გადაწყვეტილების განმარტება №24859/2/2025
📄 სრული ტექსტი
№24859/2/2025
16 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ი ს გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ა
მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა მომსახურების დეპარტამენტის 28.02.2025 წლის №-----21-11 განცხადება საბჭოს 6.02.2025 წლის №24653/2/2025 გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.
მომსახურების დეპარტამენტის განცხადების შინაარსი
მომსახურების დეპარტამენტი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ჩამოწერის საკითხის შესწავლისას ხელმძღვანელობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი და მის საფუძველზე მიღებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული ჩამოწერის წესით, რომლის მიხედვით ჩამოსაწერი დავალიანების თანხები დაითვლება (არ აქვს მნიშვნელობა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლის საფუძველს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის განცხადება ან/და საგადასახადო ორგანოს ინიციატივა) დავალიანების ჩამოწერის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების თარიღისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში.
რაც შეეხება დავების განხილვის საბჭოს არგუმენტაციას და მითითებას, რომ საბანკო ანგარიშებიდან სადავო თანხა (მომჩივნის მითითებით 700 ლარი) ჩამოწერილ იქნა 27.12.2024 წელს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 681 მუხლის 11 პუნქტში 24.06.2024 წელს განხორციელებული ცვლილებით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო ორგანოს თავისი ინიციატივით შეეძლო განეხორციელებინა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით დავალიანების ჩამოწერა არ არის ვალდებულება, ამ უფლებით მომსახურების დეპარტამენტს არ უსარგებლია, ისევე როგორც არ უსარგებლია თავად გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნის უფლებით საინკასო დავალებით თანხის ჩამოჭრამდე.
მომსახურების დეპარტამენტი ადასტურებს, რომ თუ საინკასო დავალებით თანხის ჩამოჭრამდე (27.12.2024 წელი) მოხდებოდა ი/მ ------ის (ს/ნ -----) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, ჩამოწერას დაექვემდებარებოდა მეწარმის დავალიანება სრულად. ასევე, თუ დაუშვებთ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული მოცემული გადაწყვეტილება გულისხმობს რაიმე ფორმით საინკასო დავალებით ჩამოჭრილი თანხის არამართლზომიერად მიჩნევას, არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნებას უზრუნველყოფს აუდიტის დეპარტამენტი და ამავდროულად, დაბრუნების შემთხვევაში მეწარმის პირადი აღრიცხვის ბარათზე წარმოქმნილი დავალიანება იქნება დაბრუნების თარიღით წარმოქმნილი დავალიანება და ვინაიდან დავალიანება წარმოშობილი იქნება 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ, მომსახურების დეპარტამენტის მიერ ვერ განხორციელდება ამ დავალიანების ჩამოწერა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის შესაბამისად მომართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების განმარტებისათვის.
დავების განხილვის საბჭო
საგადასახადო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მომჩივანსა და მოპასუხეს უფლება აქვთ, მიმართონ დავის განმხილველ ორგანოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმარტების მიზნით. განმარტება გადაწყვეტილების განუყოფელი ნაწილია და იგი ეგზავნება დავაში მონაწილე პირებსა და ორგანოებს.
საბჭოს 6.02.2025 წლის №24653/2/2025 გადაწყვეტილებაში აღნიშნულია შემდეგი:
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ საინკასო დავალების წარდგენის მომენტისთვის ერიცხებოდა 2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება.
საბჭო მიუთითებს, რომ საბანკო ანგარიშებიდან სადავო თანხა (მომჩივნის მითითებით 700 ლარი) ჩამოწერილ იქნა 27.12.2024 წელს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 681 მუხლის 11 პუნქტში 24.06.2024 წელს განხორციელებული ცვლილებით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო ორგანოს თავისი ინიციატივით შეეძლო განეხორციელებინა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების (მათ შორის ვალის მართვის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №021-2023-169017 და 11.01.2024 წლის №049-2024-000347 ბრძანებებით ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანებების) ჩამოწერის საკითხი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ჩამოწერის საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 20.01.2025 წლის №319 ბრძანება;
3. გაუქმდა ვალის მართვის დეპარტამენტის 11.01.2024 წლის №049-2024-000347 ბრძანება;
4. საბჭოს აპარატს დაევალა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაუგზავნოს მომსახურების დეპარტამენტს;
5. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების (მათ შორის ვალის მართვის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №021-2023- 169017 და 11.01.2024 წლის №049-2024-000347 ბრძანებებით ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანებების) ჩამოწერის საკითხის შესწავლა;
6. ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა 17.10.2023 წლის №021-2023-169017 ბრძანება გაავრცელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლის შემდეგ დარჩენილი საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 17.12.2024 წლის №26441 ბრძანების გათვალისწინებით;
7. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა; საბჭო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება ნიშნავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებას და მის აღსრულებადობას უკავშირდება. გადაწყვეტილების განმარტება ხდება მაშინ, როდესაც მისი აღსრულება ვერ ხერხდება სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების, ორაზროვნების ან მისი გაგების/აღსრულების სხვაგვარად გართულების გამო.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად:
5. ბარათებზე და აღრიცხვის ფორმებში მონაცემთა შეტანის საფუძველს წარმოადგენს:
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო და საბაჟო დეკლარაციები (გაანგარიშებები), მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციები;
ბ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოსა და სხვა უფლებამოსილი ორგანოების შემოწმების/კონტროლის მასალები და სხვა სათანადო ინფორმაცია;
გ) საგადასახადო ან/და საბაჟო ორგანოს მიერ გაფორმებული დასკვნები (მათ შორის, საბაჟო პროცედურის განხორციელებისას წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების და გადასახადის გადახდის ვადების გაგრძელების შესახებ დასკვნები);
დ) გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია;
ე) გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია;
ვ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
ზ) სამართალდარღვევის ოქმები;
თ) საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საგადასახადო (მათ შორის, იმპორტის გადასახადის გადახდის) ვალდებულების გადავადებაზე, განსაზღვრაზე ან შემცირებაზე;
ი) სახელმწიფო ხაზინიდან და საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული ამონაწერები და სხვა დოკუმენტები;
კ) კომერციული ბანკის ან მისი მომსახურე საანგარიშსწორებო – საპროცესინგო ცენტრის მიერ მიწოდებული ელექტრონული შეტყობინება გადახდის ოპერაციის შესახებ;
ლ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის ან/და სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.
6. ბარათებისა და აღრიცხვის ფორმების წარმოების წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
საბჭო განმარტავს, რომ:
ა) ვალის მართვის დეპარტამენტის 11.01.2024 წლის №049-2024-000347 ბრძანების საბჭოს გადაწყვეტილებით გაუქმება ნიშნავს აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოცემული საინკასო დავალებით ჩამოწერილი თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აღდგენას;
ბ) სადავო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის შესწავლა უნდა განხორციელდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 17.10.2023 წლის №021-2023-169017 და 11.01.2024 წლის №049-2024-000347 ბრძანებებით საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერამდე არსებული მდგომარეობით;
გ) წინა პუნქტების და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არსებობს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერის საფუძვლები, უნდა განხორციელდეს აღნიშნული დავალიანების ჩამოწერა/უკვე ჩამოწერილი თანხების შესაბამისი კორექტირება, რაც უნდა აისახოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. აღნიშნული განმარტება წარმოადგენს საბჭოს 6.02.2025 წლის №24653/2/2025 გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილის.