გადაწყვეტილება №88623/1/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2024
№ დოკუმენტი 88623/1/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№ 88623/1/2024

27 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 22.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №88623/1/2024).

 

დავის საგანი:

ქონების გადასახადში დარიცხული ვალდებულების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2024 წლის №006-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5172 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 23 417 ლარი.

მათ შორის:

მიწა - არასასოფლო - 13 623

ჯარიმა - 6 811

საურავი - 2983

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 იანვრის №1097 ბრძანებით დაინიშნა კომპანიის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 30 იანვრის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ შესწავლილი იქნა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები, რის საფუძველზეც განისაზღვრა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მიწაზე ქონების გადასახადის ნაწილში.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2024 წლის №1808 ბრძანება და 2.02.2024 წლის №006-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5172 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 43-ე, მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, მიაჩნია რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობაა სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმი და მასთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელსაც პანდემიის პერიოდში ვერ ახორციელებდა, ამდენად მოკლებული იყო ესარგებლა იჯარის საგნით. შესაბამისად, უსამართლოა სახელმწიფოს მხრიდან გადამხდელისათვის საქმიანობის შეჩერების პერიოდში მიწის გადასახადის დაკისრება. ამასთან, კომპანიის საქმიანობა სეზონურია, რადგან მოიცავს გარე აქტივობებს მდინარესთან და ხორციელდება მხოლოდ თბილ პერიოდებში, მაისიდან სექტემბრამდე. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილი დაფარულია წყლით და ფიზიკურად ვერ ხერხდება საიჯარო საგნის ამ ნაწილით სარგებლობა.

შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოუკვლევიათ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება მიღებულია შაბლონურად. შემოწმებით დაირღვა საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ყოველმხრივად და სრულფასოვნად გამოკვლევის საკითხი. მომჩივანი მიუთითებს საქმის გამოკვლევისას ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებებზე და სასამართლო გადაწყვეტილებებზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.

საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

შემოწმებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სახელმწიფოსგან იჯარით აქვს აღებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ ასრულებდა მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირებას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე), რომელიც არ იყო მომჩივნის დეკლარირებული და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება შესრულებული.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებსა და მტკიცებულებებს დარიცხვის არამართლზომიერების შესახებ, უთითებს მხოლოდ, რომ პანდემიის პერიოდში ვერ ახორციელებდა საქმიანობას და მიწის ნაკვეთის 1/3 ნაწილი დაფარულია წყლით და ფიზიკურად ვერ ახორციელებდა საიჯარო საგნის ამ ნაწილით სარგებლობას, ასევე საქმიანობა სეზონურია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება ქონების (მიწის) გადასახადის ნაწილში განსაზღვრულია მართლზომიერად, ამასთან მომჩივნის არგუმენტები ვერ გახდება კომპანიის საგადასახადო ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონების გადასახადში დარიცხული ვალდებულების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაირკვა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სახელმწიფოსგან იჯარით აქვს აღებული არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც არ ასრულებდა მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარირებას. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე), რომელიც არ იყო მომჩივნის დეკლარირებული და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულება შესრულებული.

 

გადაწყვეტილება

. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 203(ბ);204(2);205(2);