ბრძანება N 18338

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2024
№ დოკუმენტი 18338
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18338

08 აგვისტო 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------)

(იურ. მის.: ----------)

2024 წლის 9 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 18 ივლისის და პირველი აგვისტოს სხდომებზე (ოქმები: №78 და №83) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №90624/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივნისის №236-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დადგინდა 113%-იანი ფასნამატი, რაც არარეალურია, რადგან არასწორად განისაზღვრა შესყიდვის ფასები. აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას და ითხოვს, რომ მიეცეს საშუალება თავად დაადეკლარიროს აღნიშნული სხვაობა გამოვლენის მომენტისათვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი მარტის №4646 და 30 მაისის №12749 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებლად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველი თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 10 ივნისის №13628 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №236-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 188 643 ლარი, მათ შორის, გადასახადი 103 618 ლარი, ჯარიმა 79 328 ლარი და საურავი 5 697 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის საგანს წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 20 ნოემბრიდან, დღგ-ის გადამხდელად 2021 წლის 23 ივნისიდან, ხოლო სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (მცირე ბიზნესის სტატუსი) სარგებლობდა 2018 წლის პირველი დეკემბრიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში იმპორტირებული იყო 395 897 ლარის ღირებულების საქონელი. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესაბამისად, პირი ახორციელებდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერას, რომელსაც შემდგომ აუქმებდა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად, დადგინდა რომ რიგ გამოწერილ და გაუქმებულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა მეწარმეს მიღებული ჰქონდა საბანკო ანგარიშზე. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შესაბამისად შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა გაიზარდა იმ იმპორტირებული საქონლის ღირებულებით (დოკუმენტური 113%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს), რომელიც არ ხვდებოდა რეალიზაციის დოკუმენტებში. აღნიშნული თანხა დამატებით გაიზარდა იმ საბანკო ჩარიცხვების თანხით, რომელზეც არ იყო გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.

საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით:

1. მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.

2. მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება, თუ:

ა) პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:

ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;

ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;

გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.

ამავე ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში – 500 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გაუქმების წელს მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება არ ხორციელდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესაბამისად, პირი ახორციელებდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერას, რომელსაც შემდგომ აუქმებდა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. შემოწმებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, გამოწერილ და გაუქმებულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა მეწარმეს მიღებული ჰქონდა საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა გაიზარდა იმ იმპორტირებული საქონლის ღირებულებით (დოკუმენტური 113%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს), რომელიც არ ხვდებოდა რეალიზაციის დოკუმენტებში. ასევე, აღნიშნული თანხა დამატებით გაიზარდა იმ საბანკო ჩარიცხვების თანხით, რომელზეც არ იყო გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, დაექვემდებარა 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა, ფასნამატის შესაძლო კორექტირების მიზნით, შემმოწმებელს მიაწოდა გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულ ცხრილთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილი, რომლის ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის ნაშთის გაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი შეძენები, რაც ჯამურად გაზრდიდა საქონლის ნაშთს, აგრეთვე, გაზრდილი იყო რეალიზებული საქონლის ღირებულებები და შემცირებული იყო დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ამდენად, შემოწმების მიერ ვერ იქნა გაზიარებული გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული გაანგარიშების ცხრილი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესაბამისად, პირი ახორციელებდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერას, რომელსაც შემდგომ აუქმებდა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით. შემოწმებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, გამოწერილ და გაუქმებულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა მეწარმეს მიღებული ჰქონდა საბანკო ანგარიშზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად და პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონლის მოძრაობის ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული თანხა გაიზარდა იმ იმპორტირებული საქონლის ღირებულებით (დოკუმენტური 113%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს), რომელიც არ ხვდებოდა რეალიზაციის დოკუმენტებში. ასევე, აღნიშნული თანხა დამატებით გაიზარდა იმ საბანკო ჩარიცხვების თანხით, რომელზეც არ იყო გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 500 000 ლარს და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, დაექვემდებარა 3%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა, ფასნამატის შესაძლო კორექტირების მიზნით, შემმოწმებელს მიაწოდა გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულ ცხრილთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში განმარტებულია, რომ შემოწმებამ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების ცხრილი, რომლის ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ საქონლის ნაშთის გაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი შეძენები, რაც ჯამურად გაზრდიდა საქონლის ნაშთს, აგრეთვე, გაზრდილი იყო რეალიზებული საქონლის ღირებულებები და შემცირებული იყო დარჩენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ამდენად, შემოწმების მიერ ვერ იქნა გაზიარებული გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული გაანგარიშების ცხრილი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 88; 159(1„ა,ბ“); 275.