გადაწყვეტილება №20575/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.10.2023
№ დოკუმენტი 20575/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20575/2/2023

17 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----- ----- ------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----- ----- ------“-ის 15.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20575/2/2023).

 

დავის საგანი:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №001-60 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17573 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 117 875 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 64 359

ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - (5 776)

მიწა - არასასოფლო - 182

მოგების გადასახადი - 52 657

საშემოსავლო გადასახადი - 17 264

ქონების გადასახადი - 32

ჯარიმა - 37 652

საურავი - 15 864

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების მოპოვება და რეალიზაცია. კომპანიას 2016 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აღებული აქვს ლიცენზიები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ. ლიცენზიებით განსაზღვრულია ქვიშა-ხრეშის მოპოვება.

აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2022 წლის №31780 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020-1.12.2022 წლების საანგარიშო პერიოდები, გარდა 1.07.2021 წლის №17141 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №8624 ბრძანება და ამავე თარიღის №001-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17573 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 661 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, 106-ე მუხლით, 107-ე მუხლით და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ ქონდა წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ნაწილში განხორციელებულ დარიცხვას. მიუთითებს, რომ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 13.10.2020 წლის განკარგულებით მოხდა სალიცენზიო კოორდინატების ადგილმონაცვლეობა, რის გამოც შეიცვალა ლიცენზიის ნომრები. კერძოდ №------ ლიცენზია შეიცვალა №----- ლიცენზიით; №----- ლიცენზია №----- ლიცენზიით; №---- ლიცენზია №---- ლიცენზიით. ლიცენზიების ადგილმონაცვლეობის დროს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი 29 800 ლარი უკვე გადახდილი ჰქონდა. ლიცენზიების ადგილმონაცვლეობის შემდეგ შედგა ახალი ათვისების გეგმა, რომელიც გაწერილი იყო დარჩენილ ვადაზე ორ წელიწადზე, მოხდა ხელახალი დაბეგვრა სრულად უკვე ახალი ათვისების გეგმის მიხედვით, ხოლო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული უკვე გადახდილი თანხები, საურავიც დაერიცხა ძველი ვადების გათვალისწინებით. ითხოვს დარიცხული თანხების, მათ შორის ჯარიმა/საურავის თანხის შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

“ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ: სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ1“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა) და 11 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელს უფლება აქვს, არ წარადგინოს გაანგარიშება, თუ მას გაანგარიშება წარდგენილი აქვს და მომდევნო საანგარიშო პერიოდების მიხედვით არ იცვლება შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ობიექტის რაოდენობა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს წარმოეშვა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ წარადგინა საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (ავტომატური დეკლარირება).

ამავე ინსტრუქციის 106-ე მუხლის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. საგადასახადო კოდექსის 661 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმების გარეშე განახორციელოს სავარაუდო დარიცხვა თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შეასრულა დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2021 წლის კამერალური საგადასახდო შემოწმებით ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით 01.01.2018 - 01.05.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდზე გაანგარიშებული იქნა დასადეკლარირებელი მოსაკრებლის ოდენობები საქართველოს კანონის "ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ" და ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996- ის XXXVI თავის გათვალისწინებით. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებელში დაერიცხა 65 048 ლარი. ამასთან, 2021 წლის ივნისის თვეში შემოსავლების სამსახურის მიერ გადამხდელის პირად ბარათზე განხორციელდა 2021 წლის პირველი ნახევრის მოსაკრებლის ავტომატური დარიცხვა.

შემოწმებისთვის ვერ იქნა წარდგენილი განახლებული ლიცენზიების მიხედვით შედგენილი მოპოვების გეგმა. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებსა და წინა შემოწმებით მოსაკრებლის გაანგარიშებას. შემოწმების მიერ გაანგარიშებულია ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელი 01.05.2021 წლიდან 01.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდზე. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებული ავტომატურად დარიცხული 2021 წლის პირველი ნახევრის მოსაკრებელი - 5 776 ლარი.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის განცხადებით წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 13.10.2020 წლის განკარგულებით მოხდა სალიცენზიო კოორდინატების ადგილმონაცვლეობა, რის გამოც შეიცვალა ლიცენზიის ნომრები. ლიცენზიების ადგილმონაცვლეობის დროს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი 29 800 ლარი უკვე გადახდილი ჰქონდა. შემდეგ შედგა ახალი ათვისების გეგმა, რომელიც გაწერილი იყო დარჩენილ ვადაზე - ორ წელზე. განხორციელდა ხელახალი დაბეგვრა უკვე ახალი ათვისების გეგმის მიხედვით სრულად, ხოლო უკვე გადახდილი თანხები საგადასახადო ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული. საურავიც დაერიცხა ძველი ვადების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვატილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები (მათ შორის, მის ხელთ არსებული ლიცენზიები, აღნიშნული ლიცენზიებით დამტკიცებული მოპოვების გეგმა, ამავე ლიცენზიებში განხორციელებულ ცვლილებებზე არსებული დოკუმენტაცია, ასევე, ახალი ათვისების გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაველოს სადავო საკითხის, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17573 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვატილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები (მათ შორის, მის ხელთ არსებული ლიცენზიები, აღნიშნული ლიცენზიებით დამტკიცებული მოპოვების გეგმა, ამავე ლიცენზიებში განხორციელებულ ცვლილებებზე არსებული დოკუმენტაცია, ასევე, ახალი ათვისების გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში));

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტების, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების მოპოვება და რეალიზაცია. კომპანიას 2016 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აღებული აქვს ლიცენზიები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ. ლიცენზიებით განსაზღვრულია ქვიშა-ხრეშის მოპოვება.

აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2022 წლის №31780 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020-1.12.2022 წლების საანგარიშო პერიოდები, გარდა 1.07.2021 წლის №17141 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №8624 ბრძანება და ამავე თარიღის №001-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17573 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვატილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები (მათ შორის, მის ხელთ არსებული ლიცენზიები, აღნიშნული ლიცენზიებით დამტკიცებული მოპოვების გეგმა, ამავე ლიცენზიებში განხორციელებულ ცვლილებებზე არსებული დოკუმენტაცია, ასევე, ახალი ათვისების გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაველოს სადავო საკითხის, მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4);

“ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი;6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტი;

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;106-ე მუხლი;