გადაწყვეტილება №24994/2/2025
📄 სრული ტექსტი
№24994/2/2025
22 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,--------“-ის 28.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;
2. საბანკო ანგარიშებიდან ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №021-89 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4807 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 3 835 181 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 555 474
დღგ - 2 545 747
საშემოსავლო გადასახადი - 6 727
ჯარიმა - 1 277 737
საურავი - 1 970
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 23.04.2024 წლიდან 1.08.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2024 წლის №021-89 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4807 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, კომპანიამ მატერიალური ფორმით წარადგინა 2024 წლის ივნისის თვის (პირველადი და დაზუსტებული) დღგ-ის დეკლარაციები, სადაც საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ ჩათვლის სახით აქვს წარმოდგენილი თანხა (877 026 ლარი), რომელიც არ აქვს დაბეგრილი. საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 43-ე, 176-ე და 177-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 732 -ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება, ხოლო წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში კომპანიას მხოლოდ ჩათვლის სახით აქვს მიღებული თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი, ასევე, გადასახადის გადამხდელს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი აქვს დღგ-ის თანხა 460 ლარის ოდენობით, ხოლო დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 1 672 916 ლარს, მიიჩნევს, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხების გაუქმება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში მოხდა ისე, რომ მომჩივანს არ მიეცა საშუალება საჩივრის განხილვის დროს ესარგებლა იურისტის დახმარებით. ვინაიდან დირექტორს არ აქვს იურიდიული განათლება, ხოლო გასაჩივრებული საკითხი მნიშვნელოვან წილად წარმოადგენს იურიდიულ პრობლემას. საჩივრის განხილვისას დარღვეული იყო მომჩივნის უფლებები და არ მიეცათ საშუალება კვალიფიციურად დაეცვათ კომპანიის ინტერესები.
შემოსავლების სამსახურმა იურიდიულად არასწორად შეაფასა კომპანიის ეკონომიკური საქმიანობა, კერძოდ საქმიანობის ფორმა და შინაარსი.
როგორც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით ეკონომიკური საქმიანობის შეფასებისას, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობის ფორმის და შინაარსის დადგენისას საგადასახადო ორგანოებმა კონკრეტულ შემთხვევებში უპირატესობა უნდა მიანიჭონ კერძო - სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დადგენილ საქმიანობის ფორმას და შინაარს და არა საგადასახადო კოდექსის ნომრებს. (უზენაესი სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2018 წლის საქმე № ბს - 854 – 846 ( კ - 16).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება, თუ იგი სრულად ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ შენობის/ნაგებობის სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ, ასევე ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია, ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის პირველი ნაწილისგან განსხვავებული საფუძვლით.
საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ჯამური თანხა, დღგ-ის გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;
ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისთვის ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება, უძრავ ნივთზე ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 732 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ჩათვლის მიღების საფუძველია, დასაბეგრი პირის მიერ საკუთარი წარმოების შენობის/ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილულ ოპერაციებზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხა გამომდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად და წარმოადგენს კომპანიის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული შენობა-ნაგებობის აღჭურვაზე გაწეულ ხარჯებს 2008 წლიდან. აცხადებს, რომ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ფარგლებში შენობა-ნაგებობაზე ხარჯს წევს საკუთრების მიმნდობი, თუმცა, აღნიშნული ხარჯების აღრიცხვას საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან ახორციელებს მესაკუთრის უფლებებით აღჭურვილი მინდობილი მესაკუთრე.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს ჩათვლა გაუუქმდა, ვინაიდან არ არსებობდა ჩათვლის საფუძველი. შესაბამისად, არ იყო წარდგენილი ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობდა დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველი - მომჩივანს არ ჰქონდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართებულად იქნა განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საბანკო ანგარიშებიდან ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის
საფუძვლები შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით კომპანიას არ უფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების წარდგენა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. საწარმოს მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშებიდან ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლის მე-2 და 269-ე მუხლის მე-7 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა არასწორად მიიჩნია ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოწვეული იყო წარდგენილი ფინანსური დოკუმენტების სისტემაში დროულად ვერ ასახვით. საგადასახადო ორგანომ კარგად იცოდა რომ დაწყებული შემოწმების გამო რიგი ფინანსური დოკუმენტებისა, რომელიც წარმოდგენილი იყო მხარის მიერ, ვერ აისახებოდა შემოწმების ჩატარების პერიოდში. თუ ეს ფაქტი აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების ჩატარებისას იურიდიულად, ფორმალურად მაინც იყო სწორი, შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს შემოწმების დამთავრების შემდეგ, საჩივრის განხილვისას აღნიშნული ფაქტი დარღვევად არ უნდა მიეჩნია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ საშემოსავლო გადასახადი ნაწილში დარიცხვას ეთანხმება. დეკლარაციები ნამდვილად იყო დასაზუსტებელი, თუმცა, იმის გამო, რომ აუდიტის დეპარტამენტი შემოწმებას ატარებდა ტექნიკურად ვეღარ მოხერხდა. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს დარიცხული ჯარიმისა და საურავისგან გათავისუფლებას.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს რაიმე გარემოებაზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის ჩათვლის გაუქმება;
2. საბანკო ანგარიშებიდან ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №18415 და №19579 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 23 აპრილიდან 2024 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №26797 ბრძანება და №021-89 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 3 835 181 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 555 474 ლარი, ჯარიმა 1 277 737 ლარი, საურავი 1 970 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მატერიალური ფორმით წარმოადგინა 2024 წლის ივნისის თვის დღგ-ის დეკლარაციები, სადაც საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ ჩათვლის სახით აქვს წარმოდგენილი თანხა(877 026 ლარი) , რომელიც არ აქვს დაბეგრილი. შემოწმებისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის მონაცემები და დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში არ უფიქსირდება უძრავი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 177-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიამ მატერიალური ფორმით წარმოადგინა 2024 წლის ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციები, სადაც ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 1 672 916 ლარს. შემოწმებამ შეისწავლა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი დღგ-ის თანხა ჯამში შეადგენს 460 ლარს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, დაკორექტირდა/შემცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
ასევე,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას არ უფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდში ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების წარმოდგენა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხავს. საწარმოს მიერ წარმოდგენილია საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული აქვს თანხები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, საბანკო ანგარიშებიდან ხელფასის დანიშნულებით გადარიცხული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული №021-89 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში,რომლის №4807 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არსებობდა დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველი - მომჩივანს არ ჰქონდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მართებულად იქნა განსაზღვრული მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ასევე, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“); 160(3 „ბ“); 174(1, მე-2 და მე-3); 175(1 „ა“ და „ბ“); 176(1 „ა“.2); 177(5); 269(7);