დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად N 1007

1007 დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად 21.07.2015
№ დოკუმენტი 1007
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად N 1007

ფაქტობრივი გარემოებები

· მხარეებმა საქონლის მიწოდებაზე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიწოდების საკომპენსაციო თანხა შეადგენს 10 000 დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღეს ეროვნული ბანკის დოლარის გაყიდვის ოფიციალური კურსის შესაბამისად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ფასი უნდა იქნეს გადახდილი 3 ნაწილად: 2000 დოლარის ექვივალენტი ლარში - 2015 წლის 27 თებერვალს, 5000 დოლარის ექვივალენტი ლარში - 2015 წლის 2 მარტს (როდესაც განხორციელდება საქონლის მიწოდება) და 3000 დოლარის ექვივალენტი ლარში - 2015 წლის 2 აპრილს. საქონლის მიწოდება განხორციელდა 2015 წლის 2 მარტს.

· 2015 წლის 27 თებერვალს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის ოფიაციალური კურსით შეადგენდა 2.2-ს. 2015 წლის 2 მარტს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის ოფიაციალური კურსით შეადგენდა 2.1-ს. 2015 წლის 2 აპრილს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის ოფიაციალური კურსით შეადგენდა 2.2-ს.

· როგორც მხარეები შეთანხმდნენ, საკომპენსაციო თანხის ნაწილი, 2000 დოლარის ექვივალენტი ლარში, 4400 ლარის ოდენობით, გადახდილ იქნა საქონლის მიწოდებამდე, 2015 წლის 27 თებერვალს. საკომპენსაციო თანხის მეორე ნაწილის, 5000 დოლარის ექვივალენტი ლარში, 10 500 ლარის ოდენობით, გადახდილ იქნა საქონლის მიწოდების დღეს, 2015 წლის 2 მარტს. ხოლო საკომპენსაციო თანხის დარჩენილი ნაწილი, 3000 დოლარის ექვივალენტი ლარში, 6600 ლარის ოდენობით, გადახდილ იქნა საქონლის მიწოდების შემდგომ, 2015 წლის 2 აპრილს.

· პირმა დასაბეგრი ოპერაციის თანხა განსაზღვრა მიწოდების დღეს ეროვნული ბანკის კურსით (10000*2,1=21000) და გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით გამოწვეული ცვლილება არ დააკორექტირა.

შეფასება

· სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას, გადაიანგარიშება ლარებში ოპერაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის "ა.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის "ა.ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით. ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ ფასების შემცირების ან სხვა მიზეზით შეცვლილია ოპერაციაზე ადრე შეთანხმებული კომპენსაციის თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა.

· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის "ა.ბ" ქვეპუნქტის თანახმად, პირს დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშვა 2015 წლის 2 მარტს, როდესაც განხორციელდა საქონლის მიწოდება. დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის, 2015 წლის 2 მარტს, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება შემდეგნაირად: 2015 წლის 27 თებერვალს (საქონლის მიწოდებამდე) გადახდილ 4400 ლარს დაემატება 2015 წლის 2 მარტს (საქონლის მიწოდებისას) გადახდილი 10500 ლარი. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო არის საქონლის მიწოდების მომენტი, 2015 წლის 2 აპრილს (საქონლის მიწოდების შემდგომ) გადასახდელ 3000 დოლართან მიმართებაში, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის, გამოიყენება საქონლის მიწოდების დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი (3000*2,1=6300). შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა ჯამურად არის 21200 ლარი (4400+10500+6300).

· ამასთან, 2015 წლის 2 აპრილს, საკომპენსაციო თანხის დარჩენილი ნაწილის 3000 დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდისას, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის შესაბამისად წარმოშობილი სხვაობა, 0,1 ერთეულის ოდენობით, დღგ-ის მიზნებისათვის, არ წარმოადგენს კორექტირების გარემოებას, სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეულ ცვლილებას.

ღონისძიებები

· გადასახადის გადამხდელს, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაეკისრება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

სიტუაციურ სახელმძღვანელოში შესაბამისი დღისთვის მითითებული ვალუტის კურსები პირობითია და არ შეესაბამება სინამდვილეს