გადაწყვეტილება №20899/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20899/2/2023
30 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ა(ა)იპ „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ „----------“ 25.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20899/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №007-224 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23060 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 648 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 6 345
ჯარიმა - 734
საურავი - 569
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2023 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის საანგარიშო პერიოდები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №007-224 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 20.09.2023 წლის №23060 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანი რეგისტრირებულია 17.12.2021 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 5.08.2022 წელს. შემოწმება ჩატარებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით. შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებული დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 359 282 ლარს (დღგ-ის გარეშე). მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები არ განუხორციელებია. ჩათვლას დაქვემდებარებული დღგ-ის თანხა შეადგენს 68 127 ლარს. მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები იდენტურია შემოწმებით დადგენილთან. გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეადგენს 2 394 540 ლარს. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 156-ე და 159-ე მუხლების მიხედვით, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობას, პერიოდების მიხედვით, დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევისთვის მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით (100 ლარი).
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 156-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შორის სატელეფონო კავშირით დამყარებული შეთანხმებით მომჩივნის მიერ 18.07.2023 წლამდე უნდა მომხდარიყო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტება და კუთვნილი დღგ-ის დეკლარირება, აღნიშნულის მიზეზი გახლდათ შესაბამის პერიოდზე, გარკვეული დროის შემდეგ გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დამატებით გადასახდელი დღგ-ის თანხები.
შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №-----------21-05 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 6.07.2023 წელს მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტისგან მიიღო კამერალური შემოწმების შესახებ ბრძანება, რომლის მიხედვითაც შემოწმებას დაექვემდებარა 2022 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2023 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე. შემოწმების ბრძანების მიღების შემდეგ, იმის მიუხედავად რომ მონიტორინგის დეპარტამენტთან შეთანხმებული იყო დეკლარაციების დაზუსტება, ორგანიზაციას არ მოუხდენია შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტება და ინფორმაციის მიწოდების მხრივ აქტიურ კომუნიკაციას/თანამშრომლობას ახორციელებდა აუდიტის დეპარტამენტთან.
ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 25.05.2020 წლის №324, №325, №326 და №327 ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად და მის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა დამოკიდებულია უშუალოდ კონტრაგენტი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. გარკვეული მიზეზების გამო ყველა კონტრაგენტი დროულად ვერ ახერხებს ინფორმაციის მოწოდებას და ამ ეტაპისთვის საზოგადოებას არ გააჩნია ბერკეტი, რომ ჩარჩოებში მოაქციოს და ინფორმაციის მოწოდება მოხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების გავლით (მაგ: იმპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანოდან ინფორმაციის ავტომატურად მიღება). შესაბამისად, ორგანიზაციას გასულ პერიოდზე უწევდა და უწევს დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მრავლად გამოწერა, ვინაიდან გარკვეული მიზეზების გამო დაგვიანებით ღებულობს კონტრაგენტებისგან შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნული წარმოადგენს ინდივიდუალურ შემთხვევას, როდესაც ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება და საანგარიშო პერიოდის შესახებ ინფორმაციის მიღება ხდება უშუალოდ კონტრაგენტი კომპანიების ანუ მომსახურების შემძენისგან (კონტრაგენტების რაოდენობაა დაახლოებით 3000-4000) და 100%-ით ეფუძნება კონტრაგენტებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომელიც რა თქმა უნდა მოიცავს დეკლარირებულ/გასულ პერიოდსაც.
შემოწმების დანიშვნამდე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტთან არსებული პრაქტიკით გარკვეულ თარიღებზე შეთანხმებით ხორციელდებოდა და იგზავნებოდა დაზუსტებული დეკლარაციები, თუმცა ბოლო შემთხვევა იყო გამორჩეული იმ მხრივ რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტთან სატელეფონო კავშირით შეთანხმებული იყო, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისისთვის გაიგზავნებოდა ყველა (უკვე შემოწმებული პერიოდების) დასაზუსტებელი დეკლარაცია (ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის პროცედურა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა) არსებულ შეთანხმებულ დროზე ადრე საზოგადოების მიერ მიღებულ იქნა შეტყობინება შემოწმების დანიშვნასთან დაკავშირებით (შენიშვნა: ასევე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და ტენდეცია წარსულ პერიოდზე სამწუხაროდ კვლავ ხდებოდა და გრძელდება კიდეც, აღნიშნული მიდგომით გამოდის, რომ ყოველი ასეთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის მომენტში სულ უნდა დაჯარიმდეს ორგანიზაცია, რაც უსამართლოა, ვინაიდან მის მიერ სრულდება საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებით გათვალისწინებული ვალდებულება და ხდება საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა, დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტება და კუთვნილი დღგ-ის გადახდა ბიუჯეტში. აღნიშნულს, უეჭველად ამტკიცებს შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, ორგანიზაცია შემოწმების დანიშვნამდე პერიოდულად ახდენდა შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციების დაზუსტებას და ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, დანართის სახით წარმოდგენილი აქვს დაზუსტებული დეკლარაციების ე.წ. „სქრინები“.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის, დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 359 282 ლარს (დღგ-ის გარეშე). ამასთან, გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეადგენს 2 394 540 ლარს. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობას, პერიოდების მიხედვით, დაერიცხა დღგ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 635 ლარი და 291-ე მუხლით 100 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №007-224 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 569,43 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის 21 ნაწილზე, 291-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელიც სრულად არ არის ასახული/დაბეგრილი დღგ-ის დეკლარაციაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში ორგანიზაციის მიერ კვლავაც ხდებოდა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა (კლიენტი კონტრაგენტების მიერ მოწოდებული ინფორმაცის და მათ მიერ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მოთხოვნის საფუძველზე), შესაბამისად, შემოწმების შედეგებით გამოვლენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დღგ დღევანდელი მონაცემებით უკვე შეცვლილია (გაზრდილია დასაბეგრი ბრუნვა) და ვინაიდან პროცესი არის შეუქცევადი, რაზეც ინფორმაცია ასახული ჰქონდა შემოწმების პერიოდში მის მიერ წარმოდგენილ წერილში - „ახსნა-განმარტებითი წერილი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ“. წარმოდგენილი აქვს აღნიშნული წერილი და ითხოვს, რომ ორგანიზაციას მიეცეს საშუალება თავად მოახდინოს 2022 წლის აგვისტოს თვიდან - 2023 წლის მარტის თვის ჩათვლით საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების კიდევ ერთხელ დაზუსტების უფლება, განუსაზღვროთ გონივრული ვადა (დასაზუსტებელი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებით). როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი მოახდენს, როგორც შემოწმების აქტით გამოვლენილი გადასახადების დარიცხვას, ასევე შემოწმების პერიოდში დამატებით გამოწერილი (რომელიც არ არის ასახული აქტში) დღგ-ის საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დარიცხული დღგ-ის თანხების დარიცხვასაც, რადგან უკვე გაზრდილია შესაბამისი პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, ორგანიზაციას პასუხისმგებლობით აქვს გააზრებული, რომ მოუწევს დარიცხული გაზრდილი გადასახადების დეკლარირებასთან დაკავშირებით დარიცხული საურავების გადახდაც.
იმის გათვალისწინებით, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს და მისი მიზანი ან/და ქმედება არ არის მიმართული გადასახადისგან თავისარიდებისკენ, სამართალდარღვევისკენ და საგადასახადო კოდექსის ვალდებულებათა შეუსრულებლობისკენ და ვინაიდან საქმე ეხება ინდივიდუალურ შემთხვევას, რომელიც არ შეიძლება განხილულ იქნეს სხვა დანარჩენ შემთხვევების მსგავსად და რადგანაც აღნიშნული სანქციები ვერ იქნება პრობლემის გადაწყვეტის ამოსავალი წერტილი და რადგანაც შეიძლება ითქვას, რომ პრეცედენტი ჯარ არ ყოფილა, როდესაც გადასახადის გადამხდელი დამოკიდებულია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის შესახებ ინფორმაცია მიიღოს და დამოკიდებული იყოს მყიდველზე, ითხოვს საკითხი განხილულ იქნას ინდივიდუალურად მისი შინაარსიდან გულისხმიერი მსჯელობის საფუძველზე. ორგანიზაციას მიეცეს საშუალება/უფლება, რომ თავად მოახდინოს კუთვნილი გადასახადების დეკლარირება და გადახდა. ზემოთ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებისა და პასუხისმგებლიანი გადასახადის გადამხდელის მიერ მოყვანილი არგუმენტაციიდან გამომდინარე ითხოვს, რომ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №007 – 224 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები. მათ შორის: დღგ 6 345 ლარი, ასევე ჯარიმა 634 ლარი, საურავი 569,43 ლარი. ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას მოახდინოს, როგორც აუდიტის დასკვნით გამოვლენილი, ასევე შემოწმების მიმდინარეობისას ან/და მისი დასრულების შემდეგ გამოწერილი დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დარიცხულ დღგ-ის თანხებზე შესწორებული/დაზუსტებული დეკლარაციების წარდგენა და კუთვნილი გადასახადების გადახდა, მათ შორის დარიცხული საურავების გადახდაც.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო საპატიო სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედების ფარგლებში, რომლის აღმოფხვრაც არ იყო დამოკიდებული სამართალდამრღვევზეც და რომელთან მიმართებაშიც, სამართლიანი შეფასების პირობებში ობიექტურად გამოირიცხება მისი განზრახვის (ნებელობის) არსებობა. სამართალდარღვევის განზრახ განხორციელების შემთხვევაში, უნდა ვლინდებოდეს შესაბამისი ინტერესი, საფუძველი, რომლის არსებობაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოირიცხება. განსახილველ შემთხვევაში, მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში და აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით დაკისრებული ჯარიმებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით და 291-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმებისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკამყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა პირველადი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის, დღგ-ის დეკლარაციით დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 359 282 ლარს (დღგ-ის გარეშე). ამასთან, გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების მიხედვით შეადგენს 2 394 540 ლარს. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობას, პერიოდების მიხედვით, დაერიცხა დღგ.
2. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო საპატიო სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედების ფარგლებში, რომლის აღმოფხვრაც არ იყო დამოკიდებული სამართალდამრღვევზეც და რომელთან მიმართებაშიც, სამართლიანი შეფასების პირობებში ობიექტურად გამოირიცხება მისი განზრახვის (ნებელობის) არსებობა. სამართალდარღვევის განზრახ განხორციელების შემთხვევაში, უნდა ვლინდებოდეს შესაბამისი ინტერესი, საფუძველი, რომლის არსებობაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოირიცხება. განსახილველ შემთხვევაში, მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის პირველ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი. მეორე საკითხთან დაკავშირებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში და აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით დაკისრებული ჯარიმებისგან.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160-(1); 1601(1); 163(1,2); 164(1); 275; 291; 269(7).