711 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უსფ(წ) ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 20 დეკემბრის №44987 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №002-497 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დაექვემდებარა შემცირებას სულ 334 632 ლარით, მათ შორის: შემცირებას დაექვემდებარა გადასახადი 335 832 ლარის ოდენობით, დაეკისრა ჯარიმა 1 200 ლარის ოდენობით, საურავი 0 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია წარმოადგენს ------ ში რეგისტრირებული კომპანიის ფილიალს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ------ ში, მდინარე ---- ზე ჰესის მშენებლობა. მშენებლობის პროცესთან დაკავშირებული დანახარჯების ნაწილის ანაზღაურება ხდება საქართველოში, ხოლო ნაწილის ანაზღაურება ხდება ---- ში სათაო ოფისის მიერ. სათაო ოფისი ახდენს საზოგადოების საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული დანახარჯების საზოგადოებისათვის მიკუთვნებას და აღნიშნულთან დაკავშირებით პერიოდულად აგზავნის "დებიტ ნოტებს". სხვა ხარჯებთან ერთად სათაო ოფისი ახდენს იმ თანამშრომელთა ნაწილის ხელფასების ანაზღაურებას, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოში საზოგადოების მიერ განსახორციელებელი პროექტის მიმდინარეობაში. ასეთი თანამშრომლების ნაწილი მუდმივად იმყოფება საქართველოში, ხოლო ნაწილი ---- იდან არის ჩართული პროექტის მიმდინარეობაში. სათაო ოფისი ყოველთვიურად ახდენს საქართველოში მიმდინარე პროექტში ჩართული თანამშრომლებისათვის ხელფასების და ხელფასთან გათანაბრებული სხვა ხარჯების (დაზღვევა, სოციალური და სხვა.) ანაზღაურებას და აღნიშნულთან დაკავშირებით დებიტ ნოტების სახით აცნობებს კომპანიას. გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილი დებიტ ნოტების მიხედვით შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომელთათვის გადახდილი ხელფასების და სხვა ხარჯების ანაზღაურების ჯამური მოცულობის დადგენა. კომპანია ხელფასის ხარჯად აღიარებს და საშემოსავლო გადასახადით ბეგრავს მხოლოდ იმ თანამშრომელთა ----- ში გადახდილ ხელფასს, რომელთანაც თვითონ აქვს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, ხოლო საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხას განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი ხელფასის ოდენობის მიხედვით. კომპანიის მიერ დეკლარირებულ ----- ში გადახდილ ხელფასებსა და სათაო ოფისის მიერ დებიტ ნოტებში დაფიქსირებულ ---- ში გადახდილ ხელფასებსა და ხელფასთან გათანაბრებულ სხვა ხარჯებს შორის სხვაობებს გადამხდელი არ აღიარებს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებად. შესაბამისად, არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით და არ აღიარებს გამოსაქვით ხარჯებში. აღნიშნული სხვაობები 2016 წელს შეადგენს 2 017 482 ლარს შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, 21-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, შემოწმებით სააღრიცხვო დოკუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ----- ში გადახდილი და საზოგადოებისთვის მიკუთვნებული სახელფასო განაცემები და ხელფასთან გათანაბრებული სხვა ხარჯები (დაზღვევა, სოციალური და სხვა), სრულად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოში. აღნიშნულის შედეგად, გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნდა 2016 წელს გაიზარდა 2 017 482 ლარით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა არ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია:
ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი;
ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა:
ა.ბ) არარეზიდენტის მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა, როდესაც ასეთი ხარჯი არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს.
აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეზე წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, აგრეთვე საქმის ზეპირი განხილვისას მხარეთა არგუმენტაციის შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მართებულია ----- ში გადახდილი და საზოგადოებისთვის მიკუთვნებული სახელფასო განაცემების და ხელფასთან გათანაბრებული სხვა ხარჯების (დაზღვევა, სოციალური და სხვა) საშემოსავლო გადასახადით საქართველოში დაბეგვრა. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსფ(წ) ------ ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არ ეთანხმება ---- ში გადახდილი და საზოგადოებისთვის მიკუთვნებული სახელფასო განაცემებისა და ხელფასთან გათანაბრებული სხვა ხარჯების (დაზღვევა, სოციალური და სხვა) სრულად დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით საქართველოში.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანია წარმოადგენს -----ში რეგისტრირებული კომპანიის ფილიალს, სათაო ოფისი ყოველთვიურად ახდენს საქართველოში მიმდინარე პროექტში ჩართული თანამშრომლებისათვის ხელფასების და სხვა ხარჯების (დაზღვევა, სოციალური და სხვა.) ანაზღაურებას და აღნიშნულთან დაკავშირებით დებიტ ნოტების სახით აცნობებს კომპანიას. კომპანიის მიერ დეკლარირებულ -----ში გადახდილ ხელფასებსა და სათაო ოფისის მიერ დებიტ ნოტებში დაფიქსირებულ -----ში გადახდილ ხელფასებსა და ხელფასთან გათანაბრებულ სხვა ხარჯებს შორის სხვაობებს გადამხდელი არ აღიარებს მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებად. შესაბამისად, არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით -----ში გადახდილი და საზოგადოებისთვის მიკუთვნებული სახელფასო განაცემები და ხელფასთან გათანაბრებული სხვა ხარჯები, სრულად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საქართველოში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა სკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 21(1,,ბ“); 79; 101(1); 154(1,,ა“)