გადაწყვეტილება №23021/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23021/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 7.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23021/2/2024).
დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №CB1596331 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №9056 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 800 ლარი.
ფაქტების აღწერა
2024 წლის 4 მარტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.02.2024 წლის №4576 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (მის: ---) გადამოწმდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორე. მომჩივნის წარმომადგენელს გადამოწმების დაწყებამდე წარედგინა შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი მოწმობა და განემარტა, თუ რას გულისხმობდა აღნიშნული პროცედურა, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლმა ითხოვა მოცდა, რათა კონსულტაცია გაევლო ამ საკითხში კომპეტენტურ პირებთან, რაზეც მიიღო თანხმობა და მიეცა მისთვის საჭირო დრო. რამდენიმე წუთის შემდეგ მან განმარტა, რომ გაიარა კონსულტაცია კომპეტენტურ პირებთან და მათი თქმით, საჭირო იყო შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიემართა გადამხდელისთვის, რის შემდეგაც „დაქირავებულ პირთა 27 ივნისი 2024 N 03/49207 2 რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის შესახებ ბრძანება გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო რამდენიმე წუთში, რის შემდეგაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს კვლავ არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ შესაბამისი პროცედურები. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით 2024 წლის 4 მარტს შედგა №CB1596331 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.04.2024 წლის №9056 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით, 2024 წლის 4 მარტს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი შემოწმების მიზნით შევიდა შპს „---ის“ ობიექტზე და მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა დასაქმებული პირების პერსონალურ მონაცემებს. შპს „---მა“ მოითხოვა ის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებს ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წარდგენილი იყო მხოლოდ 2024 წლის 29 თებერვლის ბრძანება „დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესახებ“ და არ იყო წარდგენილი ამავე ბრძანების დანართი №1. 29 თებერვლის ბრძანების თანახმად, უნდა განხორციელებულიყო დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიულ ფარგლებში. აღნიშნულ ბრძანებაში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის განხორციელება დაევალათ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებს, რომელთა ვინაობაც გაწერილი იყო წინამდებარე ბრძანების დანართ №1-ში. მოგახსენებთ, რომ დანართი №1 არ ყოფილა წარმოდგენილი ინსპექტირების ფარგლებში (იგი საზოგადოებას შემოსავლების სამსახურისგან წარედგინა მხოლოდ 2024 წლის 5 მარტს). შპს „---მა“ უზრუნველყო, როგორც მისი rs.ge პორტალიდან შეტყობინების გაგზავნა და 2024 წლის 29 თებერვლის ბრძანების დანართი №1 მოთხოვნა, ასევე, სატელეფონო ზარის განხორციელება თანამშრომლის ---ის (პ/ნ ---) ნომრიდან შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ცხელი ხაზის ნომერზე, საზოგადოება ითხოვდა ბრძანების დანართი №1-ს.
შემოსავლების სამსახური, 2024 წლის 18 აპრილის ბრძანებაში მიუთითებს, რომ დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის შესახებ ბრძანება შპს „---ს“ გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო რამდენიმე წუთში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. 2024 წლის 4 მარტს შემოსავლების სამსახურმა გამოგზავნა მხოლოდ ბრძანება „დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის შესახებ“ , მაგრამ დანართი არც იმ დღეს გამოგზავნილ ბრძანებას არ ჰქონია, სწორედ ამის შემდგომ შპს „---მა“ წერილით 37038-21-12- ით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა 2024 წლის 29 თებერვლის ბრძანების დანართი, რომელზე პასუხიც 2024 წლის 5 მარტს დაგვიბრუნა შემოსავლების სამსახურმა და საზოგადოებას წარუდგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, სწორედ მათ მიერ 4 მარტს მოთხოვნილი წერილის საპასუხოდ.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ საზოგადოებას ავალდებულებს დაიცვან მათი თანამშრომლების პერსონალური ინფორმაცია მაღალი სტანდარტით, მოთხოვნილი იყო შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა საგადახადო მონიტორინგის თანამშრომელთა უფლებამოსილებას, რათა მათთვის მომხდარიყო მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა. თუმცა არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მათ შეეძლებოდათ თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის გაზიარება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელთათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად (ზოგადი ანალიტიკური პროცედურები):
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 3719 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.
ამავე მუხლის მე-2, მე-3, და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა) შესახებ ინფორმაციის ანალიზს.
„დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით.
დამქირავებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს ახსნა-განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას, რაც აისახება „დაქირავებულ პირთა რეესტრის შესწავლის შედეგების შესახებ“ ოქმში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნის უგულვებელყოფას ადგილი არ ჰქონია და საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელთათვის ცნობილი იყო მიზეზი თუ რის გამო ხდებოდა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის პროცესის დაყოვნება.
საბჭოს სხდომაზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული ინფორმაცია წარედგინა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს მოგვიანებით და სამართალდარღვევის ფაქტი შესამოწმებელ საკითხთან მიმართებაში არ გამოვლენილა. აღნიშნული ასევე ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ გადამხდელს ვერ ექნებოდა მოტივაცია შეეფერხებინა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №9056 ბრძანება და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №CB1596331 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.04.2024 წლის №9056 ბრძანება;
3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №CB1596331 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე გადამოწმდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ შესაბამისი პროცედურები. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.04.2024 წლის №9056 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა. საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 491; 277.