დამკვეთის ნედლეულით წარმოებული აქციზური საქონლის დღგ-ით დაბეგვრა N 11103
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დამკვეთის ნედლეულით წარმოებული აქციზური საქონლის დღგ-ით დაბეგვრა N 11103
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმო დამკვეთის ნედლეულით აწარმოებს აქციზურ საქონელს. 2014 წელს საწარმომ მიღებული აქციზური საქონელი გადასცა 100 ლიტრის ოდენობით დამკვეთს. გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დამკვეთმა საწარმოს გადაუხადა 100 ლარი და აქციზის გადასახადის თანხა 1000 ლარი.
· საწარმომ დღგ-ით დასაბეგრ თანხად განიხილა მხოლოდ მომსახურების ღირებულება - 100 ლარი.
შეფასება
· სსკ-ის მე-8 მუხლის თანახმად, არაპირდაპირი გადასახადი არის, გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. სსკ-ის მე-16 მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით).
· ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მწარმოებლისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული კომპენსაციის თანხით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით). შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მომსახურების (100 ლარი) და აქციზის თანხის (1000 ლარი) ჯამით.
ღონისძიებები
· გაეზრდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
· პირი, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 6 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
გადაცემულ აქციზურ საქონელზე გადახდილი აქციზის გადასახადის განაკვეთი პირობითია
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით