გადაწყვეტილება №48659/1/2020
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№48659/1/2020
28.02.2020
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 28.02.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 15.01.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე. საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია -------------- თვითაცილების გამო.
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 24.12.2019 წლის №45742 ბრძანება;
დარიცხული თანხა: 552938 ლარი
მათ შორის:
დღგ - 358219
ჯარიმა - 179110
საურავი - 15609
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2019 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2019 წლის №007-217 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული საჩივრით ასევე გასაჩივრდა ანალიტიკური დეპარტამენტის №011-2019-413527 ბრძანება. შემოსავლების სამსახურის 24.12.2019 წლის №45742 ბრძანებით საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 3 ივნისის №17797 ბრძანება და ამავე თარიღის №007-217 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით ორჯერ იურიდიულ მისამართზე: - - --------, 2019 წლის 21 ივნისსა და 2019 წლის 3 ივლისს (წერილი №21-14/------).
გადამხდელისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა და დაბრუნდა გამგზავნთან 2019 წლის 25 ივნისსა და 5 ივლისს. შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 3 ივნისის №17797 ბრძანება და ამავე თარიღის №007-217 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულ ვებ-გვერდზე (RS.ge) 2019 წლის 3 ივნისს. მომჩივანი აღნიშნულ დოკუმენტებს გაეცნო ელექტრონულად 2019 წლის 19 სექტემბერს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 3 ივნისის №17797 ბრძანება და ამავე თარიღის №007-217 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გამოქვეყნდა 2019 წლის 22 ივლისს, ჩაბარებულად ჩაითვალა 2019 წლის 11 აგვისტოს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ 2019 წლის 3 ივნისის №17797 ბრძანება და ამავე თარიღის №007-217 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გამოქვეყნდა 2019 წლის 22 ივლისს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 2019 წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად დარღვეულია მისი წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანს საჩივარი წარმოდგენილი აქვს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2019 წლის 19 სექტემბრის და 26 ნოემბრის საჩივრები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის თანახმად, დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელისათვის გაცნობილად ითვლება მისი ელექტრონულ პორტალზე გაცნობს დროს. ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით. აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით, ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ოფიციალური გაცნობა ნიშნავს დაინტერესებული პირისათვის აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას. რაც მოცემულ შემთხევაში არ მომხდარა.
ყოველივე ეს ასახულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ბს-770-762(კ-15)) და 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინებაში (საქმე №ბს-443-440(კ-17)), ამ საქმეებში საკასაციო სასამართლო მიუთითებს: „საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრების უფლება მოიცავს პრეზიუმირებას იმისა, რომ პირისათვის ცნობილია აქტის შინაარსი, გასაჩივრება გულისხმობს აქტის გამოცემის მოტივების ცოდნას. ამ თვალსაზრისით აქტის დასაბუთებას მისი გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფის დატვირთვა გააჩნია“. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან კი ნათელია, რომ შემოწმების აქტს და სხვა დოკუმენტაციას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2019 წლის 19 სექტემბერს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.
დადგენილია, რომ სადავო აქტებს მომჩივანი არ გაცნობია, ელექტრონულად გაგზავნიდან 30 დღის ვადაში. დოკუმენტების ჩაბარება ვერ მოხერხდა საფოსტო დაწესებულების საშუალებით (გაეგზავნა ორჯერ), შედეგად განხორციელდა მათი საჯაროდ გავრცელება 2019 წლის 22 ივლისს.
აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2020 წლის №6276-21-14 წერილით წარმოდგენილია დოკუმენტების გადამხდელისთვის გაგზავნის და დაბრუნების შესახებ დოკუმენტაცია. დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2019 წლის №21-14/67377 წერილით, რომელიც გაიგზავნა მისამართზე -----------. საფოსტო უკუგზავნილებში აღნიშნულია, რომ 25.06.2019 წელს და 5.07.2019 წელს კურიერის ვიზიტის დროს ვერ მოხერხდა გზავნილის ჩაბარება ვინაიდან ადრესატი არ იმყოფება მისამართზე (აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს --------).
მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, სადავო ადმინისტრაციული აქტების გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტები მომჩივანს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2019 წლის №007-217 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება არამართლზომიერია, ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.12.2019 წლის №45742 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.12.2019 წლის №45742 ბრძანება;
3. საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.