ბრძანება N 1908
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1908
06.02.2023
ი/მ ----------ს (ს/ნ ----------)
(მის.: ------------)
2022 წლის 14 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა ი/მ ----------ს (ს/ნ ----------) №73736/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის №047-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ 2019 წლიდან დადებულ სატენდერო ხელშკრულებების აუცილებელ პირობად არ ფიქსირდება -18 გრადუს ცელსიუსზე გაყინული საქონლის ხორცის მიწოდების ვალდებულება, ასევე არც მყიდველებთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში და არც სასაქონლო ზედნადებებში არსად არ ფიქსირდება ხორცის გაყინვის ფაქტი. მიუთითებს ასევე, რომ 2019 წელში გადამხდელს საერთოდ არ გააჩნდა -18 გრადუსზე ხორცის გაყინვისთვის საჭირო დანადგარები. ასევე, გადამხდელისთვის მიუღებელია მხოლოდ მეორე მხარის ახსნა-განმარტებების საფუძველზე ხორცის გაყინვის აღიარება, იმ დროს როდესაც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2019 წელს არცერთ მხარესთან არ იყო დანერგილი. გადამხდელისთვის გაუგებარია ასევე, თუ რატომ უთანაბრდება საკუთარი ფერმის საქონლის ხორცის (თუნდაც გაყინულის) მიწოდება იმპორტირებული გაყინული ხორცის მიწოდებას, რადგან გაყინვის ტექნოლოგიური პროცესი სრულიად განსხვავებულ აღჭურვილობასა და დანახარჯებს მოითხოვს. გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილზე და აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდს, აუდიტის დეპარტამენტმა შეამოწმა 2018 წელიც, რაც წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10682 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ----------ს (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორე და კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადში. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 15 ივლისის №18750 ბრძანება და ამავე თარიღის №047-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 65 058 ლარი, მათ შორის: გადასახადი 38 284 ლარი, ჯარიმა 10 955 ლარი, საურავი 15 818 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის შესაბამისად დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:
ი/მ ---------- (ს/ნ ----------) გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 3 ოქტომბრიდან. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით, 2019 წლიდან ტენდერების საფუძველზე შეაქვს გაყინული საქონლის ხორცი და სხვადასხვა პროდუქტები (შაქარი, ზეთი, მანი, ჩაი, ბრინჯი, ფქვილი და ა.შ) ---------- მუნიციპალიტეტის ---------- დაწესებულებებში და ----------- სახელობის ---------- დაწესებულებათა გაერთიანებაში. გადამხდელი წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ მას აქვს საკუთარი ფერმა და ---------- შეაქვს თავისი ფერმის საქონლის ხორცი. მეწარმე დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 2021 წლის 7 იანვარს, რადგან გადასახადის გადამხდელის გაანგარიშებით მისმა დასაბეგრმა ბრუნვამ მიაღწია 100 000 ლარს. გადამხდელი საქონლის ხორცის რეალიზაციას მიიჩნევს ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციად. 2021 წელს გადამხდელის მიერ მოგებული ტენდერებიდან მიღებული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა, აქედან გამომდინარე 2022 წლის 1 თებერვალს გადასახადის გადამხდელმა გაიუქმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. მეწარმის მიერ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაოზე გადაყვანა ხდება ოჯახის კუთვნილი ავტომობილით, სადაც იკვლება და სუფთავდება. აღნიშნულ პროდუქციაზე გამოიწერება ფორმა N2. შემდგომში საქონლის ხორცი გადააქვთ სოფ. ----------, სადაც სპეციალურ მოწყობილ დასარბილებელ ოთახში ხდება ხორცის დამუშავება, აწონვა, დაფასოება და გაყინვა. გაყინვას ახორციელებენ BEKO-ს ფირმის საყინულე მაცივრებში, ტენდერის მოთხოვნის შესაბამისად ხორცი იყინება -18 გრადუს ტემპერატურაზე. გაყინული ხორცის შენახვის მაქსიმალური ვადა გაყინვიდან 14 დღეა. შემდეგში აღნიშნული გაყინული ხორცის რეალიზაცია ხდება ----------. მუნიციპალიტეტის ------------ დაწესებულებებიდან და ---------- სახელობის ----------- დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ი/მ ----------ს (ს/ნ ----------) შესახებ. მათ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ 2019 წლიდან სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ მისცა მითითება, რომ შემოტანილი ხორცის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს და უნდა მომხდარიყო ხორცის შემოტანა ყოველ 3 დღეში ან აღნიშნული პროდუქტი ჩაენაცვლებინათ გაყინული ხორცით, რომლის შენახვის ვადა იზრდებოდა 2 კვირამდე. 2019 წლიდან სატენდერო ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული საქონლის ხორცის შეტანა უნდა მომხდარიყო გაყინულ მდგომარეობაში. მეორე მხარისგან წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, სატენდერო პირობები სრულად იყო დაცული. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ( სეს ესნ) მიხედვით 0202 კოდი განიმარტება შემდეგნაირად - ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვისა, გაყინული. შესაბამისად, გაყინული საქონლის ხორცი გადის სეს ესნ-ის 0202 კოდში და მისი მიწოდება არ ჩაითვლება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე, 161-ე მუხლების და 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ქ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით ი/მ ----------ს (ს/ნ ----------) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 25 მარტი. მეწარმეს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ხოლო, მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ფ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00– 0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელი 2019 წლიდან ტენდერების საფუძველზე, აწვდის გაყინულ საქონლის ხორცს და სხვადასხვა პროდუქტებს (შაქარი, ზეთი, მანი, ჩაი, ბრინჯი, ფქვილი და ა.შ) ----------ს მუნიციპალიტეტის ---------- დაწესებულებებს და ----------- სახელობის ---------- დაწესებულებათა გაერთიანებას. გადამხდელი შემოწმებისთვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ აქვს საკუთარი ფერმა და ---------- შეაქვს თავისი ფერმის საქონლის ხორცი. მეწარმე საქონლის ხორცის რეალიზაციას მიიჩნევს ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციად. მეწარმის მიერ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაოზე გადაყვანა ხდება ოჯახის კუთვნილი ავტომობილით, სადაც იკვლება და სუფთავდება. აღნიშნულ პროდუქციაზე გამოიწერება ფორმა N2. შემდგომში საქონლის ხორცი გადააქვთ სოფ. ----------, სადაც სპეციალურ მოწყობილ დასარბილებელ ოთახში ხდება ხორცის დამუშავება, აწონვა, დაფასოება და გაყინვა. გაყინვას ახორციელებენ BEKO-ს ფირმის საყინულე მაცივრებში, ტენდერის მოთხოვნის შესაბამისად ხორცი იყინება -18 გრადუს ტემპერატურაზე. ----------ს მუნიციპალიტეტის ---------- დაწესებულებებიდან და ----------- სახელობის ---------- დაწესებულებათა გაერთიანებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლიდან სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ მისცა მითითება, რომ შემოტანილი ხორცის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს და უნდა მომხდარიყო ხორცის შემოტანა ყოველ 3 დღეში ან აღნიშნული პროდუქტი ჩაენაცვლებინათ გაყინული ხორცით, რომლის შენახვის ვადა იზრდებოდა 2 კვირამდე. 2019 წლიდან სატენდერო ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ საქონლის ხორცის შეტანა უნდა მომხდარიყო გაყინულ მდგომარეობაში. მეორე მხარისგან წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, სატენდერო პირობები სრულად იყო დაცული. ,,საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის N275-ე ბრძანების შესაბამისად, გაყინული საქონლის ხორცი გადის სეს ესნ-ის 0202 კოდში, რომელიც განიმარტება შემდეგნაირად - ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვისა, გაყინული. შესაბამისად, შემოწმებით, გაყინული საქონლის ხორცის მიწოდება არ ჩაითვალა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად და მეწარმეს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----------ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ნაწილში დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივ გარემოებები
გადამხდელი 2019 წლიდან ტენდერების საფუძველზე, აწვდის გაყინულ საქონლის ხორცს და სხვადასხვა პროდუქტებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს და სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებას. გადამხდელი შემოწმებისთვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ აქვს საკუთარი ფერმა და საბავშვო ბაღებში შეაქვს თავისი ფერმის საქონლის ხორცი. მეწარმე საქონლის ხორცის რეალიზაციას მიიჩნევს ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციად. მეწარმის მიერ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაოზე გადაყვანა ხდება ოჯახის კუთვნილი ავტომობილით, სადაც იკვლება და სუფთავდება. ტენდერის მოთხოვნის შესაბამისად ხორცი იყინება -18 გრადუს ტემპერატურაზე. შემოწმებით, გაყინული საქონლის ხორცის მიწოდება არ ჩაითვალა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად და მეწარმეს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 157; 161; 168 (4 ); 282;