გადაწყვეტილება №18443/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18443/2/2022
16.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ შემადგენლობით, 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 14.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18443/2/2022).
დავის საგანი:
ავტოფარეხის რეალიზაციის ეკონომიკურ საქმიანობად განხილვა და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ის დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის №006-371 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.11.2022 წლის №29446 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 13 870,29 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 8 237
ჯარიმა - 4 118,5
საურავი - 1 514,79
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 23.05.2018 წელს, ხოლო 20.05.2020 წელს საგადასახადო ორგანოში წარადგინა განაცხადი 1.01.2020 წლიდან ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, 14.02.2020 წელს სერგო ყორანაშვილმა (პ/ნ 01019006966) ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე პირველი რიგის მემკვიდრეს, "------" , გადასცა ქ. "------" მდებარე 54.9 კვ.მ. ფართობის ავტოფარეხი, რომელსაც 16.05.2020 წელს მეწარმემ შეუცვალა სტატუსი და დაარეგისტრირა, როგორც კომერციული ფართი.
აღნიშნული ფართი 13.05.2021 წელს გაიცა იჯარით "------"-ზე (პ/ნ "------" ), ხოლო 28.07.2021 წელს გაიყიდა "------"-ზე (პ/ნ "------"). გადამხდელს ამ ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი არ აქვს დეკლარირებული 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში.
მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული ფართის სტატუსის შეცვლა მოხდა მხოლოდ გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით და ფლობის განმავლობაში არ გამოყენებულა როგორც კომერციული ფართი. მეწარმეს "------" არ მიუღია ფინანსური სარგებელი, ხოლო იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ აწარმოე საქართველოს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რადგან ერთ-ერთი პირობა ფართის არსებობა გახლდათ. ეს გარემოება დასტურდება "------"-ის ახსნა-განმარტებითაც და აწარმოე საქართველოს პროექტში წარდგენილი"------"-ის ბიზნეს გეგმით.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომჩივანს არ დაარიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელის არ აქვს წარდგენილი დღგ-ის დეკლარაცია. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი 8 237 ლარი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 4 118,5 ლარის ოდენობით.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის №006-371 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.11.2022 წლის №29446 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
23.05.2018 წელს დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. ფლობდა სატვირთო ავტომობილს 2018 წლის დეკემბერში და 2019 წლის იანვარში განახორციელა საქართველოდან მცირე ოდენობით მანდარინის ექსპორტი. წარუმატებელი საქმიანობის გამო, 2019 წლის ივლისში განახორციელა სატვირთო ავტომობილის რეალიზაცია (ა/ფაქტურა ეა-"------") და ფაქტობრივად შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა. შემდგომში, 20.05.2020 წელს განცხადებით (ID: "------" , შტრიხკოდი: "------" ) მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომ 2020 წლიდან ის აღარ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას და მოითხოვა მეწარმის სტატუსის შეჩერება.
2020 წლის თებერვალში "------" მამამისისგან ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა 54,9 კვ.მ ავტოფარეხი, რეალიზაციის მიზნით. ავტოფარეხი და საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ოჯახის საკუთრებას, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ოჯახმა გადაწყვიტა ქ."------"-ში ქონების გაყიდვა, რადგან მამამისი, "------" უმეტესად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, თვითონ ვერ განახორციელებდა რეალიზაციის პროცედურებს, 2021 წლის ივლისში იურიდიულად ავტოფარეხი გაყიდა "------".
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ როდესაც ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას ის რეგისტრირებული იყო ინდ. მეწარმედ და ასრულებდა საგადასახადო ვალდებულებებს. მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა ამის შესახებ აცნობა შემოსავლების სამსახურს. ოჯახის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი, მას გადაეცა რეალიზების პროცედურების შესასრულებლად, ამ ქონებას არც ის და არც სხვა არ გამოიყენებდა კომერციული დანიშნულებით, ის ფაქტობრივად მხოლოდ რეალიზების ტექნიკური დეტალებით იყო დაკავებული და მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენდა მის პირად შემოსავალს. უძრავი ქონების, მათ შორის ავტოფარეხების, ან სხვა ქონების რეალიზაცია არასდროს არ წარმოადგენდა"------"- ის სამეწარმეო საქმიანობას, მან მხოლოდ ერთხელ მოახდინა ოჯახის საკუთრების რეალიზების პროცედურა და ისიც მხოლოდ იურიდიულ/ტექნიკურ ნაწილში წარმოადგენდა გამყიდველის მხარეს. მას ამ დროს ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა სხვა ეკონომიკური საქმიანობაც და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მის ეკონომიკურ საქმიანობად ავტოფარეხების რეალიზაციის განხილვა.
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას, შემმოწმებელს აქვს უფლებამისილება იმოქმედოს არა სამეურნეო ოპერაციის ფორმის მიხედვით, არამედ მისი შინაარსის შესაბამისად განახორციელოს დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრა. ამ შემთხვევაში, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, სახეზეა მრავალი წლის განმავლობაში ოჯახის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის გაყიდვის ფაქტი, თუმცა შემოწმებით ეს ფაქტი შეფასებულია ფორმალურად, როგორც "------"-ის ეკონომიკური საქმიანობა. დავების განხილვის დეპარტამენტმა სრულად არ დააკმაყოფილა საჩივარი, მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იყო მომჩივანი მათთან განხილვაზე. გაიგეს მისი პოზიცია, უთხრეს, რომ ჯარიმა-საურავების სრულად გაუქმება იყო შესაძლებელი და ძირის შემცირება/ეტაპობრივ გადახდაზე ექნებოდა შემოთავაზება. თუმცა, საბოლოოდ სრულად საჩივრის არ დაკმაყოფილების პასუხი მიიღო და არანაირი შემოთავაზება აღარ მიუღია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი. საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს ავტოფარეხი მოწყობილი ჰქონდა როგორც მაღაზია. აღნიშნული ავტოფარეხი მამამ აჩუქა შვილს და შემდგომ მოხდა რეალიზაცია, როგორც კომერციული ფართი (იურიდიულად დასტურდება). გადასახადის გადამხდელი იყო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შესაბამისად, შემოწმების შედეგად მოხდა აღნიშნული კომერციული ფართის დღგ-ით დაბეგვრა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა 20.05.2020 წელს განცხადებით (ID: "------") მიმართა შემოსავლების სამსახურს, 2020 წლიდან ის აღარ ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას და მოითხოვა მეწარმის სტატუსის შეჩერება. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში არ აჭარბებს 100 000 ლარს. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის №006-371 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2022 წლის №006-371 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.