გადაწყვეტილება №19583/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19583/2/2023
07 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 2.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19583/2/2023).
დავის საგანი:
1. საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან
ნაღდი ფულის გაცემის მოგების განაწილებად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №081-251 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 204 803 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 108 196
დღგ - (-25 026)
მოგების გადასახადი - 67 184
საშემოსავლო გადასახადი - 68 366
ქონების გადასახადი - (-2 328)
ჯარიმა - 70 091
საურავი - 26 516
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 8.12.2022 წლის №31014 ბრძანება და №081-251 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან ნაღდი ფულის გაცემის მოგების განაწილებად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ 2017 წლამდე მომჩივნის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენდა სასურსათო საქონლით ვაჭრობა, ხოლო 2017 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდიდან უფიქსირდება საავანსო შემოსავლების მიღება საცხოვრებელი ფართების წინარე ნასყიდობით რეალიზაციის ფარგლებში. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვით ფიქსირდება საწესდებო კაპიტალი 361 683 ლ., გაუნაწილებელი მოგება – 140 223 ლ. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კი მომჩივანი ამცირებს საწესდებო კაპიტალს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე სალაროდან ნაღდი ფულის გაცემის საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის ფინანსური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციების, პირველადი ელექტრონული დოკუმენტაციისა და შემოწმებისთვის წარდგენილი სხვა მასალების ანალიზით, გაუნაწილებელი მოგების ოდენობა გაიზარდა წარდგენილ საბუღალტრო ნაშთთან შედარებით.
ამდენად, ჩაითვალა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოეშობა საწესდებო კაპიტალის გაზრდის საფუძველი. ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა 2019 წლის საწყისი წმინდა მოგების გაანგარიშება, რის მიხედვითაც დადასტურდა შემოწმებით გამოვლენილი რისკების რეალობა (კერძოდ, არადეკლარირებული დივიდენდის სალაროდან გაცემა და არარეზიდენტი მიმწოდებლისათვის კრედიტორული დავალიანების დაფარვა დაგვიანებულად საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან - კურსთაშორისი სხვაობის გათვალისწინებით და ა.შ.).
კომპანიის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ კრების ოქმები და ზოგადი ახსნაგანმარტება. გარდა ამისა, აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ ვებ-გვერდზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალი ნულის ტოლია. ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერების, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, საწარმოს აქტივების და ვალდებულებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით კომპანიის მიერ 2019-2021 წლებში დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის მე-8, 130-ე, 154-ე და 981 მუხლების მოთხოვნების შესაბამისად. გადამხდელს ასევე, განესაზღვრა ჯარიმები საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელს უნდა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული ვერსია ------------- წწ. პერიოდისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში გამოეთხოვა საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონულ ვერსიაში ასახული ამა, თუ იმ ოპერაციისა დამადატურებელი პირველადი დოკუმენტაცია, რაც აღრიცხვა ანგარიშგების ნაწილში ამოსავალ წერტილს წარმოადგენს და თუ გადამხდელს ამა თუ იმ გაანგარიშებაში, დეკლარაციაში უზუსტობა აქვს გაპარული ან/და შეცდომა აქვს დაშვებული აღნიშნული ვერ გახდება სამეურნეო ოპერაციის გაუქმებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების კორექტირების, ცვლილების საფუძველი.
საგადასახადო შემოწმებისას აქტიურად თანამშრომლობდა შემმოწმებელთან, თანახმად მოთხოვნისა შემმოწმებელზე წარდგენილი იქნა საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული ვერსია არამარტო სარევიზიო პერიოდისათვის, არამედ უფრო ადრეული პერიოდისათვის (------------წწ.) თანახმად, შემმოწმებლის მოთხოვნისა შემმოწმებელზე წარდგენილი იქნა დამფუძნებელთა კრების ოქმები დივიდენდის განაწილების შესახებ და ახსნა-განმარტებები.
ახსნა-განმარტების ნაწილში შემმოწმებელი მიუთითებს, რომ ახსნა-განმარტება ზოგადია. აქ უნდა აღნიშნოს, რომ ახსნა-განმარტება მოიცავდა განმარტებას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც სვამდა კითხვას შემმოწმებელი და თუ დამატებით რაიმე ინფორმაცია იყო დასაზუსტებელი აღნიშნული არ წარმოადგენდა სიძნელეს და მზად იყი მიეწოდებინა ყველა საჭირო ინფორმაცია/განმარტება თანდართული მტკიცებულებებით.
კომპანია ------------წწ პერიოდში ეწეოდა სამეურნეო საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობას და არა სასურსათო საქონლით ვაჭრობას, რასაც მიუთითებს შემმოწმებელი. აღნიშნულ პერიოდში მიღებული მოგებიდან გადამხდელს განაწილებული და გაცემული აქვს მოგება სულ 950 117,86 ლარი (სწორედ 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მოგებას წარმოადგენდა 2019 წლის 1 იანვრამდე დივიდენდის სახით განაწილებული მოგება 950 117,86 ლარი), რაზედაც არსებობს საამისო პირველადი დოკუმენტები. 2019 წლის 1 იანვრისათვის გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 140 223,54 ლარს, მათ შორის 2017 წლამდე მიღებული და გაუნაწილებელი მოგება 27 494 ლარი, რომელიც საგადასახადო შემოწმების მთელი პერიოდისათვის ირიცხებოდა ნაშთად. საწარმოს მიერ 2017 წლის ნოემბერში მიღებული იქნა მშენებლობის ნებართვა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ახალი საქმიანობის წამოწყების გადაწყვეტილება მიღებული იქნა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის ------------- მიერ, სადაც მშენებლობა დაწყებული იქნა 2018 წელს. მშენებლობის დაწყების შემდგომ გაიზარდა მოთხოვნა საბრუნავ საშუალებებზე და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე გაზრდილი იქნა საწარმოს კაპიტალი დამფუძნებლის მიერ. არსებობს თანხის შემოტანის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. თანხა შემოტანილი იქნა შესაბამის პერიოდში დამფუძნებელი პარტნიორის ----------- მიერ, კომპანიის დირექტორი კი სხვა პირი იყო. მის მიერვე იქნა წაღებული აღნიშნული თანხა ბინების რეალიზაციიდან შემოსული თანხებიდან. დამფუძნებელი პარტნიორად ------------ აღარ ითვლება 2021 წლის 26 თებერვლიდან.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდაა დაყენებული ეჭვსქვეშ საწესდებო კაპიტალის გაზრდა 2018 წელს-სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების დაწყების პერიოდში, მიუხედავად საამისო პირველადი დოკუმენტების არსებობისა და შემცირებული კაპიტალის ნაშთი 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. გამომდინარე 2019-2021 წლებში დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები კაპიტალის შემცირების ნაწილში მოგების განაწილებად უსაფუძვლოდაა განხილული.
იმ მოტივით რომ კომპანიას გააჩნდა მოგება, მოგება, რომელიც მიიღო საწარმომ პერიოდში, კაპიტალი კი გაზრდილია 2018 წელს და შემდგომ პერიოდში ახალი საქმიანობის წამოწყებიდან წარმოქმნილი საბრუნავი საშუალებების დეფიციტის წარმოქმნის გამო, ვერ მოხდება 2017 წლის თებერვლამდე მოგების გაცემასთან დაკავშირებით სამეურნეო ოპერაციის გაუქმება და კაპიტალის შემცირება.
აქვე საჩივრის ზოგად ნაწილში ითხოვდა, რომ:
რამდენადაც 2021 წლის 26 თებერვლიდან შემდგომ პერიოდში კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი ერთი და იგივე პირია და დირექტორს ეძლეოდა ხელფასი, გამომდინარე სალაროს დანაკლისიდან, პირველ რიგში მოხდეს გაუნაწილებელი მოგებიდან დივიდენდების გაწერა 2016 წლის ჩათვლით მიღებული და გაუნაწილებელი მოგების ნაშთის გათვალისწინებით და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდეს სალაროს ნაშთის ხელფასად განხილვა.
2016 წლის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი გათვალისწინებული იქნას პირველ რიგში მოგების გადასახადის ნებისმიერ გაცემის დროს.
აქვე კიდევ ერთხელ გასათვალისწინებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გააჩნია ისეთი მტკიცებულებები და ნორმატიული მასალა, რომელიც ქმნის პოზიციის სისწორის განცდას და აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოითხოვოს მხრიდან პოზიციის გაზიარება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტის 25.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის ფინანსური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, შემოწმებით შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების, პირველადი ელექტრონული დოკუმენტაციისა და შემოწმებისთვის წარმოდგენილი სხვა მასალების ანალიზით, გაუნაწილებელი მოგების ოდენობა გაიზარდა წარმოდგენილ საბუღალტრო ნაშთთან შედარებით. ამდენად, შემოწმებით ჩათვლილ იქნა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოეშობა საწესდებო კაპიტალის გაზრდის საფუძველი. ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა 2019 წლის საწყისი წმინდა მოგების გაანგარიშება, რის მიხედვითაც დადასტურდა შემოწმებით გამოვლენილი რისკების რეალობა (კერძოდ, არადეკლარირებული დივიდენდის სალაროდან გაცემა და არარეზიდენტი მომწოდებლისათვის კრედიტორული დავალიანების დაფარვა დაგვიანებულად საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან - კურსთაშორისი სხვაობის გათვალისწინებით და ა.შ..). კომპანიის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ კრების ოქმები და ზოგადი ახსნა-განმარტება. გარდა ამისა, აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ ვებ-გვერდზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საწესდებო კაპიტალი ნულის ტოლია.
ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერების, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, საწარმოს აქტივების და ვალდებულებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით კომპანიის მიერ 2019-2021 წლებში დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოწმებისას აქტიურად თანამშრომლობდა შემმოწმებელთან, მოთხოვნისას შემმოწმებლებს წარუდგინა საბუღალტრო აღრიცხვის ელექტრონული ვერსია, როგორც შესამოწმებელი პერიოდის, ისე 1.01.2010-1.01.2019წწ. საანგარიშო პერიოდების. ასევე, წარდგენილი იქნა დამფუძნებელთა კრების ოქმები დივიდენდის განაწილების შესახებ და ახსნა-განმარტებები. საწარმოს კაპიტალი გაზრდილი იქნა დამფუძნებლის მიერ, რომელიც კომპანიის მიერ გასტუმრებული იქნა (დამფუძნებელმა გაიტანა) ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხებით. მის მიერვე იქნა წაღებული აღნიშნული თანხა ბინების რეალიზაციიდან შემოსული თანხებიდან. ასევე, განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბერში არარეზიდენტს გადაუხადა წინა წლების დავალიანება აშშ დოლარში. მისი მტკიცებით, კაპიტალის შემცირებას ადგილი არ ჰქონია, გააჩნია შესაბამისი არგუმენტები და შეუძლია წარმოადგინოს ისეთი დოკუმენტები/მტკიცებულებები, რაც მისი პოზიციის გაზიარების საფუძველი გახდება.
მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები საჭიროებს შესწავლას, კერძოდ, დამატებით შესწავლას საჭიროებს მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტები და მტკიცებულებები. ამ მიზნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნული დავის საგნის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
2. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №081-251 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა მათ შორის: ჯარიმა - 70 091 ლარი და საურავი - 26 516 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველი დავის საგნის ნაწილში გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7800 ბრძანება და საჩივარი ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით სალაროდან ნაღდი ფულის გაცემის მოგების განაწილებად განხილვა;
2. სანქციებისგან გათავისუფლება;
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების, პირველადი ელექტრონული დოკუმენტაციისა და შემოწმებისთვის წარმოდგენილი სხვა მასალების ანალიზით, გაუნაწილებელი მოგების ოდენობა გაიზარდა წარმოდგენილ საბუღალტრო ნაშთთან შედარებით. ამდენად, შემოწმებით ჩათვლილ იქნა, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოეშობა საწესდებო კაპიტალის გაზრდის საფუძველი. ამასთან, შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა 2019 წლის საწყისი წმინდა მოგების გაანგარიშება, რის მიხედვითაც დადასტურდა შემოწმებით გამოვლენილი რისკების რეალობა (კერძოდ, არადეკლარირებული დივიდენდის სალაროდან გაცემა და არარეზიდენტი მომწოდებლისათვის კრედიტორული დავალიანების დაფარვა დაგვიანებულად საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან - კურსთაშორისი სხვაობის გათვალისწინებით და ა.შ..) შემოწმებით კომპანიის მიერ 2019-2021 წლებში დამფუძნებლებზე გადახდილი განაცემები ჩაითვალა მოგების განაწილებად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9,4);97(1,)8(12);981(1);130(1);154(1ზ);269(7)