სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება N 3/ბ–551-22

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.02.2023
№ დოკუმენტი N3/ბ–551-22წ
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3/ბ–551-22 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 თებერვალი, 2023 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები - შოთა სირაძე (მომხსენებელი),ხათუნა ხომერიკი, ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - თ.ფ

აპელანტი (მოსარჩელე) - თ.ა

წარმომადგენელი - ო.ხ

მესამე პირი - ს.ჩ (არ გამოცხადდა)

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

გასაჩივრების გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

1. აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2017 წლის 01 სექტემბერს, თ.ა-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. 2017 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოთხოვა:

 

ბათილად იქნეს ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N°EL061324, თ.ა-ის (პ/ნ ----------) მიმართ 1000 ლარის ოდენობით სანქციის გამოყენების ნაწილში:

- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს N°21870 ბრძანება;

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 14 დეკემბრის N°EL067422 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ფ/პ თ.ა-ის (პ/ნ -----------) 11691,25 ლარით დაჯარიმების შესახებ;

- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის N°EL69050/1146 საგადასახადო მოთხოვნა, ფ/პ თ.ა-თვის აქციზის გადასახადის 11 280 ლარის, იმპორტის გადასახადის 411,25 ლარის, საურავის 4 144,55 ლარის, საერთო ჯამში 15 835,80 ლარის დაკისრების ნაწილში;

- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს N°21870 ბრძანება, ფ/პ თ.ა-ის (პ/ნ -----------) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

- ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის ბრძანება N°9618.

 

მოსარჩელის მითითებით, თ.ა-ს, მ.ზ-მ სთხოვა მსუბუქი ავტომანქანის საქართველოში შემოყვანისა და დეკლარირებისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გადაცემა, რათა განეხორციელებინა უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ავტომანქანის რეგისტრაცია მის სახელზე, შემდგომ კი თავად განახორციელებდა ავტომანქანის განბაჟების პროცედურებს, ავტომანქანის მის სახელზე გადაფორმების ჩათვლით. პირადობის მოწმობის გადაცემის შემდეგ, თ.ა-ს არასდროს უნახავს ავტომანქანა და არც არასდროს უსარგებლია ავტომანქანით. შემოყვანისთანავე ავტომანქანა წაიყვანა მ.ზ-მ. გარკვეული დროის შემდგომ, თ.ა-ს დაუკავშირდა მ.ზ და თხოვა, რომ მისი სახელით დაურეკავდა სომეხი ეროვნების მოქალაქე ავტომანქანის განბაჟებაზე და მიჰყოლოდა საბაჟო პროცედურების გასავლელად. თ.ა-ს უარი არ უთქვამს და შეჰპირდა, რომ დარეკვისთანავე მიყვებოდა საბაჟო დეპარტამენტში. მოსარჩელე იქვე განმარტავდა, რომ თ.ა-ს პირადობის მოწმობა ჯერ კიდევ იმყოფებოდა სომეხი ეროვნების მოქალაქე ს.ჩ-თან, რომელიც მ.ზ-ის გადმოცემით იყო ავტომანქანის ზეინკალი და კარგად ფლობდა, როგორც საზეინკლო საქმიანობას, ასევე ავტომანქანის განბაჟების პროცედურებს და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი იგი ამ საქმიანობას ეწეოდა რეგულარულად.

 

2017 წლის ივლისის შუა რიცხვებში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან თ.ა-მა მიიღო წერილი N°21–10–21/101072, რითაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანა იმ დროისათვისაც არ იყო განბაჟებული და ერიცხებოდა საჯარიმო სანქციები, რის თაობაზეც პასუხი მოსთხოვა მ.ზ-ს, რომლისგანაც გაიგო, რომ ს.ჩ-ს უნებართვოდ, ავტომანქანის განბაჟების, ასევე მისი ღირებულების გადახდის გარეშე, 2016 წლის 02–03 იანვარს დაუშლია მასზე მიყიდული ავტომანქანა, რომლის განბაჟებაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმების შესაბამისად მას უნდა განეხორციელებინა. თ.ა-მა ასევე შეიტყო, რომ ავტომანქანის დაშლის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მ.ზ-მ საჩივრით მიმართა შსს პოლიციის განყოფილებას. პოლიციის მიერ მიღებული რაიმე სახის გადაწყვეტილების შესახებ თ.ა-თვის უცნობია. ამასთან მოსარჩელემ მიიღო ზომები, რომ მოეხდინა ავტომანქანის განბაჟება, მაგრამ ვეღარ შეძლო, ვინაიდან ავტომანქანა რეალურად აღარ არსებობდა. ამ ფაქტის გამო, თ.ა-ის მიმართ 2017 წლის 06 ივლისს საბაჟო დეპარტამენტმა შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია N°EL061324, 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

 

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NoEL061324 თ.ა-მა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, თუმცა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს No21870 ბრძანებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რასაც არ ეთანხმება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ თ.ა-ის საჩივრის განხილვისას დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ გაიზიარა მის საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, მიუხედავად იმისა, რომ ეს არგუმენტები აშკარად გამორიცხავდნენ მის ბრალეულობას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. თვითონ ავტომანქანის მყიდველმა ს.ჩ ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე აიღო თავის თავზე ვალდებულება ავტომანქანის განბაჟებაზე, რაც არ განახორციელა. აქედან გამომდინარე, ს.ჩ-ს ქმედებაში აშკარად შეინიშნება დანაშაულის ნიშნები, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადებაა შეტანილი შსს განყოფილებაშიც, სადაც არსებობს მოკვლეული მასალები და თავადაც აღიარებს ამ ფაქტის სინამდვილეს. ამდენად მოსარჩელის აზრით, შესაბამისი პასუხისმგებლობა სწორედ ს.ჩ-ს უნდა დაჰკისრებოდა.

 

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში No3/1076-17 თ.ა-ს სარჩელის გამო, მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, აქტის ბათილად ცნობის შესახებ, მესამე პირად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ჩაბმულ იქნა ს.ჩ. (პ/ნ -----------; მის: ქ. ბათუმი).

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით, თ.ა-ის სარჩელისა გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 14 დეკემბრის NoEL067422 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ფ/პ თ.ა-ის (პ/ნ -----------), 11691,25 ლარით დაჯარიმების შესახებ). სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის NoEL69050/1146 საგადასახადო მოთხოვნის (ფ/პ თ.ა-ის აქციზის 11,280 ლარის იმპორტის გადასახადის 41125 ლარის, საურავის 4 144,55 ლარის, საერთო ჯამში 15835,80 ლარის დაკისრების შესახებ), ფ/პ თ.ა-ის (პ/ნ -----------) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს No21870 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9618 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, შეწყდა საქმის წარმოება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან დაკავშირებით მიღებული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, თ.ა-ის (პ/ნ -----------) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის NoEL061324 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი თ.ა-ის (პ/ნ -----------) 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს No21870 ბრძანება. ამავე გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა თ.ა-ის (პ/ნ -----------) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით NoEL061324, თ.ა (პ/ნ -----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმდა 1000 ლარით.

 

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს No21870 ბრძანებით თ.ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აპელირებს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ხანდაზმულობაზე და ითხოვს ოქმის და ბრძანების გაუქმებას.

 

მოსარჩელის ამ პოზიციასთან მიმართებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე Nს-327-323(კ-14), 2 დეკემბერი, 2014 წ.), რომ „საგადასასადო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს, შესაბამისად, მის მიმართ სრულად ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის მოთხოვნები“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანამად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუსისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისსი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი. მითითებული კოდექსის 232-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანასმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა ვადებმა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აწესრიგებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, დადგენის, შესაბამისი სანქციის გამოყენების საფუძვლებს, წესსა და პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ მოიცავს სამართალდარღვევათა ამომწურავ ჩამონათვალს და სხვა საკანონმდებლო აქტებით შეიძლება. გათვალისწინებულ იქნას სამართალდარღვევათა სხვა სახეები, რომელთათვისაც პირს სახდელი სწორედ ამ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში დაედება, თუკი კონკრეტული ნორმატიული აქტით სპეციალური, საგამონაკლისო წესები არ არის დადგენილი. მიუხედავად სამართალდარღვევის სახისა და მის მიმართ გამოსაყენებელი სანქციის სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებისა, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებული ზოგადი წესები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით მოწესრიგებულია საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები, გამოვლენისა თუ სახდელის დადების წესი და საგადასახადო კოდექსი ერთმანეთისაგან განასხვავებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს. ამასთან, სამართალდარღვევათა მსგავსი დიფერენცირება გამოწვეულია იმ საფუძვლით, თუ კონკრეტულად რომელი ნორმატიული აქტით არის გათვალისწინებული სამართალდარღვევის სახე და გამოსაყენებელი სახდელი, რაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფართო გაგებით, საგადასახადო სამართალდარღვევა – მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთ სახეს და შესაბამისად, თუკი საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ წესს, საგადასახადო სამართალდარღვევაზე რეაგირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტული შემთხვევის მიმართ სახდელის გამოყენების ვადის გამოანგარიშება უნდა მოხდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, რამეთუ საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ აწესრიგებს სახდელის გამოყენების ვადებს. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება: ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას.

 

სასამართლოს აღნიშვნით, ადგენს რა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლი ხანდაზმულობის ვადებს, განსაზღვრავს ხანდაზმულ პერიოდს, რომელზეც „საგადასახადო ორგანოს დარიცხვის განხორციელება ეკრძალება. მათ შორის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ეხება საგადასახადო სანქციის, რომელზეც პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა. გამოყენების ხანდაზმულობის ვადებს და ადგენს, რომ მსგავს სამართალდარღვევაზე სანქციის დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, რაც გულისხმობს არა გამოვლენილ საგადასახადო სამართალდარღვევაზე სანქციის შეფარდების 3-წლიანი ვადის არსებობას, არამედ სანქციის გამოყენების დაუშვებლობას იმ სამართალდარღვევის მიმართ, რომლის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია სამი წელი. შესაბამისად, აღნიშნული ვადა წარმოადგენს არა საგადასახადო ორგანოსათვის სამართალდარღვევაზე რეაგირების - სახდელის გამოყენების ვადის გაზრდის კერძო შემთხვევას, არამედ იცავს გადასახადის გადამხდელის უფლებას, რომ მას არ დაეკისროს სანქცია მაშინაც კი, როდესაც სახდელის დაკისრების ვადები დაცულია, თუმცაღა სამართალდარღვევის ჩადენიდან გასული პერიოდის გამო, საგადასახადო ორგანოს დაკარგული აქვს მისთვის სანქციის შეფარდების უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო სამართალდარღვევა გამოვლინდა 2016 წლის 05 იანვარს, ხოლო სადავო სამართალდარღვევის ოქმი შედგა მხოლოდ 2017 წლის 06 ივლისს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს შეფასებით, სახდელის გამოყენების მომენტისათვის გასული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადის დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. კანონმდებლობა განსაზღვრავს სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების ზოგად წესს და სანქციის შემფარდებლის უფლებამოსილებას აქცევს დროით განსაზღვრულ ჩარჩოებში. კერძოდ, ადმინისტრაციული სახდელი პირს უნდა დაედოს სამართალდარღვევის გამოვლენიდან ორი თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის დარვევა კი იწვევს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში გასული იყო სახდელის დადების კანონმდებლობით დადგენილი ვადა, საგადასანადო ორგანოს უფლება აღარ ჰქონდა ეწარმოებინა სამართალდარღვევის საქმე და განესაზღვრა მოსარჩელისათვის ჯარიმა, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველია, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაა სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტი, სსიპ შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადსკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას. ვინაიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და შესაბამისად სანქციის დაკისრების ვადა განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში. ამ მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. შესაბამისად, ვინაიდან ხსენებული დანაწესი არეგულირებს სანქციის დაკისრების ვადას, ეს არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც გადასახადის გადამხდელის უფლება, რომ მან ხანდაზმულობის გათვალისწინებით არ გადაიხადოს ბიუჯეტში შესაბამისი სანქცია. პირიქით, აღნიშნული დანაწესი საგადასახადო ორგანოებს უდგენს ვალდებულებას, რომ მათ 3 წლის ვადაში მოახდინონ შესაბამისი სანქციის დაკისრება და საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა, ხოლო 3 წლის გასვლის შემდგომ აღნიშნულის განხორციელება უნდა შეფასდეს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო მოქმედება და არა როგორც გადამხდელის უფლება - არ გადაიხადოს დაკისრებული სანქცია.

 

აპელანტის აღნიშვნით, ამ მიმართებით მნიშვნელოვანია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებაც, რომლის თანახმადაც საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით. გარდა ამისა, ადსკ-ის 38-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. მაშასადამე, სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლი უკავშირდება ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადებს და არა საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციებს. ამასთან, ერთი მხრივ, მხრივ ადმინისტრაციული სახდელი განმარტებულია ადსკ-ის 23-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით, ამავე კოდექსის 24-ე მუხლში კი, ჩამოთვლილია ადმინისტრაციული სახდელის სახეები. მეორე მხრივ კი, საგადასახადო სამართალდარღვევისა და საგადასანადო სანქციის ცნებები განმარტებულია საგადასახადო კოდექსის 269-ე და 270–ე მუხლებით, რომლის თანახმადაც საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ხოლო საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამასთან, სსკ-ის 270-ე მუხლითვეა გაწერილი საგადასახადო სანქციის სახეებიც.

 

მაშასადამე, ადმინისტრაციული სახდელიც და საგადასახადო სანქციაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას, თუმცა, რადგან განსხვავდება მათი მიზნები, რეგულირების სფერო და სახეები, აპელანტის შეფასებით, აღნიშნული ცნებები არ წარმოადგენენ - იდენტურ ცნებებს, არამედ არიან განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტები. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ადსკ-ის 38-ე მუხლი ეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სახდელს (და არა საგადასახადო სანქციას), აღნიშნული ნორმა ვერ დაადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის შეფარდების ვადებს. საგადასახადო სამართალდარღვევებზე სანქციის დაკისრების ვადებს. საგადასახადო კოდექსის მიხედვით მოიცავს სამ წელს და იგი აითვლება საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა 2016 წლის 05 იანვარს, ხოლო სანქცია თ.ა-ს ჩადენილი ქმედების გამო დაეკისრა 2017 წლის 06 ივლისს, ანუ საგადასახადო კოდექსით დადგენილი 3 წლიანი ვადის დაცვით. შესაბამისად, საგადასანადო ორგანომ კანონით დადგენილი წესით გამოსცა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი თ.ა-ის მიმართ, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს გამორიცხავს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განმარტება ადსკ-ის 38-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით ქმნის არასწორ იურიდიულ პრაქტიკას, რომელიც არ უნდა იქნას გაზიარებული, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2022 წლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას თ.ა-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა - დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის, მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. 386-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ანალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

წარმოდგენილ საქმეზე, როგორც აღინიშნა, სარჩელით სადავო იყო საბაჟო და დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NoEL061324, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს No21870 ბრძანება, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 14 დეკემბრის NoEL067422 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის NoEL69050/1146 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის ბრძანება No9618.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ NoEL061324 სამართალდარღვევის ოქმისა და No21870 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დააკმაყოფილა 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ხოლო დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში შეწყვიტა საქმის წარმოება. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით არ გასაჩივრებულა. თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ 2022 წლის 28 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით, სასამართლომ, სხვა აქტებთან ერთად, მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს N21870 ბრძანებაზე და შეწყვიტა ამ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილშიც საქმის წარმოება, თუმცა 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებაში, რომლითაც სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი იგივე ბრძანება.

 

ამ მიმართებით ბუნდოვანების გამოსარიცხად, პალატა, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, ასევე N21870 ბრძანების, 2022 წლის 28 აპრილის განჩინებისა და გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, მიუთითებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 28 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში No21870 ბრძანება შეცდომითაა მითითებული და აღნიშნული ბრძანება რეალურად ბათილად არის ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. მაშასადამე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებაში No21870 ბრძანების მითითებისას დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უზუსტობა, რაც შეიძლება გასწორდეს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლისა.

 

ამრიგად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატის შეფასების საგანია საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის NoEL061324 საგადასანადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს No21870 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NoEL061324 და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს No21870 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ გაუშვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის დადების 2 თვიანი ვადა.

 

სასამართლოს აღნიშნულ არგუმენტებს არ ეთანხმება აპელანტი და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოც ეთანხმება აპელანტს და არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, ქვემოთ მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გათვალისწინებით:

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ კონტროლის მიმდინარე ღინისძიებების განხორციელებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი თ.ა-ის სახელზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების (შასის No-------------; ტრანზიტული ნომერი – ------) ზოგადი დეკლარირება, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზირებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, განხორციელდა 2015 წლის 06 ნოემბერს და საგადასახადო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2016 წლის 05 იანვარი.

 

2015 წლის 06 ნოემბრისთვის მოქმედი რედაქციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის No290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში - მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში. თუმცა, თ.ა-ის მიერ, ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში დეკლარირება არ განხორციელებულა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქონლის გაფორმების სამმართველოს განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, 2017 წლის 06 ივლისს თ.ა-ის დაუსწრებლად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NoEL061324, რომლითაც მას დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (დეკლარირება/გამოცხადების ვადის დარღვევა) და განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

ამ პერიოდისთვის მოქმედი რედაქციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა, იწვევდა პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 000 ლარისა.

 

2017 წლის 07 ივლისის No21-10-217101072 შეტყობინებით, ფიზიკურ პირ თ.ა-ს გაეგზავნა მის მიმართ 2017 წლის 06 ივლისს დაუსწრებლად შედგენილი NoEL61324 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით დაევალა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის აუცილებელი პროცედურების განსახორციელებლად, უზრუნველეყო სატრანსპორტო საშუალების (შასის No---------------; ტრანზიტული ნომერი -------) საბაჟო კონტოლის ზონაში წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქმედება ჩაითვლებოდა სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელ ქმედებად. აღნიშნული სამართალდარღვევისათვის კი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე- 19 ნაწილით გათვალისწინებული იყო პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობდა ჯარიმას გადასახდელი იმპორტის გადასანდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით. ამასთან, ამავე კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 და 272-ე მუხლის მე-4 ნაწილების შესაბამისად, მას წარმოეშობოდა იმპორტის გადასახდელებისა და საურავის გადახდის ვალდებულება. ვინაიდან ამოიწურა შეტყობინებით განსაზღვრული ვადა, ხოლო თ.ა-ის მიერ ავტომობილის (VIN: ------------------) საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის ვადა და სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა არ განხორციელებულა, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებლად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტზე, 2017 წლის 14 დეკემბერს პირის მიმართ დაუსწრებლად შედგა NoELO67422 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით 11691.25 ლარი. ამასთან, გამოიცა 14.12.2017 წლის NoEL69050/1146 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად იმპორტის გადასახდელების (იმპორტის გადასანადი 411,25 ლარი, აქციზი 11280,0 ლარი) და 272-ე მუხლის შესაბამისად იმპორტის გადასახდელებზე საურავის (4144,55 ლარი 14.12.2017წ. მდგომარეობით) დარიცხვა.

 

ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 17.08.2017 წლის No21870 და 25.04.2018 წლის No9618 ბრძანებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გადამხდელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში და როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება თ.ა-ის სარჩელის გამო შემოსავლების სამსახურის მიმართ-საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 14 დეკემბერის No0EL67422 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, საბაჟო დეპარტამენტის 14.12.2017 წლის NoEL69050/1146 საგადასახადო მოთხოვნის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 25 აპრილის No9618 ბრძანების საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, ხოლო თ.ა-ის სარჩელი საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის NoEL061324 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 17 აგვისტოს No21870 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას, როგორც აღინიშნა საფუძვლად დაუდო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვლისწინებული ვადების გასვლა და მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა ფართო გაგებით წარმოადგენდა რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეს, სწორედ დასახელებული მუხლით გათვალისწინებულ რეგულირებას უნდა დაქვემდებარებოდა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას.

 

პალატა, რა თქმა უნდა, იზიარებს სასამართლოს მსჯელობას, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს და მის მიმართ ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის მოთხოვნები, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ როცა საქართველოს საგადასახადო კოდექსი შეიცავს რაიმე სპეციალურ წესს, საგადასახადო სამართალდარღვევაზე რეაგირება არ უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსს. პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასანადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუსისმგებლობას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, რომელიც არღვევს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი, საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის (საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება) პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე მუხლის 11 ნაწილით, ამ კოდექსის 289-ე მუხლის პირველი–მე-3, მე-10–მე-19, 25-ე და 26-ე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ, განიხილავენ და გადაწყვეტილებებს იღებენ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოები. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

 

საქართველოს - საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართალდარღვევა საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.

 

პალატა მიუთითებს, რომ "მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის No994 ბრძანება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ერთმანეთისგან ანსხვავებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, და ცალ-ცალკე თავებით ითვალისწინებს საგადასახადო სამართალდარღვევებისა (თავი XVII) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების (თავი XX) საქმეების წარმოების წესებს. ამასთან, ბრძანების 82-ე მუხლის მეორე ნაწილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საგადასახადო ორგანოები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 444, 912, 99-ე, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1291, 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551-1556, 157-ე, 1571–1575, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე-1653, 16510, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

 

ამდენად, ერთმანეთისგან გამიჯნულია საგადასახადო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და შესაბამისად, ცალკეა გამოყოფილი საგადასახადო სფეროში დარღვევების სახეები, რომლებიც განეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და მათ ჩამდენზე პასუხისმგებლობის ზომებსაც შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაზე უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით განსაზღვრული სანქციის დადების ვადები.

 

პალატა, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაწესება ხდება მხოლოდ სპეციალური კანონმდებლობით - საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით და საგადასახადო კოდექსითვეა განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების ვადებიც. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის (გარდა საურავისა) დაკისრებისა და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საგადასახადო კოდექსი ერთმნიშვნელოვნად ადგენს წესს, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში დააკისროს სანქცია საგადასახადო სამართალდამრღვევს. დასახელებული მუხლის მესამე ნაწილში არსებული ჩანაწერი „საგადასახადო მოთხოვნის" შესახებ, არ შეიძლება გაგებული იქნეს იმგვარად, თითქოს მოცემული ნორმით დარეგულირებულია მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადები. აღნიშნული რეგულაცია აგრეთვე ვრცელდება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის წარდგენაზეც, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სსკ-ის 271 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ამრიგად, კანონმდებლობა სანქციის დაკისრების მიზნით საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს აიგივებს საგადასახადო მოთხოვნასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე სსკ-ის მე-4 მუხლის მესამე ნაწილში არსებული ჩანაწერი არ უნდა იქნეს განმარტებული მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის და მისი გამოცემის საფუძვლებთან კავშირში, არამედ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეებთან მიმართებითაც, რა დროსაც გამოიცემა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად. ამ დასკვნის საფუძვლიანობას ადასტურებს ზემოაღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიც, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საგადასახადო სამართალდარღვევაზე და ადგენს სანქციის დაკისრების პერიოდს. სახელდობრ, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადა აითვლება: ა) საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის კალენდარული წლის დასრულებიდან, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციის თანხის გაანგარიშება უკავშირდება საგადასახადო ვალდებულების თანხის ოდენობას. აქედან გამომდინარე, კანონმდებლის ნება საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით ასახულია საგადასახადო კოდექსში და იგი არ ექვემდებარება სხვა საკანონმდებლო აქტის მეშვეობით დარეგულირებას. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას განსახილველი შემთხვევის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული 2 თვიანი ვადის გავრცელებასთან და ამ ვადების გასვლის გამო საგადასახადო სამართალდარღვევისთვის სანქციის დაკისრების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რაც პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სადავო აქტების ბათილობასაც გამორიცხავს.

 

გარდა ამისა პალატა შენიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელით თ.ა არ ეთანხმებოდა NoELO61324 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს იმ დასაბუთებითაც, რომ გამოვლენილ დარღვევაში ის არ იყო პასუხისმგებლობის სუბიექტი, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევაში თ.ა-ის სამართალდამრღვევად ცნობის საფუძველი. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება შემოტანილი იქნა მისი სახელით, შესაბამისად, სწორედ ის იყო ვალდებული პირი იმპორტირებული ავტოსატრანპორტო საშუალების დეკლარირებაზე. მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტები კი, სხვა პირებს შორის ზეპირი შეთანხმებების დადების შესახებ, რა თქმა უნდა, თ.ა-ის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებად მხედველობაში მიღებული ვერ იქნება.

 

პალატა, თ.ა-ის სამართალდამრღვევად ცნობასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობა იურიდიული პასუსისმგებლობის ერთ-ერთი სახეა. იურიდიული პასუხისმგებლობა გულისსმობს სამართალდამრღვევის მიმართ სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენებას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43–ე მუხლის მე–4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება საგადასახადო კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საგადასასადო სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები, რომლის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუსისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი - საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

 

საგადასახადო პასუხისმგებლობას, იურიდიული ფუნქციის გარდა, სოციალური ფუნქციაც გააჩნია. საგადასახადო პასუხისმგებლობის სოციალური ფუნქცია საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილების ზოგადი და კერძო პრევენციით ხორციელდება. ზოგადი პრევენცია უზრუნველყოფს ახალი საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილებას საგადასახადო სამართლის ყველა სუბიექტის მიერ, ხოლო კერძო პრევენცია – ახალი საგადასახადო სამართალდარღვევის თავიდან აცილებას საგადასახადო სამართლის ინდივიდუალურად განსაზღვრული სუბიექტის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა. თ.ა-თვის საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა. პალატის შეფასებით, დადგენილი ფაქტია, რასაც გადასახადის გადამხდელი სათანადო მტკიცებულებები ვერ აბათილებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება შემოტანილი იქნა მისი სახელით. შესაბამისად, ის იყო ვალდებული კანონით დადგენილ ვადაში ავტომობილის დეკლარირებაზე/ გამოცხადებაზე. მართალია თ.ა მიუთითებს, რომ მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა კონკრეტული რელევანტური არგუმენტი, რაც მის ამგვარ პოზიციას გაამყარებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

პალატა განუმარტავს მოსარჩელეს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო ადმინისტრაციულ მოვალეობებს სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი. ასეთ დროს გადადის აქტის გამომცემი ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არ გულისხმობს მოსარჩელე მხარის, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის, საერთოდ გათავისუფლებას მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ე.ი. იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რაზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებებით, საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადგენილია, რისი საწინააღმდეგო მტკიცებულებაც გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია და მისი პოზიცია სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. პალატის შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომაში თ.ა-ის ბრალეულობაზე მიუთითებს, რის გამოც არ არსებობს მათი უარყოფისა და მოსარჩელის პოზიციის გაზიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რაც სწორად შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ.

 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს დადგენილად მიიჩნევს, პალატა მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერების საფუძვლით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციებისგან გათავისუფლების შესაძლებლობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი სამართალდამრღვევის მიმართ სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად, ითვალისწინებს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემთხვევას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატება. საგადასახადო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საგადასახადო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, კეთილსინდისიერი გადამხდელი შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

 

პალატა მოიხმობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.10.2014წ. (საქმე Noბს–222– 219(კ-14)) გადაწყვეტილებას, სადაც საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით კანონმდებელმა საგადასახადო სამართალში შემოიტანა გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების (GOOD FAITH) პრინციპი რაც მთელი რიგი ქვეყნების კანონმდებლობით, პასუხისმგებლობის (ბრალის) გამომრიცხველი გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების" ან „არაკეთილსინდისიერების" ცნებას, თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავების გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო–სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის კვალიფიციური გაგება-გამოყენება მოითხოვს ნორმის ტექსტის გაანალიზებას, რის საფუძველზეც უნდა დავასკვნათ, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერებას კანონმდებელი მის მიერ დაშვებულ შეცდომას უკავშირებს. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

 

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე. მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი საქმის მასალებში წარმოდგენილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 16 ივლისის NoMIA 0 17 01694665 ცნობა, რომელიც მიეცა მოქალაქე მ.ზ-ს მასზედ, რომ მან, 2016 წლის 19 მარტს, პოლიციის განყოფილებაში განაცხადა, რომ 2016 წლის იანვრის თვეში, მისი საცხოვრებელი მისამართიდან მოქალაქე ს.ჩ-ს „ნისიად“ მიჰყიდა ავტომანქანა ჯიპი „გრანდ ჩეროკი“, საიდენტიფიკაციო ნომრით: ---------------, ტრანზიტული ნომრით; --------, რომელიც იმ დროისათვის იყო განსაბაჟებელი. გამოკითხვის დროს მ.ზ-მ დააფიქსირა, რომ აღნიშნული ავტომანქანა რეგისტრირებულია თ.ა-ის (პ/ნ -----------) სახელზე. ასევე განმარტა, რომ ავტომანქანა უნდა განებაჟებინა ს.ჩ-ს. ს.ჩ-ს განმარტებით, ავტომანქანა შეძენიდან რამდენიმე დღეში დაშალა და ნაწილებად გაყიდა.

 

გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია ასევე მ.ზ-ის, თ.დ-ის, ს.ჩ-ის გამოკითხვის ოქმები ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის, განბაჟების შესახებ მხარეთა შეთანხმების თუ ავტომანქანის შემდგომი განკარგვის მიზნების შესახებ. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, რაც საქმეშია წარმოდგენილი, არცერთი გამოკითხული პირის მიერ მიცემულ განმარტებაში, თ.ა-ის მონაწილეობა რაიმე ფორმით ავტომობილის, როგორც შემოყვანის, ისე შემდგომი განკარგვის პროცედურებთან დაკავირებით, არ იკვეთება. გარდა იმისა, რომ მ.ზ-ის აღნიშვნით, ავტომანქანა მართალია იყო თ.ა-ს სახელზე, თუმცა რეალურად იყო მისი და სწორედ მან აწარმოა მოლაპარაკებები თ.დ-ს და ს.ჩ-თან (ავტომანქანის ხელოსნები).

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით და სწორედ ფაქტის მიმართ სამართალდამრღვევად ცნობილი პირის სუბიექტური დამოკიდებულის შეფასებით, წინამდებარე საქმეზე პალატა თვლის, რომ თ.ა მოქმედებდა მისატევებელი შეცდომის ფარგლებში და სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ.ა-ს პირველად არ განუხორციელებია ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის პროცედურები და მისთვის ცნობილი იყო დეკლარირებისთვის სატრანსპორტო საშუალების წარდგენის ვალდებულების შესახებ. აქედან გამომდინარე, ვერ დასტურდება შემთხვევა, რომ ერთი და იმავე ვითარებაში თ.ა განსხვავებულად მოქმედებდა, რაც მის კეთილსინდისიერებას გამორიცხავდა. მეტიც, როგორც აღინიშნა, მასთან მიმართებით სხვა ანალოგიურ ან მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ამრიგად, სააპელაციო პალატის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სწორედ მისატევებელი შეცდომა, რადგან გადასახადის გადამხდელი შეცდა, როცა ჩათვალა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი სახელით შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (მინდობილობის) გარეშე, სხვა პირი შეძლებდა დეკლარირების თუ სხვა ოპერაციების განხორციელებას და რომ თავად არ წარმოადგენდა საგადასახადო ორგანოს წინაშე ვალდებულ პირს.

 

ამდენად, პალატა, მიზანშეწონილად მიიჩნევს თ.ა-ის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გავრცელებას, რაც ერთი მხრივ, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის იმ ნაწილში გაუქმებასაც იწვევს, რომლითაც სამართალდამრღვევად ცნობილ პირს დაეკისრა შესაბამისი სანქცია, ხოლო მეორე მხრივ, ასევე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ბრძანების თ.ა-თვის შეფარდებული სანქციის უცვლელად დატოვების ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველიცაა, რადგან საჩივრის განმხილველ ორგანოს, საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სათანადოდ უნდა გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ემსჯელა დაკისრებული სანქციისგან მოსარჩელის გათავისუფლებაზე, მით უმეტეს,როცა სამართალდამრღვევად ცნობილი პირის ადმინისტრაციული საჩივრის შინაარსითაც აშკარაა, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მისი შეცდომით/არცოდნით.

 

ბოლოს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს, თ.ა-ის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაჟღერებულ პოზიციაზეც, იმ აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე, რომელთა ბათილად ცნობის ნაწილშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება. კერძოდ, მხარე აღიარებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება არ გაუსაჩივრებია, თუმცა მიუთითებს „ადმინისტრაციული სასდლისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონზე და სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვს სახელმძღვანელო მითითებების გაცემას, რამდენად შეიძლება ამ კანონისმოქმედება გავრცელდეს მისი მარწმუნებლის შემთხვევაზე.

 

სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ სამართლებრივი განმარტებების და მითითებების გაცემა, სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მის წინაშე გადასაწყვეტად დასმული დავის ირგვლივ. სასამართლო არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, რომელიც წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს და სამართლებრივ საკითებსაც განმარტავს მხოლოდ სადავო საკითხთან შემხებლობაში. ის საკითხები კი, რაზეც განმარტების თუ მითითებების გაცემას ითხოვს მხარე ვერ შეფასდება წინამდებარე დავის ფარგლებში და სასამართლო საკონსულტაციო ორგანოს ფუნქციებს ვერ შეითავსებს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც სახეზეა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყევტილების მიღების და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტი, სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა, ამასთან, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო პალატამ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ თ.ა-ის სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სსიპ შემოსავლების სამსახურს თ.ა-ის (პ/ნ ---------) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ანაზღაურება. თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-12 მუხლით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. თ.ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

3.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის სამართალდარღვევის ოქმი თ.ა-ის მიმართ შეფარდებული სანქციის - 1000 (ათასი) ლარის დადების ნაწილში;

 

3.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 18 აგვისტოს N21870 ბრძანება თ.ა-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა – სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის სამართალდარღვევის ოქმი თ.ა-ის მიმართ შეფარდებული სანქციის 1000 (ათასი) ლარის დადების ნაწილში;

 

4. თ.ა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 06 ივლისის სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისაგან;

 

5. აპელანტი სსიპ შემოსავლების სამსახური სააპელაციო საჩივარზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსიპ შემოსავლების სამსახურს თ.ა-ის სასარგებლოდ დაეკისროს პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. No6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.No32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება – და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

შოთა სირაძე

ხათუნა ხომერიკი

ლერი თედორაძე