ბრძანება N 20465
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 20465
22/07/2020
ააიპ -----
(ფაქტ. მის: -------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ააიპ ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის №265643/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 03 დეკემბრის №005-436 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 01 ივლისის სხდომაზე (ოქმი №43).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
წარმოდგენილი საჩივრის თანახმად, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ფონდი ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას გრანტის საფუძველზე, ამ საქმიანობის ფარგლებში უსასყიდლო იჯარით მიღებული აქვს შენობა (ეს ოპერაცია განხილულია შემოწირულობად), რომლის ნაწილიც ქვეიჯარით აქვს გაცემული. შემოწმებით, როგორც არარეზიდენტისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონება დაიბეგრა იჯარის საბაზრო ფასის გათვალისწინებით მოგების გადასახადით. ამასთან, ვინაიდან პირს არ უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმოზე თანხის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არ აქვს ხარჯის გამოქვითვის უფლება. აღნიშნულს არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელი და ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 19 აპრილის №12010 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ააიპ ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ მარტამდე. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 26 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 02 დეკემბრის №41928 ბრძანება და 03 დეკემბრის №005-436 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 42665 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21333 ლარი და ჯარიმა 21332 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან მიმართებაში დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ააიპ ----- დაარსდა ---- წლის ---- ს, ფონდი არის კერძო სამართლის იურიდიული პირი. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა და შესაბამისად დარეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ფონდი ძირითადად ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას (მიღებული გრანტის საფუძველზე). გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტი საწარმოსგან უსასყიდლო იჯარით მიღებული აქვს შენობა, სულ 2108 კვ.მ. აღნიშნული ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-40 ნაწილის შესაბამისად განხილულია შემოწირულობად, რასაც წერილობით ადასტურებს ორივე მხარე. ფონდი აღნიშნული ფართიდან ახორციელებს როგორც საქველმოქმედო, ასევე ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ფართების ნაწილს გასცემს ქვეიჯარით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-40 ნაწილის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად.
შესაბამისად, ფართების იჯარის გაცემა გადასახადის გადამხდელისათვის განიხილება საწარმოს საქმიანობად და შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში მიღებული სარგებელი არ წარმოადგენს შემოწირულობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ფართის ნაწილში არარეზიდენტი საწარმოსგან ( --------- ) უსასყიდლოდ მიღებული იჯარის საბაზრო ღირებულება დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას. ამასთან, ვინაიდან პირს არ უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმოსთან ( --------- ) თანხის ფა-ქტობრივად გადახდა, პირს არ აქვს აღნიშნული ხარჯის გამოქვითვის უფლება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხის განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუსაქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-40 ნაწილის მიხედვით, შემოწირულობა არის ორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორგანიზაციად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას (რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კორპორაციები, დაწესებულებები.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ორგანიზაცია ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მისი ქონებისა და საქმიანობის ნაწილი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია მის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ითვლება საწარმოს ქონებად და საქმიანობად, ხოლო იმ ნაწილში, სადაც ამის გამიჯვნა შეუძლებელია, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონებისა და საქმიანობის გამოანგარიშების მიზნით გამოიყენება ორგანიზაციის მიერ მიღებულ შემოსავალში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-103 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს მისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების (მათ შორის, უსასყიდლოდ) შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.
ამავე კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც მიღებული მომსახურებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა უკავშირდება არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოწმებამ არამართლზომიერად გამოიყება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილი. ამ მუხლის ამოქმედებისთვის უნდა არსებობდეს სამი აუცილებელი ობიექტი: ა) საწარმო - არარეზიდენტი; ბ) მომსახურება - რომელიც მიღებულია; გ) საკომპენსაციო თანხა - უნდა არსებობდეს; როდესაც საკომპენსაციო თანხა საერთოდ არ არსებობს (ან თუნდაც ჩათვლილია ,,0" ლარად), მაშინ 142-ე მუხლის მე-4 ნაწილი საერთოდ არ გამოიყენება. ამდენად, შემოწმებას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა გამოეყენებინა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზე შემოწმებას უნდა გაექვითა არარეზიდენტისგან მიღებული სარგებელი.
შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა მომჩივნის მიერ საჩივარში გამოთქმული არგუმენტაცია, რომლის თანახმად გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიდგომის გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების წყარო ორჯერ იბეგრება. პირველად შემოსავალი (სარგებელი) წარმოქმნილია უსასყიდლოდ მიღებული მომსახურებიდან, რომელიც დაიბეგრა მისი მიღების მომენტში, ხოლო მეორედ ამავე ფართების გამოყენებით ქვეიჯარით გაცემისას დაბეგრილი შემოსავლის არგამოქვითვის გზით, რაც არამართებულია. შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაუქვემდებაროს მისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოშობილი სარგებელი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1ააიპ ----- ს 2019 წლის 20 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაუქვემდებაროს მისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოშობილი სარგებელი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების დაბეგვრას და ვინაიდან არ უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმოზე თანხის გადახდა, ხარჯის გამოქვითვის უფლების არ გამოყენებას. ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით ფონდი ძირითადად ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას. გადამხდელს არარეზიდენტი საწარმოსგან უსასყიდლო იჯარით მიღებული აქვს შენობა, აღნიშნული განხილულია შემოწირულობად, ფონდი აღნიშნული ფართიდან ახორციელებს როგორც საქველმოქმედო, ასევე ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ფართების ნაწილს გასცემს ქვეიჯარით.
ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მიხედვით ფართების იჯარის გაცემა გადამხდელისათვის განიხილება საწარმოს საქმიანობად, შემოწმებით ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ფართის ნაწილში არარეზიდენტი საწარმოსგან უსასყიდლოდ მიღებული იჯარის საბაზრო ღირებულება დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას. ამასთან, ვინაიდან პირს არ უფიქსირდება არარეზიდენტ საწარმოსთან თანხის ფა-ქტობრივად გადახდა, პირს არ აქვს აღნიშნული ხარჯის გამოქვითვის უფლება. შედეგად გადამხდელს დამატებით განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სსკ-ს 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას დაუქვემდებაროს საქონლის/მომსახურების მიწოდების შედეგად წარმოშობილი სარგებელი და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(40); 30(1,,ა“); 30(4); 100(1); 105(4,,ა“); 142(4)