გადაწყვეტილება №25094/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25094/2/2025
21 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "----------" (ს/ნ "----------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "----------"-ს 17.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25094/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33868 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2024 წლის №249-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6286 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 017 080,08 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 976 267
დღგ - 590 857
საშემოსავლო გადასახადი - 383 804
ქონების გადასახადი - 1 606
ჯარიმა - 484 598
საურავი - 556 215,08
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის საგანს წარმოადგენს კერამიკული საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ჭურჭლის, თიხის ჭურჭლის, ფაიფურის და სამზარეულოს საკუთნოების შეძენა-რეალიზაცია. სარეალიზაციო საქონლის 99%-ს წარმოადგენს გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონელი, რეალიზაციას ახორციელებს "------"-ში, "------"-ის რაიონში მის მიერ იჯარით აღებულ ოთხ სხვადასხვა ობიექტზე, სადაც ასევე რეგისტრირებული აქვს ოთხი საკონტროლოსალარო აპარატი.
აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ექსელის ფაილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თვეების ჭრილში საქონლის საწყისი-საბოლოო ნაშთების შესახებ თანხობრივად, ასევე ინფორმაციას შეძენილი და რეალიზებული საქონლის თაობაზე თანხობრივად, გადამხდელის მხრიდან ასევე წარმოდგენილია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაცია. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი 2020 წელს შეადგენს 18.82%-ს, 2021 წელს 19.51%-ს და 2022 წელს 23.14%-ს. დეკლარირებული შემოსავლის 68% დოკუმენტური რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალია. გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება ზედნადებებზე დაყრდნობით შეუძლებელია, რადგან ვერ ხდება ზუსტი იდენტიფიცირება რეალიზებული საქონლის იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში, რადგან რეალიზაციის ზედნადებებში და იმპორტის დოკუმენტებში ძალიან ბევრია ისეთი საქონელი, რომელთაც აქვთ ერთი და იგივე დასახელება, თუმცა ფასითა და ზომით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №4631 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის მასალები, შედეგების გამოყვანის მიზნით, გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტს. აღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში განხორციელდა გადამხდელთან არსებული სმფ-ს ნაშთის დათვლა, ასევე გადამხდელის მონაწილეობით მოხდა აღნიშნულ ნაშთზე, თითოეულ საქონელზე, თვითღირებულებებისა და სარეალიზაციო ფასების მითითება, რამაც შესაძლებელი გახადა მეწარმის ფასნამატის განსაზღვრა (საშუალოდ 55.78%), რაც რადიკალურად განსხვავებულია დეკლარირებული ფასნამატისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენებით განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რათა დადგენილიყო საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის მასალებით გაანგარიშებული ფასნამატი 55.78%, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულ შესამოწმებელ პერიოდზე 3 073 920 ლარით.
ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილმა შემოსავალმა გამოიწვია წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავლის გაზრდა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, ინვენტარიზაციის მასალებით დგინდება, რომ სმფ-ს ნაშთის თვითღირებულება 13.03.2023 წლის მდგომარეობით შეადგენს 1 894 016 ლარს. გადამხდელის წარმოდგენილი საქონლის ნაშთების გაანგარიშების ცხრილის შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2023 წლის 1 თებერვლისათვის სმფ-ების საბოლოო ნაშთი შეადგენს 2 611 077 ლარს, ხოლო 2023 წლის 13 მარტამდე შეძენილი სმფ - 81 177 ლარს. ინვენტარიზაციის მომენტისათვის ბუღალტრული ნაშთის განსაზღვრის მიზნით, 2 611 077 ლარს (საწყის ნაშთს) დაემატა 81 177 ლარი (01.02.2023-13.03.2013 პერიოდში შეძენილი სმფ) და გამოაკლდა 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2023 წლის 13 მარტამდე რეალიზებული სმფ-ს თვითღირებულება 186 523 ლარი, რომლის გაანგარიშება მოხდა შემდეგი პრინციპით: 2023 წლის პირველი თებერვლიდან 2023 წლის 13 მარტამდე მიღებული შემოსავლიდან (290 565 ლარი) ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით მიღებული ფასნამატით 55.78%-ით განისაზღვრა რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილმა ბუღალტრულმა ნაშთმა ინვენტარიზაციის მომენტისთვის შეადგინა 2 505 732 ლარი. შესაბამისად გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ს ნაშთებს შორის სხვაობამ შეადგინა 611 715 ლარი.
გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ს ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად, აღნიშნულ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.78%, შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულ შესამოწმებელ პერიოდზე დამატებით 952 927 ლარით. ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილმა შემოსავალმა გამოიწვია ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავლის გაზრდა. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შეძენილ სმფ-ებსა და შემოწმებით დადგენილ შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შორის. 2020 წელს შეძენილი სმფ-ების ხარჯი გაიზარდა 20 511 ლარით, ხოლო 2021 წლის - 39 122 ლარით. სხვაობა გამოვლინდა ასევე წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დეკლარირებულ სხვა ხარჯებსა და შემოწმებით დადგენილ ხარჯებს შორის (იჯარა, ტერმინალის ხარჯი, ბანკის საკომისიო და სხვა). შემოწმების შედეგად, 2020 წლის გამოსაქვითი ხარჯი შემცირდა 11 615 ლარით, ხოლო 2021 წლის - 8 775 ლარით.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის, დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ ჩათვლილ დღგ-ის თანხებსა და შემოწმებით დადგენილ ჩასათვლელ თანხებს შორის 2021 წლის დეკემბრის თვეში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს მიღებული და ჩათვლილი აქვს დღგ როგორც ავანსის, ისე საქონლისა/მომსახურების მიღების საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (რომლებიც მოიცავს თანხის ავანსად გადახდისას გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურების თანხას). შემოწმების შედეგად დაკორექტირდა გადამხდელის დეკლარირებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა, (შემცირდა 21 318 ლარით). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №249-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33868 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- 2020-2021 წლების ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 30.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 491 717 ლარით, მათ შორის, გადასახადი 327 808 ლარი, ჯარიმა 163 909 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 1.11.2024 წლის №249- 30 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 27.11.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.12.2024 წლის №25458 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.01.2025 წლის №24488/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6286 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6286 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 145-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებსა და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ და საქმის ზეპირი განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის წლიური გაანგარიშებები, სადაც მითითებულია საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი, საქონლის შეძენა და საბოლოო ნაშთები, შემოწმებით დადგენილ სმფ-ების ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად, თუმცა შემოწმების მიერ არ იქნა დაკორექტირებული დეკლარირებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები, რაც გავლენას ახდენს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრაზე.
შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოწმების პროცესში ჩატარდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში განხორციელდა გადამხდელთან არსებული სმფ-ს ნაშთის დათვლა. გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ს ნაშთებს შორის სხვაობამ შეადგინა 611 715 ლარი, რომელიც განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ იზიარებს დავის განმხილველი ორგანოს მსჯელობას სადავო საკითხებთან მიმართებაში, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 №33868 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე.
საკითხი №1 - საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, მათ შორის - გამოყენებულ ფასნამატს. აცხადებს, რომ საქონლის რეალიზაციას ახორციელებს უმეტესად დოკუმენტით და შესამოწმებელ პერიოდში არცერთხელ არ არის დაჯარიმებული საქონლის უსაბუთო ტრანსპორტირებისთვის ან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე.
აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშებისთვის გამოყენებული აქვს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი (56%), ამასთან, ინვენტარიზაციისას დაფიქსირებულია საცალო ფასები მთელს საქონლის ასორტიმენტზე და მეწარმის ბრუნვის გათვალისწინებით, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში 12 000 000 ლარზე მეტია, მისი მიჩნევა საცალოდ მოვაჭრე ობიექტად არასწორი და არამართებულია. აღნიშნავს, რომ დოკუმენტური რეალიზაციის ფასები წლების მიხედვით მერყეობს 16%-დან 22%-მდე, რომელიც მეწარმის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე რეალურად ასახავს მის მახასიათებლებს. ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა გამოიწვია როგორც ერთობლივი შემოსავლის ცვლილება, ასევე დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა არარეალურ მონაცემებამდე.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2020-2021 წლების ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდზე იმპორტირებული საქონლის თვითღირებულებების გაანგარიშების ცხრილი იმპორტის დეკლარაციების შესაბამისად, ასევე აღნიშნული ცხრილებისა და დოკუმენტური რეალიზაციის გამოყენებით შედგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის წარმოდგენილი ცხრილების შესწავლა ანალიზი, რის შედეგადაც დაკორექტირდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში შემოწმებით გამოყენებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი 55,78%- იანი ფასნამატი, კერძოდ გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნულ პერიოდებზე შემოსავლის გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა გადამხდელის გაანგარიშებული ფასნამატი 2020 წელს 33,07% სოლო 2021 წელს 48,12%, ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.
საკითხი N2 - დამატებული ღირებულების გადასახადი:
გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას და განმარტა, რომ არასწორად არის განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა, ვინაიდან მეწარმეს გააჩნია სხვადასხვა ხარჯი, რომელიც შემოწმების პროცესში არ იყო წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი დააკმაყოფილა, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებით შეისწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
აუდიტორის შეფასება: გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტების დოკუმენტური მტკიცებულება, შესაბამისად აღნიშნული საკითხით გამოწვეული დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
საკითხი N3 - დამატებული ღირებულების გადასახადი:
გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირებას და ითხოვს საკითხის შესწავლას, ვინაიდან გაურკვეველია რა გაანგარიშებაა შესრულებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შემოსავლების სამსახურმა ამ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.
აუდიტორის შეფასება: დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად აღნიშნული საკითხით გამოწვეული დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელებულა.
მომჩივნის არგუმენტაცია:
პირველი საკითხის არგუმენტაცია:
მომჩივანი ადასტურებს, რომ მეწარმე რეალიზაციას ახორციელებს მეტწილად დოკუმენტით და ამას ადასტურებს აუდიტის დეპარტამენტი, როგორც 2023 წლის 27 სექტემბრის აქტში აღნიშნავს, 68% საქონლის რეალიზაცია განხორციელებულია ზედნადებებით.
აუდიტის დეპარტამენტი 2023 წლის 27 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში მიუთითებდა, რომ გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება ზედნადებებზე დაყრდნობით შეუძლებელია, რადგან ვერ ხდება ზუსტი იდენტიფიცირება რეალიზებული საქონლის იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში, რადგან რეალიზაციის ზედნადებებში და იმპორტის დოკუმენტებში ძალიან ბევრია ისეთი საქონელი, რომელთაც აქვთ ერთიდაიგივე დასახელება, თუმცა ფასითა და ზომით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნაში მითითებულია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დაკორექტირდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში შემოწმებით გამოყენებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი 55,78%-იანი ფასნამატი, კერძოდ შემოსავლის გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა „გადამხდელის გაანგარიშებული ფასნამატი“ 2020 წელს 33,07% სოლო 2021 წელს 48,12%.
მომჩივანი კატეგორიულად არ ეთანხმება „გადამხდელის გაანგარიშებული ფასნამატი“-ს მცნებას, ვინაიდან მისი მხრიდან ბრძანებით გათვალისწინებულ ვადაში წარდგენილ იქნა საჩივარში მითითებული პოზიციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული, კერძოდ წარდგენილი დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის ცხრილიდან არ იქნა გათვალისწინებული მნიშვნელოვანი წილი, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგებზე. ზემოაღნიშნულიდან საკითხის ასეთი ფორმულირება ყოვლად მიუღებელია.
• მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილობრივ გათვალისწინებისა, დადგინდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი: შესაძლებელია დოკუმენტური ფასნამატით იხელმძღვანელოს აუდიტის დეპარტამენტმა.
• ითხოვს, ხელახალ შესწავლას დაექვემდებაროს დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების საკითხი, ვინაიდან დაშვებულია მნიშვნელოვანი უზუსტობები და არ არის გათვალისწინებული იდენტური/შინაარსობრივად თანასწორი მახასიათებლის დოკუმენტური შეძენა-რეალიზაცია, რაც კონკრეტული საქმისთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო შედეგებზე.
• აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშებისთვის გამოყენებული აქვს ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი, რომელიც „დადგინდა“ 56%-ის ოდენობით, რომელიც უპირველეს ყოვლისა ძალიან განსხვავდება რეალური მაჩვენებლისაგან და რომლის დოკუმენტურ მტკიცებულება წარმოდგენილია დავების ყველა ეტაპზე; მეორე საკითხია ის, რომ ინვენტარიზაციისას დაფიქსირებულია საცალო ფასები მთელს საქონლის ასორტიმენტზე და მეწარმის ბრუნვის გათვალისწინებით, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში 12 000 000 ლარზე მეტია, მისი მიჩნევა საცალოდ მოვაჭრე ობიექტად არასწორი და არამართებულია.
• დოკუმენტური რეალიზაციის ფასები წლების მიხედვით მერყეობს 16%-დან 22%-მდე, რომელიც მეწარმის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე რეალურად ასახავს მის მახასიათებლებს, რადგან ის წარმოადგენს საბითუმო ფასებით მოვაჭრე სუბიექტს.
• 2024 წლის 30 ოქტომბერს მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2020 და 2021 წლებზე გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლის გაანგარიშებისათვის გამოყენებულ იქნა გადამხდელის გაანგარიშებული ფასნამატი 2020 წელს 33.07% სოლო 2021 წელს 48.12%.
2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნაში მე-7 და მე-8 გვერდზე წარმოდგენილია მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებები, სადაც მითითებულია მეწარმის პერიოდის საწყისი ნაშთი, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქონლის შეძენა და საბოლოო ნაშთები, რომელიც გვაძლებს თითოეული საანგარიშო პერიოდის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების დადგენის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, 2020 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს - 2 463 477 ლარს, რომელზეც დასკვნის ეტაპზე 2020 წლის საანგარიშო პერიოდში დადგენილი ფასნამატის - 33,07%-ის გავრცელების შემთხვევაში ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ უნდა შეადგინოს - 3 278 148.84 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული ციფრი - 3 514 820 ლარი მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოაღნიშნული შედეგისგან. 2021 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება შეადგენს - 3 302 588 ლარს, რომელზეც დასკვნის ეტაპზე 2021 წლის საანგარიშო პერიოდში დადგენილი ფასნამატის - 48,12%-ის გავრცელების შემთხვევაში ერთობლივმა შემოსავალმა და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ უნდა შეადგინოს - 4 891 793.34 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებული ციფრი - 5 244 749 ლარი მნიშვნელოვნად განსხვავდება რპთ-ზე ფასნამატის გავრცელებით მიღებული ციფრისაგან, რაც უპირობოდ საჭიროებს დაზუსტებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს, დოკუმენტური ფასნამატისა და ამ ფასნამატის 2020 წლისა და 2021 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელების საკითხის უპირობო შესწავლას და სწორად დადგენილი ფასნამატის შემდგომ მოხდეს მიღებული ფასნამატის 2023 წლის 27 სექტემბერსა და 2024 წლის 30 ოქტომბრის დასკვნით დადგენილ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელება (2020 წლის დადგენილი „რპთ“ - 2 463 477ლარი, 2021 წლის დადგენილი „რპთ“ – 3 302 588 ლარი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2020 და 2021 წლის საანგარიშო პერიოდებზე დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადში შესრულებული დარიცხვის კორექტირება შემცირების გზით.
ზემოაღნიშნული საკითხი 2025 წლის 2 აპრილის №6286 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მონაწილეობით და წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით საკითხის გადაანგარიშება, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, ვინაიდან გადამხდელი ძირითადად საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა საბითუმოდ და ხდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, არაპირდაპირი მეთოდით რეალიზაციის გაანგარიშება არაკანონიერი და არასამართლიანია და ის უნდა გაუქმდეს.
მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება მიაქცევს, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 დეკემბრის №25458 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 1 ნოემბრის №249-30 საგადასახადო მოთხოვნა და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება, გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33868 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, 2020-2021 წლების ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 30.10.2024 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 491 717 ლარით, მათ შორის, გადასახადი 327 808 ლარი, ჯარიმა 163 909 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 1.11.2024 წლის №249-30 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 27.11.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.12.2024 წლის №25458 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.01.2025 წლის №24488/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6286 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების დაზუსტების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთების კორექტირების საკითხი გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად და აღნიშნულის საფუძველზე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ იზიარებს დავის განმხილველი ორგანოს მსჯელობას სადავო საკითხებთან მიმართებაში.
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, მათ შორის - გამოყენებულ ფასნამატს.
მომჩივანი არ დაეთანხმა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობას და განმარტა, რომ არასწორად არის განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა, ვინაიდან მეწარმეს გააჩნია სხვადასხვა ხარჯი, რომელიც შემოწმების პროცესში არ იყო წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადამხდელი არ ეთანხმება ჩათვლილი დღგ-ის თანხების შემცირებას და ითხოვს საკითხის შესწავლას, ვინაიდან გაურკვეველია რა გაანგარიშებაა შესრულებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილისა და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი 2020 წელს შეადგენს 18.82%-ს, 2021 წელს 19.51%-ს და 2022 წელს 23.14%-ს. დეკლარირებული შემოსავლის 68% დოკუმენტური რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალია. გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება ზედნადებებზე დაყრდნობით შეუძლებელია, რადგან ვერ ხდება ზუსტი იდენტიფიცირება რეალიზებული საქონლის იმპორტირებულ საქონელთან მიმართებაში, რადგან რეალიზაციის ზედნადებებში და იმპორტის დოკუმენტებში ძალიან ბევრია ისეთი საქონელი, რომელთაც აქვთ ერთი და იგივე დასახელება, თუმცა ფასითა და ზომით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შემოსავლების სამსახურის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.
აღნიშნული ინვენტარიზაციის ფარგლებში განხორციელდა გადამხდელთან არსებული სმფ-ს ნაშთის დათვლა.აღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: ინვენტარიზაციის ფასნამატის გამოყენებით განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რათა დადგენილიყო საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა ინვენტარიზაციის მასალებით გაანგარიშებული ფასნამატი 55.78%, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები სრულ შესამოწმებელ პერიოდზე.ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით დადგენილმა შემოსავალმა გამოიწვია წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავლის გაზრდა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივად დადგენილ სმფ-ს ნაშთებს შორის სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდებში რეალიზებულად, აღნიშნულ რეალიზებულ საქონელზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი ინვენტარიზაციის ფასნამატი 55.78%, შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.ამასთან, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილმა შემოსავალმა გამოიწვია ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრი შემოსავლის გაზრდა. პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
145,275.