გადახდილ ავანსზე საქონლის მიღება და მოგების გადასახადის ჩათვლა N 2636
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
გადახდილ ავანსზე საქონლის მიღება და მოგების გადასახადის ჩათვლა N 2636
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“ -მა 2017 წლის მარტის თვეში, საქონლისთვის ავანსის სახით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიას გადაუხადა 200 000 ლარი და ამავე თვეში მოახდინა აღნიშნულ ავანსზე სსკ-ის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადის დარიცხვა და გადახდა. საქონელი საწარმოს უცხოეთში გადმოეცა აპრილის თვეში, ასევე, საქონელთან დაკავშირებული ყველა რისკი საწარმომ საკუთარ თავზე აიღო. საქონლის იმპორტის რეჟიმში მოქცევა განხორციელდა სექტემბრის თვეში.
· საწარმომ მარტის თვეში ავანსზე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლა განახორციელა აპრილის თვეში.
შეფასება
· სსკ-ის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
· ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს ქმედება მართლზომიერია.
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ეხება შემთხვევებს, როდესაც ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს და დგება სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი