ბრძანება N 7622-2

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 27.03.2019
№ დოკუმენტი 7622-2
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7622

27/03/2019

იბა ----

(მის: --------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 25 იანვარს, 2019 წლის 06 მარტს და 2019 წლის 07 მარტს გამართულ სხდომებზე (ოქმი N4, N13 და N14) განიხილა იბა ---- საჩივარი, რომლითაც არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 03 დეკემბრის N002-283 „საგადასახადო მოთხოვნას“.

წარმოდგენილ საჩივარში ამხანაგობის დასმული სადავო საკითხი:

იბა ---- წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით არ ეთანხმება შემოწმების მიერ დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას და ამხანაგობის მოგების გადასახადის გადამხდელ სუბიექტად განხილვას. ითხოვს სსკ-ის 143-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით კორექტირებას დაექვემდებაროს ამხანაგობისათვის დარიცხული მოგების გადასახადი. ამასთან, ამხანაგობა აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ბინები ექსპლუატაციაში შევიდა 2016 წლის ოქტომბერში და ამხანაგობა აპირებდა მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების განაწილებას ამხანაგობის წევრებზე დადგენილი წესის მიხედვით, თუმცა შეცდომაში იქნა შეყვანილი მოგების გადასახადთან დაკავშირებით და არასწორად წარადგენდა მოგების გადასახადის დეკლარაციებს.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 17 აპრილის N8906 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა იბა ---- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 27 ნოემბერს გამოსცა N33626 ბრძანება და 2018 წლის 03 დეკემბრის N002-283 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 193832 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 42768 ლარი, ჯარიმა 80108 ლარი, საურავი 70956 ლარი.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება:

იბა ---- ს მიერ შესამოწმებელი პერიოდის, 2014 წლის იანვრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, განმავლობაში რეალიზებულია მშენებარე კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინები. რეალიზაცია დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით, სადაც ფიქსირდება მფლობელზე ბინის გადაფორმების ფაქტი. საზოგადოება მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ბინების გადაფორმების თარიღს არ თვლის რეალიზაციად, ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა 2016 წლის ოქტომბერში. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია დაბეგრილია 2016 წლის მოგების დეკლარაციაში, ხოლო დღგ-ის გადასახადში დაბეგრილია 2016 წლის ოქტომბრის თვეში. სსკ-ის 100-ე, 161-ე და 144-ე (შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით) მუხლების შესაბამისად შემოწმების მიხედვით ბინის მფლობელებზე საჯარო რეესტრის მიხედვით ბინის გადაფორმების თარიღით განისაზღვრა იბა ----- ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2014, 2015 და 2016 წლებში რეალიზებული ბინების ღირებულება განისაზღვრა კონკრეტულ წელში ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.

გადამხდელი მის მიერ რეალიზებულ ბინებს ერთობლივ შემოსავალში ასაღებ ბრუნვად აღიარებს 2016 წლის ოქტომბერში, შესაბამისად ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით მიწის ღირებულებად პროპორციულად ჩამოწერს 2016 წელს და ხარჯის სახით აღიარებს 2016 წლის მოგების დეკლარაციაში. შემოწმების შედეგად ბინების რეალიზაციის თარიღი განისაზღვრა საჯარო რეესტრში მესაკუთრეზე გადაცემის თარიღით. შედეგად მიწის ღირებულება ხარჯად აღიარდა 2014, 2015 და 2016 წლებში რეალიზაციის პროპორციულად. ------ მდებარე 908 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკ. კოდი -------), სადაც ამაჟამად აშენებულია მრავალსაცხოვრებელი კორპუსი, 2007 წლის 13 ივლისს საქართველოს განვითარების სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურისა და ფ/პ ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საკუთრებაში გადაეცა ფ/პ ----- ს, რომლის მიერ ქონების შესაძენად გადახდილმა თანხამ შეადგინა 215 000 აშშ. დოლარი (359 395 ლარი). აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნახევარი 2012 წლის 13 მარტს ფ/პ -------- ს მიერ ჩუქების საფუძველზე გადაცემულია ფ/პ ------ს. ამხანაგობა ---- რეგისტრაციის თარიღისათვის კრების ოქმის მიხედვით საწესდებო კაპიტალში ზემოთაღნიშნული ორი ფიზიკური პირის მიერ შეტანილია მიწა, ხოლო ფულადი შენატანი განხორციელდა მესამე თანადამფუძნებლის ფ/პ -------- მიერ. ქონებრივი შენატანის საბაზრო ღირებულება დამფუძნებლების მიერ განისაზღვრა საერთო ჯამში 823 500 ლარით, რაც აღემატება 2007 წელს აუქციონზე გადახდილი კომპენსაციის თანხას 464 105 ლარით. აღნიშნული ქონების ღირებულების შეფასების რაიმე სახის დასკვნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ ქონების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა 2007 წელს აუქციონზე გადახდილი თანხით.

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები; ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება; გ) გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის მიხედვით ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

სსკ-ის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ამხანაგობა და სხვა ანალოგიური წარმონაქმნი მოგების გადასახადს გადაიხდიან ამ კოდექსის 143-ე მუხლის გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 143-ე მუხლზე, რომლის მიხედვით :

1. იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ან/და ერთობლივი საქმიანობის ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის თანამფლობელობის შემთხვევაში დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს (წევრებს) წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში.

2. ამხანაგობა ვალდებულია ყოველი კონკრეტული საგადასახადო წლის მიხედვით განსაზღვროს თავისი დასაბეგრი მოგება ან ზარალი ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით.

3. მიუხედავად იმისა, გაანაწილებს თუ არა ამხანაგობა თავის საგადასახადო წლის დასაბეგრ მოგებას, ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მისთვის მიკუთვნებული დასაბეგრი მოგება შეიტანოს იმ საგადასახადო წლის თავის ერთობლივ შემოსავალში, რომელშიც ამხანაგობამ მიიღო აღნიშნული მოგება.

4. თუ ხდება დასაბეგრი მოგების განაწილება და დასაბეგრი მოგების შესაბამისი წილის მფლობელი არ არის საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელი, ამხანაგობა ვალდებულია წყაროსთან დააკავოს გადასახადი ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.

5. ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში ჩაითვალოს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მისთვის წყაროსთან დაკავებული გადასახადი.

6. ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.

7. ამხანაგობაში მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული წესით.

8. ამხანაგობის ზარალი, რომელიც მიეკუთვნება მის მფლობელს, ამ მფლობელის სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.

9. ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან ქონების გატანა (ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება) ან/და მომსახურების მიღება ითვლება ამხანაგობის მიერ საბაზრო ღირებულებით ქონების მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად.

10. ამხანაგობა ვალდებულია საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს ამ კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში წარუდგინოს დეკლარაცია, რომელშიც მოცემული იქნება დასაბეგრი მოგების (ზარალის) ოდენობისა და მისი წევრებზე განაწილების თაობაზე ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის მიხედვით:

1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შემოსავლები მონაწილეებს შორის ნაწილდება მათი წილის შესაბამისად.

2. თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოსთხოვოს ყოველ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე მოვალეობათა კეთილსინდისიერი შესრულება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 42-ე მუხლის მიხედვით იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ან/და ერთობლივი საქმიანობის ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნი (შემდგომში ამხანაგობა) საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით წარუდგენს დეკლარაციას №II-10 დანართის შესაბამისად, ამხანაგობის მიერ მიღებული მოგების (ზარალის) განაწილების შესახებ .

მხარეთა არგუმენტაციის მოსმენისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სამეწარმეო, კომერციული (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის) იბა ----- წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით წარმოქმნილ გაერთიანებას, ამხანაგობას და სსკ-ის 96-ე და სსკ-ის 143-ე მუხლების მიხედვით ამხანაგობაზე ვრცელდება დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი. ამხანაგობას და მსგავსს წარმონაქმნებს საგადასახადო კოდექსის 96-ე და 143-ე მუხლებით, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 42-ე და 43-ე მუხლების მიხედვით მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება წარმოეშობათ ამხანაგობის წევრებზე მოგების განაწილებისას. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამხანაგობა შეცდომით ახორციელებდა მოგების გადასახადის დეკლარირებას და გადახდას და შემოწმების აქტის მიხედვით არ განხორციელდა ამხანაგობისათვის სსკ-ის 96-ე და 143-ე მუხლებით დადგენილი დაბეგვრის რეჟიმის გავრცელება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დავის განხილვა მიმდინარეობს 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, ვერ გასცდება დავის საგანს და ვერ იმსჯელებს სხვა გადამხდელთა საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტებასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტის კანონშესაბამისობაზე აღნიშნულ ნაწილში.

საქმეში არსებულ მასალებზე, დავის პროცესში მხარეთა მიერ დამატებით წარმოდგენილ ინორმაცია/დოკუმენტაციაზე და საბჭოს სხდომაზე მხარეთა განმარტებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს სამეწარმეო, კომერციული (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის) იბა ----- დარიცხული მოგების გადასახადი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. იბა ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს იბა ----- დარიცხული მოგების გადასახადი.

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი ვ. გორგასლის ქ. N16), ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

იბა არ ეთანხმება შემოწმების მიერ დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას და ამხანაგობის მოგების გადასახადის გადამხდელ სუბიექტად განხილვას. ითხოვს სსკ-ის 143-ე მუხლის მოთხოვნების დაცვით კორექტირებას დაექვემდებაროს დარიცხული მოგების გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

დგინდება, რომ იბა მშენებარე კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინების მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე გადაფორმების თარიღს არ თვლის რეალიზაციად, საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია დაბეგრილია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების საანგარიშო პერიოდის მიხედვით. შემოწმებით საჯარო რეესტრის მიხედვით ბინის გადაფორმების თარიღით განისაზღვრა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. რეალიზებული ბინების ღირებულება განისაზღვრა კონკრეტულ წელს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად. მიწის ღირებულება შემოწმების შედეგად ხარჯად აღიარდა რეალიზაციის პროპორციულად.

დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული ქონებრივი შენატანის საბაზრო ღირებულება აღემატება აუქციონზე გადახდილი კომპენსაციის თანხას. შემოწმებამ ქონების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა აუქციონზე გადახდილი თანხით.

გადამხდელს დაერიცხა გადასახდი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გააუქმოს იბა-სთვის დარიცხული მოგების გადასახადი. სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 96(2); 143

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 42-ე მუხლი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი