გადაწყვეტილება №25524/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25524/2/2025
08 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --- ს 28.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25524/2/2025).
დავის საგანი:
1. სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. სანებართვო პირობების დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 10 მაისის №EL69050-1373 საგადასახადო მოთხოვნა;
2. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 10 მაისის №EL284593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 10 მაისის №EL69050-1371 საგადასახადო მოთხოვნა;
4. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 10 მაისის № EL284586 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
5. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 10 მაისის № EL284589 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
6. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15464 ბრძანება.
2025 წლის 10 მაისის №EL69050-1373 საგადასახადო მოთხოვნა
დარიცხული თანხა: 7 251,71 ლარი.
მათ შორის:
იმპორტის გადასახადი - 212,38
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 5 510,4
საურავი - 1 528,93
2025 წლის 10 მაისის №EL69050-1371 საგადასახადო მოთხოვნა
დარიცხული თანხა: 5 997,82 ლარი.
მათ შორის:
იმპორტის გადასახადი - 212,5
აქციზის გადასახადი საბაჟოზე - 5 250
საურავი - 535,32
ჯარიმა - 2000 (საბაჟო კოდექსის - 176,1 მუხლი)
ჯარიმა - 5 722,78 (საბაჟო კოდექსის - 172 მუხლი)
ჯარიმა -5 462,50 (საბაჟო კოდექსის - 172 მუხლი)
ფაქტების აღწერა
2024 წლის 20 სექტემბერს მომჩივანმა №156731/21 განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ ვერ ახორციელებს მის ტერიტორიაზე განთავსებული, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროის სხვადასხვა პერიოდში (2016 – 2024 წლები) შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების (52 ერთეული) მფლობელებთან დაკავშირებას. ამასთანავე, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სატრანსპორტო საშუალებებზე ამოწურულია დროებით შენახვის/დეკლარირების ვადები და არ სრულდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმალობები.
საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის წარმომადგენელთან ერთად, დათვალიერდა საბაჟო საწყობში განთავსებული სატრანსპორტო საშუალებები და დადგინდა (2025 წლის 4 აპრილის დათვალიერების აქტი), რომ განცხადებაში მითითებული 52 სატრანსპორტო საშუალებიდან
- 5 ავტომობილი გაყვანილი იყო საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან;
– 5 სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ: J№----) იყო გაძარცვული; – 1 სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----) – დამწვარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისათვის, 2025 წლის 10 მაისის №EL284586 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო №EL284589 და №EL284593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი 2 სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ---) უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურებისათვის შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა იდენტურ/მსგავს სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით (№EL284589 ოქმით – 5 462.50 ლარი, №EL284593 ოქმით – 5 722.78 ლარი). უკანონოდ განკარგულ, დაკარგულ, განადგურებულ 2 სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში მომჩივანს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი, რაზეც გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის №EL69050/1371 (№094-1371), №EL69050/1373 (№094-1373) საგადასახადო მოთხოვნები. აღნიშნული ოქმები და საგადასახადო მოთხოვნები 2025 წლის 9 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15464 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტზე, „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 272–ე მუხლზე. მომჩივნის არგუმენტზე სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული თანხები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. ფაქტობრივი გარემოებები
1.1. ავტომობილი ვინ-კოდით: ---- ავტომობილი კომპანიის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ევაკუატორით შევიდა 2022 წლის 17 ოქტომბერს, რასთან დაკავშირებითაც ჩანაწერი შეტანილი იქნა კომპანიის აღრიცხვის სისტემაში (პროგრამული უზრუნველყოფა SKUD), რომ ავტომობილი იყო დაზიანებული და ასევე, გადაღებული იქნა ფოტო ავტომობილის შესვლისას (დანართი №6). გარდა ამისა, ავტომობილის შემომყვანსა და კომპანიას შორის ავტომობილის განთავსების დღეს გაფორმდა ხელშეკრულება „საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების გაწევის შესახებ“ ამავე დღეს, რომლის პირველ მუხლშიც მითითებულია ავტომობილის დაზიანება, კერძოდ: „არ აქვს წინა ბამპერი“. ავტომობილის მესაკუთრე არის --- (პ/ნ ---). აღნიშნულ ავტომობილზე კომპანიის მიმართ ფიქსირდება საბაჟო კონტროლის ზონაში ავტომობილის განთავსებიდან გამომდინარე დავალიანება, რომელიც წინამდებარე საჩივრის წარდგენის მომენტისთვის შეადგენს 1579,9 ლარს (რაზეც კომპანიას შეტანილი აქვს სარჩელი სასამართლოში კუთვნილი თანხის ამოსაღებად).
ავტომობილის შემოყვანა საბაჟო კონტროლის ზონაში განხორციელდა ---- მიერ. აღსანიშნია, რომ ავტომობილის განთავსებიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე კომპანიის წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა ავტომობილის მესაკუთრეს ადგილზე მისასვლელად და ავტომობილის მთლიანობის დასათვალიერებლად, რაზეც მესაკუთრე უარს აცხადებდა, ვინაიდან მისი თქმით მას ეს ავტომობილი აღარ ესაჭიროებოდა, თუმცა 2024 წლის დასაწყისში ის გამოცხადდა საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე და განაცხადა, რომ ავტომობილს შესაძლოა, აკლდა გარკვეული ნაწილები, რის შესახებაც მან პოლიციაში შეიტანა განაცხადი. ქურდობის საკითხთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს მოკვლევა, გამოძიება არ არის დასრულებული, შესაბამისად, არ არის ფაქტობრივად დადგენილი, რომ ავტომობილს დააკლდა რაიმე ნაწილი მისი საბაჟო საწყობში განთავსების შემდეგ. ---ს მქონე ავტომობილთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურიდან მივიღეთ სამართალდარღვევის ოქმი სერია №EL284589, რომლის მიხედვითაც კომპანია დაჯარიმდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე.
ასევე, საგადასახადო მოთხოვნა №EL69050/1371, რომლის მიხედვითაც კომპანიას დაეკისრა გადასახადები და ფინანსური სანქციები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე, 272-ე მუხლებისა და საბაჟო სამართალდარღვევის №EL284589 ოქმის საფუძველზე.
1.2. ავტომობილი ვინ-კოდით: ---- ავტომობილი კომპანიის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ევაკუატორით შევიდა 2022 წლის 11 მარტს, რასთან დაკავშირებითაც ჩანაწერი შეტანილი იქნა კომპანიის აღრიცხვის სისტემაში, რომ ავტომობილი იყო დაზიანებული და ასევე, გადაღებული იქნა ფოტო ავტომობილის შესვლისას. გარდა ამისა, ავტომობილის შემომყვანსა და კომპანიას შორის ავტომობილის განთავსების დღეს გაფორმდა ხელშეკრულება „საბაჟო კონტროლის ზონაში პარკირების მომსახურების გაწევის შესახებ“ ამავე დღეს, რომლის პირველ მუხლშიც მითითებულია, რომ ავტომობილს დაზიანებული აქვს ძრავა. ავტომობილის მესაკუთრე არის ----, ხოლო მისი საბაჟო კონტროლის ზონაში შემოყვანა განხორციელდა --- მიერ, რომელთანაც კომპანიას ჰქონდა კავშირი. აღნიშნულ ავტომობილზე კომპანიის მიმართ ფიქსირდება საბაჟო კონტროლის ზონაში ავტომობილის განთავსებიდან გამომდინარე დავალიანება, რომელიც წინამდებარე საჩივრის წარდგენის მომენტისთვის შეადგენს 3637 ლარს (რაზეც კომპანიას შეტანილი აქვს სარჩელი სასამართლოში კუთვნილი თანხის ამოსაღებად). აღსანიშნია, რომ ავტომობილის განთავსებიდან 2024 წლის მაისის პერიოდამდე კომპანიის წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა ავტომობილის მესაკუთრის წარმომადგენელს, რომელიც ატყობინებდა მათ, რომ მესაკუთრეს გადასცემდა ინფორმაციას, თუმცა მესაკუთრეს ინტერესი აღნიშნულ ავტომობილთან დაკავშირებით ამ პერიოდის განმავლობაში არ გამოუხატავს, მეტიც, 2025 წლის მაისის თვეში, როდესაც კომპანია პირდაპირ მესაკუთრეს დაუკავშირდა, მისი ინფორმაციით მათ ავტომობილთან დაკავშირებით ინტერესი აღარ ჰქონდათ და აპირებდნენ მის გადაცემას სახელმწიფოსთვის. არც მესაკუთრეს და არც მის წარმომადგენელს ავტომობილის განთავსების დღიდან წინამდებარე საჩივრის წარდგენის დღემდე არ გამოუხატავს პრეტენზია ავტომობილის რაიმე ნაწილის დაკარგვის ან დაზიანების შესახებ. --- ვინ-კოდის მქონე ავტომობილთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურიდან მიიღეს სამართალდარღვევის ოქმი სერია №EL284593, რომლის მიხედვითაც კომპანია დაჯარიმდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, საგადასახადო მოთხოვნა №EL69050/1373, რომლის მიხედვითაც კომპანიას დაეკისრა გადასახადები და ფინანსური სანქციები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე, 272-ე მუხლებისა და საბაჟო სამართალდარღვევის №EL284589 ოქმის საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპანიას დაეკისრა ჯარიმა საბაჟო სამართალდარღვევის EL284586 ოქმით საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობების დარღვევის გამო.
აღნიშნული ოქმის მიხედვით კომპანიამ დაარღვია საბაჟო საწყობის სანებართვო შემდეგი პირობა: საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია: გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება; აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია დაჯარიმდა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე 2000 ლარით საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის.
2. შემოსავლების სამსახურის №15464 ბრძანება
აღსანიშნია, რომ შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ 5 სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ: ----) იყო გაძარცვული, ხოლო 1 სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---) – დამწვარი. შემოსავლების სამსახური საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ აღნიშნულ ინფორმაციას მიუთითებს ფაქტად და არ წარმოადგენს არანაირ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ავტომობილებიდან რომელიმე ნამდვილად იყო დამწვარი ან გაძარცვული მას შემდეგ, რაც მათი განთავსება მოხდა კომპანიის ტერიტორიაზე. გაუგებარია, თუ რის საფუძველზე შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ და დაადგინა, რომ კომპანიის კანონდამრღვევმა ქმედებამ გამოიწვია ამ ავტომობილების გაძარცვა ან დაწვა, ან რომ ამ ავტომობილების დაზიანება მოხდა კომპანიის ტერიტორიაზე მისი ბრალით.
ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს და არ მოჰყავს მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ კუმულაციურად ჩადენილი იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება და დადგა მართლსაწინააღმდეგო შედეგი კომპანიის ბრალით, რაც საბაჟო ორგანოს მიერ გამოყენებული მუხლების წინაპირობას წარმოადგენს, შესაბამისად არ დასტურდება კომპანიის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და შესაბამისი შედეგი, არც მათ შორის მიზეზ- შედეგობრივი კავშირი. უნდა აღინიშნოს, რომ ბრძანების გადაწყვეტილების ნაწილში შემოსავლების სამსახურს მოყვანილი აქვს რიგი მუხლები, ხოლო მე-5 გვერდზე მიუთითებს:
„დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას. მის მიერ ასევე ადგილი აქვს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას ან სხვა ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება. აღნიშნული კი წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმებით მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.“
შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, არ შეუმოწმებია მათი სანდოობა, სისწორე, არამედ ისინი მიიჩნია უტყუარ ფაქტად, ასევე არ უმსჯელია კონკრეტულად რა წარმოადგენდა კომპანიის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არ უმსჯელია მუხლის შემადგენლობასა და კომპანიის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე, არამედ მხოლოდ ჩამოთვლილი მუხლების შემდეგ მიუთითა, რომ დადგენილი იყო საბაჟო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს დარღვევა კვლავაც უცნობი დარჩა გადამხდელისთვის. ამრიგად, შემოსავლების სამსახურმა ფაქტობრივი გარემოებების თავად გამოკვლევის გარეშე უსაფუძვლოდ მიიჩნია საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია დადასტურებულ ფაქტად და არ განუხილავს მომჩივანის პოზიცია, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი დასაბუთებისა ვალდებულებას.
3. არგუმენტაცია
3.1. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმები
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ორ ავტომობილზე გამოწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი (EL284589 და EL284593) საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე და ასევე, გამოწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი EL284586 საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობისგან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის EL284586 ოქმში საბაჟო დეპარტამენტი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, რომელიც გულისხმობს საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელის ვალდებულებას გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება; ოქმში არსებული ჩანაწერის გარდა, ადმინისტრაციული ორგანო არ განმარტავს, თუ რის საფუძველზე მიიჩნია აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეულად მაშინ, როდესაც საბაჟო საწყობის ტერიტორიას კომპანია ახორციელებს კამერების კონტროლს საბაჟო საწყობის პერიმეტრზე (დანართი 10), კომპანიას დაქირავებული ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტერიტორიის მეთვალყურეობაზე (დანართი 11).
ამასთან არ არსებობს დასრულებული საგამოძიებო პროცესი, რომელიც დაადასტურებდა, რომ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ქურდობის ფაქტი. ამრიგად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია დასაბუთებული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ან რა ნაწილში დაარღვია კომპანიამ 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. აქედან გამომდინარე, არასაკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის გამო, მოითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტემენტის 2025 წლის 10 მაისის საბაჟო სამართალდარღვევის № EL284586 ოქმის ბათილად ცნობას.
გარდა ამისა, საბაჟო კოდექსის აღნიშნული მუხლის მიხედვით საბაჟო 172-ე მუხლის საფუძველზე და გამომდინარე იქედან, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება დაუსაბუთებლად მიიჩნია დარღვეულად, საბაჟო ორგანომ კომპანია დააჯარიმა ორ ავტომობილთან მიმართებაში. 172-ე მუხლის მიხედვით საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ხსენებული ნორმის გამოყენების წინა პირობას წარმოადგენს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (საბაჟოზე და მხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, და კარგვა ან განადგურება) არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე, მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგენა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებულ საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციაზე (დანართი №9), რომლის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია:
ა) ბუნებრივი ცვეთით;
ბ) შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;
გ) საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, სასაქონლო სახის/მდგომარეობის გაუმჯობესების, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებით.“
კომპანიის შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის ოქმში მითითება გაკეთდა 172-ე მუხლზე, თუმცა შემოსავლების სამსახურისგან კომპანიას არ მიუღია დასაბუთება, თუ რა საფუძვლით მიიჩნია კომპანიამ ორი ავტომობილი დაკარგულად, უკანონოდ განკარგულად ან განადგურებულად. მეტიც, ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის, არც გამოძიების შედეგებით არ ვლინდება ავტომობილების თუნდაც ნაწილების დაკარგვა, აღნიშნული მოსაზრება შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ სუბიექტური, ვინაიდან არ მომხდარა ავტომობილების საწყისი მდგომარეობის შედარება საბოლოო მდგომარეობასთან, არც ექსპერტიზა ჩატარებულა და არც საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულა, რომლებიც დაადასტურებდა ავტომობილების საწყისი მდგომარეობის ცვლილებას (გარდა 257 ბრძანებით დამტკიცებულ საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №9) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, „რომ საწყობის მიერ საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, უპირველეს ყოვლისა, ტვირთის მესაკუთრისთვის არის ზიანის მომტანი“, თუმცა ზემოხსენებულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ავტომობილების მესაკუთრეების მხრიდან რაიმე პრეტენზიის, სარჩელის წარდგენა საბაჟო საწყობის მიმართ, მეტიც აღნიშნული პირების ინტერესს მათ საკუთრებაში არსებული ავტომობილები აღარ წარმოადგენს, ხოლო --- ვინ-კოდის მქონე ავტომობილის მესაკუთრე ავტომობილის გადაცემას სახელმწიფო საკუთრებაში აპირებს. უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ მიუთითებს კონკრეტულად რომელი სამართალდარღვევა არის ჩადენილი კომპანიის მიერ და სამართალდარღვევების აქტში მიუთითებს: „--- - შასი ---- ; შსს ავტომატიზებულ ბაზაში რეგ №201878187 ; განცხადება 156731/21; წერილი შპს ---- 54345/21-10 ; აღნიშნულ ა/მ- ზე განხორციელდა საბაჟო საწყობის პროცედურა დეკლარაცია №---- (17.10.2022), ბოლო ვადა იყო 17.10.2024 წელი ; რომელზეც დღემდე არ დასრულებულა საბაჟო ზედამხედველობა, ჯარიმდება სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურებისთვის სოლიდარულად ;
იმპორტის გადასახადი 2 12,5 ლარი; აქციზი 5 250 ლარი;“ WB----- შასი WB---- ; შსს ავტომატიზებულ ბაზაში რეგ №193383248 ; განცხადება 156731/21; წერილი შპს ----ის 52502/21-10; აღნიშნულ ა/მ-ზე გამოცხადება დეკლარირების ბოლო ვადა იყო 20,05,2020 წელი; ხოლო ტერმინალზე გამოცხადდა დაგვიანებით 11.03.2022 წელს. რომელზეც დღემდე არ განხორციელებულა სასაქონლო ოპერაცია და მასზე არ დასრულებულა საბაჟო ზედამხედველობა, ჯარიმდება სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურებისთვის სოლიდარულად; იმპორტის გადასახადი 212.38 ლარი; აქციზი 5510,4 ლარი.
აღნიშნული აქტების მიხედვით ჩანს, თითქოს შემოსავლების სამსახური სოლიდარულად აკისრებს პასუხისმგებლობას კომპანიას ავტომობილების მესაკუთრეებთან ერთად. მაშინ როდესაც, საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ აღემატება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი დეკლარანტი − პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება; როგორც აღნიშნული მუხლებიდან იკვეთება დეკლარანტის პასუხისმგებლობაა საბაჟო საწყობის პროცედურის განხორციელება, ასევე დეკლარირება. გაუგებარია, რის საფუძველზე მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ კომპანია ვალდებულება, რომ მას განეხორციელებინა საბაჟო საწყობის პროცედურა, მაშინ როდესაც კომპანია არათუ მოკლებულია ამის შესაძლებლობას, არამედ მეტიც, მას, სურვილის შემთხვევაში მესაკუთრის/დეკლარანტის გარეშე საბაჟო საწყობიდან არ შეუძლია სატრანსპორტო საშუალების გაყვანა. კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებულია ათეულობით ავტომობილი, რომელთა გაყვანაც არ ხდება მესაკუთრეთა მხრიდან. მსგავსი ავტომობილების ტერიტორიაზე ყოფნა კომპანიისთვის არ არის მომგებიანი, პირიქით, ამ ავტომობილებზე ყოველდღიურად იზრდება დგომის დავალიანება, შედეგად, კომპანიას ეზრდება დებიტორული დავალიანებები, რომელთა აღსრულებაც, სასამართლოს მოგების შემთხვევაშიც კი, წარმოადგენს პრობლემას და, არსებობს რიგი შემთხვევები, როდესაც მოგებული საქმეები წლების განმავლობაში, ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, იმყოფება აღსრულებაში. შპს----ს მიზანს წარმოადგენს მსგავსი ავტომობილებისაგან ტერიტორიის გათავისუფლება, მით უფრო, რომ კომპანია გეგმავს საბაჟო კონტროლის ზონის გაუქმებას, რაშიც ხელს უშლის აღნიშნული ავტომობილები. მსგავსი პრობლემური ავტომობილებისაგან ტერიტორიის გასუფთავების მიზნით, კომპანიამ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რეკომენდაციით, საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული თითოეული ავტომობილის მფლობელისაგან მიიღო წერილობითი თანხმობა იმის თაობაზე, რომ მათი ავტომობილები განთავსებულიყო სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში (ნაცვლად შპს ----სი). აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა ავტომობილის ფიზიკური გადაადგილების გარეშე სახელმწიფოს შესაბამის პროგრამაში (პირსში) ავტომობილების დაფიქსირება ახალ საბაჟო კონტროლის ზონაზე (სხვა კომპანიაზე). აღნიშნული მიზნით, როგორც ზეპირსიტყვიერად მოახსენეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აუცილებელია საბაჟო პროცედურების გავლა, რომლებსაც კომპანია ვერ განახორციელებს ავტომობილის მფლობელის გარეშე.
შესაბამისად, კომპანია ყოველგვარ შესაძლებლობასაა მოკლებული იქონიოს რაიმე გავლენა ავტომობილის მეპატრონეზე. აღნიშნულის შემდგომ, ვინაიდან კომპანიამ ავტომობილის მფლობელის გარეშე ვერ შეძლო საბაჟო პროცედურების გავლა, შპს ---ამ არაერთი წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, მათ შორის წინამდებარე საჩივარში აღნიშნულ ორ ავტომობილთან დაკავშირებითაც (დანართი 12) და სთხოვა, ავტომობილების გაყვანა კომპანიის ტერიტორიიდან.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან არაერთხელ მივიღეთ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი პასუხები (რის გამოც ხშირად ვცვლიდით წერილების სტრუქტურას: ზოგ წერილში ერთად გვყავს მოხსენიებული ყველა ავტომობილი, ზოგან დაყოფილი გვაქვს სადგომების ზონების მიხედვით, ზოგი წერილი კი მომზადებულია სათითაო ავტომობილზე), თუმცა ავტომობილებისაგან ტერიტორიის განთავისუფლება ჯერ ვერ მოხერხდა.
საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საბაჟო საწყობი მოკლებულია შესაძლებლობას თავად განახორციელოს საბაჟო პროცედურები სხვის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ საავტომობილო საშუალებაზე, გაუგებარია რატომ შეიძლება იყოს ის პასუხისმგებელი ასეთი პროცედურების დარღვევაზე. შესაბამისად, არ ვლინდება სსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა დამრღვევი ქმედება კომპანიის მხრიდან, რომელიც გახდებოდა მასზე ჯარიმის დაკისრების საფუძველი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული მუხლი მიუთითებს, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობის შემთხვევაშიც კი, პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ იმპორტის გადასახადზე (და არა გადასახდელზე), ხოლო საგადასახადო მოთხოვნებით კომპანიას დაეკისრა არამარტო იმპორტის, არამედ აქციზის გადასახადიც საბაჟოზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ მტკიცდება საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ ინსტრუქციით გათვალისწინებული ავტომობილების საწყისი მდგომარეობის ცვლილება და საბაჟო საწყობზე საგადასახადო ორგანოს ფაქტობრივი გარემოებებით არ დაუდგენია უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის დარღვევა, ამრიგად ის ვერ ასაბუთებს ადგილი ჰქონდა თუ არა კომპანიის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, ან მართლსაწინააღმდეგო შედეგს.
შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტმა ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით ვერ განამტკიცა მსჯელობა, რომ კომპანიის ბრალეული/მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დადგა მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რის დადასტურებაც კუმულატიურად წარმოადგენს 172-ე მუხლის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას. შესაბამისად, ვინაიდან არათუ აღნიშნული მუხლის ორივე წინაპირობა, არამედ არც ერთი მათგანი სახეზე არ არის, მოვითხოვთ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტემენტის 2025 წლის 10 მაისის საბაჟო სამართალდარღვევის №EL284589 ოქმისა და №EL284593 ოქმის ბათილობას.
3.2. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნა საბაჟო დეპარტამენტის მიერ კომპანიისთვის გამოწერილი საბაჟო სამართალდარღვევის ზემოაღნიშნული ოქმების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა შეადგინა საგადასახადო მოთხოვნა ორივე ავტომობილზე ( №EL69050/1371 და №EL69050/1373), რომელთა მიხედვითაც ორივე ავტომობილიდან გამომდინარე კომპანიას დაეკისრა საბაჟოზე აქციზის გადასახადი, იმპორტის გადასახადი და შესაბამისი საურავი. გამომდინარე იქედან, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გამოწერილია უსაფუძვლოდ და უნდა იქნას ბათილად მიჩნეული, ასევე, უსაფუძვლოა №EL69050/1371 და №EL69050/1373 საგადასახადო მოთხოვნები, ვინაიდან მათ საფუძვლად სწორედ ბათილი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები უდევს. გარდა ამისა, უცნობია, თუ რა მიზეზით მიიღო შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილება, რომ ---- და ---- ვინ-კოდის მქონე ავტომობილების განბაჟებიდან გამომდინარე გადასახდელი იმპორტისა და აქციზის გადასახადები შესაბამის საურავთან ერთად დაერიცხა კომპანიაზე, აღნიშნული ავტომობილების მესაკუთრეების ნაცვლად. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილების საბაჟო საწყობზე განთავსებიდან გამომდინარე მესაკუთრეებს ისედაც უფიქსირდებათ დაუფარავი ვალდებულებები კომპანიის მიმართ, რაზეც კომპანიას სარჩელი აქვს შეტანილი სასამართლოში, სამართლიანობას მოკლებულია მათ მიერ გადასახდელი იმპორტისა და აქციზის გადასახადების (შესაბამის საურავთან ერთად) გადახდაც რომ კომპანიას დაეკისროს და მესაკუთრეების მიერ უყურადღებოდ მიტოვებული ავტომობილებიდან გამომდინარე, რომელთა საბაჟო საწყობიდან გაყვანასაც ის ვერ ახორციელებს დამოუკიდებლად, დამატებით განიცადოს ზიანი.
3.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დასაბუთება მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის არ არის ცნობილი ის ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მეტიც გაუგებარია, კონკრეტულად სსკ-ის 172-ე მუხლის ან 455-ე დადგენილების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის რომელ ნაწილზე (უკანონო განკარგვა, დაკარგვა თუ განადგურება, ვინაიდან არც ერთი ფაქტობრივად არ არის სახეზე) მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანო ჯარიმის, გადასახადებისა და სანქციების დაკისრებისას.
ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია გარემოებები, ფაქტები, მტკიცებულებები თუ კომპანიის არგუმენტები, რადგანაც არ იკვეთება თუ რა დოკუმენტების, ფაქტობრივი გარემოებებისა თუ მტკიცებულებების შედარებით და შესწავლით შეაფასა საგადასახადო ორგანომ, რომ კომპანია არ უზრუნველყოფდა საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურების თავიდან არიდებას, ან რატომ მიიჩნია ავტომობილები უკანონოდ განკარგულად, დაკარგულად ან განადგურებულად.
შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონდარღვევით და უნდა იცნოს ბათილად.
4. დასკვნა
მომჩივნის მიერ ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საფუძველზე აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დასაბუთებისა და საქმის გულდასმით გამორთვების ვალდებულება. ასევე, ყოვლად დაუსაბუთებლად და მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, რომ კომპანიას დარღვეული ჰქონდა საბაჟო საწყობის ნებართვის მფლობელისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები და ფაქტობრივი გარემოებების გარეშე მიიჩნია, რომ ორივე ავტომობილი იყო „უკანონოდ განკარგული, დაკარგული ან განადგურებული“.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, ან საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და მათზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალების მონაცემების აღრიცხვის მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა ან მოხსნილია/მოცილებულია იდენტიფიკაციის საშუალება, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა, უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის, ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 1.09.2025 წლის №77675-21-10 წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი: საბაჟო დეპარტამენტის ---ს გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის წარმომადგენელთან ერთად, დათვალიერდა შპს „---ს“ საბაჟო საწყობში განთავსებული სატრანსპორტო საშუალებები და დადგინდა (2025 წლის 4 აპრილის დათვალიერების აქტი), რომ:
– შპს „---ს“ განცხადებაში მითითებული 52 სატრანსპორტო საშუალებიდან 5 ავტომობილი გაყვანილი იყო საბაჟო საწყობის ტერიტორიიდან.
– 5 სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ: ----) იყო გაძარცვული, ხოლო 1 სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ----) – დამწვარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 10 მაისს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ იქნა:
– №EL284586 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
– №EL284589 და №EL284593 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი 2 სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ --- და ----) უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურებისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და, ---№-ის ცენტრის საქართველოში წარმომადგენლობის – შპს „---ს“ №561268 (08/04/2025) განცხადებითა და ---- ს საქართველოში წარმომადგენლობის – შპს „----ის“ №561053 (04/04/2025) განცხადებით მოწოდებული სატრანსპორტო საშუალებების მონაცემების გათვალისწინებით, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა იდენტურ/მსგავს სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამასთან, დათვალიერების აქტში გაძარცვულ/დამწვარ მდგომარეობაში მყოფი 4 სატრანსპორტო საშუალებაზე მიმდინარეობს მონაცემების დადგენა და სანქციის/იმპორტის გადასახდელის გამოანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 1.09.2025 წლის №77675-21-10 წერილის დანართად წარმოდგენილია 4.04.2025 წელს შედგენილი დათვალიერების აქტი, რომელიც ხელმოწერილია კომპანიის წარმომადგენლის მიერ. აღნიშნული დათვალიერების აქტის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ გამოგზავნილ წერილებზე რეაგირების მიზნით მოხდა მომჩივნის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობის დათვალიერება.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივნის მფლობელობაში არსებული საბაჟო საწყობის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ორივე სატრანსპორტო საშუალება (შასი ---- და შასი ---) იყო გაძარცვული, რაც დასტურდება მომჩივნის წარმომადგენლის ხელმოწერით, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება, მომჩივნისთვის იმპორტის გადასახდელების და საურავის დარიცხვის შესახებ, ასევე, მომჩივნისთვის საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევისა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების განადგურების ფაქტზე, საბაჟო კოდექსის 172-ე და 176-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმების შეფარდების თაობაზე მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
2. სანებართვო პირობების დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილი იყო საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა და საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას, საბაჟო დეპარტამენტის რუსთავის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ/გამოცემულ იქნა: საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც პირს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც პირს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი 2 სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვის, დაკარგვის ან განადგურებისთვის დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და, ---ის ცენტრის საქართველოში წარმომადგენლობის – და ---ის ცენტრის საქართველოში წარმომადგენლობის – განცხადებით მოწოდებული სატრანსპორტო საშუალებების მონაცემების გათვალისწინებით, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა იდენტურ/მსგავს სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. დათვალიერების აქტში გაძარცვულ/დამწვარ მდგომარეობაში მყოფი 4 სატრანსპორტო საშუალებაზე კი მიმდინარეობს მონაცემების დადგენა და სანქციის/იმპორტის გადასახდელის გამოანგარიშებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 127; 172; 176; 49.