ბრძანება N 24198

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.10.2023
№ დოკუმენტი 24198
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24198

02 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 17, 18, 24 აგვისტოს და 1 სექტემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 21 ივნისს, სალიზინგო კომპანიის, შპს „---ის“ (ს/ნ ---) მეშვეობით ---თვის ჩამოყვანილი იქნა ---მოდელის, 1999 წელს დამზადებული, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალება „VIN ---“, რომელიც რეგისტრირებული იყო ზემოხსენებული კომპანიის სახელზე და მისი დეკლარირებია ბოლო თარიღი უწევდა 2023 წლის 27 აგვისტო. ---ს შპს „---ის“ მიმართ დაფარული აქვს ყველა ფინანსური ვალდებულება. სატრანსპორტო საშუალება ---ლის მიერ დატოვებული იქნა ერთ ერთ სახელოსნოში სადაც ხდებოდა ჩამოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების დაშლა და შეკეთება, სადაც გარდა ზემოხსენებული სატრანსპორტო საშუალებისა იყო არაერთი სხვა დაზიანებული და დასაშლელად გამზადებული ავტომანქანა. ადგილზე მომსახურე პერსონალისთვის განმარტებული იქნა, რომ სატრანსპორტო საშუალება არ დაეშალათ, რადგანაც იგი იყო განსაბაჟებელი. დაახლოვებით 10 დღე გავიდა ---. დაბრუნების შემდგომ კი გაარკვია, რომ ავტომანქანა შეცდომით დაუშლიათ სხვა, იგივე ტიპის სატრანსპორტო საშუალების მაგივრად და მისი ძარა ჩაბარებული იყო შავი ლითონის მიმღებ პუნქტში, სადაც ვეღარ შეძლეს ძარის მოძიება.

---ს გაცნობიერებული აქვს მისი პასუხისმგებლობა, ნებისმიერ ფორმატსა და სიტუაციაში იცავს ქართულ კანონმდებლობას და მისივე სურვილით გამოცხადდა შპს „---ში“, სადაც აუხსნა არსებული რეალობა, განმარტა, რომ არ გაურბოდა პასუხისმგებლობას და მოითხოვა მინდობილობის გაცემა, რათა ზემო ხსენებული მანქანის თაობაზე მომეხდინა შემოსავლების სამსახურის ინფორმირება.

მომხდარ ფაქტზე, 2023 წლის 7 აგვისტოს შედგა საბაჟო სამართალდარღვევის №EL219165 ოქმი, რომლიაც კომპანია დაჯარიმდა 7 028 ლარის ოდენობით და დამატებით დაერიცხა ამავე ოდენობის თანხა, 2023 წლის 7 აგვისტოს №69050/2804 საგადასახადო მოთხოვნით, თუმცა საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო მოთხოვნა გაცემულია არა ---ის მიმართ, არამედ შპს „---ის (ს/ნ ---) მიმართ, რადგანაც ავტომანქანის რეგისტრაცია ფიქსირდებოდა ხსენებულ კომპანიაზე. რეალურად დარიცხული თანხები არის არა კომპანიის, არამედ ---ს მიერ გადასახდელი თანხა, რადგანაც როგორც უკვე აღნიშნა საკითხი გამოწვეული იქნა მისი დაუდევრობით და ამ შემთხვევაში, შპს „---“-ს (ს/ნ ---) ბრალეულობა არ იკვეთება. --- ამოთქვამს მზაობას დაუყოვნებლივ დაფაროს №EL219165 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული 7 028 ლარი, მომჩივანი კი ითხოვს, გაუქმდეს 2023 წლის 7 აგვისტოს №69050/2804 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შპს „---ის“ 2023 წლის 26 ივლისის №127909/21-11 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---) შეცდომით დაიშალა და განადგურდა.

---ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, შპს „---ის“ (ს/ნ ---) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ---) ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო ამავე პირის მიერ 2023 წლის 30 ივნისს და დეკლარირების ბოლო ვადად განსაზღვრული ჰქონდა 2023 წლის 29 აგვისტო. ვინაიდან ადგილი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონოდ განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, ---ის გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 7 აგვისტოს შედგენილი №EL219165 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „---ს“ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 028 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოიცა №EL69050/2804 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 7 028 ლარის ოდენობით, მათ შორის: აქციზის გადასახადი 6 720 ლარის ოდენობით და იმპორტის გადასახადი 308 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით: საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები; საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტი აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. კანონმდებელი ვალდებულ პირს ავალდებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალება უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა.

დადგენილია, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---) დაიშალა და განადგურდა. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განადგურება. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლი ადგენს პირის პასუხისმგებლობას, რაც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს წარმოეშვა ვალდებულება გადაიხადოს უკანონოდ განადგურებული სატრანსპორტო საშუალების იმპორტის გადასახდელი იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას.

ამდენად, სადავო საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა და ამ მოთხოვნით დარიცხული თანხა გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს, გაუქმდეს 2023 წლის 7 აგვისტოს №69050/2804 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვინაიდან ადგილი ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების უკანონოდ განკარგვას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 7 აგვისტოს შედგენილი №EL219165 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საწარმოს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 7 028 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოიცა №EL69050/2804 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 7 028 ლარის ოდენობით, მათ შორის: აქციზის გადასახადი 6 720 ლარის ოდენობით და იმპორტის გადასახადი 308 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6).

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6; 70; 163; 172; 49; 64.